ხერსონი გათავისუფლებულია, მაგრამ დიდი ომი ჯერ კიდევ წინ არის... - კვირის პალიტრა

ხერსონი გათავისუფლებულია, მაგრამ დიდი ომი ჯერ კიდევ წინ არის...

11 ნოემბერს, ომის 261-ე დღეს, უკრაინის არმიამ სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო წარმატებას მიაღწია - გავიდა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე და ქალაქი ხერსონი უბრძოლველად გაათავისუფლა. უბრძოლველად კი იმიტომ, რომ რუსი ოკუპანტების დაჯგუფებამ რამდენიმეთვიანი ოკუპაციის შემდეგ თავად დატოვა ხერსონი და მთელი შემადგენლობით სასწრაფოდ გადაჯგუფდა დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომლიც უფრო გაქცევას ჰგავდა, ოღონდ ხარკოვის მიმართულებაზე სექტემბერში განცდილი მართლაც სამარცხვინო კუდამოძუებული გაქცევისგან განსხვავებით, ამჯერად რუსი ოკუპანტები დნეპრზე ბევრად ორგანიზებულად და შედარებით ნაკლები დანაკარგით გადავიდნენ და 30 ათასზე მეტი სამხედროსა და 5 ათასამდე სამ­ხედრო ტექნიკის ევაკუაცია შეძლეს.

რა სტრატეგიული გეგმა ჰქონდა კრემლს, როდესაც ხერსონს იპყრობდა და დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მძლავრ პლაცდარმს ქმნიდა და რამ გამოიწვია რუსი ოკუპანტების კვლავ უკან დახევა, ისევე როგორც მანამდე კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის მისადგომებიდან და კუნძულ ზმეინიდან გამოქცევა, თუკი ამდენი მებრძოლი და ტექნიკა ჰქონდათ დნეპრის მარჯვენა ნაპირზე?

უკრაინაში შეჭრიდან მალევე რუსმა ოკუპანტებმა მოახერხეს მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დესანტირება, რისთვისაც დნეპრზე გადებული სამი გადასასვლელი - ანტონოვის საავტომობილო ხიდი, სარკინიგზო ხიდი და ნოვაია-კახოვკის კაშხლის პატარა ხიდი და დამბა გამოიყენეს (თუ რატომ არ ააფეთქა თავიდანვე ეს გადასასვლელები უკრაინულმა მხარემ, სხვა საკითხია და ამას დიდი ღალატის სუნი ასდის).

ეს უთუოდ დიდი სამხედრო წარმატება იყო რუსი დამპყრობლებისთვის - დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე პლაცდარმის შექმნით ჯერ მიკოლაევის აღებას, შემდეგ ოჩაკოვისა და ოდესის დაპყრობას და მოლდოვის სეპარატისტული დნესტრისპირეთისკენ სახმელეთო დერეფნის გაჭრას გეგმავდნენ, რაც უკრაინას შავ ზღვაზე გასასვლელს სრულიად ჩაუკეტავდა. მაგრამ რამდენიმე წმინდა სამხედრო-ტექნიკურმა საშუალებამ და მათი გამოყენების სწორმა ტაქტიკამ კრემლს ეს გეგმა ჩაუშალა.

პირველი - ოდესა-ოჩაკოვის სანაპირო წყლებში საზღვაო ნაღმების განთავსებამ შეუძლებელი გახადა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდებიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის საზღვაო დესანტისა და საბრძოლო ტექნიკის გადასხმა, რამაც დახმარების გარეშე დატოვა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე შეჭრილი რუსი ოკუპანტების სახმელეთო დაჯგუფება. შედეგად, ვეღარ განვითარდა შეტევები მიკოლაევის მიმართულებით.

მეორე - ამერიკული მხარისა და სხვა დასავლელი პარტნიორების მიწოდებული "ჰაიმარსის" მართვადი რაკეტებითა და "ექსკალიბურის" მართვადი ჭურვებით უკრაინელმა არტილერისტებმა სისტემატური დარტყმებით მოახერხეს ანტონოვის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების ისე დაზიანება, რომ მათზე მძიმე ტექნიკის გატარება შეუძლებელი შეიქმ­ნა. არაერთხელ დაზიანდა ნოვაია-კახოვკას ელექტროსადგურის კაშხლის პატარა ხიდიც, მაგრამ რუსმა სამხედროებმა მის ქვეშ ბალასტი ჩაყარეს და გააგრძელეს მისი ექსპლუატაცია.

უკრაინელების სისტემატურმა და უზუსტესმა საარტილერიო დარტყმებმა დნეპრის სამივე სტაციონარულ გადასასვლელზე, ასევე დროებით საპონტონე ხიდებზე, მარჯვენა სანაპიროზე დისლოცირებულ რუსეთის საოკუპაციო ძალებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა საბრძოლო მასალებისა და საწვავის მომარაგებაში.

გარანტირებული ლოჯისტიკური უზ­რუნ­ველყოფის გარეშე დარჩენილი ნებისმიერი საბრძოლო დაჯგუფება განწირულია ალყაში მოქცევისთვის - როდესაც უკანდასახევი არ არსებობს ფართო მდინარის გამო, ხოლო მასზე გადასასვლელი ხიდები მწყობრიდანაა გამოყვანილი, ბარჟები და კატარღები კი, რომლებიც ცდილობენ მდინარის გადალახვას, განუწყვეტლივ იბომბებიან.

ასე რომ, რუსეთის არმიის სარდლობამ შეიძლება სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო, მით უმეტეს, ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაცია, რომ უკრაინის არმია 10 ნოემბრიდან ხერსონის მიმართულებით ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებას აპირებდა, რომლის წარმატებით განვითარების შემთხვევაში (რისი დიდი ალბათობაც არსებობდა), რუსი ოკუპანტები ისე თავისუფლად ვეღარ გაიქცეოდნენ უკან, როგორც ორი თვის წინ ხარკოვის მიმართულებით ოკუპირებული უკრაინული ქალაქების დატოვებისას, და შეიძლება 21-ე საუკუნის სტალინგრადი განმეორებულიყო რუსი ოკუპანტებისთვის, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ეს მდინარე ვოლგაზე სტალინგრადში ჰიტლერის გენერალ-ფელდმარშალ პაულიუსის 300-ათასკაციან მე-6 არმიას მოუვიდა, როდესაც ალყაშემორტყმული მთელი არმია ტყვედ ჩაჰბარდა.

ხერსონის დატოვებით რუსეთის გენერალიტეტმა შეიძლება კი გადაარჩინა თავისი არმია დიდ საბრძოლო დანაკარგს, მაგრამ ხერსონის „რუსულ ქალაქად“ გამოცხადებიდან ორიოდე კვირაში იქიდან გამოქცევის შემდეგ კრემლის მთავარი მიწისქვეშა ბინადრის - პუტინის რეიტინგს პოლიტიკურად და იდეოლოგიურად თავად რუსეთის ფედერაციის მრავალმილიონიან მოსახლეობაში დიდი დარტყმა უნდა მიადგეს.

აღარავისთვის, თვით დასავლელი ბიუროკრატებისთვისაც, დიდ საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს, რომ ორი რუსეთი არ არსებობს და რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერდა პუტინის რეჟიმს, როდესაც ის ჩეჩნეთის მეორე ომს იწყებდა; როდესაც შემოიჭრა საქართველოში; დაიპყრო ყირიმი; "ააფეთქა" დონბასი და მით უმეტეს, როდესაც წელს, თებერვალში, "სპეციალური სამხედრო ოპერაცია"” წამოიწყო მთელი უკრაინის ჩასაყლაპად.

მაგრამ უკრაინაში შეჭრიდან მეათე თვე მიმდინარეობს და რუსეთის თვით თვინიერი საზოგადოების ყველაზე ურაპატრიოტებიც კი ვეღარ მალავენ, რომ პუტინის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", ფაქტობრივად, კრახის პირასაა და თავად რუსეთიც ამ ომის ჭაობში ყელამდეა ჩაფლული. უფრო მეტიც, არის ყველა წინა პირობა იმისა, რომ უკრაინა არა მარტო მოახერხებს დეოკუპაციას, არამედ ომი თავად რუსეთის ქალაქებზეც გადავა და თანაც მოსკოვის მიმართულებით.

რუსი ოკუპანტები გარბიან ხერსონის ოლქიდან და გზად ნაღმავენ, აფეთქებენ და ანადგურებენ ყველაფერს დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, მათ შორის ხიდებსაც, რათა უკრაინის არმიას გაუჭირდეს დნეპრის მარცხენა სანაპიროს გასათავისუფლებლად ოპერაციის დაწყება.სწორედ ასევე იქცეოდა ჰიტლერის არმია, როდესაც 1944 წლის მარტში იმავე ხერსონიდან გარბოდა, თუმცა დნეპრის მარცხენა, ასევე ოკუპირებულ სანაპიროზე გადაბარგებული რუსი ოკუპანტები კიდევ ერთ რამეს უფრთხიან - საქმე ისაა, რომ დნეპრის მარჯვენა ნაპირამდე "ჩამოწეული"“ უკრაინის არტილერია "ჰაიმარსის"“ რაკეტებით 86 კმ-ის რადიუსში ზუსტად მისწვდება ოკუპანტების მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის რვა წლის წინ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან მატერიკულ უკრაინის ტერიტორიაზე გადასასვლელ გზას არმიანსკის დასახლებაში, რაც ძალზე შეაფერხებს რუსი სამხედროების მომარაგებას ყირიმიდან.