„ქართველობა ბედისწერასავით სულ თან დამდევს“ - კვირის პალიტრა

„ქართველობა ბედისწერასავით სულ თან დამდევს“

38 წლის წლის ფათიჰ მედიან-ცვარიძე თურქეთის ართვინის პროვინციაში, ისტორიული შავშეთის იმერხევის ხეობაში დაიბადა, სადაც 5 წლამდე იცხოვრა, შემდეგ კი ოჯახი სტამბოლში წავიდა, მაგრამ როგორც ამბობს, "ქართველობა ბედისწერასავით სულ თან დამდევს". ასე მოვიდა დღემდე. ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს, საქართველოშიც ხშირად ჩამოდის და წლების განმავლობაში ბავშვებს ქართულსაც ასწავლიდა.

- ახლა ართვინის პროვინციის სოფელ ხოფაში ვმუშაობ, დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. ადრე, წლების განმავლობაში, სოფელ მურღულის საჯარო სკოლაში ქართულ ენას ვასწავლიდი. 80-ზე მეტი მოსწავლე მყავდა. ბავშვები თანატოლებს უყვებოდნენ, როგორ სწავლობდნენ მშობლიურ ენას, სიტყვებს, რომლებიც მანამდე გაგონილი არც ჰქონდათ, ან ჩვენთან სხვაგვარად იყო დამკვიდრებული. ზოგს სახლში, ოჯახის წევრებისგან ჰქონდა ქართული სიტყვები გაგონილი, იყვნენ ისეთებიც, ვინც ენა უკეთ იცოდა, საუბრობდა კიდეც, ოღონდ სიტყვები განსხვავდებოდა. მეკითხებოდნენ, ჩვენი ქართული რატომ განსხვავდება იმისგან, რასაც ახლა ვსწავლობთო. მსურველთა რაოდენობა იზრდებოდა. ოთხი კლასის გახსნა შეიძლებოდა, მაგრამ დრო არ მქონდა, ჩემ გარდა კი სხვა მასწავლებელი არ იყო... ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი ძალიან ბედნიერად მახსენდება. ერთ დღესაც ხოფის სკოლაში გადასვლა მომიხდა, მურღულის საჯარო სკოლაში ქართული ენის საგანი გაუქმდა.

- თავად საიდან იცოდით ქართული, ოჯახის წევრებისგან ისწავლეთ?

- ართვინის პროვინციაში ჩემმა თანატოლებმა ქართული თითქმის ყველამ იცოდა. ჩემი წინაპრები შავშეთის იმერხევის სოფელ ბაზგირეთიდან არიან და ქართული ყველამ იცის. შემდეგ, დროთა განმავლობაში, ქართველებთან ხშირი კონტაქტი მქონდა და ენაც თანდათან დავხვეწე. 18 წლის ვიყავი, ქართულად წერა-კითხვა რომ შევისწავლე. მანამდე დავჯდებოდი და გონებაში ვალაგებდი სიტყვებს, წინადადებებს ვადგენდი. ინტერნეტში ვეძებდი ტექსტებს, ვთარგმნიდი, გამართულად საუბარი რომ შემძლებოდა.

5 წლის ვიყავი, როდესაც მამა სტამბოლში სამუშაოდ გადავიდა და მალე მთელი ოჯახი იქ გადავედით. გარშემო სულ ქართველები იყვნენ. ნაწილი ჩვენი სოფლიდან იყო წასული. იყვნენ ისეთებიც, ვისაც იქ ჰყავდათ ნათესავი ან ახლობელი, რომელთანაც ბინას ქირაობდნენ. მათ "სოფლიერებს" ვეძახით. ამიტომაც ბავშვობის მეგობრები სულ ჩემიანები მყავს. სკოლაშიც იქ შეგვიყვანეს. განათლება თურქულად მივიღე, მაგრამ ქართულის შესწავლას დღემდე ვაგრძელებ. ეს ჩემი წინაპრის ოცნება იყო.

lali2-1668353971.jpg

- იმ ტრადიციებზეც გვიამბეთ, რომლებიც წინაპრებმა შემოინახეს.

- ქორწილები, დღესასწაულები, ერთმანეთის ჭირის გაზიარება შემონახული გვაქვს, ისევე როგორც მარიობა. გვიან გავიგე, რომ ამ თვეს თანამედროვე ქართველები აგვისტოს უწოდებენ, ჩვენ კი მარიობისთვედ მოვიხსენიებდით. მარიობისთვის 14-ის შემდეგ სოფლის საქმეებს რომ მივილევდით, მოსავალს რომ დავაბინავებდით, 4-5 დღით მთაში წავიდოდით, სადაც დღესასწაული იმართებოდა. მამა მიყვებოდა, რომ მის ბავშვობაში 5-10 დღითაც მიდიოდნენ. დიდი კოცონის გარშემო ქართული სიმღერები და ცეკვები გახურდებოდა. "ბერობანას" ვთამაშობდით, საქართველოში "ბერიკაობას" რომ უწოდებენ. შინაარსი ასეთი იყო: ერთ ბერიკას ორი ქალიშვილი ჰყავს, რომელსაც გარშემო მყოფები ეცეკვებიან, რასაც ბერიკა უშლის, ცდილობს გოგონებს უცხოები, განსაკუთრებით კი ბიჭები არ გააკაროს. სინამდვილეში მათ როლს გოგონებად გადაცმული ბიჭები თამაშობენ. ბერიკა ქალიშვილების აბეზარი თაყვანისმცემლების მოსაშორებლად თავისიანებს ეძახის - მათ "ტახებს" ვუწოდებთ. მათ ხელში დიდი ჯოხები უჭირავთ, რითაც ბიჭების გაფანტვას ცდილობენ. რომელი მხარეც აჯობებდა, გამარჯვებულიც ის იყო. თუ ბერიკას მოწინააღმდეგე მხარე უფრო სუსტი აღმოჩნდებოდა, მას "მოკლავდნენ", გოგონები ტიროდნენ და ექიმი მოჰყავდათ, რომელიც მას წამალს დაალევინებდა. ის მორჩებოდა და შემდეგ ყველა ერთად ცეკვავდა და ზეიმობდა.

ჩვენთან ფერხული იციან, რომელიც "განდაგანას" წააგავს, მაგრამ სხვანაირი მოძრაობებით, ასევე ძალზე რიტმული "ხელგაშლილა" და "ბარები", რომელიც შედარებით ნელია, შემსრულებელი ერთდროულად მღერის და ცეკვავს კიდეც. ეს ცეკვები ქორწილებშიც სრულდება. ადრე უფრო იყო შემონახული, ახლა რაც დრო გადის, თურქული ელემენტები ერევა და ტრადიციებიც უფერულდება.

ჩვენი კერძები აჭარულს ჰგავს: თეთრი სიმინდის მჭადი, ყაიმაღისა და ცხიმის გარეშე, ასევე სინორი, ბორანო, რომელსაც ჩვენთან "მოხრაკული" ჰქვია. ჩილით გაკეთებული ტკბილეული, ზეთში გამომცხვარი დესერტი ბიში. ნიგვზიანი ქადა, რომელიც ხაჭაპურივით ცხვება. შუამთობაც აღინიშნებოდა, მთაში ვგროვდებოდით და ვზეიმობდით. შავშეთი მაღალმთიანი ხეობაა. სვანეთს ჰგავს, მთებით და ხშირი ტყეებით. ასეთი შეკრებები ჩვენთვის მხოლოდ გასართობი კი არა, მშობლიურ ფესვებთან დამაკავშირებელი ძაფი იყო.

- სოფლები იქაც იცლება?

- დიახ, თან ძალიან სწრაფად, ისე, როგორც საქართველოში. ჩემი სოფელი მაღალმთიანია, ზღვის დონიდან 2 ათას მეტრზეა, სკოლა არ არის. სოფლის მოსახლეობას არა აქვს სამსახური, ოჯახს კი სტაბილური შემოსავალი სჭირდება. უკეთესი პირობების გამო ქალაქში მიდიან, სოფელი კი ცარიელდება, განსაკუთრებით მძიმე მდგომაროებაა მაღალმთიან რაიონებში. მოხუცები, როგორც ყველგან, იქაც ვერ ელევიან საკუთარ კარ-მიდამოს. პენსიას იღებენ და ვისაც სახლ-კარი დაუზიანებელი აქვს, როგორც შეუძლია, ისე უვლის. არიან ისეთებიც, ვინც პენსიაზე გასვლის შემდეგ სოფელში ბრუნდება და სახლს ხელახლა არემონტებს. მამაჩემიც ასე მოიქცა, დაკეტილ სახლს მაინც ხელის შევლება დასჭირდა, მაგრამ ის და დედაჩემი იქ უფრო ბედნიერი არიან, ვიდრე სტამბოლში იყვნენ - საქონელი ჰყავთ, მიწასაც უვლიან და შემოსავალი აქვთ. სოფელში ძალიან ცოტა ახალგაზრდაა, უფრო ცოტა ბავშვი, რადგან, როგორც ვთქვი, სკოლა არ არის. არის სახლები, რომელთაც პატრონის ხელი წლებია არ შეხებია. ჩვენი ფესვები რომ არ დაგვვიწყებოდა, მშობლებს ყოველ ზაფხულს ჩავყავდით სტამბოლიდან სოფელში. ზოგმა მოინდომა დაბრუნება, მაგრამ პირობებს ვერ შეეგუა და ისევ დაკეტა სახლი.

მიგრაციის პარალელურად, ქალაქში იმატა შერეულმა წყვილებმა - ან ცოლია თურქი, ან ქმარი, რაც ნიშნავს, რომ შვილებს შთამომავლობას ძირითად ენაზე, თურქულად ესაუბრებიან, ქართული კი იკარგება.

ჩემი სოფელი ძალიან მიყვარს და როგორც კი მომენატრება, მაშინვე გავრბივარ. იქ იმიტომაც მიმეჩქარება, რომ მშობლები მელოდებიან.

- საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?

- დიახ. პირველად 2010 წელს ჩამოვედი და როდესაც გავიგონე, გარშემო ქართულად საუბრობდნენ, წარწერებიც ქართული იყო, თავი დიდ ზეიმზე მეგონა. ემოციები მომეძალა. ყველა ჩემი ახლობელი, ნათესავები, სისხლით ნათესავი მეგონა.

მანამდე საქართველოდან ჩასულ ქართველებს ვიცნობდი, ვმეგობრობდით, ქართული ანსამბლებიც ჩვენთან ხშირად ჩამოდიოდნენ, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლას სხვა ხიბლი და ემოცია ჰქონდა. ტელევიზორშიც მქონდა ნანახი ქართული ქალაქების ქუჩები, გადაცემები იქაური სოფლის ცხოვრებაზე. თურქეთშიც გვქონდა არაერთი ქართული ტელეარხი, რომლებიც ისტორიული სამშობლოს მონატრებას გვიკლავდა. ქართული ხალხური სიმღერების კონცერტებს კი არა, სერიალებსაც კი ვუყურებდით იმის ხათრით, რომ ქართულად იყო გახმოვანებული. საკუთარი თვალით ნანახი მაინც სულ სხვაა. ბევრ სიტყვას ვერ ვიგებდი, მაგრამ გარემოს დათვალიერებაც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. იმდენად მშობლიური იყო ყველაფერი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს იქ უკვე ვიცხოვრე, ალბათ, ეს არის ისტორიული მეხსიერება. მას შემდეგ ყოველ კვირას დავდიოდი, უფრო მეტი მეგობარი და ახლობელი შევიძინე.

ახლა ადრინდელივით ხშირად ვერ ჩამოვდივარ, რადგან ეკონომიკური პრობლემები აქაც არის, მაგრამ ფოლკლორულ საღამოებზე, კონცერტებზე ხშირად ჩამოვდივარ. ჩემს ქართველ მეგობრებს ვნახულობ. საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც ვადევნებ თვალს. ვცდილობ გავარკვიო, რა უნდა პოზიცია-ოპოზიციას ერთმანეთისგან, მაგრამ ვერ ვიგებ და ვბრაზდები. ამ პატარა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, ისინი კი ზოგჯერ უაზრო რამეებზე კამათობენ. ამასობაში პუტინი ცდილობს ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ისევ ხელში ჩაიგდოს. აქ ყველამ იცის, რომ რუსეთმა საქართველოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი წაართვა, რომ "საზღვრისპირა" რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს იტაცებენ, სახლ-კარს ართმევენ, თავიანთ მიწაზე გადაადგილებას უკრძალავენ. შეიძლება ღამე საქართველოში დაიძინო და დილით რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიღვიძო, ეზოში კი შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი დადიოდეს. ჩემს ბავშვობაში თურქეთის სკოლებში ისტორიის სახელმძღვანელოში ეწერა, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა საქართველო კი არა, საბჭოთა კავშირი იყო, სადაც ქართველები კი არა, რუსულად მოსაუბრე ხალხი ცხოვრობდა. ასე ასწავლიდნენ მაშინდელ თურქეთში. მეგონა, ქართველები მხოლოდ ართვინში ვიყავით შემორჩენილი. გვეგონა, მუჰაჯირობისას ქართველები ერთიანად თურქეთში გამოასახლეს, იქ კი რუსები დარჩნენ. ბაბუაჩემი სულ საქართველოზე ლაპარაკობდა და როგორც კი საზღვარი გაიხსნა, მგონი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც წამოვიდა, სიკვდილამდე ჩემი ქვეყნის ნახვა უნდა მოვასწროო. თბილისი ძალიან უყვარდა. მიმოსვლა დაიწყო და ქართველებიც ჩამოვიდნენ. ჩვენს ხალხს უკვირდა, რუსები კი არა, ქართველები არიან, ჩვენს ენაზე საუბრობენო.

ხოფაში, ქემალ-ფაშას სახელობის სახელმწიფო სკოლაში, სადაც ვმუშაობ, საქართველოდან აქ საცხოვრებლად ჩამოსული ოჯახების შვილებიც სწავლობენ, მაგრამ ჩემი მოსწავლეები არ არიან.

შორეულ პერსპექტივაში რას გავაკეთებ, თქმა ძნელია, რადგან ყველაფერი სწრაფად იცვლება, მაგრამ ძალიან მინდა ჩემს სახლში დავბრუნდე, იქ გავაგრძელო ცხოვრება, სახლ-კარს მივხედო, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.