ანასტასია ლოგვინენკოს „გადარჩენილი“ თბილისი - კვირის პალიტრა

ანასტასია ლოგვინენკოს „გადარჩენილი“ თბილისი

"ჩვენ ფეხით შემოვიარეთ ძველი ქალაქი და შენობების ნაწილი ცუდ მდგომარეობაში იყო. ზოგიერთის აღდგენა არ იყო შესაძლებელი და დაანგრიეს. დადიანის, ორბელიანის, აღმაშენებლისა და სხვა ქუჩებზე არის შენობები, რომლებიც დარჩა მხოლოდ ფოტოსურათებსა და ჩემს ნახატებზე", - ამბობს უკრაინელი მხატვარი ანასტასია ლოგვინენკო, რომლის შემოქმედება ყველას თბილისის ქუჩებისა და ეზოების სურნელს აგრძნობინებს. ის ჩვენი დედაქალაქის მატიანეს უდიდესი სიყვარულით ქმნის. მხატვარი გვიამბობს, თუ რატომ გახდა თბილისი მისი შემოქმედების მთავარი თემა:

- კიევში დაიბადეთ და გაიზარდეთ, გვიამბეთ იქ გატარებულ წლებზე, ხატვა რა ასაკში დაიწყეთ?

- უკრაინელი ვარ. ჩემი ოჯახი კიევის ცენტრში, დიდ უძველეს შენობაში ცხოვრობდა. ალბათ, ამიტომ შემიყვარდა მე-20 საუკუნის დასაწყისის მოდერნი, რომლის სტილში იყო აგებული შენობა, რომელშიც გავიზარდე. მე და ჩემი შვიდი წლით უმცროსი ტყუპი და-ძმა 90-იანი წლების რთულ პერიოდში გავიზარდეთ. მშობლები მუშაობდნენ და მე მიწევდა და-ძმის მოვლა. 10 წლისას უკვე შემეძლო საოჯახო საქმეების კეთება, საყიდლებზე სიარული, და-ძმის გასეირნება, საბავშვო ბაღში წაყვანა-წამოყვანა, მოგვიანებით - სკოლაშიც. გარდა ამისა, ვსწავლობდი ვიოლონჩელისა და ფორტეპიანოს დაკვრას. თუმცა მუსიკაზე მეტად ხატვა მიყვარდა და კიევის სამხატვრო სკოლაში შესასვლელად დავიწყე მომზადება. ეს იყო სრულფასოვანი სკოლა, სადაც უფროს კლასებში ალგებრა-გეომეტრიის ნაცვლად ისწავლებოდა ფერწერა, პერსპექტივა და პლასტიკური ანატომია... იქ მოსახვედრად რთული გამოცდები იყო ჩასაბარებელი. მაშინ 12 წლის ვიყავი. ჩემი მშობლები მხარს მიჭერდნენ. 18 წლისამ დავასრულე სწავლა და დავიწყე ფიქრი, რა გამეკეთებინა შემდეგ. დამწყები მხატვარი ვიყავი, სხვა არაფერი ვიცოდი, მაგრამ უნდა მქონოდა შემოსავალი, რომ დედას დავხმარებოდი. უკრაინაში არ არის მიღებული, რომ მშობლები დაუსრულებლად არჩენდენ შვილებს, ჩემს ოჯახში ამის საშუალება ისედაც არ იყო. თავდაპირველად დიზაინის შესწავლა დავიწყე, თან ინსტიტუტში ჩავაბარე, საღამოს განყოფილების წიგნის გრაფიკის ფაკულტეტზე. დიზაინის კურსების დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა პატარა სარეკლამო სააგენტოში, საღამოს კი ვსწავლობდი. ასე გავიდა სამი წელი. იმ პერიოდში ჩემი ოჯახი რამდენიმე წლით თბილისში გადმოვიდა, რადგან მშობლებმა სამსახური შეიცვალეს. შემდეგ მათ მეც შემოვუერთდი.

naxati3-1668345686.jpg

- როგორ გახსენდებათ თბილისში პირველად ჩამოსვლა?

- თბილისში 2001 წელს ჩამოვედი და ჩამოსვლისთანავე შემიყვარდა. ბევრს ვსეირნობდი, ვხატავდი თბილისურ ეზოებს, აივნებს და ძველ ქუჩებს, ხალხს ვეცნობოდი. ხშირად მიმასპინძლდებოდნენ ყავით, გემრიელი ტკბილეულით. ახლომახლო ეზოებიდან ბავშვები გროვდებოდნენ და მათთვის სახატავი ფანქარი და ფურცელი ყოველთვის მქონდა. ჩვენ ორსართულიან ძველ სახლში ვცხოვრობდით, ვერაზე, ზანდუკელისა და ბელინსკის გადაკვეთაზე. ამასობაში საბუთები სამხატვრო აკადემიაში გადმოვიტანე და მუშაობა დავიწყე გაზეთ „"24 საათში", სადაც ვხატავდი კარიკატურებსა და ილუსტრაციებს... გაზეთის ტექსტებს თანამშრომლები მითარგმნიდნენ, მე კი მათ ვასურათებდი. ყველა თანამშრომელი მახსოვს, შესანიშნავი ადამიანები იყვნენ. მათგან ყველაზე შესანიშნავი კი ჩემი ქმარი გახდა. თუმცა მანამდე ჩვენი ოჯახი კიევში დაბრუნდა. მე თბილისში 2005 წელს დავბრუნდი, როცა ჩემმა მომავალმა ქმარმა ხელი მთხოვა. მეუღლე მხატვარია, გვყავს ორი შვილი, 16 და 13-წლისანი.

- ქართული ასე კარგად როგორ ისწავლეთ?

- თავიდან ასოები შევისწავლე და დავიწყე ყველაფრის კითხვა, რაც თვალში მომხვდებოდა: ეტიკეტების, აბრების, მაღაზიაში საქონლის დასახელებების. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას ვუსმენდი ხალხის საუბარს, შემდეგ დავიწყე მომზადება მასწავლებელთან. ზუსტად ამ დროს გამოვიდა სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" და დავიწყე მისი მუდმივი და განმეორებითი ყურება. ასე თანდათან გავიუმჯობესე სასაუბრო ენა.

naxati2-1668345686.jpg

- გვიამბეთ, როგორ იქმნება თქვენი ნამუშევრები.

- განსაკუთრებით მომწონს პეიზაჟების ხატვა. სეირნობისას ვამჩნევ საინტერესო ადგილებსა და რაკურსებს. მიყვარს თბილისის ძველი ნაწილი, იქ ყველა მონაკვეთი ფერწერულია... ჩემთვის საყვარელი ტექნიკა აკვარელია. მისი საშუალებით ემოციებისა და შეგრძნებების გამოხატვა უფრო მეიოლება. მომწონს ხალხის ხატვაც. ზოგჯერ ისე ვხატავ, რომ ადამიანმა არც იცის და სურათს დასრულების შემდეგ ვაჩვენებ. როცა პოზიორობენ, არ ვითხოვ გაუნძრევლად ყოფნას, შეიძლება საუბარი, სიცილი, ჩაის ან ღვინის დალევა. ასე უფრო კარგად ჩანს მიმიკის ცვლილება და სახასიათო ნაკვთები.

- უმნიშვნელოვანესი გამოფენები გქონდათ...

- 2016 წელს თბილისში გაიმართა ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით "თბილისის გაქრობის პირას მყოფი სახლები". გამოფენის იდეა დაიბადა წიგნების სერია „Hიდდენ თბილისი-ზე მუშაობისას. ამ წიგნზე მეგობრებთან, თამარ თავაძესა და ანა ბოგუშთან ერთად რამდენიმე წელი ვიმუშავე. თამარი ცნობილი ისტორიკოსი და გიდია, ანა კი ფოტოგრაფი და ინიციატორი, მე - დიზაინერი. წიგნების სერიაში შევკრიბეთ თბილისის ყველა ძველი უბნის საინტერესო ისტორიის მქონე სახლი. მათ ერთვის რუკა და მოკლე ინფორმაცია ყოველი სახლის ან ქუჩის შესახებ. პროექტზე მუშაობისას ფეხით შემოვიარეთ ძველი ქალაქი და შენობების ნაწილი ცუდ მდგომარეობაში იყო. ზოგიერთის აღდგენა არ იყო შესაძლებელი და დაანგრიეს. დადიანის, ორბელიანის, აღმაშენებლისა და სხვა ქუჩებზე არის შენობები, რომლებიც მხოლოდ ფოტოსურათებსა და ჩემს ნახატებზე დარჩა. სხვა გამოფენებზეც მიწვევენ. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო ბიბლიოთეკაში აკვარელის ფესტივალი გაიმართა და მეც ვმონაწილეობდი.

naxati-1668345685.jpg

- საქართველოში მხატვრისთვის რამდენად კარგი პირობებია?

- საქართველო მხატვრებისთვის სამოთხეა, უამრავი სიუჟეტი, ულამაზესი ადგილი და შესანიშნავი ჰავაა. ეს ქვეყანა ჩემთვის შემოქმედების უშრეტი წყაროა.

- თქვენს დღევანდელობასა და გეგმებზე გვიამბეთ...

- სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობ. დაკავებული ვარ დიზაინით, კედლების მოხატვით, ფერწერით, ვქმნი სამკაულებს ტიხრული მინანქრით, ვატარებ მასტერკლასებს. ჩემი ცხოვრება ყოველდღიური შემოქმედებაა. მომწონს რაიმეს შექმნა და როდესაც ეს სხვასაც მოსწონს. მხატვრები ბედნიერი ხალხია, უსაქმოდ, მოწყენილი არასოდეს არიან.