ქართული ცის დასაცავადაც როგორ გამოგვადგებოდა ასეთი „შურისმაძიებლები“... - კვირის პალიტრა

ქართული ცის დასაცავადაც როგორ გამოგვადგებოდა ასეთი „შურისმაძიებლები“...

უკრაინის ცა უკვე თითქმის პოლიგონად გადაიქცა, სადაც სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა თაობის საზენიტო საშუალებები ერთმანეთს „ეჯიბრებიან“ საფრენი აპარატების ჩამოგდებაში.

საჰაერო თავდაცვის უკრაინულ "ზოოპარკს"“ დღე-დღეზე შეემატება ამერიკული ახლო მოქმედების მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი M1097 Avenger-იც.

Avenger-ი ქართულად „შურისმაძიებელს“ ნიშნავს და სწორედ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა შეასრულოს ბრძოლის ველზე - შური იძიოს, ჩამოაგდოს მტრის ყველა ის შვეულმფრენი თუ თვითმფრინავი, რომლებიც თანამებრძოლების დაბომბვას შეეცდებიან ან მით უმეტეს, თუკი დაბომბავენ.

რეალურად კი ამერიკული „შურისმაძიებელი“ კარგად ცნობილი საზენიტო "სტინგერისა"“ და არანაკლებ ცნობილი "ჰამვის" ერთგვარი ნაჯვარია - ვიღაც ჭკვიანმა მოიფიქრა: რატომ ათრიოს მეზენიტემ "სტინგერის" 15-კილოგრამიანი საზენიტო რაკეტა ხელით, ბარემ მაღალი გამავლობის "ჰამვიზე" კომფორტულად დავსვათ და ერთის ნაცვლად, რვა რაკეტითაც შევაიარაღოთო.

მართლაც, ჯერ კიდევ 1989 წლიდან პენტაგონმა შეიარაღებაში მიიღო ასეთი მობილური და ძალიან პრაქტიკული საზენიტო საშუალება, მაშინ როცა თბური დამიზნების "სტინგერის" რაკეტების გაშვება მაშინაცაა შესაძლებელი, როდესაც "ჰამვი" 35 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.

მეზენიტე-ოპერატორი ზის სპეციალურ კაბინაში, რომელიც 360 გრადუსით ტრიალებს და საჰაერო სივრცეს ვიზუალურად აკონტროლებს, ღამით კი ამაში ოპტიკური და თბოვიზორული აღმოჩენისა და დამიზნების ხელსაწყოებიც ეხმარებიან, ლაზერული მანძილმზომისა და "ჩემი-სხვის" ამოცნობის აპარატურის ჩათვლით.

საჰაერო სამიზნის აღმოჩენისთანავე მეზენიტე-ოპერატორს მისკენ ერთმანეთის მიყოლებით რვა "სტინგერის" გაშვება შეუძლია მაქსიმალურ 5,5 კმ სიშორეზე და 3,8 კმ სიმაღლემდე.

თუკი საოცრება მოხდა და რვა "სტინგერიდან" ვერც ერთი მიზანს ვერ მოხვდა, მაშინ მეზენიტეს ბოლო მცდელობად "ბრაუნინგის" 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევი რჩება 200 ვაზნის მარაგით, რომლის დახარჯვა სახმელეთო მიზნის დასაზიანებლად და გასანადგურებლადაც შეუძლია.

"შურისმაძიებლის" მთავარი არსი მის კომპაქტურობასა და მობილურობაშია, რათა მოწინააღმდეგეს გაუჭირდეს საპასუხო ზუსტი დარტყმა.

33 წლის განმავლობაში 1 100-ზე მეტი "შურისმაძიებელია"“ გამოშვებული, რომელთაგან პენტაგონის არსენალში 700-მდე "ავენჯერია", მაგრამ სამხედრო ტექნიკით დახმარების მორიგ 700-მილიონიან პაკეტში ამერიკელებმა უკრაინელებისთვის ჯერ მხოლოდ... ოთხი ასეთი საზენიტო დანადგარი გაიმეტეს, არადა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივად ასათვისებელი საზენიტო საშუალებაა და დიდი მოლოდინი იყო, რომ ასეთ „"შურისმაძიებლებით" აშშ ომის დაწყების პირველივე თვეებიდან უხვად მოამარაგებდა საჰაერო თავდაცვაში ძალზე შეჭირვებულ უკრაინის არმიას.

ასე რატომღაც არ მოხდა, თუმცა ნავსი, ეტყობა, მაინც გატყდა და პირველ ოთხ "შურისმაძიებელს" იმედია, დროთა განმავლობაში რამდენიმე ათეული „თანამოძმეც“ მიჰყვება.

თუმცა ჩვენ ქართული ცის დაცვის გაძლიერებაზე ვიდარდოთ, რომელსაც ასევე ძალიან წაადგებოდა ამერიკული "შურისმაძიებლები".

სიმართლე რომ ითქვას, რამდენიმე წლის წინ საფრანგეთიდან დიდი აჟიოტაჟით ჩამოტანილი "ატლასის" ტიპის "მისტრალის" მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები სხვა არაფერია, თუ არა ამერიკული "ავენჯერის" ფრანგული ნაირსახეობა, თანაც თუკი "ატლასის" ძარაზე დაყენებული დანადგარიდან მეზენიტეს მხოლოდ ორი "მისტრალის" რაკეტის გაშვება შეუძლია გადატენის გარეშე, "ავენჯერის" ოპერატორი ოთხჯერ მეტი - რვა "სტინგერის" იმედზეა.

რამის შეცვლა რომ შეიძლებოდეს, ბევრად მომგებიანი იქნებოდა საფრანგეთში მხოლოდ "მისტრალის" გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ყიდვა, ხოლო გასაშვები მარტივი მოწყობილობის საქართველოშივე დამზადება და ნებისმიერი მაღალი გამავლობის პიკაპის ძარაზე დამონტაჟება, რაც ბევრად იაფად დაუჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს.

ან კიდევ უფრო კარგი ვარიანტი - "მისტრალების", "სტინგერებისა" თუ "გრომების" გასაშვები დანადგარის დამონტაჟება "დელტაში" აწყობილი "დიდგორ მეომრის" ძარაზე - მაშინ ის ფრანგულ "ატლასსა" და ამერიკულ "ავენჯერზე" ბევრად მოთხოვნადი გახდებოდა, რადგან... ეკიპაჟის წევრებიც და მეზენიტე-ოპერატორიც დაჯავშნულ კაბინაში ისხდებოდნენ და ბევრად დაცული იქნებოდნენ ტყვიებისა და მცირე ნამსხვრევებისგან, ვიდრე დაუჯავშნავ "შურისმაძიებელსა" და "ატლასში".