არის თუ არა მზად საქართველო ბირთვულ საფრთხეებთან გასამკლავებლად - კვირის პალიტრა

არის თუ არა მზად საქართველო ბირთვულ საფრთხეებთან გასამკლავებლად

რამდენიმე დღის წინ თბილისში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი "შავი ზღვის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოების შესახებ ახალი და ცვალებადი საფრთხეებისა და გარემოებების პირობებში", სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. მათ შორის მთავარია საქართველოში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირება, რისი რეგულირებაც არაერთ უწყებას აკისრია. ასევე არსებობს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობს. რადიაციული საფრთხეების შემცირება და ინციდენტების გაკონტროლება გარემოს დაცვის სამინისტროს "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს" ფუნქციაა. ეს სააგენტო მართავს რადიოაქტიური ნარჩენების საცავსაც და სამარხსაც. სააგენტოსთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, რადიაციულ, ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსაც ევალება. ფორუმზე ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს უფროსმა მალხაზ ლაგურაშვილმა აღნიშნა: "საქართველოს ჰყავს მაღალი გამავლობის ავტომობილები სპეციალური მისაბმელებით, სადაც განთავსებულია აღჭურვილობა ისეთი ფორმით, რომ მორეაგირემ შეძლოს მისი სწრაფად გამოყენება; პირადი დაცვის საშუალებები, თანამედროვე უახლესი, სასუნთქი გზების დაცვის საშუალებები; დეტექტირებისა და იდენტიფიცირების საშუალებები; დეკონტამინაციის (მომწამლავი აირებისგან ან სხვა მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლება ან ნეიტრალიზაცია) აღჭურვილობა როგორც ლოკალური, მცირე მასშტაბისთვის, ასევე შესაძლებელია მასობრივი დაბინძურების შემთხვევაში მასობრივი დეკონტამინაციისთვის გამოყენება".

საქართველოს ტექნიკურ უზრუნველყოფაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) დაეხმარა. წლების განმავლობაში დაიგეგმა და განხორციელდა­ პროექტები. შსს-ს წარმომადგენლის­ თქმით, საქართველომ დეკონტამინაციის პირველი­ აღჭურვილობა სწორედ DთღA-ს პროექტის მეშვეობით მიიღო. რაც შეეხება უსაფრთხოების სტრატეგიებს, უშუალოდ ატო­მურ საფრთხეებთან დაკავშირებით მთავრობამ­ 2021 წელს დაამტკიცა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების 2021-2030 წლების ეროვნული სტრატეგია. დოკუმენტი 2014 წლიდან იქმნება და აღწერს ბირთვულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირებისთვის გამოწვევებს,­ პრევენციის გზებს. მათ შორისაა: "საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში სამედიცინო რეაგირების გეგმების შემუშავება; ცოდნის მუდმივი განახლების მიზნით სწავლებებში შესაბამისი უწყებების ყველა დონის წარმომადგენლების ჩართვა; ბუნებრივი რადიაციული ფონის სრულყოფილი მონიტორინგის არარსებობა, რაც განპირობებულია ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებთან დაკავშირებული სირთულეებით; ადრეული შეტყობინების სისტემის, ავტომატური მონიტორინგის ქსელის გაფართოება; რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების ერთ ლოკაციაზე განთავსება; საქართველოს გეოპოლიტიკური­ მდებარეობიდან გამომდინარე - საკმაოდ მაღალი რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ტრანზიტის რისკი; ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკონტროლო სიტუაცია ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების და მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების უკანონო ტრანსპორტირების მხრივ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი". არის თუ არა ეს საკმარისი ბირთვული საფრთხეებთან გასამკლავებლად, სად გვაქვს პრობლემები და რა არის დღეს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა მაშინ, როცა დღემდე უპასუხოა კითხვა, გვაქვს თუ არა თავშესაფრები ან მოხერხდება თუ არა თუნდაც­ საგანგაშო სიგნალის ჩართვა, ამ საკითხებზე "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელს, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნოდარ ხარშილაძეს ვესაუბრეთ.

- არის შანსი, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს,­ თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ალბათობა მაღა­ლია­. ეს საფრთხე არსებობდა გასულ საუკუნეში კარიბის კრიზისის დროს, როდესაც­ საბჭოთა კავშირი-ამერიკის დაპირისპირების საგანი კუბაში რაკეტების განთავსება­ იყო, ახლა, 21-ე საუკუნეში პირველად შეიქმნა.

- თუ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენა, საქართველო მზად არის ამისთვის?

- გააჩნია, რუსეთი რა იარაღს გამოიყენებს. ლაპარაკია ტაქტიკურ იარაღზე და რა სიმძლავრის იქნება, ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ სტრატეგიული იარაღი გამოიყენოს. თუმცა, რაც უნდა იყოს, ჩვენც დავ­ზიანდებით და ამაზე ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს და ემზადებოდეს. ჩვენ ხომ ახლოს ვართ უკრაინასთან, მხოლოდ და მხოლოდ ზღვა გვყოფს.

- ვართ მზად, შედეგებს გავუმკლავდეთ?

- არა და ეს არის საგანგაშო, რომ საქართველო არაფრისთვის არ არის მზად. ატომურ საფრთხესთან გამკლავება კი არა, "კოვიდს" ქუჩების მორეცხვით ებრძოდნენ და რაზე უნდა ვილაპარაკოთ.

- არ ვიცით, როდის რა გავაკეთოთ თუ არა გვაქვს სათანადო რესურსი? ხშირად ამბობენ, რომ იოდის მარაგი და თავშესაფრებიც კი არა გვაქვს. ანუ რომელია პრობლემა?

- ორივე ერთმანეთზეა დამოკიდებული. უსაფრთხოების კონცეფცია ბოლოს 2012 წელს დაიწერა და რაზეა ლაპარაკი? დოკუმენტის დონეზეც კი არ გვაქვს არაფერი და პრაქტიკაზე რა უნდა ვილაპარაკოთ?

- როგორც იქნა, უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბა, რაზეც მთავრობის ადმინისტრაციამ ძალიან ზოგადი რელიზი გაავრცელა. მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ბოლო შეკრებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს და ისევ მუშაობენ­ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტზე, რადგან როგორც აღმოჩნდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო პროექტი ისე დაძვე­ლდა, რომ დამტკიცება ვერ მოესწრო. არ არის ატომური საფრთხე იმ დონის, რომ ამ შეკრებაზე მაინც ემსჯელათ?

- ასეთი ზედაპირული და მოვალეობის მოხდის მიზნით შეკრებები შედეგს ვერ მოიტანს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ხედვა არა გვაქვს. ხედვა თუ არა გაქვს, რაც უნდა გააკეთო,­ არ გეცოდინება, სწორად აკეთებ თუ არასწორად. უსაფრთხოების კონცეფცია 2016 წელს უნდა განახლებულიყო. შარშან არსებობდა არც ისე ცუდი პროექტი, მაგრამ იწელება და იწელება. ახლა რას დაამატებენ, ძნელი სათქმელია. ან რასაც დაამატებენ, ისეთ დროს მიიღებენ, რომ ვითარების ადეკვატური იქნება? ამერიკა და დასავლეთი სწორედ დოკუმენტებით მუშაობენ, ჩვენ დილით რომ ავდგებით, თავში რა მოგვივა, ვნახოთო, ასე მუშაობა არ შეიძლება. ასე ჩამორჩენილი ქვეყნები მუშაობენ და ჩვენ როგორს ვაშენებთ? თუ ხედვა არ არის გაწერილი, "ამირან გულში მღეროდაა" ეს ყველაფერი.

რუსა მაჩაიძე