„წინ კიდევ უამრავი სირთულე გველოდება, მაგრამ გამარჯვება გარდაუვალია“ - კვირის პალიტრა

„წინ კიდევ უამრავი სირთულე გველოდება, მაგრამ გამარჯვება გარდაუვალია“

რამდენიმე თვეა ხერსონის ოლქი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია - 9 ნოემბერს გავრცელდა ცნობა, რომ ხერსონის ოლქში რუსეთის ჯარი მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაიყვანეს. თავდაცვის მინისტრის მოხსენებაში, რომელიც რუსეთის სამთავრობო ტელევიზიით გადაიცა, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების სარდალმა გენერალმა სერგეი სუროვიკინმა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მომარაგების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდინარე დნეპრზე პოზიციები გამაგრებულია.

24 თებერვლის შემდეგ ხერსონში რუსული ძალები იყვნენ. ომამდე ოლქში მილიონზე მეტი კაცი ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ხერსონიდან ასიათასობით კაცი გაიქცა, ათასობით კი ეფ-ეს-ბეს თანამშრომლებმა ფილტრაციის ბანაკის გავლით რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათგან შინ დაბრუნება ან სამშვიდობოს გასვლა ძალიან ცოტამ შეძლო.

ხერსონელი მამა ნაუმ ფომინი მათ შორის არის, ვისაც ამ თვეების განმავლობაში ხერსონში მოუწია ყოფნამ. ის ჩართული იყო ტყვეთა გაცვლის, სამოქალაქო პირების შინ დაბრუნების პროგრამაში და ცდილობდა ქალაქში დარჩენილი მოსახლეობისთვის უმძიმესი დღეები შეემსუბუქებინა.

- ბოლო თვეებია ხერსონში ყველა კალიბრის იარაღის სროლა არ წყდებოდა. დენი თითქმის არ გვქონდა, რუსულმა რაკეტებმა სტრატეგიული ინფრასტრუქტურა მიწასთან გაასწორეს, ოღონდ უკრაინელებს აბრალებდნენ, მოსახლეობას ეუბნებოდნენ, საკუთარ მოსახლეობას ბომბავენ, ჩვენ კი აქ იმისთვის ვართ, რომ დაგიცვათო. ბოლო დღეებში მხოლოდ ტერიტორიების დანაღმვაზე მუშაობდნენ.

მაინც არ მჯერა, რომ რუსებმა ოლქი დატოვეს, დნეპრის მარცხენა მხარეს გადაჯგუფდნენ, პოზიცია გაიმაგრეს. ისე კი ბოლო ხანებში ძველებური რიხი აღარ ჰქონდათ - სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები ამბობდნენ, რომ ძალიან ეშინოდათ ზამთრის, მეთაურობა ხელფასს არ უხდიდა. როგორც მითხრეს, ქალაქები და დასახლებები მოსახლეობისგან თითქმის დაცარიელდა. სატვირთო და მსუბუქი მანქანებით გაიყვანეს ხალხი.

ჩემი ოჯახი ლიუბიმოვკაში ცხოვრობს. ეს ადგილი იმ ტაძრისგან, სადაც ვმსახურობ, მოშორებულია, მაგრამ რადგან ტრანსპორტი თითქმის აღარ დადიოდა, ხან ველოსიპედით დავდიოდი, ან დილით სახლიდან გამთენიას გამოვდიოდი. გზადაგზა ველოსიპედიანი ხალხიც მხვდებოდა, წყლის ჭურჭლით, ზურგზე მოკიდებული სურსათის ჩანთით. ხანდახან სასწრაფო-სამედიცინო მანქანებიც ჩამიქროლებდა. შემხვედრია რუსი ჯარისკაცებიც, რომელთაც იმ მაღალსართულიანი კორპუსებისთვის, რომელთაც სადარბაზო ჩამონგრეული ჰქონდათ, მესამე-მეოთხე სართულებზე, კიბე ჰქონდათ მიდგმული, ფანჯრიდან ძვრებოდნენ და საკვებს, ტანსაცმელს, საყოფაცხოვრებო ნივთებს იპარავდნენ. მაღაზიები ხომ ისედაც გაძარცული იყო, ხალხი გარევაჭრობაზე იყო გადასული. შემდეგ ნელ-ნელა გაიხსნა მაღაზიებიც და სხვა დაწესებულებებიც. ძირითადად, ყირიმიდან შემოჰქონდათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სურსათი. ეს დასახლებულ პუნქტებში, თორემ ხერსონში გაიხსნა მაღაზიები რუსული წარწერებით. ერთმა ინგუშმა ჯარისკაცმა მითხრა, ცოლის მოყვანას ვაპირებ, ფული ქორწილისთვის მჭირდება და ამიტომ წამოვედიო. 20-22 წლის იქნებოდა. უმძიმესი მოსასმენი იყო - თავისი ბედნიერების აწყობას უდანაშაულო ადამიანების ხოცვითა და მათი ცხოვრების განადგურებით აპირებდა.

- ვიცი, რომ მარტის პირველი დღეებიდან რუსების გარემოცვაში იყავით...

- დიახ, მაგრამ ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ბოლომდე აღება ვერ შეძლეს. პარტიზანები, ხალხი, როგორც შეეძლოთ, ისე ებრძოდნენ, აქციებს აწყობდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ... იმავდროულად, დაიწყო ძარცვა, ყაჩაღობა, მაროდიორობა. პოლიცია, არ არსებობდა. ამით სარგებლობდა ზოგი რუსი, ზოგიც ადგილობრივი და მაღაზიებს ძარცვავდნენ. ქუჩებში დამწვარი მანქანები ეყარა. ხალხი მაინც აპროტესტებდა, რუსებს ოკუპანტებს ეძახდა. ოკუპანტები ხან ცეცხლს გვიხსნიდნენ, ან ხელკეტებით გვარბევდნენ. ყოველდღე ვმარხავდით პროტესტს შეწირულ­ ახლობლებს, ოჯახის წევრებს. დაჭრილებს მალულად ვუვლიდით, რადგან სამედიცინო დაწესებულებებში დაჭრილი რუსი ჯარისკაცები და კოლაბორაციონისტები იყვნენ. რუსი სამხედროები, ე.წ. ახალი ადმინისტრაცია, გვეუბნებოდა, რაც უფრო მალე დაიჯერებთ, რომ ჩვენთან ცხოვრება მოგიწევთ, ორივე მხარისთვის უკეთესი იქნებაო. ყოველდღე გვეუბნებოდნენ, გახსოვდეთ, აქ სამუდამოდ დასარჩენად ჩამოვედითო. გულში ვფიქრობდი, არასოდეს-მეთქი!.. მე სასულიერო პირი ვარ, თანამემამულეების ფიზიკურ და სულიერ გადარჩენაზე უნდა მეზრუნა, მათთვის რწმენა უნდა განმემტკიცებინა. ზოგს წასვლაში ვეხმარებოდი, ზოგსაც დარჩენაში. არ ვიცი, რომელი უფრო რთული იყო, რადგან ოკუპანტები მონადირეებივით დასდევდნენ ხალხს.

მერე დაიწყო პურის რიგები, მაღაზიები დაცარიელდა, სურსათი გაქრა. დამშეული რუსი ჯარისკაცები დასწრებაზე იყვნენ, სად რა მოეხელთებინათ. სარდაფებში ჯერ ხელყუმბარებს ყრიდნენ და შემდეგ შედიოდნენ, დამტვრეული ქილებიდანვე თქვლეფდნენ მურაბებს, ხილფაფებს, წვენებს, მწნილებს. თუ სასმელს იპოვიდნენ, გაილეშებოდნენ. დენი თითქმის არ იყო. ვცდილობდით როგორღაც გაგვეგო, რა ხდებოდა ფრონტის ხაზზე, კიევში, ხარკოვში, მარიუპოლში...

ჩვენი ტაძარი გარეუბანშია. ალბათ, ამიტომაც გადაურჩა რუსულ რაკეტებს ან დაცხრილვას. ოკუპანტები ჩვენთან დაახლოებას ცდილობდნენ, ლოცვაზე მოდიოდნენ. კუთხეში, კედელთან დადგებოდნენ და გვისმენდნენ. იარაღს მაინც არ იხსნიდნენ, ეტყობა, პარტიზანების ეშინოდათ. ცდილობდნენ გამოგვლაპარაკებოდნენ, აეხსნათ, რატომ გახდა ომი გარდაუვალი. ამ ომში დასავლეთის როლზე აკეთებდნენ აქცენტს - უცხო ძალების ჩარევა რომ არა, მშვიდობიანად ვიცხოვრებდითო.

პირველ ხანებში ტაძარში 150-ლიტრიანი ქვაბით წვნიანს ვხარშავდით. ზოგს ბოსტნეული მოჰქონდა, ზოგს პური... ვისაც რა ჰქონდა დარჩენილი. ტაძრის ეზოში ვადუღებდით ჩაისაც, რომ გაყინული ხალხი გამთბარიყო. რამდენჯერმე რუსი სამხედროებიც მოვიდნენ, ხორცი, კონსერვი და პური მოიტანეს. ვიღაცები გამოელაპარაკნენ, ზოგმა გაჰკიცხა, ერთი ერი ვართო, გვეუბნებით და რაკეტებს გვიშენთ, სახლებს გვინგრევთ, მშობლებს გვიხოცავთო. ეს თქვენს `ნაცისტ~ ხელისუფლებას მოჰკითხეთო, ერთმა უპასუხა. ვთხოვეთ, პოლიტიკურ თემებზე არ ესაუბრათ, თუ გვესტუმრებოდნენ, რაც გვექნებოდა, გავუყოფდით, მაგრამ ტაძარი პოლიტიკური საკითხების გასარჩევი ადგილი არ არის. ზოგი მოგვიბოდიშებდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც გვაფრთხილებდა, ხალხს უთხარით, ჩვენ აქედან არასდროს წავალთ და ილუზიებში ნუ აცხოვრებთ, ახლა კანონიც ჩვენ ვართ, პოლიციაც და სასამართლოც, ბოლოს და ბოლოს, ისტორიული სამართლიანობა აღდგაო.

ვითარება რაც უფრო მწვავდებოდა, შეშინებული ხალხი შინ აღარ მიდიოდა და 300-ლიტრიანი ქვაბი დაგვჭირდა საჭმლის მოსამზადებლად. უკვე ყველგან რუსები და კოლაბორაციონისტები იყვნენ.

ასეთ დროს უფალი გასწავლის გზას - შენი სიმშვიდით უნდა დაამარცხო მოწინააღმდეგე, რომელიც ცდილობს ყველაფერი წაგართვას. მხოლოდ რუსულად საუბარს ითხოვდნენ. უკრაინული დროშები და სიმბოლიკები ჩამოგლიჯეს, ყველაფერი რუსული დროშის ფერებში გადაღებეს. რუს ოფიცერს ვუთხარი, რომ უფალმა უკრაინელად გამაჩინა, ამ ენაზე ვისწავლე ლოცვა-გალობა და შეცვლას არ ვაპირებდი. მითხრა, ტაძარში ყველასთვის გასაგებ ენაზე უნდა წაიკითხო ლოცვაო. ოთხნი იყვნენ. ერთმა შუა ღვთისმსახურების დროს იკითხა, აქ უფროსი ვინ არისო. ჩვენ ასაკოვანი წინამძღვარი გვყავს, მშვიდი, გამოცდილი, მართალი გულის ადამიანი. შეეცადა სიტუაცია დაემშვიდებინა, მაგრამ უთხრეს, ყველაფერს რომ მორჩებით, ჩვენთან უნდა წამოხვიდეთო. მართლაც წაიყვანეს. ჩვენი წინამძღვარი მეორე საღამოს დაბრუნდა. ფეხით მოვიდა. არ უთქვამს, როგორ დააღწია თავი ოკუპანტებს, არც ჩვენ გვიკითხავს.

კვირაში სამჯერ ვიკრიბებოდით. რამდენჯერმე შესაწირი ყუთი გატეხილი დაგვხვდა. არ გაგვკვირვებია, ვიცოდით, რომ რუსი ჯარისკაცები უმეტესად მშივრები იყვნენ. ჩვენთვის მთავარი იყო ხალხის ტაძარში უსაფრთხოდ მოსვლა, რომ ერთად გველოცა.

- ყველაზე ძნელი რა იყო?

- გაძლება და ადამიანებისთვის იმის დაჯერება, რომ მალე ეს ყველაფერი შეიცვლებოდა და უფალი არის იქ, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ. ალბათ, თავადაც ამან გადამარჩინა. არადა, რამდენი ტრაგედიის მოწმე ვარ. ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ბებიას დაუტოვა 4 წლის სიცხიანი შვილი, თავად კი წამლის საშოვნელად წავიდა, დააკავეს და ფილტრაციის ბანაკის გავლით რუსეთში გადაასახლეს. როგორც მოგვიანებით დაბრუნებული გვიყვებოდა, როგორ ამცირებდნენ და დასცინოდნენ. ესმოდა, როგორ სცემდნენ მამაკაცებს მეზობელ ოთახში. არაფერი იცოდა შვილზე, დედაზე, მეუღლეზე, რომელიც მოხალისედ იყო წასული. როგორც უთხრეს, დაიღუპა, რადგან მანქანა, რომლითაც ისინი პურს არიგებდნენ, დაცხრილული იპოვეს. კოლაბორაციონისტები ხერსონში დარჩენილ ახალგაზრდებს ეუბნებოდნენ, რუსულ არმიას შეუერთდით, ეს თქვენი ოჯახის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიააო. ამიტომაც ცდილობდნენ წასვლას. სამწუხაროდ, უმეტესობა ფილტრაციის ბანაკებში მოხვდა და ბევრმა ვერც გაიარა. ასობით ხერსონელმა ოჯახის წევრი დაკარგა. ახლა, როდესაც ხერსონი თავისუფალია და, ალბათ, მალე ელექტროენერგიასაც აღადგენენ, კომუნიკაციაც აღდგება და იმედია, ერთმანეთს იპოვიან.

წინ კიდევ უამრავი სირთულე გველოდება, მაგრამ გამარჯვება გარდაუვალია. უკრაინელმა ხალხმა საკმარისზე მეტი მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისთვის.