გამქრალი ისტორიის "მზვერავები“ - კვირის პალიტრა

გამქრალი ისტორიის "მზვერავები“

ერთხელ თურმე ჩვენს დიდ მეცნიერს პავლე ინგოროყვას ქვეყნის პირველი პირი ეწვია სტუმრად და უთხრა, ბატონო პავლე, ნამდვილად კარგად იშრომე ქვეყნისთვის, ამიტომ საჩუქარი გეკუთვნის, ისურვე, რაც გინდა და გექნებაო. დიდმა მეცნიერმა კი მიუგო, მე არაფერი მჭირდება, მოუარეთ საქართველოსო! გაიმართებოდა თუ არა დღეს მსგავსი საუბარი, ვერ გეტყვით, რადგან საქმის გარეშე სიტყვამაც და მეცნიერებამაც სახე იცვალა და ეჭვით ვუყურებთ, თუმცა სწორედ უსიტყვოდ, ბევრი ლაპარაკის გარეშე რომ შრომობს ქვეყნისთვის, საბედნიეროდ, ასეთი ხალხიც ბევრი ვიცით. მათ შორის მკვლევარი ანზორ მჭედლიშვილი და მისი მეგობრებიც არიან - თავისივე სურვილითა და ხარჯით საქართველოს კლდეებსა და ხეობებს, მივიწყებულ ისტორიულ ძეგლებს ზვერავენ და პოულობენ.

ეს 18 წლის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო, როდესაც ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტების ერთმა პატარა ჯგუფმა საქართველოს ხეობების შემოვლა უფრო გასართობად გადაწყვიტა. თუმცა იქნებ არა მარტო გართობისთვის, ქვეყანა რომ არ ჰყვარებოდათ, თუნდაც გართობისათვის განსხვავებულ საქმეს აირჩევდნენ. ალბათ, იმიტომაც გადაიზარდა იმდღევანდელი მარშრუტი დიდი საქმისკენ მიმავალ გზაში - სწორედ აქ, მიუვალ ხეობებსა და კლდეებში იძებნება საქართველოს მეხსიერებიდან თუ რუკებიდან გამქრალი ისტორია.

ანზორ მჭედლიშვილი: - ბიჭებმა მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ რომელიმე დღეს რომელიმე ხეობა დაგველაშქრა, დროის ტყუილად დაკარგვას საქართველოს საინტერესო ადგილები გვენახა. მაშინ ამ გადაწყვეტილებას უფრო გართობა ედო სარჩულად, მით უფრო, რომ არც ერთი არ ვიყავით ისტორიკოსი ან ხელოვნებათმცოდნე, რომ ხეობაში მაინცდამაინც მივიწყებული ისტორიული ძეგლების აღმოსაჩენად წავსულიყავით. თუმცა სწორედ ასე კი გამოვიდა. იმ დღიდან 18 წელიწადი გავიდა და საქართველოს უცნობი ისტორიული ძეგლების დაზვერვა-შესწავლა უკვე ვალდებულებაში გადაგვეზარდა. მოკლედ, ამ რთულ გზას ვეღარ ვშორდებით, პირიქით, სხვებიც შემოგვიერთდნენ, მათ შორის საქმის პროფესიონალებიც და უკვე ყოველ კვირას დავდივართ უცნობი ძეგლების მოსაძიებლად თუ უკვე აღმოჩენილის შესასწავლად.

eradze2-1668354644.jpg

- სამწუხაროდ ბევრი ისტორიული ძეგლის ხსოვნა დაიკარგა, განსაკუთრებით, კლდეებში ნაკვეთის. შეიძლება კლდეებში შემჩნეულ გამოქვაბულს მიღმა სამლოცველოც აღმოჩნდეს?

- არაერთხელ ყოფილა, კლდეები დურბინდით დაგვითვალიერებია და შორს გამოქვაბულის შესასვლელი შეგვინიშნავს, მერე იმ კლდეზე ავცოცებულვართ და გამოქვაბულის მიღმა ეკლესია ან სახიზარი აღმოჩენილა. დავითგარეჯაში სწორედ კლდეში აღმოვაჩინეთ მე-11 საუკუნის უმნიშვნელოვანესი გუმბათიანი ეკლესია, რომელიც არქიტექტორული მოყვანილობით უნიკალურია.

ამ ზაფხულს ექსპედიცია ჩავატარეთ რაჭაში, ხვამლსა და ცხრაჯვარს შორის მდებარე წმინდა გიორგის X საუკუნის ეკლესიის შესასწავლად. ტაძარი ხვამლსა და ცხრაჯვარს, ამ მისტიკური სილამაზის ქედებს გადაჰყურებს. ჩვენი ვარაუდით, ამ ადგილას არაფრით არ აშენდებოდა, რაიმე დანიშნულება რომ არ ჰქონოდა.

ჩვენი ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციულობას დღეს კიდევ არა უშავს, მაგრამ როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ზოგიერთ ძეგლზე მასალას ვერც ინტერნეტში ვპოულობდით და ვერც ლიტერატურაში. ამიტომ კითხვა-კითხვით გვიწევდა გზაზე დადგომა. შემდეგ თავად შევქმენით ისტორიული ძეგლების საინფორმაციო პორტალი და ელექტრონული რუკა.

eradze3-1668354644.jpg

- შემთხვევით არაფერი ხდება. ყველა ჩვენგანს აქვს მისია, მათ შორის, თქვენ, "კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრს". ყოველ შემთხვევაში, არავინაა ცნობილი, ვინც თქვენსავით დადის ქვეყანაში მივიწყებული ისტორიის საძიებლად. ფინანსურად ვინ გეხმარებათ?

- არავინ. ყველა მარშრუტს საკუთარი სახსრებით ვგეგმავთ და მივდივართ.

ჩვენ რომ დავდივართ, იმ ადგილებში სამანქანო გზა არ მიდის, რომელიღაც წერტილში წყდება და კილომეტრები ფეხით უნდა ვიაროთ. სამაგიეროდ, ადრე თუ გვიან, როდესაც ახალაღმოჩენილ ან უკვე კარგად დავიწყებულ ძეგლამდე მივდივართ, დაღლილობა ქრება.

- კლდეში გამოკვეთილ ტაძრებთან აღსაღწევად, ალბათ, კლდეზე ცოცვის აღჭურვილობას იყენებთ, არადა, ალპინისტები არა ხართ.

- გამოქვაბულამდე მისაღწევად აუცილებლად აღჭურვილობაა საჭირო. დრონსაც მოვიხმართ, რათა შემჩნეული გამოქვაბული დაზვეროს. სამწუხაროდ, საკუთარი არც დრონი გვაქვს და არც სხვა იარაღები. მეგობრებისა და ახლობლებისგან ვთხოულობთ, თორემ ისეთი შემთხვევებიც გვქონია, ძეგლზე სათანადო იარაღის უქონლობის გამო ვერ ავსულვართ და უკან დავბრუნებულვართ. ასე მოხდა, მაგალითად, გარეჯის გუმბათიანი ეკლესიის აღმოჩენისას, რომელიც დურბინდით 2020 წელს შევამჩნიე.

იმ წელიწადს ტაძრამდე ვერ ავაღწიეთ, მხოლოდ მეორე წელიწადს შევძელით ასვლა. როდესაც კლდეზე შემჩნეული ეკლესიის შესასვლელის ფოტო გავადიდე და იქ გუმბათი შევნიშნე, ისეთი განცდა მქონდა, ენით ვერ აღვწერ.

დავითგარეჯაში არსებობს კიდევ ერთი ეკლესია, რომელიც ორი ათეული წლის წინ ისტორიკოსმა, ბატონმა შალვა ლეჟავამ აღმოაჩინა. გამოქვაბულში არსებული ისტორიული ძეგლის შესწავლა მაშინ ვერ მოხერხდა. ერთი წლის წინ კი ჩვენი ჯგუფიდან ხუთმა შევძელით ასვლა და ხუთივეს მეტყველების უნარი დაგვეკარგა, როცა უცნობ წარწერას მივაკვლიეთ.

- რა წარწერას?

- "კვირიკე მეფე" - ასე წერია. ამ ტაძარში მოძიებულ კიდევ სხვა წარწერებს დღეს ჩვენი ჯგუფიდან ისტორიკოსი ნიკოლოზ ჟღენტი იკვლევს.

ისტორიული წყაროების თანახმად, მეფე კვირიკე კახეთის ერთ-ერთი მეფეა. ჩვენი ვარაუდით, ეს უნდა იყოს კვირიკე დიდი, რომელსაც კახეთში დიდი აღმშენებლობა უკავშირდება. სავარაუდოდ, ტაძარში ასეთი წარწერის დატანების საფუძველი მეფე კვირიკეს მნიშვნელოვანი შეწირულობაა. თავად ტაძარი გარეჯაში გაცილებით ადრე უნდა გამოეკვეთათ. ეს ეკლესია უაღრესად საინტერესოა, რადგან იმ წარწერის გარდა, არის სხვა წარწერებიც, რომლებზე ჯგუფი მუშაობს. ტაძრის იატაკი დაახლოებით 2 მეტრამდე ნაშალი მასალით არის დაფარული.

ჩვენი აღმოჩენილი გუმბათიანი ტაძარი მასშტაბურობითაც და ფორმითაც უმნიშვნელოვანესია - მასშტაბურობით დაახლოებით თბილისის სიონს უტოლდება. ამასობაში კი ბუნება შეუქცევადად აზიანებს, ტაძრის საკურთხევლის კონქი უკვე ჩამონგრეულია, შარშანდელთან შედარებით ეს ნაპრალი თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. ვინაიდან აქ ქანები ადვილად იშლება, ეკლესიას სასწრაფო კონსერვაცია სჭირდება.

- გული გტკივა, როდესაც მსგავს რამეს ისმენ. სულ ისმის, სახელმწიფო ღარიბია, ფული არ აქვს ყველაფერზე გასანაწილებლადო, მაგრამ პრიორიტეტები ხომ არსებობს? როგორ არ უნდა გამოგაფხიზლოს იმის შეგრძნებამ, რომ საუკუნეების ნაშრომს კარგავ და აღარასოდეს გექნება.

- ეს მართლაც ძნელად ასახსნელია. ჩვენ ხომ ყველანი, მთელი ქვეყანა, იმ საყრდენზე ვდგავართ, რომელსაც ისტორია ჰქვია. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ საკუთარი ისტორია მომავალმა თაობამაც შეისისხლხორცოს და მისი მოვლა გააგრძელოს.