ოკუპანტების ჯაშუშომანია - კვირის პალიტრა

ოკუპანტების ჯაშუშომანია

წლებია ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეთა გატაცების სერიები გრძელდება. "ჯაშუშური საქმიანობა", "ნარკოტიკებით ვაჭრობა", "საზღვრის უკანონოდ დარღვევა", "სახელმწიფო სიმბოლიკების დამამცირებელ კონტექსტში წამორჩენა" - ეს არ არის იმ მიზეზების სრული ჩამონათვალი, რისთვისაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ქართველებს აკავებენ. აქამდე ყველაზე მომგებიანი ვერსია "ქართველ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა" იყო, ბოლო დროს - "ნარკოტიკებით ვაჭრობა" გახდა.

საქართველოს მოქალაქეების დაკავება გრძელდება ახალგორის მხარესაც. რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებმა ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მეჯვრისხევში დააკავეს სალოცავში მიმავალი სამი მოქალაქე, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, რომლებიც უკვე გაათავისუფლეს.

ბევრად რთული ვითარებაა აფხაზეთში - კვლავ პატიმარია ირაკლი ბებუა, რომელსაც ბრალად ედება აფხაზური დროშის დაწვა. უკანონო პატიმარია 2022 წლის 24 ივლისს დაკავებული ქრისტინე თაკალანძეც, რომელსაც ჯაშუშობას აბრალებენ, რადგან სახლში ქართულად დაწერილი ქაღალდი უპოვეს; 1998 წელს დაბადებული გალის სოფელ ნაბაკევის მკვიდრი საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე აფხაზური მხარის მტკიცებით "ქართული მხარის სასარგებლოდ აფხაზეთში ინფორმაციას აგროვებდა", რის საფუძველზეც, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მედიის გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს ქართულად დაწერილი ბარათი შემდეგი შინაარსით: "თუ წახვედი გალში ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე"“და წამლის სახელწოდება.

"მოღალატეების ჯგუფს" კიდევ ერთი ქალი მიემატა - 29 წლის ასმათ თავაძე 4 ნოემბერს სოხუმში თავის ბინაში ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის "ბრალდებით" დააკავეს. ერთი ვერსიით, გოგონა აფხაზის ცოლია და წლების განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრობდა. "რამდენიმე ხნის წინ წყვილი დაშორდა, აფხაზი კაცი გაბრაზდა და ხმა დაუგდო, თითქოს ნარკორეალიზატორია", - წერენ აფხაზები დახურულ ჯგუფებში.

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, დაკავებულ ქალს ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად საქართველოს დროშა და შევრონი აღმოაჩნდა. თავაძის ბინაში იპოვეს "აფხაზური პასპორტიც".

აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეჭვს იწვევს მისი ნარკორეალიზატორობაც, რადგან ასე რომ ყოფილიყო, საქართველოს დროშის ფრიალს კი არ დაიწყებდა, შეეცდებოდა შეუმჩნეველი ყოფილიყო.

სამოქალაქო აქტივისტი ენდი ჯენია წერს: "თუ ეს ამბავი მართალია და გოგონა მართლაც გახვეულია ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცებთან ინტერესთა გადაკვეთა მოხდა. შესაძლოა მათთანაც, ვისი ჩარევითაც ქართველმა გოგონამ აფხაზეთის პასპორტი აიღო. საბოლოოდ რაღაც ვერ დაალაგეს და ერთ დროს საჭირო კადრი "ძველმა მეგობრებმა" ჩაუშვეს... თუმცა ნარკორეალიზატორობა ნაკლებად სარწმუნო მგონია, რადგან ასეთ შემთხვევაში ის კაფეებსა და სანაპიროებში კი არ იპოზიორებდა პროვოკაციული ფოტოებითა და წარწერებით, ჩუმად შეეცდებოდა გარემოცვის გაფართოებას.

ნებისმიერ შემთხვევაში მასთან ერთად უნდა დააკავონ იმ ბინის მფლობელებიც, რომლებთანაც ის სოხუმში იმყოფებოდა. ასევე გამოსაკვლევია, როგორ აღმოაჩნდა აფხაზეთის პასპორტი. აქვე სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ კანონის დამრღვევებს ეროვნება არ გააჩნიათ, ქართველობა არაფერ შუაშია. ვიღაცებმა გამოსავალი ენგურის ხიდზე კონტროლის გამკაცრებაში იპოვეს, რაც სისულელეა, რადგან წლებია ფსოუს საზღვრიდან ნარკორეალიზატორები შემოდიან. ისე, ბრმად არავინ მოდის, ყველა მათგანს აქ ვიღაც ელოდება, ვინც დააკვალიანებს, "მარაგებს" შეავსებენ. ფსოუდან შემოსულებთან შედარებით ეს ერთი ქართველი რა მოსატანია - კვირაში სამ-ოთხს მაინც აკავებენ. ალექსანდრე ანქვაბმა თქვა, აფხაზეთში ნარკოტიკები ენგურიდან კი არა, ფსოუდან შემოდის, ახალგაზრდა რუს ქალებს შემოაქვთო. თუ მათ რაოდენობას გავითვალისწინებთ, აფხაზეთში ახალ ციხეს უნდა ვაშენებდეთ, მაგრამ ისინი ან მათი "მფარველები" ფულს იხდიან და ქალებს რამდენიმე თვეში ათავისუფლებენ. ისეთი მოგება აქვთ, თუნდაც ყოველ მეორე თვეს რომ დააკავონ, მაინც უღირთ. რა ვქნათ, ჩავკეტოთ საზღვარი?.. თუ საქართველოს მოქალაქე უფრო საშიშია, ვიდრე რუსეთის?!".

ნინო ჯონუას თქმით, გაუგებარია ის, რომ საქართველოს მოქალაქე, სოხუმში ბინაში ცხოვრობდა, შინ ინახავდა საქართველოს დროშასა და სხვა ატრიბუტიკას: "რაც კადრებში ვნახეთ, დამალული არაფერი ჰქონდა და დავიჯერო, არც ერთხელ მეზობელი არ შესულა, რომ ეკითხა, ამას აქ რა უნდაო?.. თუ ასეა, ეს არანაკლებ საშიშია, ვიდრე ნარკოტიკების გასაღება. ასე მგონია, აფხაზეთში ჩვენგან ფარულად პოლიტიკურ ცვლილებებს გეგმავენ, ოღონდ ჯერ გვაგუებენ, რომ შემდეგ პროტესტი ან სუსტი იყოს, ან საერთოდ არაფერი მოჰყვეს. ვფიქრობ, ნარკოტიკი არაფერ შუაშია, უბრალოდ, ვიღაცამ შეიტყო ამის შესახებ, ისეთმა, რომელიც ან საქმეში არ ჩართეს, ან შესაძლოა ქართველებთან ერთობლივ ბიზნესს ან სხვა მატერიალურ ინტერესს ეხებოდა საქმე და ყველა ჩაუშვა. ამ ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში ნარკოტიკის ჩადების მეტი რა გვინახავს. კილოგრამობით ეზიდებიან ნარკოტიკებს. ათი გრამი შესაძლოა ზოგიერთ ჩვენს მაღალჩინოსანსა და ბიზნესმენს შინ ჰქონდეს პირადი მოხმარებისთვის. ეს იცის მილიციამაც და პროკურატურამაც... აქ სხვა რამეშია საქმე - რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო საქართველოს, ქართველების შესახებ ერთბაშად წამოვიდა ინფორმაციის ნიაღვარი, იმაზე, თუ როგორი მრავალფეროვანია იქაური ბაზარი, ფასები კი - დაბალი. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შესახებ ჩვენი მოქალაქეებისგან ხომ წლებია გვესმის. ქართული სიმღერები, საქონელი, სურსათი, ბიზნესი - ეს პირველი ნაბიჯებია, შემდეგ "დაბალანსებული" პოლიტიკური განცხადებებიც მოჰყვება. ასე რომ არ იყოს, რომელი ნარკოგამსაღებელი დაატარებს სახელმწიფო სიმბოლიკას?! აქ ნარკოტიკებს ვყიდი, აფხაზური პასპორტი მაქვს, მაგრამ ჩემი ქვეყანა მიყვარს და მისი დროშა თან დამაქვს, რომ შემამჩნიოთო?!" - წერს ჯონუა.

ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი ქართველების დიდი ნაწილი ხშირად გადადის ზუგდიდში ოჯახის წევრების მოსანახულებლად ან სხვა პირადი მიზნით. მათი თქმით, თუ "აფხაზურმა მილიციამ" მოინდომა, ნებისმიერი დროს შეუძლიათ ნარკოტიკის ჩადება, ან ჯაშუშობა და სხვა კანონდარღვევა დააბრალონ. ამისთვის ბევრი მოტივი აქვთ: "შიდა უკმაყოფილების გადაფარვა, ქართული მხრიდან მომავალი საფრთხეების შეხსენება" და გამოდის, ისინი ასეთ შემთხვევებში სრულიად დაუცველი არიან, რადგან აფხაზეთში თუ პოლიტიკური ან კრიმინალური წრეების მხარდაჭერა არა აქვს, წლებია სიმართლეს ვერავინ ამტკიცებს.

p.s. ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის უკანონოდ დაკავების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

„ირაკლი ბებუას დასაპატიმრებელი დამიუტევებელი არაფერი გაუკეთებია“

პაატა ზაქარეიშვილი. კონფლიქტოლოგი:

- თავაძისა და თაკალანძის საქმე განსხვავებულია ირაკლი ბებუასგან. ორივე ქალის საქმეში ბევრი თეთრი ძაფით ნაკერი ფაქტია. თუ თავაძე ნარკორეალიზატორი იყო ან ქართულ დაზვერვასთან თანამშრომლობდა, საქართველოს დროშა რაში სჭირდებოდა, პირიქით, ყველანაირად შეეცდებოდა შეუმჩნეველი ყოფილიყო. ისეთი ბრალდებები აქვთ წაყენებული, რომლებიც ერთმანეთს გამორიცხავს. ნარკოტიკებისა და ჯაშუშობის თემაც ყურით მოთრეულია. გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს სხვაზე კარგად აქვთ გაცნობიერებული ის საფრთხე, რომელიც ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობისგან ემუქრებათ. რაც უნდა თავისი ქვეყნის პატრიოტი იყოს ადამიანი, ის ყოველთვის შეეცდება ფრთხილად იყოს, რათა სხვებსაც არ გაუფუჭოს საქმე. დროშა და მსგავსი მატერიალიზმი ძალზე პრიმიტიულია, ისევე როგორც ბარათებით მიმოწერა და პატრიოტულ მოტივებზე დაწერილი ლექსები. კიდევ ერთი - როდესაც ქართულ სპეცსამსახურებზე ლაპარაკობენ, ერთი რამ ავიწყდებათ - ადამიანი, რომელიც ამ მიმართულებით არის არჩეული, უნდა იყოს სპეტაკი, სუფთა წარსულის, რათა მასზე ვინმემ ეჭვი არ მიიტანოს. დროშების ფრიალი და ნარკოტიკების რეალიზაცია ამ საქმეში ჩართული ადამიანისთვის პირდაპირ თვითმკვლელობას ნიშნავს.

ადრე ამ ბრალდებით საქართველოს მოქალაქეებს არ იჭერდნენ. როგორც ჩანს, ახლა აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობამ მიდგომები შეცვალა. დრო გავიდა, ურთიერთობაში მეტ-ნაკლებად სიმშვიდეა, მტრის ხატის შექმნა უჭირთ და მსგავს მაგალითებს იგონებენ.

რაც შეეხება ირაკლი ბებუას საქმეს, ის არც იყო დასაპატიმრებელი, რადგან მიუტევებელი არაფერი გაუკეთებია. გასაგებია, ე.წ. სახელმწიფოს სიმბოლიკას შეეხო, რაც ჩვენთანაც დანაშაულად ითვლება, მაგრამ სასჯელი აბსურდულია. 2 წელიც საკმარისი იქნებოდა. გარდა ამისა, მისი საქმე იმიტომ არის განსხვავებული, რომ მან მართლა დაწვა დროშა საჯაროდ, აქ კი თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს ვკითხულობთ. ამას წინათ, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ შესაძლოა გალის შეხვედრები აღდგეს, რომელშიც გაერო, ეუთო, რუსეთი და ქართულ-აფხაზური მხარეები მონაწილეობენ. როგორც ვიცი, ამერიკელებსაც შეუძლიათ დასწრება. ეს ფორმატი თუ აღდგება, შესაძლოა მსგავს საქმეებზე დაკავებული პირებითაც დაინტერესდნენ. ჟენევის შემდეგი შეხვედრა იანვარ-თებერვლამდე არ გაიმართება, მანამდე კი დაკავებული ქალების ასეთ სიტუაციაში დატოვება წარმოუდგენელია, მით უფრო, რომ ეს არის პოლიტიზებული საქმე. ანტიქართულად განწყობილი აფხაზური კლანისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ქართული ბაზრებით და ენგურსაქეთა საქართველოთი დაინტერესდა. ამიტომაც გაჩარხეს ე.წ. ქართველი ნარკორეალიზატორების საქმე - თქვენ საქართველოდან მომავალი საფრთხეები ხომ არ დაგავიწყდათ, ყველა მეთოდით ცდილობენ ჩვენს განადგურებასო. ვფიქრობ, ქართული მხარე ოჯახს ადვოკატის აყვანაში უნდა დაეხმაროს. მას აფხაზი სახაზინო ადვოკატი კი არა, კვალიფიციური სპეციალისტი სჭირდება, რომლის დაქირავება რუსეთში შეიძლება. თუ თავად არ სურთ მისთვის ფულის გადახდა, უნდა არსებობდეს ბიზნესმენების ფონდი, რომლებიც მსგავს საქმეებს დააფინანსებენ. რაც შეეხება ირაკლი ბებუას საქმეს, ქართულმა მხარემ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა - როდესაც საქართველოს პატრიარქმა გახელაძის გათავისუფლებაში დახმარება რუსეთის პატრიარქს სთხოვა, მან ეს საქმე ადგილობრივ სპეცსამსახურებს დაავალა, რომლებმაც ასეთი სცენარი გაითამაშეს - მოითხოვეს ქართულ ციხეში მყოფი მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული გობოზოვის გადაცემა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა - ანუ მკვლელში უდანაშაულო ადამიანის გაცვლა მოითხოვეს და რატომღაც ქართულ მხარეს ირაკლი ბებუა არ გაახსენდა, მით უფრო, რომ ამ ბიჭს მორალურის გარდა, სხვა დანაშაული არ მიუძღვის. შეიძლებოდა მოლაპარაკება, რომ ბებუას უკვე სასჯელის ნაწილი მოხდილი აქვს და "პრეზიდენტს" მისი შეწყალება შეეძლო.