"მაღაზიებში ფასები იმავე ბრენდის ქართულ მაღაზიებთან შედარებით მინიმუმ 2-ჯერ ნაკლებია" - რეპორტაჟი თურქული მაღაზიებიდან - კვირის პალიტრა

"მაღაზიებში ფასები იმავე ბრენდის ქართულ მაღაზიებთან შედარებით მინიმუმ 2-ჯერ ნაკლებია" - რეპორტაჟი თურქული მაღაზიებიდან

სარფის საბაჟოს შენობას ქართული მხრიდან ეკლესია ესაზღვრება, თურქულიდან - მეჩეთი... საბაჟოს წინ ხალხმრავლობაა. აქედან ყოველდღიურად უამრავი საქართველოს მოქალაქე გადადის თურქეთში და უმრავლესობა იმავე დღეს ბრუნდება. ეს ის უმრავლესობაა, რომელიც სავაჭროდ მიემგზავრება მეზობელ ქვეყანაში. ამ უმრავლესობიდან უმრავლესობა ოჯახისთვის პროდუქტის, ჰიგიენური საშუალებებისა და სეზონური სამოსის შესაძენად წელიწადში რამდენჯერმე კვეთს საქართველო-თურქეთის საზღვარს და მეც ამ უმრავლესობაში გავერიე... ვიღაც კალამს მთხოვს, საზღვრის გადაკვეთისთვის ბლანკი რომ შეავსოს. მას მარი ჰქვია, მეგობარ თამუნასთან ერთად მიდის თურქეთში. გოგონებო, პირველად მოვდივარ, შეიძლება თქვენთან ერთად ვიარო?.. "რა პრობლემაა", - აჭარულ კილოზე მიპასუხეს და კბილები შემომანათეს.

მრჩება შთაბეჭდილება რომ მგზავრების უმრავლესობა ერთმანეთს იცნობს. უცბად შავებში ჩაცმული ქალი მოგვიახლოვდა, რამდენიმე სიტყვა გაცვალა გოგოებთან. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მარიმ გამარკვია, თუ არაფერის ყიდვას აპირებ, დუტიფრიში ეს ქალი იყიდის სიგარეტს. 1 კაცს ერთი ბლოკი სიგარეტისა და 1 ალკოჰოლური სასმლის გადატანის უფლება აქვს. შენ თუ გადაუტან, 50 ლირას გადაგიხდის, რომ გადავალთო. "გადავუტანოთ, შენდაც კარგია", გზის ფულსაც დაგიფარავს და კიდევ დაგრჩება ცოტაო. დავთანხმდი. რამდენიმე წუთი ველოდეთ იმ ქალს, სხვებიც ხომ ყიდულობდნენ სპირტიან სასმელსა და სიგარეტებს და თითო-თითოდ აფასოებდნენ ცელოფანებში, რომ ჩემნაირებისთვის ჩამოერიგებინათ. მოკლედ, თურქულ მხარეს უპრობლემოდ გადავედით და შაოსანი ქალიც გაგვისწორდა.

sarfi2-1668351030.jpg

თურქეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავაჭრო ცენტრი ზღვისპირა ქალაქებია - ქემალფაშა და ხოფა. საბაჟოს კართან მომლოდინე ხოფა-სარფის სამარშრუტო ტაქსიში ჩავსხედით. ქემალფაშა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან 5 კილომეტრშია. მგზავრობა 2 ლარი, ანუ 8 ლირა ღირს.

სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვედით. გოგოები მიხსნიან, სჯობს სავაჭრო ცენტრ "ისტანბულ ბაზარში" შედიო. აქ ვაჭრობენ ლარზეც და ლირაზეც. დაახლოებით 10 მაღაზიიდან 8-ს თითო ქართველი გამყიდველი მაინც ჰყავს. მაღაზიის მეპატრონე ეფენდები შესასვლელში სხედან და გვერდით წელში გაზნექილი ჩაის ჭიქები აქვთ მოდგმული. შესვლისთანავე გეგებებიან გამყიდველები, რომლებიც დაუზარებლად გვეხმარებიან სასურველი საქონლის მოძებნაში. როგორც გამყიდველი ლიკა მეუბნება, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით განსაკუთრებული ხალხმრავლობა აქვთ. რადგან დღეს ორშაბათია, ვაჭრობის ტემპიც შესაბამისია. ლიკამ მითხრა, რომ ქართველი გამყიდველები აქ საქართველოს საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრობენ და ბოლო მყიდველის გასტუმრების შემდეგ შინ ბრუნდებიან.

ყოველ წუთს რომ არ დავიწყო ანგარიში, უხეშად ვითვლი, 15 ლარი უდრის 100 ლირას. როგორც ვაკვირდები, სამოსზე უფრო მეტად საკვებ პროდუქტს ყიდულობენ. განსაკუთრებით ზეთს ეტანებიან - ხუთლიტრიანი ქილები თითქმის ყველას უჭირავს. 1 მეც ვიყიდე, იქაურ "კარფურში". 149 ლირა ღირდა, ანუ დაახლოებით 21.50 ლარი. "კარფურსაც" ჰყავს ქართველი კონსულტანტი, დაუზარელი ბიჭი, რომელსაც ყველა მყიდველისთვის გადაჰყავს ფასები ლარებში. მარი და თამუნა მირჩევენ, 7-კილოგრამიანი სარეცხი ფხვნილი ვიყიდო, ფასი დასახელების მიხედვით 18-22 ლარია და იაფიაო. მერე მითხრეს, ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ, ბავშვები გვყავს დატოვებული და შინ შუადღემდე უნდა დავბრუნდეთო.

ჩემი ნავაჭრი ბაზრობაზე ერთ მაღაზიაში დავტოვე და "ისტანბულ ბაზარში" წავედი. მაღაზიებში ფასები იმავე ბრენდის ქართულ მაღაზიებთან შედარებით მინიმუმ 2-ჯერ ნაკლებია.

მაღაზიის წინ გავჩერდი, სადაც სამარშრუტო ტაქსის უნდა ჩამოევლო. მართლაც ხუთიოდე წუთში მოვიდა. ჩემი ტყვიასავით ჩანთა ტრანსპორტში ავიტანე. ჩემ გვერდით ქალი იჯდა, ქუთაისელი. მითხრა, სიმძიმის ტარებით წელს ვიწყვეტ, მაგრამ აქ ჩამოსვლა მიღირს, 300 ლარი დავახურდავე და პროდუქტები შევიძინეო: "ოჯახში 4 სული ვართ და მე ვმუშაობ მხოლოდ. ასე რომ არ ვიქცეოდე, ჩემი 700-ლარიანი ხელფასი რას გვეყოფოდა, ამიტომ 3-4 თვეში ერთხელ ჩამოვდივარ", - ამიხსნა ქალმა.

სარფის საბაჟოზე ჩამოდგა თუ არა ჩვენი სამარშრუტო ტაქსი, კარი შავებში ჩაცმულმა ქალმა გამოაღო, მოდი, შვილო, მოგეხმარები, მძიმე ჩანთა გაქვსო. ვერ შეგაწუხებთ-მეთქი, გავინაზე, თან გულში ვთქვი, შენ გაიხარე-მეთქი. სანამ მე ვიპრანჭებოდი, მეორე ქალი მოგვიახლოვდა, შენ არ ინერვიულო, მე წაგაღებინებ ამ ჩანთას, აგერ საგორიალო მაქვს, 20 ლარი გადამიხადე და ჩანთას ციმციმ გადმოვიტან საქართველოშიო. საფულე გავხსენი და რომ ჩავიხედე, შევწუხდი, 10 დოლარი, 15 ლარი და იმ ქალის თვალები ერთდროულად დავინახე... სანამ რამეს ვიტყოდი, არა უშავს 15 ლარად წამოვიღებ შენს ტვირთსო, მითხრა და ურიკაზე დაბმა დაიწყო. სანამ აბამდა, სხვა მტვირთავები შემომესივნენ და ლანძღვა დაუწყეს, პირველად შენ არ დალაპარაკებიხარ მაგ გოგოს და კლიენტს რატომ ართმევ სხვასო. ქუდიანი ქალი წყევლით იგერიებდა ყველას, ერთ მამაკაცს კი დაემუქრა, ქალი არ ვიყო, ჩემს ბიჭებს თუ შენ თავი არ ვაცემინოო. ამ სურათის შემყურეს გული მეკუმშებოდა...

თურქულ მხარეს გამოვცდით და დუტიფრის მივადექით. ვიფიქრე, შინ 1 ბოთლ სასმელსა და 1 ბლოკ სიგარეტს მეც გავიყოლებ-მეთქი. ჩემი მებარგული ქალი მეუბნება, 15 ლარად გადმოტანაზე იმიტომ დაგთანხმდი, მეგონა, ჩემთვის გადმოიტანდი სიგარეტს, ახლა ორ ცალს არავინ გამოგატანსო. უკანასკნელი 10 დოლარიდან შენაძენში 2 დოლარი დამიბრუნეს. ქართულ მხარეს რომ გამოვიარე, გამაფრთხილეს, რომ 1 თვის განმავლობაში აღარ მქონდა უფლება სიგარეტი და სასმელი შემომეტანა საქართველოში. როგორც იქნა, საბაჟოდან გამოვედი. უკვე სიბნელე შეჰპაროდა არემარეს. გარშემო ლამპიონები და ზეთის ქილები ანათებდა ყვითლად. ქალს 20 ლარი გადავუხადე, თორემ ისეთი წყევლა იცოდა, არც გამირისკავს მეწყენინებინა...

გეზი ბათუმისკენ ავიღეთ, ქალაქში ისეთი საცობი დაგვხვდა, ბომბეი გეგონებოდა, რისი შუქნიშანი, ვისაც საით უნდოდა, იქით უხვევდა, თუმცა ეს სულ სხვა საუბრის თემაა... რაც შეეხება საზღვარგადმოკვეთილებს, ყველას ვუსურვებ ნავაჭრი მშვიდობაში მოეხმაროთ და ეკონომიკური წინსვლა თითოეულის ოჯახს ეგრძნოს.