ალის და აბდულას საფლავი ნაფარეულში - კვირის პალიტრა

ალის და აბდულას საფლავი ნაფარეულში

ნაფარეული მშვენიერი სოფელია თავისი მიწითა და მდელოთი, მცირე ტყითაც, რომლისკენაც მიმავალი მგზავრი, ცოტა არ იყოს, ერთ უცნაურობას გადაეყრება­ - ორი მარმარილოს ქვითა და მორებით­ ოსტატურად შემოღობილ საფლავს. თუმცა თქვენ ნუ შეშინდებით, გზაზე საფლავს­ რა უნდაო! საქმე ის არის, რომ ეს ორი კავკასიური ნაგაზის, ალისა და აბდულას­ საფლავია, რომელიც პატრონმა, აკაკი ოთარაშვილმა,­ დიდი სიყვარულით გააკეთა. რომ არა ნაფარეულში, ტყის პირას ჩამვლელი ქალი, რომელმაც საფლავს­ ფოტო გადაუღო და სოცქსელშიც ატვირთა, ამ ამბის შესახებ ვერც გავიგებდით, მათ შორის ვერც მე, ვინც ბავშვობაში "დვარნიაშკა" მართლაც მდუღარე ცრემლით, ოღონდაც უსაფლავოდ დავასაფლავე. აი, ბატონმა აკაკიმ კი იმდენი იფორიაქა, სანამ­ საფლავი არ გაუკეთა. ამჯერად კი ის მე ავაფორიაქე - თქვენი ამბავი მინდა უფრო დაწვრილებით მომითხროთ-მეთქი. ერთი კი შემომედავა, ნეტაი თქვენა, რომ მოცლილი ხართო, მაგრამ ვინაიდან ამ ამბავში კარგი მოგონებებიც ჰქონდა მოსაყოლი, მაინც დამთანხმდა.

- ჯერ ეს მითხარით, რა ისეთი განსაკუთრებული იყვნენ თქვენი ძაღლები, რომ როდესაც მთელი საძაღლეთი უსაფლავოდ იმარხება, თქვენ მხოლოდ საფლავი კი არ გაუკეთეთ, მარმარილოს ძეგლებიც დაუდგით.

- ალის და აბდულას საფლავზე მარმარილოს ქვა კი არა, შავი ბაზალტია. ეგ კი არაფერია განსაკუთრებული.

- ძვირს კი გადაიხდიდით ძაღლების ფოტოებიანად. ხელოსანს არ გაუკვირდა?

- მითხრა, სხვა დროსაც შემხვედრია, რომ ძაღლის საფლავის ქვა გაუკეთებიათ, მაგრამ აქამდე ერთი თუ გამიკეთებია, ახლა ორს ერთად ვაკეთებო. ვუთხარი, ჩემი ძაღლები ტყუპები იყვნენ და მა რა ვქნა, ორივეს მინდა პატივი ვცე-მეთქი! ადგა და გამიკეთა. ალი და აბდულა­ იგეთი კარგები იყვნენ, მე და ჩემს ძმას გულში გვყავდა. ალი ჩემმა ძმამ დაარქვა, აბდულა - მე.

- რა დაემართათ, ერთად დაიხოცნენ?

- ერთად არა, მაგრამ არც დიდხანს უცოცხლიათ უერთმანეთოდ. ალი სამი წლის იყო, როცა მომიწამლეს, აბდულა კიდევ თავისი სიკვდილით მოკვდა.

- როგორ თუ მოგიწამლეს!..

- ვეტერინარმა მითხრა, მოწამლულია შენი ძაღლიო. რა ვიცი, ვინ მრუდე ხელმა მოწამლა. მე ძაღლებს მხოლოდ ღამით ვასეირნებდი, რომ ხალხი არ შემეწუხებინა, მაგრამ, როგორცა ჩანს, ვიღაცას მაინც ნერვებს უშლიდა მაგათი არსებობა. აბდულა თავისი სიკვდილით მოკვდა, მაგრამა ისიც ექვსი წლისაც არ იყო. ეგ ძალიან მიკვირს, თან ვყვებოდი­ და მაინც ვერ ვაცოცხლე, არადა, დედა ჰყავთ, უკვე 17 წლისაა და ახლაც ცოცხალია. რაღა ჩემ ხელში დაილივნენ ეს ძაღლები.

- ხომ გაგიგონიათ, ზედმეტი მოფერებით დათვმა ბელი მოკლაო...

- მე ხომ დათვი არა ვარ, რომ ეგრე მოვფერებოდი! თანაც კავკასიური ისეთი ოხერია, არც ხშირად მოგაფერებინებს.

- სოფელმა რა თქვა, ძაღლებს საფლავი რომ გაუკეთეთ?

- არც გიჟად მთვლიან, არც ჭკვიანად!

- მაშინ ნაფარეულელებს ვანახოთ თბილისის აეროპორტის ძაღლების სასაფლაო, სადაც უცხოელები თავიანთ ძაღლებს კრძალავენ. აი, იქ არის პატივისცემა და ყვავილები.

- ყვავილები არა, მაგრამ ალისა და აბდულას საფლავს ხშირად ვნახულობ. ისევ მყავს კავკასიურის ლეკვი და იმას ვასეირნებ იმაგ მხარეზედ. ნუთუ ტყის პირებს ნაგავსაყრელად რომ ხდიან, ძაღლის საფლავი იმას აღარა სჯობია. საფლავის გაკეთებაში ძმაკაცები მომეხმარნენ. ეგ არის, შესანდობარი არ დაგვილევია, ქრისტიანი კაცი ვარ.

ჩემს ძაღლებს ეკუთვნოდათ საფლავი. განა ბევრს ჰყავს ეგეთი არისტოკრატი ძაღლები, ალი და აბდულა შეჯვარებასაც არ კადრულობდნენ ჩია ძაღლებთან!