„ახლა კრემლის სამხედრო ამოცანაა დამარცხება შენიღბოს და დათმობაზე წასვლა გადაავადოს“ - კვირის პალიტრა

„ახლა კრემლის სამხედრო ამოცანაა დამარცხება შენიღბოს და დათმობაზე წასვლა გადაავადოს“

რუსეთის მორიგი შანტაჟი თუ მოჩვ­ენებითი კონსტრუქციულობა, მოსალოდნელია თუ არა უკრაინასთან მოლაპარაკება და რისი მიღება­ შეუძლია საქართველოს დასუსტებული რუსეთისგან. ამ საკითხებზე, "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" (EPRC) უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი შოთა ღვინერია გვესაუბრა:

- პრორუსი ძალები ცდილობენ რუსეთის სტრატეგიული კრახი ხერსონში­ როგორმე გაამართლონ და წინასწარ დაგეგმილ­ ქმედებად წარმოაჩინონ, რათა არავის ეგონოს, რომ რუსეთი­ დასუსტდა. სინამდვილეში რუსეთისთვის ხერსონის სანაპიროდან ძალების გამოყვანა უმძიმესი გადაწყვეტილება იყო. ეს ადასტურებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად სამხედრო რესურსი გამოელია, ამიტომ უკან დახევა უწევს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდა, ფრონტის ხაზზე სტრატეგიული გარდატეხა მოხდა. სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთი­ იგებდა ომს, ვინაიდან ხერსონს, მდინარე დნეპრის ორივე მხარეს აკონტროლებდა, ახლა კი, რადგან უკრაინამ ერთი სანაპირო გაათავისუფლა, ის იგებს. ომი გრძელდება და რუსეთი უკრაინისთვის კვლავ საფრთხეა, სანამ რუსულ არმიას ერთიანად არ გააძევებს. ომის მსვლელობის ტრაექტორია იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი სტატუს-კვოს ვერ შეინარჩუნებს და უკრაინის ტერიტორიის დაკავება დროებითია. რუსეთის კანონმდებლობას, მათ გარდა, არავინ აღიარებს და არაფერს ნიშნავს.

- რა ბერკეტი რჩება რუსეთს: უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე იერიში, დასავლეთის ქვეყნებზე ენერგოწნეხი, ზამთარი?..

- მარტის პირველივე რიცხვებიდან, მას შემდეგ, რაც ბლიცკრიგი ჩაუფლავდა, რუსეთი გეგმას ვეღარ მიჰყვება. უკვე ჩანს, რომ მისი სტრატეგია მხოლოდ შანტაჟზე­ იყო გათვლილი, რადგან ეგონა, უკრაინის საზღვრებზე დაძაბულობის შექმნითა და ძალების განთავსებით, მიზანს სწრაფად მიაღწევდა და პოზიციებს ბრძოლის გარეშე დაათმობინებდა. მისი სტრატეგია იყო დასავლეთის ქვეყნების შეშინებაც ჩვეული რიტორიკით - რას აპირებთ, აბა, მესამე მსოფლიო ომი გინდათ, ბირთვულ სახელმწიფოს დაუპირისპირდებითო? ეგონა, ძველებურად გაუვიდოდა, ისე, როგორც საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში აკეთებდა. თუმცა 2022 წლის თებერვალში პირველად მისმა შანტაჟმა ვერ გაამართლა და როდესაც მუქარიდან მოქმედებაზე გადავიდა, აღმოჩნდა, რომ რეალური ომისთვის არც სამხედრო, არც ეკონომიკური და არც ადამიანური რესურსი არ ჰქონია. არც საკმარისი შიდა და საგარეო პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოაჩნდა. ამიტომ ახლა კრემლის სამხედრო ამოცანაა დამარცხება შენიღბოს და დათმობაზე წასვლა გადაავადოს. საამისოდ ზამთარი მართლაც მნიშვნელოვანი კომპონენტია - ენერგომატარებლები გაძვირდება, შესაძლოა უფრო გართულდეს დასავლეთში ერთიანობის შენარჩუნება რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და უკრაინის დახმარების გამო. რუსეთს ბოლო რესურსი რჩება, იქნებ გატეხოს დასავლეთის ერთიანობა და უკრაინის გამძლეობა. ანუ იცის, რომ დაპყრობილ ტერიტორიებზე კონტროლს კარგავს და ცდილობს მოლაპარაკების მაგიდასთან ბოლომდე დამარცხებული არ მივიდეს. პუტინი შავ დღეშია. მის გარემოცვაში დაპირისპირება დღეს არ დაწყებულა. თუ გახსოვთ, ომის დაწყებამდე გაგრძელდა რუსეთის უშიშროების სხდომის ვიდეოჩანაწერი, სადაც პუტინი მესამეკლასელი ბავშვებივით ტუქსავს დამსწრეებს. აშკარა იყო, მათგან ერთი ჯგუფი­, რომელიც წინასწარმეტყველებდა იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ამბობდნენ, რომ რუსეთი ასეთი ტიპის სამხედრო ოპერაციისთვის მზად არ იყო, მეორე ნაწილი კი გაიძახოდა, რესურსი საკმარისად გვაქვს და როგორც ადრე გაგვქონდა ჩვენი, ახლაც გავიტანთო. გარდა ამისა, ვიღაცები ხომ არიან პასუხისმგებელი იმ მილიარდებზე, წლების განმავლობაში რუსეთის არმიის შეიარაღებაზე რომ დაიხარჯა. ახლა გამოჩნდა, რომ ფული მხოლოდ ქაღალდზე დახარჯულა. ახლა კრემლში გადარჩენისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინის ომის შედეგზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება შიდა დაპირისპირება. რაც ახლა ბრძოლის ველზე ხდება, პირდაპირ აისახება რუსეთის შიდა პოლიტიკაზე და პირიქით. ახლა პუტინი ისეთი დასუსტებულია, როგორც არასდროს. ამასთან, საერთაშორისო პოლიტიკაში მისი მსოფლიო ლიდერად რეაბილიტაცია უკვე შეუძლებელია. ყველამ იცის, სანამ ის რუსეთის სათავეში­ იქნება, ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობებში სრულფასოვან სახე­ლმწიფოდ ვეღარ დაბრუნდება. გამოსავალი რუსეთის რეჟიმის დასრულებაა, ან არსებობს მეორე, თითქმის შეუძლებელი ვარიანტი - უკრაინაში ომი უნდა მოიგოს და მსოფლიო "ცივი ომის" დროინდელ რეჟიმზე გადავიდეს - დაეშვას რკინის ფარდა, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები ისევ ძალით წაიღოს და დასავლურ სისტემას სავსებით ჩამოშორდეს, რისი რესურსიც უკვე აღარ აქვს. თებერვლამდე თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ რუსეთი მსოფლიო დონის ძალას წარმოადგენდა, ან ანგარიშგასაწევი ეკონომიკური მოთამაშე იყო, ეს ყველაფერი გაქრა. ციფრები მოვიყვანოთ: ევროპაში რუსული გაზის მოხმარება მიმდინარე წლის თებერვლამდე 40% იყო, ახლა კი, 7% დარჩა. ენერგომატარებლები დასავლეთზე ზეწოლის, მართლაც მძლავრი ბერკეტი იყო და კრემლი­ წლების განმავლობაში იყენებდა. ახლა კი დასავლეთის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება გაუაზრებელი პოლიტიკის გამო დაკარგეს. არადა, ეს იყო პუტინის მთავარი პრინციპი, როგორც ამბობდა: "მუხლებიდან წამოდგომა" და გაძლიერება. რუსეთი, როგორც უპასუხისმგებლო მოთამაშე, ყველანაირი ესკალაციისთვის მზად იყო და გამარჯვების მოპოვებასა და გავლენის გაძლიერებას წესების დარღვევის ხარჯზე ახერხებდა. როდესაც წითელი ხაზებიც გადაკვეთა და მიზნად სამეზობლოში ექსკლუზიური გავლენისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაისახა, აღმოჩნდა, რომ მსოფლიო ასპარეზზე­ კი არა, რეგიონულ დონეზეც კი არ ყოფილა ძლიერი მოთამაშე - თურქეთთან კი არა, უკრაინასთანაც ვეღარ შეძლო მკაფიო უპირატესობის წარმოჩენა. თურქეთს კი ნატოში, ამერიკის შემდეგ, ყველაზე დიდი და ძლიერი არმია ჰყავს. ამიტომაც თუნდაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში­ თურქეთმა მისი ტრადიციული­ გავლენის დიდი ნაწილი უკვე აითვისა. სომხეთი, როგორც იქნა, გამოფხიზლდა, გაიგო, თუ რას ნიშნავს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. ყარაბაღის მეორე ომის დროს, როდესაც ყველაზე­ მეტად დასჭირდა მისი დახმარება, რუსეთმა ზურგი შეაქცია და აზერბაიჯანს გზა გაუხსნა. ამიტომაც სომხეთი იძულებულია ახალი სტრატეგიული პარტნიორი მოძებნოს. 30 წლის განმავლობაში სომხეთი ყველა კვერცხს რუსეთის კალათაში დებდა, მაგრამ ყველა ერთდროულად დაემტვრა. ახლა გამოსავალს მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ იპოვის.

- როდესაც სივრცე თავისუფლდება, მას ითვისებს სხვა ძალა. თუ რუსეთი დასუსტდა, ვარაუდობენ, რომ ამ სივრცეს ჩინეთი შეავსებს.

- ჩინეთი დიდი ხანია რუსეთზე ბევრად ანგარიშგასაწევი მოთამაშეა. დასავლეთისგან იზოლირებულმა რუსეთმა­ ეკონომიკური ურთიერთობა გააბა ჩინეთთან, ინდოეთთან და არაბულ ქვეყნებთან. სხვა პარტნიორი, რომელიც იზოლაციით გამ­ოწვეულ დანაკლისს შეივსებს, არ ჰყავს. ჩინეთს კი ახლა ყველაზე­ ხელსაყრელი მომენტი აქვს - მშვიდად აკვირდება ვითარებას. არაფრის გაკეთება არ სჭირდება, მის საქმეს სხვები აკეთებენ.

რუსეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში­ ყოველთვის გაზვიადებული იყო. ერთხელ მაკკეინმა თქვა, რუსეთი­ ბირთვული იარა­ღის ავტოგასამართი სადგურიაო, ანუ ფუნქციონირებადი ეკონომიკა თითქმის არასდროს ჰქონია, ენერგომატარებლებით­ ვაჭრობაზე, შავ ფულსა და იარაღზე იყო დამოკიდებული. ასე რომ, ახლა მსოფლიო ეკონომიკას კი არ სჭირდება რუსეთის ჩანაცვლება, პირიქით, მას სჭირდება იმ სავაჭრო ურთიერთობის შევსება, რომელიც უკრაინასთან ომის გამო დაკარგა. მართალია ეს ზამთარი მაინც მტკივნეული იქნება, მაგრამ იმედია, უკრაინაც და ევროპაც როგორღაც გადააგორებენ. ამის შემდეგ კიდევ უფრო დასუსტებული რუსეთი შანტაჟის ბერკეტების გარეშე რჩება.

ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ დასუსტებულ რუსეთთან მეზობლობისთვის არ ვემზადებით. საქართველო წლების განმავლობაში ამბობდა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სამხედრო გზით გამორიცხულია, ისიც ვიცოდით, რომ რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებს არასდროს დაგვიბრუნებს. ახლა კი შეიქმნა პერსპექტივა, დამარცხებულ ოკუპანტს ისეთ დათმობებზე წასვლამ მოუწიოს, სხვა დროს ოცნებაც რომ შეუძლებელი იყო.ახლა მოლაპარაკების მაგიდასთან მჯდომ რუსეთს დონბასიდან, ლუგანსკიდან ან ყირიმიდან გასვლის ვადებზე კი არა, 1991 წელს, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ერთმანეთის საზღვრები რომ აღიარეს და გაეროში გაწევრდნენ, იმ საზღვრებში დაბრუნებაზე უნდა ელაპარაკონ. უკრაინის ომის დასრულების შემდგომ ნელი მოქმედების ბომბი რჩება დნესტრისპირეთში, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში. დაძაბულობის კერების შექმნა, მხოლოდ დროის ამბავია. მშვიდობა იქნება მაშინ, როდესაც "რუხი ხვრელები" და გაყინული კონფლიქტები აღმოიფხვრება. თუმცა საქართველო ამ პროცესებისგან დისტანცირებულია და არც ითხოვს ამ მოლაპარაკების ნაწილი იყოს. მაშინ, როდესაც რუსეთი პროდასავლური არჩევანისთვის ოცი წლის განმავლობაში გვსჯიდა. რეალური შანსი გვაქვს შექმნილი შესაძლებლობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის გამოვიყენოთ.