"ქურდი ზონაში ვერაფერს გააკეთებს, ციხის ადმინისტრაციასთან შეხმატკბილებული თუ არ არის“ - კვირის პალიტრა

"ქურდი ზონაში ვერაფერს გააკეთებს, ციხის ადმინისტრაციასთან შეხმატკბილებული თუ არ არის“

ბოლო დროს სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრობის, "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის დანაშაულის არაერთი ფაქტი გამოავლინეს."ეს სუბკულტურა სიმსივნესავით არის ჩამჯდარი სახელმწიფოში. ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება, მთავარია, პოლიტიკური ნება. ჩვენს სპეცსამსახურებს ძალიან კარგი აპარატურა აქვთ, სახელმწიფოს ძალოვანი პროფესიონალებიც ჰყავს. მათ იმის გარანტია უნდა ჰქონდეთ, რომ შრომა დაუფასდებათ და იქნებიან დაცული ამ ვითომ კრიმინალური წარმონაქმნებისგან", - ამბობს იურისტი, ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ემზარ საბანაძე, რომელიც ინტერვიუში იმ მიზეზებსაც ასახელებს, რომელთა გამო მოქალაქეები ხშირად საქმის გასარჩევად ქურდულ სამყაროს მიმართავენ.

- რას იტყვით, გაიზარდა თუ არა "ქურდული სამყაროს წევრობის" მუხლის დანაშაულის რიცხვი?

- ჩემი აზრით, არ გაზრდილა, უფრო გამოვლინებამ იმატა. ქურდულ სუბკულტურასთან მიმართვიანობას რაც შეეხება, ეს კი გახშირდა. ალბათ, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ხალხი დაიღალა სასამართლო სხდომების ლოდინით და გადაუჭრელი პრობლემებით. როცა სასამართლოში დავები მიდის, სამი ეტაპი უნდა გაიარო (სამოქალაქო, სააპელაციო, უზენაესი), ამ ყველაფრის შემდეგ კი ერთვება აღსრულების მექანიზმი. ეს დიდ დროს მოითხოვს და მოქალაქეები ამიტომაც სწრაფი მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ქურდული მენტალიტეტის სუბკულტურის წარმომადგენლებს აკითხავენ. ამასთან, საზოგადოება აღარ ენდობა სასამართლოს. ბოლო დროს მედიაში გახშირდა საუბარი, რომ მოსამართლეები უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ, პოლიტიკურ ნებას ასრულებენ, რომ სასამართლოს კლანი მართავს, კორუფციაა, რაც სასამართლო ინსტიტუტს აკნინებს. უაპელაციოდ იმის თქმა, რომ სასამართლოში კორუფციაა, ცუდია, ხალხის თვალში ხომ კნინდება ეს ინსტიტუტი, სადაც პატიოსანი ადამიანებიც მუშაობენ. ქურდული ინსტიტუტი სახელმწიფოს შექმნილია და მისი გაკონტროლება თავისუფლად შეიძლება.

- რატომ არ კონტროლდება, პრობლემა რაშია?

- როდესაც ვინმეს იჭერენ, არასდროს ჩანს ე.წ. კანონიერი ქურდი, მხოლოდ ის პირები, რომლებიც იბრალებენ ამ სუბკულტურასთან ურთიერთობას. დღეს, 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, თავისუფლად შეუძლიათ დამნაშავეების და მათი არხების დადგენა. იმასაც გადავხედოთ, ვის უწოდებენ ქურდებს. არსებობს რუსული ინტერნეტგამოცემა "პრაიმ კრაიმი". ჩვენი ძალოვანები შედიან იმ საიტზე და იქიდან ამოღებული ინფორმაციით თუ დაასკვნიან, რომ პიროვნება ქურდია, ამის მიხედვით უყენებენ ბრალს. ეს საიტია მტკიცებულება? თუ მეუბნები, რუსეთი ოკუპანტია და მისი არ მჯერაო, მათი გამოცემა რატომაა სარწმუნო და მისი გამოყენებით პირს ბრალს რატომ უყენებ? დანაშაული ხომ უნდა დაუმტკიცო? ადამიანს ბრალს არამყარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე რომ უყენებენ, ეს აჩენს ეჭვს. ამასთან, არ შეიძლება ყველაფერი, გამოძიება იქნება თუ სხვა რამ ტელეეთერში­ გადავიდეს. ყველაფრის გაშიშვლება­ ბუმერანგივით დაუბრუნდება ქვეყანას.

- ადრე ქურდი პოლიტიკაში არ ერეოდა და არც საჩივარს წერდა. ეს ინსტიტუტიც ტრანსფორმირდა თითქოს...

- ქურდი არც პოლიტიკაში ერეოდა, არც ციხესთან დგებოდა, არც მიკროფონში იგინებოდა, არც მოქალაქეებს ეუბნებოდა, არჩევნებში ვისთვის მიეცა ხმა. ამ ინსტიტუტსაც ეგ ვითომ ქურდები აკნინებენ. ძველად ქურდებმა ალილუიასავით იცოდნენ კანონები, სამართლებრივად გადაწყვეტდნენ საკითხს და მათი განაჩენი სწრაფად აღსრულდებოდა ხოლმე.

დღევანდელმა ქურდებმა არც კანონი იციან, არც მისი გადაწყვეტის გზები, ყველაფერს ფულიდან გამომდინარე აკეთებენ - ვინც მეტს გადაუხდის, სიმართლეც მის მხარეს იქნება. ეს ინსტიტუტი სტალინმა გააძლიერა, რომ კოლონიები, პენიტენციარული სისტემა შიგნიდან გაეკონტროლებინათ, ქურდებს ჰქონდათ სასათბურე პირობები, რომ ადმინისტრაციასთან ეთანამშრომლათ და ზონებში ან გადასახლებებში გაეკონტროლებინათ პატიმრები. ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია ამოძირკვოს ეს სუბკულტურა, ეს არ არის დიდი პრობლემა.

- რატომ არ ამოძირკვავს?

- იმიტომ არ ამოძირკვავს, რომ არსებობს ამ სუბკულტურის შენარჩუნების დაინტერესება. მაგალითად ავიღოთ არჩევნები, სადაც ბოლო დროს ხშირად იყენებენ ქურდული მენტალიტეტის ხალხს - გამოჰყავთ ეს ვითომდა ქურდები და "კაი ბიჭები", რომ უბნებზე მიიღონ სასურველი­ შედეგი. ამიტომაც არ არსებობს ამ სუბკულტურის გაუქმების ნება. როგორ შეიძლება პოლიციის უფროსს კაბინეტში შეუვარდეს ვითომდა ავტორიტეტი და ესროლოს? პოლიციელები რატომ გარბიან სისტემიდან უცხოეთში? იმიტომ, რომ დაუცველი არიან. ეს კულტურა ისეა შერწყმული პოლიტიკასთან, მათი დაჭერა გაძნელდა - ყველას მფარველი ჰყავს. პოლიციელი ქურდული მენტალიტეტის ადამიანს დღეს რომ დაიჭერს და ხვალ ისევ ქუჩაში შეხვდება მას, რა ქნას? კაცი ოფიცერია და რა შეუძლია გარდა იმისა, რომ მოქალაქე დაიცვას? როცა თვითონაა დაუცველი, როგორ მოიქცეს? ამ ყველაფერს უყურებენ მოზარდები, რომელთაც ამ ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა უჩნდებათ.

- ესე იგი, ეს ინსტიტუტი ისევ პოპულარული ხდება?

- დიახ, ბოლო 3-4 წელია ეს დაიწყო და ამას პოლიტიკოსებმა შეუწყვეს ხელი. ეს ხალხი გამოსადეგი გახდა არჩევნებსა და სხვა პროცესებში და ეს პირები სპეცსამსახურებთანაც თანამშრომლობენ. სხვაგვარად როგორ გააჩერებენ მათ ამა თუ იმ ქვეყანაში? სხვა პრობლემას ვეხები, მაგრამ მარტო ფონიჭალას რომ გადაეკიდნენ, თბილისის ცენტრალურ უბნებში რამდენი ნარკორეალიზატორია? საქართველოში არსებული ნარკოტიკის მხოლოდ 1/3-ს იღებენ და დანარჩენი 2/3 სად მიდის? ნარკორეალიზატორებს ვითომ რომ დასდევ, საიდანაც შემოვიდა, ის ხვრელები ჩაკეტე. შეუძლებელია საქართველოში ისე შემოვიდეს ნარკოტიკი, ამაში ვიღაცები არ იყვნენ ჩახედული. ოპერატიული მუშაობა რაღას ჰქვია? როგორც კი რაღაც მოხდება, ეგრევე იწყება გარჩევები. მართლა ქურდთან რომ მიდიოდნენ, ჯანდაბას, მთავარი, "კანონიერი ქურდი" არ ჩნდება, მიდიან შუამავალთან და ესენი ერთმანეთს ქურდების სახელით "ეკაჩავებიან". გადაწყვეტილებას იმის მიხე­დვით იღებენ, ვინ უფრო მეტს გადაუხდის, ქურდს სულ არ აინტერესებს სიმართლე და სამართალი.

- ე.წ. კანონიერი ქურდები უფრო ქვეყნის გარედან თუ მართავენ სიტუაციას, როგორ გამოჩნდებიან, ალბათ, ამიტომაც ჰყავთ შუამავლები...

- ისინი რომ იძლევიან დავალებებს, საქმეს არჩევენ, ეს მტკიცებულებები სად არის? შენ ის უნდა დამიმტკიცო, რომ ვიღაცამ ვიღაცას მისცა დავალება. საუბრებს რომ იწერენ, ამაზე ექსპერტიზის დასკვნა ხომ გინდა? ამ სუბკულტურას სხვანაირად უნდა მიუდგე, ამას მუშაობა და საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება. ამ სუბკულტურისადმი დამოკიდებულება უპირველესად საზოგადოებაში უნდა შეიცვალოს. ამისთვის საჭიროა განათლება, საკანონმდებლო ინიციატივები და გადაწყვეტილებები. სასამართლო უნდა იღებდეს დროულ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.

წინათ სასარჩელო მოთხოვნა რომ შედიოდა სასამართლოში, მოსარჩელეს სასამართლო ეხმარებოდა და თუ სარჩელი არასწორად იყო შესული, უხარვეზებდა, უკან უბრუნებდა, რათა ხარვეზი შეესწორებინა და ხელახლა დაეწყო პროცესი. დღეს სასამართლო კი არ უხარვეზებს, ეგრევე უარს ეუბნება სარჩელის მიღებაზე. ამის მერე გადის დრო და არსებობს ხანდაზმულობის ვადებიც. ამას რომ ხედავს მოქალაქე, რომელმაც, პირობითად რომ ვთქვათ, არ იცის სასესხო ვალდებულებებზე 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა რომაა (ანუ გასესხებული ფულის მოთხოვნის ვადა 3 წელია), ეს სამი წელი რომ გავა, როგორ ამოიღოს ის ფული? ანუ სასამართლო მხარეს კი არ ეხმარება, სარჩელს დაგიხარვეზებ, იქნებ გამოასწოროო, უარს ეუბნება მიღებაზე. ამ პირობებში როგორ იდავოს ადამიანმა? ხელმეორედ კი შეიტან სარჩელს, მაგრამ სასამართლო გადატვირთულია და ესეც პრობლემაა.

რომელ ქურდულ მენტალიტეტზეა საუბარი, როცა პარლამენტში შესასვლელად ხალხი მილიონებს ხარჯავს, მათ სკამი თავიანთი ბიზნესის ლობირებისთვის სჭირდებათ? ხელფასი 5 ათასი ლარი აქვთ და პარლამენტში მუშაობის პერიოდში მილიონები რომ იშოვეს, ქურდი ხარ, აბა, რა ხარ? მერე იმიტომ იყენებენ ქურდებს,­ ვიღაცებს ხელშეუხებლობის გარანტია რომ ჰქონდეთ.

აქამდე ბადრი ესებუას რომ ეძებენ, საზოგადოებაში მუსირებს ასეთი ვერსია, რომ მისი მეშვეობით ქურდებს ვალი მისცეს, მოდი და ნუ დაიჯერებ.

- კონკრეტულად, ვინ და რისთვის გადაიხადაო?

- დადის ჭორი, ესებუას იმიტომ არ იჭერენ, მავანს ჰქონდა ქურდების ვალი, რომლებმაც არჩევნებში დაპირება შეასრულეს და მათ ფული ესებუას მეშვეობით გადაუხადეს. ნახევარი მილიონის ასე გატანება და მერე ყაჩაღის ვერდაჭერა ხომ ძნელად დასაჯერებელია? მივიდნენ და გააბათილონ ეს მოარული ვერსია, რაღაც გააკეთონ.

- სახელმწიფო ვერ თუ არ აგვარებს სუბკულტურის განეიტრალებას?

- თუ გვინდა სახელმწიფოში ეს არაჯანსაღი ინსტიტუტი ამოვძირკვოთ, პოლიტიკური ნება უნდა იყოს. ქურდი თბილისში ვერც გაიჭაჭანებს, სისტემასთან კარგ დამოკიდებულებაში თუ არ იქნება. ქურდი ზონაში ვერაფერს გააკეთებს, ციხის ადმინისტრაციასთან შეხმატკბილებული თუ არ არის. რას მეუბნება გომელაური, რომ ქურდის გადაადგილებას და წამლის შემოტანას ვერ აკონტროლებს? თუ არ აგვარებ და არ აკონტროლებ, ეს უკვე დანაშაულია. შს მინისტრს თავისუფლად შეუძლია ეს პრობლემა გადაჭრას და ამისათვის სჭირდება გენპროკურორის, სუს-ისა და სასამართლოს მხარდაჭერა, ამ ყველას ერთად კი - პოლიტიკური ნება. მინისტრი რომ დაიჭერს და პოლიტიკოსი ეტყვის, გამოუშვი, ვინაიდან არჩევნებში ან სხვა რამეში ვიყენებო, რა უნდა გააკეთო? მეუბნები, ესებუას ვერ ვიჭერო, რომ დაიჭირო და მან სიმართლე თქვას, დაადასტუროს, რა ვერსიაც საზოგადოებაში მუსირებს და ვიღაც მაღალჩინოსანი დაგისახელოს, სად მიდიხარ? გომელაური ვერაფერს გააკეთებს, თუ ვიღაცამ თანხმობა არ მისცა, თორემ ის პატიოსანი კაცია და კი გააკეთებდა ამას. რომ იტყვიან, ყველა გზა რომისკენ მიდის, ანუ პოლიტიკური ხელმძღვანელობისკენ.

ეს სუბკულტურა სიმსივნესავით არის ჩამჯდარი სახელმწიფოში. ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია მისი ამოკვეთა და პრობლემის მოგვარება, ვინაიდან ჩვენს სპეცსამსახურებს ძალიან კარგი აპარატურაც აქვთ და პროფესიონალებიც ჰყავთ. მათ, უბრალოდ, იმისი გარანტია უნდა ჰქონდეთ, რომ მათი შრომა დაფასდება და იქნებიან დაცული ამ ვითომ კრიმინალური წარმონაქმნებისგან. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებსაც სჭირდება დახმარება, პოლიციელი შენი მოქალაქეცაა და მისი უფლებებიც უნდა დაიცვა.

ეს ყველაფერი სახელმწიფო პოლიტიკის ბრალია, ყველა გადასულია იმაზე, როგორმე მოასწრონ ფულის კეთება. ვატყობ, ისე მიჰყავთ საქმე, ამ დეპუტატებსაც ერთმანეთში ქურდების მეშვეობით ექნებათ საქმე გასარჩევი.