„მყავდა პაციენტი, რომელიც ამბობდა, თამარ მეფე ვარო, რაც მთავარია, ჰქონდა არგუმენტებიც...“ - კვირის პალიტრა

„მყავდა პაციენტი, რომელიც ამბობდა, თამარ მეფე ვარო, რაც მთავარია, ჰქონდა არგუმენტებიც...“

რუბრიკა "პროფესია" წარმოგიდგენთ, ფსიქიატრ ნინო ნანეიშვილს, რომელმაც თავისი პროფესია სულ სხვა კუთხით დამანახა. საუბარი ბავშვობიდან დავიწყეთ...

- მამა ინჟინერი მყავდა, მაგრამ მაინც, შეიძლება ითქვას, მედიკოსთა ოჯახიდან ვარ. ბაბუაჩემს დამთავრებული ჰქონდა ყაზანის უნივერსიტეტი, პროვიზორი იყო. 1915 წელს თბილისში გეელის აფთიაქში მუშაობდა. მერე, საქართველოს გასაბჭოებამდე, საკუთარი აფთიაქი ჰქონდა, საბჭოთა­ პერიოდში უკვე სახელმწიფო აფთიაქის პროვიზორი გახლდათ. ბებიაც პროვიზო­რი იყო, დედაც. მამიდა ექიმი მყავდა. ცნობილი­ ონკოლოგი, პროფესორი ლევან წაქაძე ბიძაჩემი იყო. შევსწრებივარ, როგორ სინჯავდა პაციენტს, როგორ მშვიდად ესაუბრებოდა, როგორ ზრუნავდა მათზე. რასაკვირველია, ეს მომწონდა. აი, ასეთ გარემოში ვიზრდებოდი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ბებიაჩემის 3 შვილიშვილიდან, სამივე ექიმები გამოვედით. უფროსი, ჩემი მამიდაშვილი, ფსიქიატრია. ამ არჩევანის გამო ბებია მას ექიმად არ თვლიდა. ჩემს ფსიქიატრობას ვერ მოესწრო. ასე რომ, არც ჩემი ფსიქიატრობა გაუხარდებოდა დიდად.

- რატომ აირჩიეთ ფსიქიატრია?

- კომაროვში ვსწავლობდი, ბევრი ინტერესი მქონდა. ჩემი და ბიოლოგიაში­ არაჩვეულებრივ პედაგოგთან, ნუკრი ცერც­ვაძესთან ემზადებოდა. არ მახსოვს, მე როგორ მოვხვდი მასთან, მაგრამ მომნუსხა. პირველივე შეხვედრაზე მესაუბრა სამყაროსა და ადამიანის წარმოშობაზე, სხვადასხვა­ პროფესიის ურთიერთკავშირზე. ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, შინ რომ მოვედი, ვთქვი, მეც სამედიცინოზე ჩავაბარებ-მეთქი. გარდა ამისა, მიყვარდა ფილოსოფია, ფსიქოლოგია. სანამ სტუდენტი გავხდებოდი, ფსიქიატრიულში 2 წელი ვიმუშავე და სწავლა რომ დავამთავრე, ისევ იქით გამიწია გულმა.

ერთხელ გურამ დოჩანაშვილს უთქვამს კინომცოდნე ქალებზე, საქართველოში ისეთი მშვენიერი კინომცოდნეები გვყავს, ჰოლივუდის ვარსკვლავებს შეშურდებათო: ნათია ამირეჯიბი, კირა კორინთელი, ლიალია­ თაბუკაშვილი. მართლა ულამაზესი ქალები იყვნენ. ფსიქიატრიულში რომ მივედი, კათედრაზე მუშაობდნენ უჭკვიანესი და უმშვენიერესი ქალები. მომხიბლა ამ კოლექტივმა და, რაღა თქმა უნდა, ფსიქიატრიის, როგორც ამოუცნობი დარგის შესწავლისა და ადამიანის დახმარების სურვილმა.

- ალბათ, რთულია ყოველდღიურად ნეგატიური ინფორმაციის მიღება...

- ერთი კოლეგა გამახსენდა, სანდრო ჩირინაშვილი. ბედნიერება მქონდა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სახელმწიფო პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა­ და საქართველოს ყველა კუთხე მოვიარე სხვადასხვა პროფესიის ექიმებთან ერთად. ბატონ სანდროს, საუკეთესო ონკოლოგსა­ და ხელოვანს, ასეთივე იუმორის პატრონს, უყვარდა ჩემთვის ერთი კითხვის დასმა­ ნახევრად სერიოზულად და ნახევრად ხუმ­რობით, სულ მაინტერესებს, ადამიანის ფსიქიკაში რომ იჭრებით ეს ფსიქიატრები, მერე იქიდან როგორ გამოდიხართო. ხუმრობა იქით იყოს და, ჩვენი პროფესია გრძნობს საზოგადოების მაჯისცემას და მეტ-ნაკლებად შეგვიძლია საფრთხეების დანახვა. ფსიქიატრობა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ყოველდღიურად იტვირთები უმძიმესი ისტორიებით. ახლაც, თქვენთან შეხვედრამდე, სატელეფონო საუბარი მქონდა ქალთან, რომელიც შვილის ფსიქიკურ პრობლემებზე მიყვებოდა, რაც ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებამ განპირობა, და იოლად ხელმისაწვდომობას აპროტესტებდა, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები.

თქვენი არ იყოს, სულ მეკითხებიან სხვა პროფილის ექიმები, როგორ უძლებ ამდენს? ჩემთვის დიდი შვებაა სტუდენტები. როდესაც მათ ვასწავლი, ეს დიდი განტვირთვაა.

- სიტყვა გაგვიწყდა, რომელ ნარკოტიკს გულისხმობდით, იოლად ხელმისაწვდომიაო?

- კვლევებით დადასტურებულია, რომ კანაბისის მოწევა შიზოფრენიისა და ფსიქოზის განვითარებას უწყობს ხელს - შიზოფრენიის განვითარების რისკი 10-ჯერ მატულობს კანაბისის მომხმარებელ ახალგაზრდებში. შეიძლება გქონდეს წინასწარი განწყობა, თუმცა კანაბისის მოწევის ფაქ­ტამდე არ გამომჟღავნდეს, მაგრამ კანაბისი­ არის ის დამშვები მექანიზმი, რომელიც ახდენს ამ დაავადების პროვოცირებას, ჰალუცინაციებს, ბოდვებს, არაადეკვატურ ქცევას.

- სააფთიაქო ნარკომანიაც პრობლემაა...

- დიახ, ტოქსიკომანიაც პრობლემაა, წებოც ნარკოტიკული ნივთიერებაა, თუ არასწორად იყენებ. ამიტომ აკრძალვები საჭიროა.

- ყველაზე მეტად რომელი პაციენტი დაგამახსოვრდათ?

- მყავდა პაციენტი, რომელიც ამბობდა, თამარ მეფე ვარო. რაც მთავარია, ჰქონდა არგუმენტებიც. ერთხელ ვკითხე, როგორ შეიძლება თამარ მეფე იყოთ, ახლა ხომ 21-ე საუკუნეა და არა მე-12-მეთქი. ამაყად შემომხედა და მითხრა, მეფეებსა და დედოფლებს საუკუნე არა აქვთო. შეკითხვაზე, თქვენ ხომ არა ხართ ბაგრატიონი-მეთქი, მიპასუხა, ჩვენ იმდენი მტერი გვყავდა, იძულებული ვიყავით გვარი გამოგვეცვალა, თორემ სინამდვილეში ბაგრატიონები ვართო. სწორედ ეს არის აზროვნების პათოლოგია, როცა არ ხერხდება გადაჯერება არგუმენტებისა და მტკიცებულების მიუხედავად.

გვყავდა პაციენტი, რომელიც ამბობდა, შევარდნაძე ვარო. ერთი გვიმტკიცებდა, ვითომ ნატა ვაჩნაძე იყო. გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ქალღმერთად აცხადებდნენ თავს, მაგრამ ახლა იმდენად დაიხვეწა მედიკამენტები და, თუ ჩარევაც დროულია, ასეთი შორს წასული შემთხვევები გაიშვიათდა. მეტიც, ლაპარაკია შიზოფრენიის სრულ გაქრობაზეც კი.

- როგორც მსმენია, არის მომენტები, როდესაც პაციენტი ჩვეულებრივად აზროვნებს.

- დიახ, ამ სიმპტომებს პლუს-სიმპტომებსაც უწოდებენ, რაც გულისხმობს, რომ ჩვეულებრივ აზროვნებასთან ერთად,­ პაციენტებს ბოდვითად შევლილი აზროვნებაც­ აქვთ. მაგალითად, "თამარ მეფე" ხანდახან თავისი სურვილით უვლიდა პალატაში ლოგინად ჩავარდნილ ქალს, მაგრამ მეორე წუთში გაღიზიანდებოდა და უარს აცხადებდა მოვლაზე.

- პაციენტი თვითონ თუ აცნობიერებს, რომ პრობლემა აქვს?

- ყოველთვის ვერა, განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე, მაგრამ ფსიქოგანათლებისა და მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის შემდეგ აცნობიერებენ და პასუხისმგებლობასაც იღებენ საკუთარ დაავადებაზე.

კვლევების თანახმად, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ნახევარს (50%) პირველი სიმპტომები 14 წლის ასაკისთვის უვლინდება, 75%-ს - 24 წლის ასაკამდე.

- ადამიანის ტვინის ზომას მის გონებრივ შესაძლებლობებზე აქვს გავლენა?

- როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, არა აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, აინშტაინის ტვინი ნორმაზე პატარა იყო, 1220 გრამი, როცა ზრდასრული ადამიანისთვის ეს მაჩვენებელი 1400 გრამია. ამბობენ, რომ მისი ტვინი სხვანაირად იყო მოწყობილი. მაგალითად, აინშტაინის ტვინში თხემის ქვედა წილი 15%-ით დიდი იყო ჩვეულებრივი ადამიანის ტვინზე. სხვა ცვლილებებიც ნახეს. არის კვლევები, რომელთა მიხედვითაც მნიშვნელოვანია ტვინში ღარების რაოდენობა. როგორც ამტკიცებენ, რაც მეტია, უკეთესია.

- როგორ გავარჩიოთ ფსიქიკურად ავადმყოფი გენიალურისგან?

- გენიალური ადამიანი ახერხებს წამოწყებული საქმის ორგანიზებას და ბოლომდე მიყვანას. მაგალითად, მყავდა ერთი პაციენტი, რომელიც ტოლკინის ნაწარმოებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა და იგონებდა ახალ სახელებს, სიტყვებს, ქვეყნებს, არსებებს, რუკებს, ხაზავდა სქემებს... ახალ, დაუჯერებელ ისტორიებს თხზავდა. უაღრესად ნაკითხი ახალგაზრდა იყო, მაგრამ დაავადების გამო აზროვნება და ქცევა შეეცვალა, ვეღარ ახერხებდა ჩვეული საქმიანობის გაგრძელებას, ჩამორჩა სწავლას, დაკარგა ჩვეული კავშირები...\გენიოსი თავისი უცნაურობების მიუხედავად ახერხებს საქმის ბოლომდე მიყვანას, დასრულებული სახის მიცემას, მაშინ როცა ფსიქოზის დროს ქაოსური ნაწილების მთლიანად გაერთიანება ვერ ხერხდება. ფსიქოზს არაცნობიერიდან ქაოსურად ამოხეთქილი კომპლექსების ერთიანობას უწოდებენ. წყვეტილი აზროვნებაც ამას ნიშნავს, როცა საუბრიდან ჭირს შინაარსის გამოტანა, ხშირად გრამატიკულად გამართულ წინადადებებს ამბობენ, მაგრამ წინადადებებს შორის კავშირი გაწყვეტილია. ყოველივე­ ზემოთქმული კი ადაპტაციის გაძნელებისა და სოციალური იზოლაციის წინა პირობაა.

- იმისთვის რომ ვიყოთ ფსიქიკურად ჯანმრთელი, ჩვენი ცხოვრებიდან უნდა გავაქროთ ცუდი ადამიანები, ცუდი სამსახური და საერთოდ ყველაფერი ცუდი, რაც დისკომფორტს იწვევს. ასეა?

- ცუდს ვერ გააქრობ. დამოკიდებულება უნდა შეცვალო ცუდის მიმართ, მაგრამ ჯერ ცუდისა და კარგის გარჩევა უნდა შეგვეძლოს. ამისთვის განათლებაა საჭირო. უნდა მოვახერხოთ, რომ გავემიჯნოთ ცუდს, არ მივბაძოთ, არ შემოვუშვათ ჩვენს სამყაროში, რომ მისი არსებობა ხელს არ გვიშლიდეს.

- რისი თქმა უნდოდა შვეიცარიელ ფსიქიატრ კარლ გუსტავ იუნგს, როდესაც ამბობდა:­ "მაჩვენეთ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი და გამოგიჯანმრთელებთ მას".

- მეტ-ნაკლებად ყველას რაღაც გვაქვს თავისებურ-განსხვავებული. 100%-იანი ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი არ არსებობს. ყველა თავისებურად უცნაურია, თავისებური ხასიათი აქვს. მაგალითად, ზოგს ზედმეტი სისუფთავე უყვარს, ზოგს გაკეთებულის ბევრჯერ გადამოწმება, ზოგი ზედმეტად პუნქტუალურია, მაგრამ თუ ეს ნორმალურ ფარგლებში თავსდება, პრობლემა არ იქმნება არც მისთვის და არც გარშემო მყოფთათვის. კარგიც კია მრავალფეროვანი სამყარო, რომ ყველას ერთ თარგზე ვერ მოვჭრით. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეხედულებები და ტრადიციები ეპოქისა და კულტურის შესაბამისად იცვლება. თუ ვაჟა-ფშაველას გავიხსენებთ, ადრე მარჯვენა უნდა მოეჭრათ მტრისთვის, თუ არ მოჭრიდი, ეს გადახრას ნიშნავდა; ან 21-ე საუკუნემდე საყურიანი ან გრძელთმიანი ბიჭი ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე ადამიანად განიხილებოდა; პროფესიასაც ექცეოდა ყურადღება. დღეს შეიცვალა შეხედულებები.

- ფობია და ფსიქიატრია ერთმანეთთან რა კავშირშია?

- ფობია ერთ-ერთი ფსიქიკური დაავადებაა. ფობია ნიშნავს პათოლოგიურ და ირაციონალურ შიშს, რაც აღარ არის დამცველობითი შიში და ხელს უშლის პიროვნებას ყოველდღიურ საქმიანობაში.

- ალბათ, სტიგმაზეც უნდა ვისაუბროთ.

- გააჩნია, რას გულისხმობთ ამ სიტყვის ქვეტექსტში. ერთხელ ერთ კონფერენციას ვესწრებოდი და ისე გამოუვიდათ, თითქოს ფსიქიკური დაავადება მისასალმებელი და სასურველია. პრობლემას უნდა დავარქვათ პრობლემა, მაგრამ პრობლემური ადამიანის დისკრიმინაციას უნდა ვებრძოლოთ. ჩვენი მთავარი პრინციპია მკურნალობა ღირსების დაცვითა და პატივისცემის გამოხატვით, არა დამცირებითა და დისკრიმინაცია-შეურაცხყოფით.

- უკრაინის ომს რა შედეგი ექნება ფსიქიკური თვალსაზრისით?

- ომი იწვევს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას. ამ ომმა საქართველოს განუახლა ჭრილობები (სულიერი და არა ფიზიკური), ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება დეპრესია, შფოთვის სხვადასხვა სახე. ომმა ბევრი რამ დაგვანახა. ისიც, თუ როგორი მომზადებული ვართ სხვადასხვა სფეროში. მაგალითად ჟურნალისტიკა ავიღოთ. მახსენდება ერთი უკრაინელი ჟურნალისტი, რომელიც ყველა მიწინააღმდეგე მხარისგან ინტერვიუს იღებდა, განსხვავებულ აზრს აფიქსირებდა და კვერცხები არავისთვის დაუშენია. რა გვესმის ჩვენი ტელევიზიებიდან - ყვირილი, გინება, შეურაცხყოფა, ცინიზმი... ამით ჩვენს უკულტურობას ვავლენთ. რაც უნდა გაბრაზებული იყო, ემოციას მართვა სჭირდება, ყველაფერს კი ღირსებითა და მაღალი პროფესიონალიზმით შებრძოლება.