ასობით მინიატიურული „ბინძური ბირთვული ბომბი“ უკრაინის ბრძოლის ველზე - საიდან?! - კვირის პალიტრა

ასობით მინიატიურული „ბინძური ბირთვული ბომბი“ უკრაინის ბრძოლის ველზე - საიდან?!

თბილისში გასულ კვირას გაიმართა ძალზე საინტერესო საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც აქტუალურობითა და მნიშვნელობით ძალზე პრაქტიკული გამოდგა. თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" (CCDS) ორგანიზებით გაიმართა თბილისის მე-4 საერთაშორისო ფორუმი "შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება ახალი და ცვალებადი საფრთხეებისა და გარემოებების პირობებში", რომელზეც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა ერთგვარი ანგარიში გააკეთეს საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში აღმოჩენილი და გაუვნებლებული საშიში რადიოაქტიური წყაროების თაობაზე.

უკონტროლო რადიოაქტიური წყაროებისა და მათგან "ბინძური ბირთვული ბომბების" შესაძლო დამზადებისა და ტერორისტული მიზნებით გამოყენების თემა ბოლო დროს უფრო აქტუალური რომ გახდა მსოფლიოში, უდავოა, რაც უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიან ომსაც უკავშირდება.

მართალია, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალურმა ინსპექციამ უკრაინელების კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ აღმოაჩინა "ბინძური ბირთვული ბომბების" დამზადების კვალი (რასაც კრემლი უკრაინელებს აბრალებდა), მაგრამ სწორედ ამ ომმა, თავისი სპეციფიკიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, მინიატიურული "ბინძური ბომბების" კუსტარულად დამზადების უდიდესი საფრთხე გააჩინა.

ამ სტატიის ავტორმა ზემოხსენებული საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები (მათ შორის უკრაინიდან ჩამოსულებიც) იმ კონკრეტული რადიოლოგიური საფრთხის შესახებ გააფრთხილა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა უკვე წამოჭრა, და ეს პრობლემა უფრო გაღრმავდება, რადგან ათასზე მეტ კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე უკრაინის მიწას თითქმის ყოველდღიურად კიდევ ახალი უკონტროლო რადიოაქტიური წყაროები ემატება.

როგორ? ა.წ. 24 თებერვლიდან (როდესაც რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა) 12 ნოემბრის ჩათვლით საბრძოლო მოქმედებების შედეგად ორივე დაპირისპირებული მხარის არსენალში განადგურებულია არანაკლებ 10 023 ერთეული სამხედრო ტექნიკა (ეს, რაც დაფიქსირებულია ფოტო-ვიდეოკადრებით, რეალურად უფრო მეტია), რომელთა ფრაგმენტები და ნამსხვრევები უკრაინის მიწაზე, მდინარეებსა და ტბებში მიმოიფანტა.

samx2-1668359531.jpg

აფეთქებული ტანკი თუ ჩამოგდებული თვითმფრინავი ჯერ კიდევ დიდ საფრთხეს შეიცავს, რადგან შესაძლებელია გადარჩენილი ჭურვების, რაკეტებისა და საავიაციო ბომბების დეტონაცია, ისევე როგორც შეიძლება გაჩენილმა ხანძარმა ააფეთქოს მაღალი წნევით დატუმბული ჟანგბადისა და აზოტის ბალონები, რომლებიც სამხედრო ტექნიკაში ფართოდ გამოიყენება.

არის კიდევ ერთი დიდი საფრთხეც, რომელიც თვალით არ ჩანს, ვერც ხმითა თუ სუნით დააფიქსირებ - ის რადიო­აქტიური ელემენტები, რომლებიც გამოიყენება საბრძოლო ტექნიკაში დამონტაჟებულ ამა თუ იმ ხელსაწყოში.

ისინი შვეულმფრენის, თვითმფრინავის, ტანკისა თუ თვითმავალი საარტილერიო დანადგარის ექსპლუატაციის დროს საშიში არ არის (მათგან გამოსხივებული რადიოაქტიური იზოტოპებისგან ეკიპაჟი საიმედოდ არის იზოლირებული), მაგრამ საბრძოლო დაზიანების შედეგად, როდესაც 45-ტონიან ტანკს ზემოდან "დაცემული" "ჯაველინი" მარტივ მამრავლებად შლის, ხოლო "სტინგერის" მიერ ჰაერშივე აფეთქებული 17-ტონიანი მოიერიშე თვითმფრინავის დეტალები რამდენიმე ასეულ მეტრზე იფანტება, რა თქმა უნდა, რადიოაქტიური იზოტოპების შემცველი ხელსაწყოც ნადგურდება და საშიში რადიოაქტიური წყარო ყოველგვარი დაცვის ელემენტების გარეშე, "შიშველ" მდგომარეობაში, მიწასა თუ წყალში აღმოჩნდება.

უკრაინის მიწაზე განადგურებული ათი ათასზე მეტი სამხედრო და საბრძოლო ტექნიკიდან (რომელთაგან 7 811 რუსებს, ხოლო 2 213 კი უკრაინელებს ეკუთვნით), რა თქმა უნდა, ყველაში არ არის რადიოაქტიური გამოსხივების წყაროები, მაგრამ უკრაინის ციდან უკვე იმდენი საბრძოლო თვითმფრინავი და შვეულმფრენია "ჩამოხსნილი", რომ საფრთხე "მინიატიურული ბინძური ბირთვული ბომბების" სახით უკვე უდიდესი პრობლემა ხდება.

მაგალითად, დღეისათვის უკრაინის მიწაზე დანარცხებული და აფეთქებული ასზე მეტი შვეულმფრენიდან თითქმის ყველას ჰქონდა დაყენებული ფრენის დროს გაყინვის დაწყების მაჩვენებელი რადიოიზოტოპური ხელსაწყო "რიო-3", რომელიც "ცეზიუმ-90"-ისა და "იტრიუმ-90" ტიპის რადიოიზოტოპების ნარევს შეიცავს, და 10 მიკრორენტგენი/სთ-ში გამოსხივება აქვს.

როდესაც ეს შვეულმფრენები მიწაზე დგანან, ამ რადიოიზოტოპურ ხელსაწყოს ტყვიის გარსაცმი უმაგრდება და ის სრულიად უსაფრთხო ხდება, რადგან იზოტოპების გამოსხივება ტყვიის სქელ ფენაში ვეღარ ატანს.

ჩამოგდებულ, მიწაზე დანარცხებულ და ათასობით მსხვილ და წვრილ ფრაგმენტად დაშლილი 12-ტონიანი შვეულმფრენის ნამსხვრევებში ასანთის კოლოფისხელა რადიოაქტიური იზოტოპების გამოსხივების­ წყაროს მიგნება მხოლოდ სპეციალური დოზიმეტრის გამოყენებით თუ იქნება შესაძლებელი და ისიც ძალიან რთულად.

იგივე ითქმის საბჭოეთის დროინდელ (არადა, რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარე ძირითადად საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი სამხედრო ტექნიკით იბრძვის) საავიაციო ტექნიკაში უხვად გამოყენებულ რადიოაქტიური რადიუმის მარილების შემცველ ნაერთზე, რომლითაც იფარებოდა ხელსაწყოების პანელები მათი სკალების მუდმივი ლუმინესცენციური ნათების მიზნით. საფრენი აპარატის ეკიპაჟის წევრები კი კმაყოფილი იყვნენ, რადგან სიბნელეში ხელსაწყოების ნათება და მაჩვენებლების ამოკითხვა გაადვილებული იყო, მაგრამ კაბინაში რამდენიმე ათეული ხელსაწყოსა და რადიუმის საღებავისგან რადიოაქტიური გამოსხივების "შეკრებილი" დოზა უკვე საშიში ხდებოდა ადამიანის ორგანიზმის, განსაკუთრებით ხშირი ფრენების დროს.

თვითმფრინავისა და შვეულმფრენის აფეთქების ადგილზე, რა თქმა უნდა, არავინ დაიწყებს ასეთი ხელსაწყოებიდან გადმოყრილი რადიუმის იზოტოპის ფხვნილის აკრეფას და შეიძლება ის სასუნთქი და საკვები გზებით ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს, რაც დიდ საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას.

სახმელეთო-საბრძოლო ტექნიკაში - ტანკებსა და ჯავშანმანქანებშიც არის რადიოაქტიური დაბინძურების გამზომი ხელსაწყოები, რომელთა დაგრადუირებისთვის გამოიყენება მცირე რადიოაქტიური წყაროები, რომლებიც ასევე მოხვდებიან ბუნებაში ამ ჯავშანტექნიკის აფეთქების შემდეგ.

თუკი დადასტურდა, ყურადსაღებია ის ინფორმაციაც, რომ რუსი ტანკისტები გაღარიბებული ურანის შემცველ ქვეკალიბრის ჯავშანგამტან სატანკო ჭურვებს იყენებენ - მართალია, ჯავშანზე მოხვედრის შედეგად ჰაერში "ურან-235"-ის ნაკლებად რადიოაქტიური მტვერი იფანტება, მაგრამ მისი წყალსა და შემდეგ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა კარგს არაფერს მოასწავებს.დავუბრუნდეთ მთავარ საფრთხეს - უკრაინის მიწაზე მეათე თვეა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებია, შედეგად, ბუნებაში გაიფანტა რამდენიმე ასეული მცირეზომიანი, მაგრამ მაღალრადიოაქტიური იზოტოპის წყარო, რომელიც მიზანმიმართული მოქმედებების შემთხვევაში შეიძლება მოძიებულ და შეგროვილ იქნეს დოზიმეტრებით, რის შემდეგაც მინიატიურული "ბინძური ბირთვული ბომბის" დამზადებას ბევრი არაფერი შეუშლის ხელს.