"ორი-სამი ხერსონი თუ იქნება, შეიძლება პუტინი თავისივე ქვეყანაშიც დამარცხდეს" - კვირის პალიტრა

"ორი-სამი ხერსონი თუ იქნება, შეიძლება პუტინი თავისივე ქვეყანაშიც დამარცხდეს"

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ქალაქ ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან­ ჯარების გაყვანის ბრძანება­ გასცა­. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხერსონი დატოვა, უკრაინის გენშტაბი პერიოდულად ავრცელებს განცხადებებს, რომ თავდაცვის ძალები ხერსონში უკრაინული მიწის გათავისუფლებას განაგრძობენ. ხერსონის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე კრემლში გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთი მზად არის დაიწყოს მოლაპარაკება­ წინა პირობების გარეშე.­

საინტერესოა, რომ საარქივო დოკუმენტებით ირკვევა, სტალინი ომის დაწყებიდან­ ძალიან მალე მზად იყო ჰიტლერისთვის­ ბალტიისპირეთი და უკრაინა დაეთმო და ამას რუსეთში ბულგარეთის ელჩის, ივან სტამენოვის მეშვეობით ცდილობდა. სოფიაში­ სსრკ-ის საელჩოში გაგზავნილ წერილში საუბარია, თუ როგორ შეხვდა მას მოსკოვში მდებარე­ რესტორან "არაგვში" "ბერიას მდივანი" "საბჭოთა ხელისუფლების წინადადებები მშვიდობისთვის"­ განხილვის მიზნით. "ბერიას მდივნის" მოვალეობას ასრულებდა მაღალი­ რანგის ჩეკისტი, ენ-კა-ვე-დეს სპეციალური­ ჯგუფის­ ხელმძღვანელი პაველ სუდოპლატოვი. ამ წერილში საინტერესო ის არის, რომ როდესაც სტალინს ეგონა, წაგებული ჰქონდა ომი, სჯეროდა, რომ ყველაფრის შეჩერება არ იქნებოდა გვიან, თუკი ჰიტლერს განსაზღვრულ ტერიტორიას დაუთმობდა და მის დიდებას აღიარებდა, ეს მისთვის რაც უნდა სამარცხვინო ყოფილიყო... ცხადია, ამ ორ ფაქტს შორის არ არის პირდაპირი­ კავშირი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი "სტალინობას" ცდილობს, კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მოიქცეს პუტინი, თუკი ჩათვლის, რომ განწირულია.

არის თუ არა ხერსონი პუტინის მარცხის მაჩვენებელი და მზად არის თუ არა მოლაპარაკებისთვის, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ:

- ახლა მოლაპარაკების დაწყებისთვის შანსი არ არსებობს, გამორიცხულია. შეხვედრაც რომ გაიმართოს, ეს იქნება ორივესგან იმის დაფიქსირება, რომ სურთ მშვიდობა, მაგრამ პირობები იქნება მიუღებელი. ერთს უნდა სრული დეოკუპაცია, მეორე კი იმ ტერიტორიას, რაც მიიტაცა, ასე იოლად არ დათმობს.

- რუსეთი იძულებული შეიქნა ხერსონიდან­ გასულიყო, ეს მოლაპარაკებისთვის რამეს არ ნიშნავს?

- დათმო ომით, მშვიდობით ხომ არ დაუთმია? რუსეთი ტერიტორიებს მშვიდობიანად არ დათმობს, რადგან ამას რეჟიმი უკვე შიგნიდან ვეღარ გაუძლებს. დაიწყო­ ომი, ამდენი მსხვერპლი გაიღეს და უცებ დათმოს ტერიტორიები, მაშინ რუსები ჰკითხავენ, რატომღა დაიწყეო? ამიტომ, თუ დათმობს რამეს, მხოლოდ იძულებით.

- ცნობილი გამონათქვამია, მოლაპარაკებაზე ლაპარაკს ის იწყებს, ვინც ომს აგებსო,­ და ის, რომ სწორედ ხერსონის დატოვების წინ განაცხადა პუტინმა კიდევ ერთხელ სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა, არ ნიშნავს, რომ კრემლი დამარცხებას არის შეგუებული?

- რომ აგებს, ცხადია, მაგრამ არავინ იცის, პუტინს ეს როგორ შემოუბრუნდება­ და კიდევ რამე დათმოს, გამორიცხულია. რუსი მოსახლეობის მენტალიტეტისა და ზომბირების პოლიტიკის გათვალისწინებით, მშვიდობით რაიმეს დათმობა იმაზე გაცილებით უარესი, მეტიც, კატასტროფა იქნება, ვიდრე წაგებით დათმობა, როგორც ახლა მოხდა ხერსონში. ახლა თავის სამართლებლად ის აქვთ, რომ მდინარის მეორე მხარეს განლაგებით ჯარი განადგურებას გადაარჩინეს.

- მაშინ კრემლის განცხადებებს რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს?

- დროის გაყვანა და შიგადაშიგ მინიშნება მოსახლეობისთვის, აი, ჩვენ მშვიდობა გვინდა, მაგრამ არ სურთ უკრაინელებს და ამერიკელებსო.

- კრემლის ამ განცხადებებამდე ზელენსკიმ­ თქვა, რომ ვიღაცები ისევ აძალებენ მოლაპარაკებას. ახლა, ამ ეტაპზე, დასავლეთს თუ აწყობს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება?

- დასავლეთი ხომ ერთი არ არის, განსხვავებული ინტერესები და განსხვავებული გეოპოლიტიკაა. ევროპაში, ალბათ, არიან ლიდერები, რომელთა აზრით, უკრაინამ მშვიდობის სანაცვლოდ რაღაც უნდა დათმოს.

- ჩვენ იმათი პოზიცია გვაინტერესებს, ვინც, ასე ვთქვათ, ამინდს ქმნიან პოლიტიკაში...

- გადამწყვეტი არის ის, ვინც უკრაინას მეტ იარაღს აწვდის. ასეთი უპირველესად­ ამერიკაა და ვერ ვიტყვით, რომ უკრაინას რაიმეს დათმობას აიძულებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რუსეთის დამარცხება რეალურად მხოლოდ ამერიკას შეუძლია. ამიტომ სანამ ამერიკის პოზიცია უცვლელია­, უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერა ექნება, მით უმეტეს, ახლა, როდესაც ნათელია რუსეთის მარცხი.

- ამერიკაში არჩევნების შედეგებს ექნება­ გავლენა ამ პოლიტიკაზე, მით უმეტეს, რომ რესპუბლიკელები მანამდე სწორედ ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ?

- არა მგონია, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ასე მარტივად შეიცვალოს აზრი. ბოლო დროს ჩვენთან ტრამპი კი აქციეს ბუად, მაგრამ არა მგონია, რესპუბლიკელმა ტრამპმა რომც მოინდომოს, ასე მარტივად შეძლოს უკრაინის შესახებ ამერიკის პოზიციის რადიკალურად შეცვლა. რაც შეეხება თავად რესპუბლიკური პარტიის პოზიციას, თავად პარტიაშიც არ იქნება ამაზე კონსენსუსი, რომ უკრაინას ნაკლები შეიარაღება მისცენ. ტრამპი რუსეთთან რაღაც მორიგებაზე თუ ლაპარაკობს, ის მაინც არ არის მთლიანად პარტია. კი, ძალიან გავლენიანი ფიგურაა, მაგრამ რესპუბლიკური პარტიის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ფრთაა.

- დავუშვათ დადგა მოლაპარაკების დრო, დასავლეთი რას მოითხოვს რუსეთისგან­ და რისი დათმობა შეიძლება უკრაინისგან?

- ამ ეტაპზე ყველას მოლაპარაკებაზე ხმის ამოღებისაც კი ეშინია, რადგან ისეთი­ ენთუზიაზმი გააჩინა უკრაინის წარმატებამ, რომ ყველას დადებული აქვს პროგრამა-მაქსიმუმი - სრული დეოკუპაცია. რამდენად რეალისტურია ეს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ამაზე ლაპარაკს ჯერ ყველა ერიდება.

ამ ეტაპზე რუსეთის დამარცხების ყველაზე რეალისტური გზა არის ის, რაც ისტორიაში უკვე მომხდარა - შიდაარეულობით ხელისუფლების შეცვლა. ვფიქრობ, ეს არის მისი დამარცხების ერთადერთი რეალური ვარიანტი, რადგან მაინც ბირთვული­ სახელმწიფოა... ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინას სრული დეოკუპაციისთვის დიდი ძალისხმევა და დროც დასჭირდება.

- რუსეთში ჩანს რევოლუციის წინა პირობები?

- პუტინის რეჟიმს ძალიან ძვირად დაუჯდა ხერსონი და ამ სირცხვილის გადა­ყლაპვა. ამის "გაპრავება" ასე მარტივი არ არის. კიდევ ორი-სამი ხერსონი თუ იქნება, უკვე მართლა შეიძლება პუტინი თავისივე ქვეყანაში დამარცხდეს. ხერსონს პოლიტიკური მნიშვნელობა უფრო აქვს, ვიდრე სამხედრო. ეს უპირველესად პოლიტიკური მარცხია და შემდგომ სამხედრო - რუსეთი გადავიდა დნეპრის მეორე ნაპირზე და გამაგრდა იმიტომ, რომ ხერსონის მომარაგება ლოჯისტიკურად შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ამან სამხედრო თვალსაზრისით შვება მისცა, მაგრამ პოლიტიკურად ძალიან მძიმედ დაარტყა და უპირველესად რუსეთშივე, რადგან აქამდე გამოცხადებული ჰქონდათ, რომ ხერსონი სამუდამოდ რუსეთის არის. არადა, გამოვიდა, რომ რუსებს ტერიტორია წაართვეს.

- საზოგადოდ, მოლაპარაკების დაწყებისთვის რა არის მთავარი?

- ერთ-ერთი მხარე უნდა დაიღალოს და მერე შეიძლება მოლაპარაკების დაწყება. ორივე მხარე კეთილი ნებით მივიდეს აქამდე, შეუძლებელიცაა და გამორიცხულიც. უკრაინა თავს იცავს და ვერ წარმომიდგენია, ამაზე წავიდეს, მით უმეტეს, რომ წინსვლა აქვს. ეს გადამწყვეტი ფაქტორია.

რუსა მაჩაიძე