"მირჩევნია, ახლა უკრაინაში ვეომო რუსეთს, ვიდრე ჩემს მიწაზე“ - კვირის პალიტრა

"მირჩევნია, ახლა უკრაინაში ვეომო რუსეთს, ვიდრე ჩემს მიწაზე“

ომის დაწყებიდან დღემდე გახმაურებული არაერთი ფაქტი მეტყველებს, რომ უკრაინელებისთვის ქართველები საუკეთესო თანამებრძოლები არიან. მაგალითად, "აზოვსტალის" დაცვის ორგანიზება, ქართული ბატალიონები ბრძოლის ველზე, ქართველი ინსტრუქტორები, რომლებიც უკრაინელებს ამზადებენ - ამ გახმაურებულ ისტორიებს ახალი ამბებიც ემატება, მათ შორის ისტორია ქართველ მებრძოლზე, რომელმაც უკრაინელებთან ერთად დააბრუნა უკრაინის დროშა კუნძულ ზმეინიზე, და არანაკლებ შთამბეჭდავი ისტორია ქართულ ბატალიონზე, რომელსაც თავზე ხელაღებული სიმამაცის გამო "შერეკილები" შეარქვეს. "ეს იყო ყველაზე მაგარი ბრძოლა. ნამდვილი საგიჟეთი მოვაწყვეთ, რა გავაკეთეთ ან რამ გადაგვარჩინა, ბიჭებს ახლაც გვიკვირს. იდეალურად დაგეგმილი შეტევა იყო, ოცეულის შეტევა რუსების რამდენიმეწლიან გამაგრებულ პოზიციებზე", - ეს ფეისბუკსტატუსი "შერეკილების" მეთაურს, ავთო ქაჯაიას ეკუთვნის. უკრაინაში ბრძოლის მიზეზებსა და მიზნებზე "შერეკილების" მეთაური გვესაუბრება.

- 2003 წლიდან საქართველოს თავდაცვაში ვმსახურობდი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მიმაჩნდა, რომ რუსი ჩემი მტერი იყო, რომ რუსებს ქართველების სისხლი ემართა. 2008 წელს იმ განცდით ვიბრძოდი, რომ მტრისგან სამშობლოს ვიცავდი. არც ვიცი, როგორ გადმოგცეთ განცდა, რომელიც მაშინ გამიჩნდა, როდესაც აგვისტოს ომის დაწყებაში ქართველები დაგვადანაშაულეს, თანაც ვინ?! ისევ ქართველებმა, ჩვენმა პრეზიდენტმა, მთავარსარდალმა. ეს ტყვიის სროლის ტოლფასი იყო. 2017 წელს გულნატკენმა საქართველო დავტოვე და სამუშაოდ პოლონეთში წავედი. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ხელი თაბაშირში მქონდა, ახალი ნაავარიევი ვიყავი. ხუთ დღეში თაბაშირი მოვიხსენი და მარტის დასაწყისში უკრაინაში ჩავედი.

- თავიდანვე "შერეკილებში" მოხვდით?

- არა, თავიდან 30-კაციანი ჯგუფი ვიყავით. მაშინ მეთაური სხვა იყო. ერთ-ერთი ოპერაციის დროს 13 კაცი დაგვეჭრა, ზოგი სხვაგან გადავიდა და 14 დავრჩით. უკრაინელები ყოველი ოპერაციის შემდეგ გვეუბნებოდნენ, ნამდვილი შერეკილები ხართო, და საბოლოოდ ასეთი სახელი შეგვრჩა.

- შერეკილებს რა მიზეზით გეძახდნენ?

- იყო მომენტები, როდესაც ფრონტის ხაზზე მტერი ორასი ან სამასი მეტრით დაშორებულ პოზიციებზე იყო გამაგრებული. ასეთი სადაზვერვო ინფორმაცია რომ მოგვივიდოდა, რუკას დავიდებდით წინ და ოპერაციას ვგეგმავდით. საბოლოოდ მტერს სანგარში ვესხმოდით თავს. ისეთი სიტუაციიდან გამოვდიოდით უვნებელი, რომ თავადვე გვიკვირდა. ალბათ რაღაც ძალა გვმფარველობდა.

- ახლა ბევრს გაუჩნდება ასეთი შეკითხვა, რატომ რისკავთ საკუთარ სიცოცხლეს უცხო ქვეყანაში?

- სადაც უნდა დაეწყო რუსეთს ომი, ყველგან წავიდოდი და ვიბრძოლებდი. რუსეთი ჩემი მტერია, ჩემი ძმების სისხლი მართებს. ჩემი სამშობლოს ამწიოკებელი, ჩემი ძმების მკვლელი რუსეთი სხვა ქვეყანაში შეიჭრა და ახლა იქ დაიწყო ხალხის ხოცვა. მირჩევნია, ახლა უკრაინაში ვეომო რუსეთს, ვიდრე ჩემს მიწაზე. არ მინდა ეს პირსისხლიანი რუსი ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს შეეხოს. თქვენც ხომ იცით, რამდენი ქალი და ბავშვი აწამეს, დახოცეს. რა გარანტია გვაქვს, რომ ერთ დღეს ისევ არ შემოიჭრებიან ჩვენთან?! მხოლოდ ერთხელ დაღვარა უდანაშაულო ხალხის სისხლი თუ ორჯერ?! ძალიან მარტივად შეუძლია საქართველოშიც დაიწყოს სამხედრო ინტერვენცია, შიდა პრობლემების გადასაფარავად, საკუთარი მოსახლეობის იმპერიალისტური ეგოს დასაკმაყოფილებლად შემოვარდება და გადაგვივლის. მირჩევნია აქ შევაკვდე რუსებს, ვიდრე ქართველ ქალებსა და ბავშვებს იგივე დამართონ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი დარბეული სოფლები, ოჯახები, ენით აღუწერელი საშინელების დატრიალება შეუძლიათ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი ტერორისტული ღონისძიებებით და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით ვინმეს შეაშინებს, ძალიან ცდება. რაც უფრო მეტ ქალსა და ბავშვს ხოცავენ, უკრაინელები უფრო მწარდებიან და უფრო მეტი ჟინით იბრძვიან.

- უკრაინელი მოსახლეობის განწყობა როგორია თქვენ მიმართ?

- მხოლოდ ჩვენზე, "შერეკილებზე" კი არა, ქართველებზე გიჟდებიან. ქუჩაში გვცნობენ, მოდიან, მადლობას გვეუბნებიან, გვეხვევიან, გვლოცავენ. ქართული დროშის დანახვაზე თვალები უბრწყინავთ - მშვიდობიან მოსახლეობასაც და მებრძოლებსაც.

- რას ფიქრობთ იმ უკრაინელ ჯან-ღონით სავსე მამაკაცებზე, რომლებიც დღეს საქართველოში ემალებიან ომს?

- იცით, უკრაინელები როგორი მებრძოლები არიან? 17-18 წლის ბიჭებს იარაღი უჭირავთ ხელში და თავგანწირვით იბრძვიან. ძალიან ბრაზობენ იმ მამაკაცზე, რომლებიც ასეთ დროს ქვეყნიდან გაიქცნენ. მათი ნება რომ იყოს, უკან არც შემოუშვებდნენ. რას ვიზამთ, დეზერტირი და მოღალატე ყველგან არის.

- პრეზიდენტ ზელენსკიზე მებრძოლების განწყობა როგორია?

- ის მათთვის გმირია. ისე, მეც მინდა ასეთი მთავარსარდალი.

- როგორც გავიგე, არაერთხელ დაჭრილხართ.

- სამჯერ. ერთხელ ბოსფორი დაგვაყარეს, აფეთქების ტალღამ გადამისროლა, მიწაზე შეუხორცებელი მკლავით დავეცი, ლავიწი ამომივარდა და მგრძნობელობა დავკარგე.

ღმერთს მადლობა, მარცხენა მხარე მაქვს დაზიანებული და არა მარჯვენა. ბრძოლის ველზე, ეს არც მაწუხებს, პრობლემა ის არის, მეორედ თვალში დამჭრეს, უფრო სწორად, ნამსხვრევი მომხვდა და ახლა მხედველობა მინუს თორმეტი მაქვს, თან კონტუზიაც მივიღე ორჯერ და თავში ჰემატომაც მაქვს.

- შინ დაბრუნებას არ აპირებთ?

- როგორ არ მინდა, შვილები ძალიან მენატრება, მაგრამ ვერ ჩამოვალ. ახლა, ამის დრო არ არის. აი, რუსებს დავამარცხებთ და საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდებით!

ხათუნა ბახტურიძე