„წარსულის მონატრებაზე რომ დავხარჯო ჩემი ემოცია, წინ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ“ - კვირის პალიტრა

„წარსულის მონატრებაზე რომ დავხარჯო ჩემი ემოცია, წინ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ“

ჩემთვის თეატრი უფრო ახლოს არის. ეს უწყვეტი პროცესია, შენ თვალწინ შენთვის ადამიანი გარდაიქმნება. თეატრი, ადამიანისთვის გადარჩენის საშუალებაა, - ამბობს რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე და თან "სეტ სფეისის" სივრცეში სტუდენტების დასახვედრად ემზადება. "დრამა ლაბი" - ასე ჰქვია ნანუკას ახალ წამოწყებას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მსახიობებისთვის მასტერკლასებს გულისხმობს. ნანა ჯანელიძე, ნიკოლოზ წულუკიძე, თეო ხატიაშვილი, დათა თავაძე, მერაბ ნინიძე, ლევან კოღუაშვილი - ეს მოწვეული ლექტორების არასრული ჩამონათვალია, აქ, ამ სივრცეში, მათ თეატრისა და კინოს სიყვარული აერთიანებთ. როგორია ნანუკა ხუსკივაძის თვალით დანახული დღევანდელი თეატრი და რას ელის ის ახალი თაობის მსახიობებისგან, ამ კითხვებს თავად მსახიობი პასუხობს.

- ნანუკა, რისთვის ემზადებით?

- ვორქშოპებისა და მასტერკლასებისთვის, შეხვედრებისთვის იმ ადამიანებთან, რომლებმაც ხელოვნებაში თავიანთი სიტყვა თქვეს და ახლაც მუშაობენ. დღეს აუცილებელია ბევრი ასეთი შეხვედრა. ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ხელახლა მივაგნოთ იმას, რაც ქართულ თეატრს გენიალურად ჰქონდა მიგნებული.

- ამბობთ, მივაგნოთო, შემდეგ რა მოხდა, დაიკარგა?

- ამ უკიდურესად რადიკალურმა მატერიალისტურმა ეპოქამ მაინც ვერ შთანთქა სულისმიერება. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შეგრძნება მაქვს, ასე მგონია, რაღაც გვჭამს, რაღაც იწყებს დაფარვას, მატერიალური შთანთქავს სულისმიერს, რომელიც არის საწყისი იმისა, რასაც კინო და თეატრი ჰქვია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპექტაკლები არ იდგმება, ან ფილმებს არ იღებენ, მაგრამ თუ დავნებდებით ამ ეპოქას, მგონი, მომავალში უფრო ცუდად იქნება საქმე.

- ეს არის თქვენი ახალი პროექტის მიზანი?

- აქ, სტუდენტებთან, კი. არ შემიძლია ამის გარეშე, არ მინდა დავნებდე, არ მინდა გავჩერდე. გაჩერებას მოაქვს ტკბობის ელემენტები, რომლებიც შემდეგ დაგძირავს, მოძრაობაში კი რაღაც ახალი იბადება.

- გიზო ჟორდანიას მოსწავლე იყავით. მაშინდელი სტუდენტები ახლანდელისგან რადიკალურად განსხვავდებიან. რას ისურვებდით, რომ ჰქონოდა თქვენს თაობას?

- ჩვენი დროება სხვა იყო. ასე ვერ დავსვამ საკითხს. აბსოლუტურად სხვა ტიპები არიან დღევანდელი სტუდენტები, მაგრამ მიზანი ერთი გვაქვს, რაღაც შევქმნათ. ჩემი გამოცდილებით და ჟინით მინდა მოძრაობაში იყვნენ. მეც ჩემი სტუდენტებისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ.

- კონკრეტულად რას?

- არასდროს ეშლებათ სწორი და არასწორი დამოკიდებულება და შედეგი. ეს თაობა უკომპრომისოა.

- თეატრიც ხომ შეიცვალა? მახსოვს უშუქობის პერიოდი და რუსთაველის თეატრის სავსე დარბაზი. ახლა აღარ არის ასე, რამ შეცვალა ეს?

- ეპოქამ. მატერიალიზმმა.

teatri2-1668349965.jpg

- პოლიტიკამ?

- პოლიტიკაზე მატერიალისტური რამე არის?! პოლიტიკის გარდა აღარაფერი აღარ არის. პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი.

- 90-იან წლებშიც იყო პოლიტიკა აქტუალური, ჩვენ ამის გარეშე არ გვიცხოვრია?

- მაშინ კარი თავისუფლებისკენ იღებოდა. ძალიანაც ვერ გვჭამდა პოლიტიკა, რადგან უკვე არსებობდა ეს უზარმაზარი დაქოქილი მანქანა, რომელსაც თეატრი ჰქვია და ცოტა ერიდებოდათ მისი. ძალიან მაგარი რაღაცები ხდებოდა მაშინაც თეატრსა და კინოში, პოლიტიკა კი, ის იყო, იქოქებოდა. 1986 წლიდან ვმუშაობ რუსთაველის თეატრში. მახსოვს, ჩვენ რომ სცენაზე ვთამაშობდით, გარედან შემოდიოდა ხმა "ჯო" და სპექტაკლებს "ჯო"-ს ვეძახდით. ზოგჯერ ისე ფარავდა ჩვენს ხმას გარედან შემოსული შეძახილი, რომ ვჩერდებოდით ხოლმე. ჩაივლიდა შეძახილების ნაკადი და შემდეგ ვაგრძელებდით, მიუხედავად ამისა, ძალიან მაგარი პერიოდი იყო. დიდი რიდი იყო თეატრის, თეატრი პატივისცემას იწვევდა ადამიანებში.

- ახლა რა იწვევს პატივისცემას ადამიანებში, შეგიძლიათ მითხრათ? არაფერი.

- ალბათ, ღირსება. ხომ არის რაღაცები, რასაც ვერ წაშლი.

- ეს თქვენი ღირსების ამბავია, რომ ამბობთ, ღირსება იწვევს პატივისცემასო, ეს აღარ არის. ღირსება კოლექტიური არ არის, ეს ცალკეული ადამიანების თვისებაა. ჩვენ ხომ ჩვენივე ხელით გადავთელეთ ყველაფერი, მოვკალით და ვკლავთ. ამას არ აკეთებს ვიღაც სხვა, ჩვენ გავანადგურეთ და ვანადგურებთ.

- მაგრამ ხალხს მაინც აქვს თეატრში მისვლის სურვილი.

- აი, ხალხს რომ მაინც აქვს ამის სურვილი, ამიტომ შევკრიბე დღეს სტუდენტები. მე არა მაქვს რაღაცის შეცვლის ამბიცია, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ამ "სხვაგვარ" ეპოქაში ადამიანი სულიერებისკენ შემოტრიალდეს. განზე, დინების მიღმა დარჩნენ თეატრები. მაშინ, იმ პერიოდში, თეატრებმა რაც აიღეს თავზე, რაც იტვირთეს, დღეს ამას ადამიანები გვერდს უვლიან ფიზიკურად და შინაარსობრივადაც. ჩვენ სული უნდა ჩავბეროთ იმ ჩვენს გენიალურ დარგებს, რომლებიც გვაქვს.

- ძველი სპექტაკლებიდან რომელი გენატრებათ?

- არც ერთი. იმიტომ კი არა, რომ მოვიგლიჯე გულიდან, წარსულის მონატრებაზე რომ დავხარჯო ჩემი ემოცია, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ წინ. უკან არ მიყვარს ყურება. წარსულს არ მივტირი, თუმცა ის, რომ დღეს აქ ვარ, "დრამა ლაბში" და სტუდენტებს ველი, ეს წარსულის დამსახურებაა.

- ყველაზე რთული პერიოდი რომელი იყო თეატრში?

- ახლაა. გააჩნია, რა კუთხიდან ვუყურებთ. 1990 წლებშიც რთული პერიოდი იყო, თუმცა სხვა კუთხით. იცით, ახლა რაზე ვფიქრობ? თამასა, რომელიც ძალიან მაღალი იყო, ის შენარჩუნდეს. ყველა სპექტაკლი, რომელიც იდგმებოდა რუსთაველის თეატრში, ყველა რამდენიმე ათეული წლით უსწრებდა დროს. ამის გამო თუ მადლიერების გრძნობა არა გაქვს, ძალიან ცუდია. ამიტომაც ამდღევანდელ ჩემს წამოწყებას ჩემს მასწავლებლებს გიზო ჟორდანიას და რობიკო სტურუას ვუძღვნი. თუკი რამე ვიცი, თუ რამეს ვგრძნობ, თუ რამის შეფასება შემიძლია და მაქვს რამის რესურსი, ჩვენი თეატრის დამსახურებაა. მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა ჩემს თეატრზე - მადლობა!

ნინო წიფურია