"11-წლიანი ემიგრაციის შემდეგ მე დავბრუნდი!“ - კვირის პალიტრა

"11-წლიანი ემიგრაციის შემდეგ მე დავბრუნდი!“

"დილა მშვიდობისა, საქართველო! 11-წლიანი ემიგრაციის შემდეგ მე დავბრუნდი... უბრალოდ, "ჩავაბარგე" მთელი იტალია... ყოველი გავლილი წელი, დღე, წამი... და სახლში დავბრუნდი... ვერ გეტყვით, რას ვგრძნობ... უბრალოდ, შინ ვარ, ჩემს შვილთან, ჩემს ქვეყანაში... მადლობა, იტალია, შენ მუდამ იქნები ჩემი სიყვარული. გამარჯობა, ჩემო თბილისქალაქო. ცოტა მივიხედ-მოვიხედავ და იმედია, ვიპოვი ჩემს ადგილს. მეგობრებო, ნებისმიერ საქმიან შემოთავაზებას განვიხილავ", - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მარი (ნანა) მახარაძემ დაწერა.

18 წლის ნანა მახარაძე 1989 წელს მთელმა საქართველომ იური მეჩითოვის ცნობილი ფოტოთი გაიცნო - ცნობილი კადრია, ახალგაზრდა ქალი შავი დროშით - ფოტო, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა. ეს სურათი ტრაგედიის მეორე დღეს ფოტოგრაფს ვაკის პარკთან გადაუღია. 9 აპრილიდან მოყოლებული ყველა ფიქრობდა, რომ ამ ფოტოზე გოგონას ხელში დროშა ეჭირა. სინამდვილეში კი ის ხის ტოტზე შემოხვეული შავი ნაჭერი იყო. 18 წლის გოგონა მაშინ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მას შემდეგ წლები გავიდა. ნანა მახარაძე როგორც უამრავი ქართველი, ემიგრაციაში, იტალიაში წავიდა და ახლა ამბობს, რომ საბოლოოდ დაუბრუნდა მონატრებულ სამშობლოს. ამჯერად იტალიელ მეუღლესთან ერთად. 2017 წელს მან იტალიაში იპოვა თავისი სიყვარული და ქართულ-იტალიური ოჯახი შექმნა. მარი (ნანა) მახარაძე და მარკო სბრაჯი იტალიის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქ არეცოში ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა საქართველოში დაბრუნდნენ.

- ნანა, 11 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდით, დიდხანს ფიქრობდით ამ გადაწყვეტილებაზე?

- ისევე როგორც ქვეყნიდან წასვლა არ არის იოლი, დაბრუნებასაც ახლავს სიძნელეები. წლები გადის, ეჩვევი ყოველდღიურ რუტინას და ცხოვრების სტილს. იძენ ახალ მეგობრებს, ათასი ფიქრი და გეგმა გაქვს, ბოლოს და ბოლოს, დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა თითოეული ადამიანის უფლებები დაცულია და მაინც გინდა დაბრუნდე. დღეს ჩვენი დაბრუნებით ძალიან ბედნიერია მთელი ჩემი ოჯახი, ახლობლები და მეგობრები. უპირველესად კი ჩემი ერთადერთი შვილი. ახლა მისი ჩახუტება და მოსმენა ერთ ბედნიერ სიცოცხლედ ღირს.

emigranti2-1668346443.jpg

- ცოტა რამ თქვენს იტალიელ მეუღლეზეც გვიამბეთ.

- ჩემი მეუღლე პროგრამისტია, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და თბილი ადამიანია. ძლიერი ქალი ვარ, მაგრამ, მარკომ მაგრძნობინა, რამდენად მაგარი გოგოც უნდა ვიყო, აუცილებლად მჭირდება გვერდით ძლიერი მამაკაცი. მოახერხა და ამაში დამარწმუნა, ამიტომაც არის მარკო სბრაჯი ჩემ გვერდით. ძალიან უყვარს საქართველო. დაბრუნების გადაწყვეტილება მე და ჩემმა მეუღლემ ერთად მივიღეთ. იტალიაში დავტოვე ჩემი მეორე ოჯახი, მარკოს დედა, დედმამიშვილები, ორი საოცარი ქალიშვილი და ერთადერთი შვილიშვილი. მათაც უდიდესი სურვილი აქვთ მოინახულონ საქართველო.

- რას იტყვით ემიგრაციაში გატარებულ წლებზე.

- ემიგრაციაში ისეთი უმნიშვნელო რაღაცებიც კი გენატრება, რაზეც აქ ყურადღებასაც არ ამახვილებ. ყველაზე მძაფრად კი შვილი, ოჯახის წევრები და შენი სახლი. არ შევხვედრივარ არც ერთ ქართველ ემიგრანტს, რომელსაც სამშობლოში არ სურდეს დაბრუნება, თუმცა ყველაფერი განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული. მე რომ წავედი, მაშინ ჩემი შვილი 19 წლის იყო და ბებიასთან ერთად დარჩა საქართველოში. ორივესი მადლიერი ვარ გამძლეობისა და ჩემი გამხნევებისთვის. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ ჩამოვედი. ჩემი შვილი კი გაცილებით ხშირად გვსტუმრობდა იტალიაში. მარკო მხოლოდ ერთხელ იყო საქართველოში და მაშინ მოიხიბლა ქართველებით.

- იტალიიდან როგორ ჩანს საქართველოში არსებული ვითარება?

- ემიგრანტებს სრული ინფორმაცია აქვთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. ეს აისახება მათ ყოფაზე, შრომასა და ჯანმრთელობაზე. თამამად შემიძლია ვთქვა - ემიგრანტები ჩვენი დროის გმირები არიან, ვუსურვებ მათ გამძლეობას, საკუთარი შრომის დაფასებას და ჯანმრთელობას.

წასვლა ხომ ურთულესია, მაგრამ არც დაბრუნება აღმოჩნდა იოლი. ემიგრანტების არ ან ვერდაბრუნების მიზეზს რა გამოლევს, მაგრამ ყველაზე დიდი საფიქრალი საკუთარ ქვეყანაში თვითრეალიზაციის შიშია. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს უბედნიერესი ვარ, რომ დავბრუნდი. ალბათ, ვიპოვი ჩემს ადგილს სამშობლოში. ასე ვიტყოდი - იტალია არის ქვეყანა, რომელმაც ცხოვრება შემაძლებინა, საქართველო კი არის ქვეყანა, რომლისთვისაც ყოველთვის ვიცოცხლებ. ჩვენ, ლოკოკინებივით ზურგზე გვაქვს მოკიდებული ჩვენი ქვეყანა. ერთ დღესაც ფეხს მყარად დავდგამთ ამ დალოცვილ მიწაზე.

- ბოლოს, ხომ არ გაიხსენებთ იმ ცნობილი ფოტოს ისტორიას?

- მაშინ ფიზიკის ფაკულტეტზე, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ყოველდღე, ლექციების შემდეგ, მეგობრებთან ერთად აქციაზე დავდიოდი, მერე ლექციებსაც ვაცდენდით. ეს ფოტო, ალბათ, არის იმ დიდი მრისხანების და პროტესტის გამოხატულება, რომელიც მაშინ ყველა ქართველს ჰქონდა. 9 აპრილი ტკივილით და სიყვარულით სავსე უდიდესი დღეა. ქვეყანას დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოუტანა. რა უნდა იყოს ამაზე მეტი, ვიდრე ადამიანისთვის თავისუფლება და ქვეყნისთვის დამოუკიდებლობაა. მომიტინგეების დარბევის ღამეს მე და ჩემი ბიძაშვილი გოგონა ბიძაჩემმა და ბიცოლაჩემმა ძალით წაგვიყვანეს სახლში. იმ ცნობილ ფოტოზე რომ ჩანს მანქანაში სათვალიანი გოგონა, ჩემი ბიძაშვილია. იმ დღეს სახლიდან გამოვიპარეთ, სანაპიროზე უნდა ავსულიყავით. ქუჩაში ტოტი ვიპოვეთ და მას გადავახვიეთ შავი ნაჭერი. ამ დროშით მივდიოდით და სწორედ ამ დროს შეგვხვდნენ მანქანით ეს ბიჭები. გვითხრეს, ძალიან საშიშია და ჩვენთან ერთად წამოდითო. ასე აღმოვჩნდით მე და ჩემი ბიძაშვილი იმ მანქანაში. მერე სპონტანურად მოხდა ყველაფერი, მანქანა მანქანას აედევნა და დიდი კოლონა შეიკრა. როგორც მეჩითოვი ამბობს, დაინახა კოლონა და ეს კადრი დაიჭირა.

ეს ფოტო ჩემთვისაც, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, სიმბოლურია რომ ამბობენ, ეს გმირი გოგონაო, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს - ამ ფოტოზე შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი გოგონა, ნებისმიერი ბიჭი, ვინც იმ დროს პროტესტს გამოხატავდა, იყო საშინლად გაბრაზებული იმით, რაც მის ქვეყანაში ხდებოდა. მის ქვეყანაში დახოცეს ადამიანები, მის ქვეყანას ართმევდნენ, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და მომავალს. როცა იაზრებ, რომ ისტორიას რჩები როგორც სახე, ნამდვილად საამაყოა. პირველად ეს ფოტო გაზეთში დაიბეჭდა. თბილისში ბიძასთან ვცხოვრობდი. მეზობლად ჟურნალისტ გოგონებს ბინა ჰქონდათ ნაქირავები და მითხრეს, შენი ფოტო დაიბეჭდაო - ასე აღმოვაჩინე ეს კადრიც.