"ძალიან ცელქი ვარ, არც ფრთხილი ვარ და სულ ხიფათში ვეხვევი ხოლმე" - გაიცანით ბიჭი, რომლის სიმღერამ სოცქსელები დაიპყრო - კვირის პალიტრა

"ძალიან ცელქი ვარ, არც ფრთხილი ვარ და სულ ხიფათში ვეხვევი ხოლმე" - გაიცანით ბიჭი, რომლის სიმღერამ სოცქსელები დაიპყრო

რამდენიმე კვირის წინ, მუსიკალური პროექტის - "რანინას" ერთ-ერთი ფინალისტი გაგაცანით, მიზანდასახული ბიჭი ოთო, დიდი ოცნებებით (იხილეთ: "უფრო ბედნიერი გამხადა, გარეთ ხალხი მცნობს და ბევრი სიმღერა ვისწავლე" - ვინ არის ბიჭი, რომლის ვიდეოებმაც ინტერნეტი დაიპყრო (VIDEO)

ამჯერად, "რანინას" კიდევ ერთი ფინალისტი - ნიკოლოზ ხარატი უნდა გაგაცნოთ, რომელსაც მთელი საქართველო თავისი ომახიანი ხმით, მეტყველი თვალებითა და არტისტულობით იცნობს. ჩემი და ნიკოლოზის ინტერვიუ ბოლოს მასთან სახლში მიპატიჟებით დასრულდა, ერთ საათიანი საუბრის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბავშვები ნამდვილად წრფელი და ალალი პატარა ადამიანები არიან და ამაში თქვენც დარწმუნდებით.

- ვინ არის ნიკოლოზ ხარატი?

- 12 წლის ბიჭია, რომელიც 186-ე სკოლაში სწავლობს, ყველამ იცის, რომ სიმღერა მიყვარს, ვუკრავ ფორტეპიანოზე და დავდივარ ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში, სადაც მესამე კლასში ვარ.

- რა არის შენი ჰობი?

- ბევრი ჰობი მაქვს, ძალიან ბევრი, რომლით დავიწყო არც ვიცი, მიყვარს მოტოციკლეტით სეირნობა, ასევე, მანქანით; კიდევ, მთაში სიარული, თხილამურით სრიალი, ჯირითი, ცურვა და წყალბურთი. ჩემით ვაწყობ და ვშლი მოტოციკლეტს.

- შენი სიმღერის ამბავი მთელმა საქართველომ იცის, ახლა ისიც მოგვიყევი, როდის დაიწყე სიმღერა?

- პატარა ვიყავი, მელოდიებს ვყვებოდი ხოლმე, ლაპარაკიც არ ვიცოდი და ღიღინით გამოვხატავდი ყველაფერს, ჯერ მე აღმოვაჩინე ნიჭი და მერე დედამ. 3 წლის ვიყავი, როდესაც სიმღერაზე შემიყვანეს და იმის შემდეგ სულ ვმღერი.

276125240-454519123114869-5824245153498125671-n-1669804177.jpg

- ყველას გვაინტერესებს, როგორ მოხვდი "რანინაში"?

- ცოტა დაუჯერებელი და უცნაური ამბავია, ეგეთი უცნაური ამბები ხშირად არ ხდება. დედაჩემს უნდოდა, რომ "რანინაში" მიმეღო მონაწილეობა და სრულიად დაუგეგმავად ტელეფონში სარეგისტრაციო ფორმა შეავსო, არ ჰქონდა იმედი, რომ მოვხვდებოდი, მაგრამ სცადა. ჰოდა, რადგან "რანინაში" მოხვედრის იმედი არ გვქონდა, ბაკურიანში წავედით, თან ფეხი მქონდა მოტეხილი და ახალს არაფერს ველოდით.

- ისიც მოგვიყევი, ფეხი როგორ მოიტეხე…

- სასაცილო ამბავია... ფეხი ოპერაში მოვიტეხე, დიდი კიბიდან გადმოვხტი და მოტეხილი ფეხით ვუყურე ოპერას, მტკიოდა, მაგრამ დედამ არ დამიჯერა და მაინც ბოლომდე დავრჩით. სახლში რომ მივედი, მივხვდი, ფეხს მივათრევდი, ექიმთან მიმიყვანეს და აღმოჩნდა, რომ მოტეხილი მქონდა.

nikoloz-xarati-1669804392.jpg

- ვხედავ, რომ ცელქი ბიჭი ხარ…

- დიახ, ძალიან ცელქი ვარ, ჩემი დები არ არიან ცელქები, მხოლოდ მე ვარ. არც ფრთხილი ვარ, სულ ხიფათში ვეხვევი ხოლმე.

- გავაგრძელოთ "რანინამდე" მისვლის ამბავი…

- წავედით ბაკურიანში, დედას არ ახსოვდა, რომ დამარეგისტრირა და ერთ დღეს, ტელეფონზე უცხო ნომრიდან დაურეკეს, უთხრეს, რომ შემარჩიეს და კასტინგზე დამიბარეს. ყავარჯნებით ჩამოვედი კასტინგზე, სადაც დათო არჩვაძის ერთი სიმღერა და let my people go ვიმღერე. სიმღერას რომ მოვრჩი, მითხრეს, კარგი ბიჭი ხარო, მაგრამ მეორე კასტინგზე დამიბარებდნენ თუ არა, არ ვიცოდი. რამდენიმე კვირის შემდეგ, დამირეკეს და უკვე ამორჩეული ბავშვების კასტინგზე მისვლაც მთხოვეს, ისევ ბაკურიანში მივდიოდით და გზიდან მოვბრუნდით. გზაში ვტიროდი, ვნერვიულობდი, თან ფეხიც მტკიოდა. კასტინგზე რომ ვიყავი, დედას მივუბრუნდი და ვკითხე, რა ვიმღერო მეთქი, არ ვიყავი მზად შემდეგ ტურში გადასვლისთვის და არც არაფერი მქონდა მომზადებული.

- შენ რა განცდა გქონდა, ათეულში რომ მოხვდი?

- ისე გამიხარდა, ისე, რომ ვერც გამოვხატავდი. ათეულის შემდეგ უკვე რეპეტიციები დაიწყო, არაფრის თქმის უფლება გვქონდა, არც ვიდეოს დადების უფლებას გვაძლევდნენ, 4 თვე რეპეტიციები გვიტარდებოდა ყოველ დღე. ყველა 2 წუთიანი სიმღერების უკან დიდი შრომა იდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მაგარი მასწავლებლების დამსახურებით, ჩემი მანანა მასწავლებელი, ჩაჩი, ქეთი, დათო.

- გახსოვს შენი პირველი გამოსვლა "რანინაში"? ნერვიულობდი?

- სხვათა შორის, არა, ერთი უცნაურობა მახასიათებს, არ მიყვარს სახლში სიმღერა, როდესაც კამერები მიღებს უფრო შინაურულად ვგრძნობ თავს, ხალხი რომ ტაშს მიკრავს, უფრო მოტივირებული ვარ, არც პირველ ლაივზე მინერვიულია და ამაყად გამოვედი ხალხის წინაშე.

nikoloz-xarati-2-1669804327.jpg

- რომელია შენი საყვარელი სიმღერა "რანინადან"?

- სომხური და აჭარული, ყველა ძალიან მიყვარს, ჩვენთვის დაიწერა ეს არანჟირება და დიდ პატივს ვცემ თითოეულს. მადლობა უნდა გადავუხადო ნიკოლოზ რაჭველს, დავით მაზანაშვილს, პაატა ანდრიაძეს, ზვიად ბოლქვაძეს, "ქვინთენსესს", ნუცა ჯღამაძეს, ყველას, სულ ყველას.

- რას გრძნობ, როდესაც სცენაზე დგახარ და მღერი?

- ძალიან დაღლილიც რომ ვიყო, მაინც შემიძლია გამოვიდე და ვიმღერო, სიმღერისას ძალა მემატება, მოტივირებული ვარ, მთელი გულით ვმღერი და მავიწყდება ყველაფერი. ზოგადად ასეა, თუ რაღაცას ყიდულობ, უნდა იყიდო კარგი და თუ სიმღერას მღერი, უნდა იმღერო კარგად.

- ემოციური ბიჭი ხარ?

- კი, ემოციური და არტისტული ვარ, სპექტაკლშიც მითამაშია, ხელებით, მიმიკებით სიმღერა მიყვარს.

nikoloz-xarati-3-1669804296.jpg

- პიანინოზე შესანიშნავად უკრავ, გაქვს საყვარელი სიმღერა რომელსაც პიანინოზე ასრულებ ხოლმე?

- ვერც ერთს გამოვარჩევ, მაგრამ მარტივად შემიძლია მელოდიის და სიმღერის აწყობა, ყურით და სმენით. ერთხელ, ნიკოლოზ რაჭველის პოპური ავაწყვე, მოვისმინე და სახლში რომ მოვედი, დავჯექი პიანინოსთან და დავუკარი.

- როგორ გგონია, რომ გაიზრდები, რა გინდა რომ გამოხვიდე?

- ხან რა მინდა ხოლმე, ხან რა, ახლა მგონია, რომ ბიზნესმენი გამოვალ, მაგრამ სიმღერასაც მინდა რომ გავყვე. ვიცი, რომ ყველაზე მეტ ფულს ქველმოქმედებაში ჩავდებ, რომ ბევრი ადამიანის და ძაღლის დახმარება შევძლო.

- საკმაოდ დიდი ოჯახი გყავს - ტყუპი და, დედა, მამა, გაგვაცანი შენი ოჯახი…

- ძალიან მაგარი ოჯახი მყავს, ტყუპი და - მარიამი და ქეთუთა ხარატები, ჩემი ულამაზესი, უსაყვარლესი და უბედნიერესი დედა - ელისო არაბიძე და მამა - ბაჩო ხარატი. მამა ყველა სურვილს მისრულებს, ჩემი ქცევებით და დამსახურებით. "რანინაში" რომ ვიყავი, მთელი ოჯახი გვერდით მედგა, დედა ყველა ლაივზე დადიოდა ხოლმე, მამა და გოგონები სახლიდან მამხნევებდნენ, ისე ნერვიულობდნენ, არ შეეძლოთ კონცერტზე დასწრება.

nikoloz-xarati-1-1669804231.jpg

- ოჯახის სხვა წევრებიც მღერიან?

- დიახ, ჩემი დები საოცრად მღერიან, დედა დებდა ხოლმე მათ ვიდეოებს სოციალურ ქსელში.

- წიგნების კითხვა თუ გიყვარს?

- მიყვარს, თან ძალიან, სათავგადასავლო, კომედიური ჟანრის წიგნები და ხშირად ვკითხულობ ძაღლებზე. ეზოში 12 ძაღლი მყავს და ყველას ვუვლი, ვაჭმევ და წამალი თუ სჭირდებათ ხოლმე, ვცდილობ, არაფერი მოვაკლო. სულ ვკამათობ იმ ბავშვებთან, რომლებიც ძაღლებს აწვალებენ და არ უფრთხილდებიან. უპატრონო ძაღლები დაუცველები არიან და ადამიანებმა უნდა შევიფაროთ ისინი. ლაპარაკი არ შეუძლიათ და ჩვენ უნდა მოვუაროთ. სახლშიც გვყავს ძაღლი, მე და დედა ვუვლით ხოლმე.

- სანამ საუბარს დავასრულებთ, რას ეტყოდი ჩვენს მკითხველს?

- რა ვთქვა, ამდენ მადლობას ვერც ვიტყვი, რომ ყველა იმ ადამიანს გადავუხადო, რომელიც გვერდში მიდგას და მამხნევებს. მადლობა მთელ საქართველოს ამხელა სითბოსთვის.

(სპეციალურად საიტისთვის)