„ირინას გაბარიტების დანახვისას ორგანიზატორებმა თავში შემოირტყეს ხელი, ავტომანქანაში როგორ ჩავტიოთო?“ - კვირის პალიტრა

„ირინას გაბარიტების დანახვისას ორგანიზატორებმა თავში შემოირტყეს ხელი, ავტომანქანაში როგორ ჩავტიოთო?“

ოქტომბრის ბოლოს მარსელში გამართულ FIA Motorsport Games-ზე ქართველმა ავტომრბოლელებმა შვიდ დისციპლინაში იასპარეზეს და სახელგანთქმულ სარბოლო ტრასა პოლ რიკარზე ქართული ავტოსპორტისთვის ისტორიული მნიშვნელობის წარმატებასაც მიაღწიეს: მევლუდ მელაძე და ყოფილი მოდელი ირინა ონაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ! მსოფლიო საავტომობილო თამაშები საავტომობილო სპორტის ყველა სახეობას აერთიანებს და FIA-ს ყველაზე მაღალი რანგის ტურნირად ითვლება. მედლის მფლობელს, საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძეს ფრანგული შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ:

- მსოფლიო საავტომობილო თამაშებზე, რომელიც FIA-ს (ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია) ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, პირველად გვყავდა ამდენი მონაწილე. შვიდ დისციპლინაში ვმონაწილეობდით, გუნდის გამგზავრების ხარჯი კი სპორტის სამინისტრომ გაიღო. იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენტებთან შედარებით ბიუჯეტიც მწირი გვაქვს და ტურნირებში ხშირად მონაწილეობის შესაძლებლობაც, ცუდად არ გვიასპარეზია. არადა, ავტოსპორტში დაფინანსებასა და გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, მარსელში კარტინგის შეჯიბრებისას სტარტზე 40-50 მრბოლელი იდგა, საქართველოში გამართული ტურნირებისას კი მხოლოდ 7-8 მონაწილეა ხოლმე და ბუნებრივია, ჩვენი მრბოლელებისთვის ეს უჩვეულო გარემო იყო. ამის მიუხედავად, "კარტინგ ინდურანსის" ორმოც მონაწილეს შორის მეოთხე ადგილამდე მივედით, რაც კარგი შედეგია. კარგი შანსი გვქონდა დრიფტშიც, თუმცა, სამწუხაროდ, ნოდო კოდუა მეოთხედფინალში დამარცხდა და მხოლოდ ტოპ-8-ს დასჯერდა.

- ქართული დელეგაციიდან კოდუა ერთადერთია, ვინც თავისი მანქანით ჩავიდა მარსელში.

- იმის გამო, რომ დრიფტის ავტომობილები ინდივიდუალურად არის მორგებული მრბოლელებზე და 30-წამიანი გარბენის დროს უმნიშვნელო შეცდომასაც კი დიდი ფასი აქვს, დრიფტერებს უფლებას აძლევენ თავიანთი მანქანებით იასპარეზონ. პოტენციალიდან გამომდინარე, მჯეროდა, რომ ნოდო, მინიმუმ, საპრიზო სამეულში მოხვდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მსაჯებს "არ ვემეტებოდით" ამხელა წარმატებისთვის, ერჩივნათ, "ნამდვილი" ევროპელების წარმატება ენახათ და... უპირატესობა პოლონელ მოწინააღმდეგეს მიანიჭეს. თვითონ პოლონელებიც წერდნენ, რომ გამარჯვება ქართველს ეკუთვნოდა, მაგრამ ფაქტია, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მოგვისპეს. უკვე ორი წელიწადია, კოდუას ევროპის ჩემპიონატებზე აკვირდებიან და ყველა აღიარებს, რომ ძალიან სწრაფად პროგრესირებს. ყველასთვის საშიში კონკურენტია, დრიფტერები "კამიკაძეს" ეძახიან, რადგან გაზის სატერფულიდან ფეხს არასდროს იღებს! დრიფტში არის მომენტები, როცა აქსელერატორს ფეხი უნდა აუშვა, ნოდოს საფირმო ნიშანი კი სწორედ ეს არის - რა ვითარებაც უნდა იყოს, მისი ავტომანქანის ბორბლებიდან კვამლი არასდროს ქრება! ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, კოდუა უკვე ძალიან მაგარი დრიფტერია.

- ვიცი, რომ მსოფლიო თამაშებიდან თქვენი დაბრუნების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა გაორმაგებულია. 13 ნოემბერს "ლილო არენამ King of Drift-ის ბოლო ეტაპს უმასპინძლა, მომავალ კვირას კი სლალომის ჯერია.

- დიახ, ეს არის შეჯიბრების ფორმატი, სადაც მოყვარულებსა და პროფესიონალებს ერთად შეუძლიათ ასპარეზობა. ვცდილობთ ყველას მივცეთ შესაძლებლობა შეამოწმონ - რა დონეზე არიან, რამდენით ჩამორჩებიან პროფესიონალებს, აღმოვაჩინოთ ნიჭიერი მრბოლელები... ეს ფორმატი უკვე ისეთი პოპულარულია, რომ აზერბაიჯანის მთელი ნაკრები გადმობარგდა ჩვენს ჩემპიონატში და ახლა სომხებმაც გადაწყვიტეს მონაწილეობა. ასე რომ, კონკურენციის გაზრდასთან ერთად, ვხელმძღვანელობთ პრინციპით - "სპორტი გვაერთიანებს". უკრაინელი მონაწილეებიც გვყავს. მოკლედ, ჩვენმა შერეულმა - სამოყვარულო/პროფესიულმა ტურნირმა საერთაშორისო მასშტაბს მიაღწია.

- იმიტომ, რომ ასე გაცილებით საინტერესოა!

- შერეული ფორმატი არაერთხელ მაქვს გამოცდილი (აშშ-შიც ჩამიტარებია) და ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობს. გვაქვს მოლაპარაკებები, რათა მომავალში ევროპაშიც ჩავატაროთ რამდენიმე ეტაპი. მანამდე კი, 20 ნოემბერს, ყველას გელით "ლილო არენაზე", სადაც სლალომის ეტაპი გაიმართება. მარსელისგან განსხვავებით, სადაც მამაკაცი და ქალი მეწყვილეების ნაჩვენები დრო ჯამდებოდა, ჩვენთან მამაკაცები და გოგონები ცალ-ცალკე, თავიანთ კლასში იასპარეზებენ. 14-ეტაპიანი შეჯიბრება წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება და გამარჯვებული ქალ-ვაჟის წყვილი საქართველოს 2024 წლის მსოფლიო თამაშებზე წარადგენს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია "ლილო არენაზე" თავისი ავტომანქანით სცადოს ბედი სლალომში. თამასა უკვე აწეულია, აგერ ვართ მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები და ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავიც გამოცადოს და პირველობისთვისაც იბრძოლოს.

- პროფესიონალი მრბოლელისთვის დრიფტი ერთგვარი განტვირთვაა?

- დრიფტი იმ ფორმით, როგორსაც ქუჩებში ვხედავდით - გართობას, ადგილზე ბზრიალს ვგულისხმობ, შედარებით იოლიც არის და ჰობი უფროა. ისე კი უმართავი ავტომანქანის დამორჩილება სასიამოვნო პროცესია, მრბოლელებსაც მოგვწონს პროფესიული "ბზრიალი" ანუ ნახევრწუთიანი გარბენი პრინციპით: ყველაფერი ან არაფერი! დრიფტის პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება, რადგან ავტოსპორ­ტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, მასშტაბური ტრასა არ სჭირდება, ქალაქის პარკინგზეც კი შეგიძლია შეჯიბრების ჩატარება. საყურებლადაც მეტად დინამიკური სახეობაა და სიმძლავრეებიც მაღალია - დრიფტის მანქანები უკვე "ფორმულა-1"-ის ბოლიდებზე მძლავრია. გეთანხმებით, ადრე გართობა უფრო იყო, თანდათან კი სერიოზული სახე მიიღო და რამდენიმე წელიწადში პოპულარობით აჯობებს "ფორმულა-1"-საც. დრიფტი არის სახეობა, რომელიც არა მარტო სანახაობრივია, ნებისმიერს შეუძლია თავადაც მოსინჯოს. სწორედ დრიფტში გვაქვს ყველაზე კარგი შანსი, რომ მსოფლიო ჩემპიონები გვყავდეს!

- მსოფლიო საავტომობილო თამაშებს დავუბრუნდეთ.

- ავტოსპორტი უკვე ისეთი პოპულარულია, შორს აღარ არის დრო, როცა ოლიმპიური სახეობა გახდება. ამიტომაც ბოლო წლებში აქცენტი კეთდება ისეთ დისციპლინებზე, სადაც ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლები მეორე პლანზეა და გამარჯვება მაქსიმალურად არის დამოკიდებული ადამიანზე. რაც შეეხება მსოფლიო საავტომობილო თამაშებს, ტურნირის მასშტაბურობაზე ისიც მეტყველებს, რომ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. იმ დროს, როცა, მაგალითად, "ფორმულა-1" წლის განმავლობაში 24 რბოლას მართავს. მარსელში გამართული ჩემპიონატი მასშტაბური იყო: ათასობით უძლიერესი სპორტსმენი, უამრავი მაყურებელი, ულამაზესი ქალაქი და ტრეკი, გახსნისა და დაჯილდოების შთამბეჭდავი ცერემონიალები და სხვა.

- უკვე ვთქვით, რომ ქართველი ავტომრბოლელები შვიდ სხვადასხვა დისციპლინაში მონაწილეობდნენ. ჩვენთვის ყველაზე წარმატებული სლალომი გამოდგა.

- სლალომი ჩვენთვის კარგად "ნაცნობი" სახეობაა. სლალომის ელემენტებს ხშირად ვიყენებთ და დარწმუნებული ვიყავი, რომ მსოფლიოში ცოტა ვინმე თუ გამიწევდა კონკურენციას, მაგრამ როგორც კი ფორმატი გამოცხადდა და გავიგეთ, რომ სლალომში შერეულ წყვილებს უნდა ეასპარეზათ, შევფიქრიანდი, ვინ უნდა ამერჩია მეწყვილედ? მალევე გამახსენდა ირინა ონაშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ ჟურნალისტების ტურნირებიდან გამაოცა. მოკლედ მივწერე: გინდა მსოფლიო ჩემპიონობა-მეთქი? ვერ მიხვდა, რას ვგულისხმობდი და ბევრი კითხვის ნიშანი გამომიგზავნა. მაშინვე დავურეკე და ვუთხარი, რასაც ვაპირებდი. ირინაც ძალიან აზარტულია, გიჟდება ავტომანქანებზე და მაშინვე დამთანხმდა. როცა "გამოცდაზე" მოვიდა, ერთი კი თქვა, 10 წელიწადია, "მექანიკა" არ მიტარებიაო, მაგრამ სლალომის ფიგურა გაიარა თუ არა, ყველამ ერთხმად ვაღიარეთ: ცოტა ვარჯიში სჭირდება, მაგრამ ძალიან მაგარი მონაცემები აქვს! წესების თანახმად, საერთაშორისო ეტაპებზე ქვეყნის ჩემპიონი უნდა მიემგზავრებოდეს. ამიტომ ირინას შევთავაზეთ საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობა - პრაქტიკასაც მიიღებდა და თავის შესაძლებლობებსაც დაამტკიცებდა. დღეს სწორედ ირინა ლიდერობს ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონატს. მარსელში გამგზავრებამდე 5-6 ვარჯიშიც მოვასწარით.

- ირინას რა თვისებამ გაგაკვირვათ ყველაზე მეტად?

- სიზუსტემ! სიზუსტე ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მრბოლელისთვის, მთლიანად უნდა გრძნობდეს მანქანას. ვესტიბულარული აპარატით უზუსტესად აღიქვამდეს და მოძრაობას ხელების მეშვეობით გადასცემდეს მანქანას. ირინას ეს ბუნებრივად გამოსდის. ვარჯიშებზეც ძალიან სწრაფი პროგრესი ჰქონდა. პოდიუმზე ასვლის შანსი რომ გვქონოდა, 1,5 წამზე მეტით არ უნდა ჩამორჩენოდა ჩემს ნაჩვენებ დროს, და მალე ისე დაოსტატდა, საშუალოდ, მხოლოდ ერთი წამით ჩამომრჩებოდა, ზოგჯერ - წამზე ნაკლებითაც. ნიჭთან ერთად, იმითაც გამაოცა, რომ ძალიან გამძლე ნერვული სისტემა აქვს! თითოს ოთხი გარბენი გვიწევდა - ერთსაათიანი შუალედებით. ყოველ ჯერზე ვფიქრობდი, აი, ახლა გამოელევა გამძლეობა, აი, ახლა-მეთქი! პირიქით, ჟინი ემატებოდა, დროს კი ყოველ ჯერზე ამცირებდა. ბოლოს მესამე ადგილისთვის გარბენისას ისე მაგრად შეასრულა, რომ ბოლო ეტაპის 5-წამიანი ფორით დაწყების შესაძლებლობა მომცა. ცხადია, ასეთ "საჩუქარს" არ გავაფუჭებდი, აუჩქარებლად შევასრულე მანევრები და მოვიპოვეთ კიდეც ისტორიული ბრინჯაო!

- შეიძლებოდა უკეთესი შედეგის ჩვენებაც?

- გერმანელებთან დავმარცხდით, უძლიერესი წყვილი ჰყავდათ, თანაც, სლალომის ორგანიზატორებიც გერმანელები იყვნენ. თუმცა 4-5 გაკვეთილით მეტი რომ მოგვესწრო, მათაც ვაჯობებდით... ირინა კი გაიძახოდა, მოვრჩი, დავასრულე, აღარ შემიძლია ამდენი სტრესიო, მაგრამ... ერთი კვირის შემდეგ უკვე იმას მეკითხებოდა, შემდეგი ტურნირი როდის არისო? დიდი ალბათობით, სწორედ ირინა მოიგებს საქართველოს პირველობას, რადგან მართლაც საუკეთესო მძღოლი ქალია საქართველოში, და როგორც ვნახეთ, მსოფლიოშიც ბევრს არავის ჩამორჩება!

კიდევ ვამბობ - მარსელში ნაჩვენებმა შედეგებმა ძალიან გაზარდა საქართველოს პირველობაზე მონაწილეობის მსურველების რაოდენობა, მათ შორის ქალებისაც. ირინას წარმატებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

- ალბათ, მარსელშიც!

- თავდაპირველად, ეგონათ, მოდელის გარეგნობის გოგონა მხოლოდ სილამაზისთვის გვყავდა წაყვანილი. თუმცა პირველივე გარბენის შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ ირინა ონაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი ქალია. მოდიოდნენ ავტოსპორტის "მამები" და გვეუბნებოდნენ, ავტოსპორტში ასეთი ლამაზი ქალი არც გვინახავს, უფრო "მსხვილ" სახეობებშიც ჩავრთოთო. სასაცილო ის იყო, როცა სლალომის წინ ავტომანქანას ამზადებდნენ, ჩემი დანახვა გაუხარდათ, "სტანდარტში" თავისუფლად ჯდებიო, მაგრამ როცა მკითხეს, შენი მეწყვილე ვინ არისო, ხელი ზემოთ ავიშვირე, აი, ეს-მეთქი. ირინას გაბარიტების დანახვისას ორგანიზატორებმა თავში შემოირტყეს ხელი, ავტომანქანაში როგორ ჩავტიოთო? დიდი წვალების შემდეგ ავტომანქანის სავარძელი ირინას მოარგეს, ჩვენთვის კი, "პატარებისთვის", სავარძლებს სპეციალური ჩასაფენებით ამაღლებდნენ. დამცავ კომბინეზონსა და ჩაფხუტში გამოწყობილ ირინას ძლივს "ჩავკუჭავდით" ხოლმე მანქანის სალონში, სადაც შუშის ჩამოწევაც კი აკრძალულია და ოფლად იღვრებოდა. ასეთ პირობებში რომ ამდენს მიაღწია, თავისუფლად რომ ყოფილიყო, რაღას იზამდა (იცინის)?! და თუ ვინმეს მაინც არ გჯერათ მისი შესაძ­ლებლობების, ან თავის გამოცდა გსურთ, 20 ნოემბერს "ლილო არენაზე" გელით!