"ჩემი შვილები, ფაქტობრივად, მოძალადესთან იყვნენ, მქონდა ეჭვი, მაგრამ რასაც ბავშვები ახლა ჰყვებიან, შოკისმომგვრელია" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილები, ფაქტობრივად, მოძალადესთან იყვნენ, მქონდა ეჭვი, მაგრამ რასაც ბავშვები ახლა ჰყვებიან, შოკისმომგვრელია"

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში, 3 შვილის დედა - ლიკა კოლოტაური უმძიმეს სტატუსებს აქვეყნებს. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტების მოკვლევას სთხოვს. ახალგაზრდა დედა ეკონომიკური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა შვილები მინდობით აღზრდაში გადაეყვანა. ახლა ის მიმღებ ოჯახს შვილებზე ძალადობაში ამხელს და დამნაშავის დასჯას ითხოვს.

იგი სოციალურ ქსელში სახლში დაბრუნებული ბავშვების მონათხრობ ამბებს ავრცელებს, რაც მძიმე მოსასმენია და ფაქტებზე სასწრაფოდ რეაგირებას ითხოვს.

ლიკა კოლოტაური:

- ჩემი შვილები, ფაქტობრივად, მოძალადესთან იყვნენ, მქონდა ეჭვები, მაგრამ რასაც ბავშვები ახლა ჰყვებიან, შოკისმომგვრელია. მანამდე, ამას შიშის გამო არ ამბობდნენ, რადგან ისევ იმ ქალთან უწევდათ დაბრუნება. მივმართავ სოციალურ სააგენტოს, მე რომ გირეკავდით, გწერდით, გაწრიალებდით, რომ ბავშვები არ არიან უსაფრთხოდ და დამეხმარეთ-მეთქი, განცხადებას რომ არ მაწერინებდით და მაგ ქალის ძალადობაზე სიტყვიერად რომ გიყვებოდით, სოცმუშაკმა ფურცელი რამდენჯერ რომ წამართვა ხელიდან, მერე როგორც იქნა, დავწერე ზედიზედ სამი განცხადება, ამაზე რეაგირებას კიდევ არ ახდენთ? მოძალადე ქალს იცავდით, რომელზეც ასეთ მძიმე ამბებს ჰყვებიან ბავშვები. ახლა ვეღარავინ შემაჩერებს. ქვეყანას არა, დედამიწას გადავაბრუნებ, თუ ამ ადამიანს არ დასჯით ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისთვის. უწყება აფარებდა ხელს ამ დამნაშავეს და მოძალადესთან ჰყავდათ ჩემი ბავშვები მინდობით აღზრდაში, ამაში მას 2000 ლარს უხდიდნენ, არც აკონტროლებდნენ მის ხარჯებს, მის ქცევას.

მოვითხოვ, დროულად და სამართლიანად გამოიძიონ ეს დანაშაული. ბავშვები ძლივს მოვიდნენ გონზე, ჯერ დედობის სტატუსი ისევ აღდგენილი არ მაქვს, მაგრამ ჩემს შვილებს მოძალადესთან არ დავაბრუნებ. ის უნდა დაისაჯოს. როცა ბავშვები დარწმუნდნენ, რომ მასთან უკან არ დაბრუნდებოდნენ, ამის მერე დაიწყეს ამ დეტალებზე საუბარი, ეს ჩანაწერები ხელთ მაქვს.

დიდი იმედი მაქვს, შს სამინისტრო ამ ამბავს რეაგირების გარეშე არ დატოვებს და გამოიძიებს. ბავშვებს პირზე ხელს აფარებდა, თურმე, თმებით ათრევდა ჩემს შვილს. შუქს უქრობდა, ღამე საპირფარეშოში ადგომის საშუალებას არ აძლევდა ბავშვებს, სცემდა.

რაში უხდიდა მას სახელმწიფო ფულს, ჩემი შვილების ცემაში? დაშინებაში? არასათანადო პირობებში ყოფნაში? ასევე მოძალადეა მისი შვილი, რომლის მოწერილი მესიჯებიც მაქვს და იქიდან ჩანს, კიდევ აქეთ როგორ მემუქრება. სარგებლობს პოლიციელის სტატუსით და არცხვენს უწყებას.

ჩემს შვილს გონებაშეზღუდულის სტატუსი მიანიჭეს, მიმტკიცებდნენ, რომ ეს პენსიის გამო გააკეთეს, რომელიც სამომავლოდ, ჯარიდან დაიხსნიდა მას. მეუბნებოდნენ, ბრტყელტერფიანია და ამ საბუთს გავუკეთებთო და ჩაუწერეს გონებაშეზღუდულობა, ეს ცალკე დანაშაულია. როცა ბავშვები სახლში მომყავდა, ვეჭვობდი, რომ ისინი არ იყვნენ იქ კარგ პირობებში, სოცმუშაკს რომ ვეუბნებოდი, ჩალურჯებები აქვს და ეს ხომ არ ძალადობს-მეთქი, რას ამბობ, ლიკა, ტრენინგები აქვს გავლილიო. ახლა ცუდად ვარ, არაფრის თავი არ მაქვს...

საახალხოდ უნდა გაგასამართლო ასეთი ბავშვთმოძულე, ფულის მონა ქალბატონი! რომელმაც ჩემი შვილები მხოლოდ იმიტომ წაიყვანა, რომ სახელმწიფოსგან ყოველთვე ფულები მიეღო. კატები უნდა მოკლაო, საზიზღრები არიანო, თურმე ჩემს ბავშვს ასწავლიდა. ვერ იტანდა კატებს და ძაღლებს, სადისტებად მიყალიბებდა შვილებს. არადა, ფსიქოლოგი და ვიღაცები მარწმუნებენ, რომ მადლიერი უნდა ვყოფილიყავი იმ ქალის, რომელსაც რეალურად ასეთ დღეში ჰყავდა ჩემი შვილები.

ახლა, საბოლოოდ ბავშვების ჩემთან დასაბრუნებლად ფსიქოლოგების დასკვნაა საჭიროა და პასუხი ამ დრომდე არ არის. ჩემი ადვოკატი ჩაერთო საქმეში. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. ის უნდა დაისაჯოს.

- ლიკა, გვიამბეთ, რატომ გაუშვით შვილები მინდობით აღზრდაში?

- სამი შვილის დედა ვარ, მეუღლემ სამი ბავშვით ხელში მყოფი მიმატოვა და უკიდურეს მდგომარეობაში ვიყავი. მაშინ უფროსი შვილი სამი წლის იყო, შუათანა წლინახევრის, პატარა - 2 თვის. მერე მოვიდა ჩემი ქმარი და ძალადობის გზით, ჩემთან შემორიგება ისევ სცადა. კატეგორიულ უარზე ვიყავი, ამ ძალადობის გამო, ის დააკავეს, სასჯელიც მოიხადა და ციხიდანაც გამოვიდა, მაგრამ ჯიბრში ჩამიდგა და ბავშვების დახმარებაზე კატეგორიული უარი თქვა. მარტო მიწევდა ცხოვრება, დედაჩემი ფიზიკურად მეხმარებოდა, მაგრამ შვილებს ვეღარ ვარჩენდი.

ორი ფატალური არჩევანის წინ დავდექი, ან შვილები უნდა მყოლოდა ჩემთან და როგორ ამოგვხდებოდა სული, არ ვიცოდით, ან ბავშვები უნდა დამეთმო და მინდობით აღზრდაში გამეშვა, რომ ისინი გადამერჩინა. სახლი იპოთეკაში იყო ჩადებული, სოფელ დიღომში, კარკასში ვცხოვრობდით. სახელმწიფომ რეკრეაციულის სტატუსი მიანიჭა იმ ზონას, ამაზე ცალკე ვეხვეწებოდი გამგეობას, ვიღუპები, ბავშვებით ქუჩაში ვრჩები-მეთქი, სახლსაც ვეღარ ვყიდდი ნორმალურ ფასად, იპოთეკა გადასახდელი იყო და ეს სტატუსი მოხსენით-მეთქი. არ გამიკეთეს, მერე მერიის თანამშრომლის ხელში აღმოჩნდა ჩვენი სახლი და მან მალევე შეცვალა სტატუსი.

საბოლოოდ, 3000 დოლარით დავრჩი. ბინა 600 ლარად ვიქირავეთ, მაგრამ მერე გადასახდელი თანხაც აღარ მქონდა. უკიდურეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი. სოციალური დახმარებით ბინის თანხას ვიხდიდი და საჭმლის ფული აღარ მქონდა. ვითხოვდი დასაქმებას, მაგრამ პასუხი არ მიმიღია, პანდემიის მერე ფსიქოლოგიურადაც გამიჭირდა, რადგან ვხედავდი, ბავშვებს ვეღარ ვარჩენდი. იმ წუთას ჩემთვის მთავარი იყო ჩემი შვილები მშივრები არ ყოფილიყვნენ. მივმართავდი არასამთავრობოებსაც, მაგრამ მეუბნებოდნენ, ჩვენ არ შეგვიძლია დახმარებაო. ვწერდი განცხადებებს მერიაში, სოციალურ სააგენტოში, აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციას მივმართე დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. გამგეობისგან ვიღებდი მცირე თანხას, ორ თვეში ერთხელ 300 ლარს. არადა, მერე, დროთა განმავლობაში გავარკვიე, რომ თურმე სახელმწიფოს ბევრი რესურსი ჰქონდა ჩვენს დასახმარებლად, თუმცა არც ერთი არ შემომთავაზეს. მივმართავდი ყველას და ყველაფერს, რომ როგორმე ჩემი შვილები გადამერჩინა, რადგან მათი არც რჩენის საშუალება მქონდა და არც თავშესაფარი. რთული დღეები გვქონდა. კრიზისული ცენტრიდან დამირეკეს და მითხრეს, შენ რომ კურსების გავლა გინდოდა, მოდი და შეგიძლია გაიაროო.

შემატყვეს, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ ვიყავი. მოვუყევი ორი თვის ქირა გადასახდელი მაქვს და ლამის ქუჩაში დავრჩე, არ ვიცი, ბავშვებს რა მოვუხერხო-მეთქი. დედათა და ბავშვთა თავშესაფარი შემომთავაზეს, სადაც სხვა ბავშვებიც არიან, ჩემი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვუთხარი, იქ ყოფნას ვერ შევძლებ-მეთქი, თან 2 თვით უნდა ვყოფილიყავით იქ, მერე სად მიშვებდნენ, ამაზე პასუხი არ იყო. იქ ძირითადად, ტრეფიკინგის მსხვერპლებს ეხმარებიან და იფარებენ. ვითხოვდი დასაქმებას, ამ პატარა ბავშვებს ვერსად დატოვებ და ამიტომ უნდა გაუშვა დროებით მიმღებ ოჯახშიო. არ ვიცოდი კანონებიც, მითხრეს, რომ მიმღებ ოჯახში გექნება ნახვის და ბავშვების წამოყვანის უფლებაო. სიღატაკის გამო გიწევს ამის გაკეთება და შენ არ შეგეზღუდება უფლებები, ჩვენ კი ამასობაში მოგამზადებთ, კურსებს გაივლი და შემდეგ დაგასაქმებთო.

მეგონა, თავად ეს ორგანიზაცია იღებდა ამას თავის თავზე. როდესაც გავიგე, რომ ეს თურმე სოციალურ მუშაკს ევალება, უკვე გვიანი იყო. მაშინვე დავიწყე იმის გარკვევა, თუ რა პირობებში იქნებოდნენ ბავშვები. სოცმუშაკმა დამამშვიდა, დროებით გიწევს ამ განცხადების დაწერა, ისიც სიღატაკის გამო და არც ბავშვების დაბრუნების დროს შეგექმნება პრობლემებიო. მოკლედ, მათ ხელში ჩავვარდით მე და ჩემი შვილები. მოსამართლემაც დაინახა, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვიყავი მძიმე მდგომარეობაში, სახელმწიფოს არც ის აინტერესებდა მე ქუჩაში დავრჩებოდი, თუ რა მომივიდოდა.

მოკლედ, ამის მერე ბავშვები თბილისში მიმღებ ოჯახში გადაიყვანეს, სამივე ერთად, ერთ ოჯახში იყვნენ, ერთი წლის ვადით. ამ ერთი წლის განმავლობაში სოცმუშაკს უნდა ეკონტაქტა ჩემთან, ყველაფერი უნდა მცოდნოდა ჩემს შვილებზე, ვის ოჯახში იყვნენ. მხოლოდ ერთხელ გამაცნეს ის და მორჩა. 4 თვის მანძილზე არ პასუხობდა ჩემს შეტყობინებებზე. ბავშვებთან მისვლა ამეკრძალა. ამიკრძალეს ხშირი დარეკვებიც. არ მანახებდნენ სახლს, სადაც ჩემი შვილები იყვნენ. შემიზღუდეს დედობის უფლებები... მნახველი პირის სტატუსის მატარებელი გავხდი, როცა ვიკითხე, რის გამო მიზღუდავდნენ ამ უფლებებს, ამაზე პასუხი დღემდე არ მიმიღია. როცა რამე პრობლემაზე ვსაუბრობდი, მეუბნებოდნენ, ვერ გაიგე, შენ არ გაქვს ამდენის უფლებაო. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ფსიქოლოგიურად შევერყიეთ და მერე ეთქვათ, ამასთან რა უნდა ბავშვებსო. ბავშვების ნახვის უფლება მქონდა, მაგრამ მიმღები ოჯახი სოცმუშაკის გარეშე არ მახვედრებდა. მერე მედიით გავახმაურე ეს ამბავი, დიდი ბრძოლების შემდეგ მივედი ბავშვების სანახავად. ყოველ ნახვაზე ბავშვებს ერთი სული ჰქონდათ, როდის წამოვიყვანდი. ესეც დიდი ბრძოლით მოვიპოვე. ისე შეიცვალა სოცმუშაკი, არაფერი ვიცოდი, არავინ მაქცევდა ყურადღებას. ბავშვებს ფსიქოლოგიურად ამუშავებდა მიმღები ოჯახი და მეც მეუბნებოდნენ, შვილებს თბილად არ მოექცე, რომ მერე შენგან წასვლა არ გაუჭირდეთ და ელაპარაკე იმ ქალზე, რომელთანაც ცხოვრობენ, როგორი კარგიაო. უფროსი ახლა 7 წლის არის, შუათანა 6 წლის და პატარა 4 წლის. 6 თვეში უნდა შეემოწმებინათ ჩემი სოციალური მდგომარეობა, რომ მერე რეინტეგრაციაზე დაეწყოთ მუშაობა, მაგრამ არც ეს გააკეთეს. ცდილობდნენ, დედა დაეცილებინათ შვილებისთვის, რომ მერე ეთქვათ, ბავშვებს დედა არ უნდათო. ბავშვებს ეუბნებოდნენ, დედამ უარი თქვა თქვენზე, რადგან არ სცალია თქვენთვის, არ აქვს სახლი, რომ დაგაძინოთ, საჭმელი, რომ გაჭამოთ და აქ ჯობიაო.

ამის გამო, რაღაც პერიოდი უფროსი ბიჭი ჩემს მიმართ აგრესიული გახდა, მაშინვე მივხვდი, ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეწოლა რომ მიდიოდა. ფსიქოლოგებთან ვიზიტები მოვითხოვე, მაგრამ მითხრეს, ამის უფლებაც არ გაქვს, მას უკვე სხვა დედა ჰყავსო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეები გავიარე, არადა ჩემი შვილები იქ მხოლოდ იმიტომ მივიყვანე, რომ მათ ფიზიკურად ვერ ვარჩენდი. ფარ-ხმალი არ დამიყრია, ეს პერიოდი, ამ ყველაფრის მიუხედავად, იმაზე მეტჯერ ვნახულობდი ჩემს შვილებს, იმაზე მეტჯერ მომყავდა, ვიდრე უფლება მაქვს. მათაც სხვა გზა უბრალოდ არ დავუტოვე.

- როგორც ვიცი, თქვენ უკვე წამოიყვანეთ ბავშვები, არადა, კანონით ჯერ დედობის უფლება აღდგენილი არ გაქვთ?

- ნაქირავებში ვცხოვრობ, ამის მერე ვითხოვდი მოეცათ ჩემი შვილების წამოყვანის უფლება. უარი მითხრეს, პირობები არ გაქვსო. მეგობრების და უბრალო ადამიანების შემოწირულებით ცოტა საჭირო ნივთები შევიძინე, ერთმა კომპანიამ ორსართულიანი საწოლი მაჩუქა, მეორემ მისთვის ორთოპედიული ლეიბებიც და ნელ-ნელა მოვაწყვე პირობები, რომ სააგენტოს არ ეთქვა უარი ბავშვების რეინტეგრაციაზე. ამ დრომდე ამას ვერ მივაღწიე.

ბავშვები სახლში რომ მოვიყვანე და ვუთხარი, რომ უკან აღარ წავიყვანდი, მას მერე დაიწყეს ამ ამბების მოყოლა. შეძრული ვარ იმით, რასაც ისინი ჰყვებიან. ამბობენ, იმიტომ არ გიყვებოდით, უკან რომ დავბრუნდებოდით, ის ამ ამბავს გაიგებდა და ჩვენ გვცემდაო...

ამაზე მან პასუხი უნდა აგოს, ახლა ჩემთვის მთავარია სხვა დედებიც გამოფხიზლდნენ და ამ კანონს ყველა დედა ერთად ვებრძოლოთ. სახელმწიფო თითოეულ ბავშვზე მიმღებ ოჯახს 600 ლარს უხდის და მე მთლიანად სამივე ბავშვის სოციალურ დახმარებას სულ 540 ლარს მიხდიდა და უნდა მყოფნოდა ქირაში, სკოლაში, ყველაფერში. დედა ვარ და ვალდებული ვარ ვარჩინო ბავშვები, ის კი სხვის შვილს ზრდის და ამიტომ აქვს ამხელა თანხაო. იმ ქალს რატომ არ აკონტროლებდნენ? ჩემს შვილს დასაძინებელ აბებსაც ასმევდა თურმე.

ბავშვებს სრულ სიბნელეში ეძინათ, არადა, ეშინიათ სიბნელის, ღამე ადგომას და მოშარდვას უშლიდა. ჩემმა გოგონამ მითხრა, ღამე არ ვდგები, საჭირო ოთახში შესვლა არ შეიძლება, უნდა მოვითმინო და მერე ვეღარ ვიძინებ, ფხიზლად ვარო... ამაზე დიდი ხმაური ავტეხე. მაშინ იმას მივაღწიე, რომ ღამით ერთი ნათურის ანთება მოსთხოვეს, დანარჩენი საშინელი ამბები კი ახლა გავიგე, თორემ ამდენი ხანი იქ როგორ გავაჩერებდი ჩემს შვილებს?! თან ბავშვებს ეუბნებოდა, თუ ამას დედას მოუყვებით, წაგიყვანენ ბავშვთა სახლში და დედას ვეღარ ნახავთ, დედათქვენი კი მე მეჩხუბება და ნუ გვაჩხუბებთო. მოუყევით მარტო კარგი რაღაცებიო.

მთელი ზაფხული ბავშვები რეზინის ფეხსაცმელში ჩაიხარშნენ და ვეხვეწებოდი ამას ნუ აცმევ-მეთქი, ჰიგიენურად მოუვლელები იყვნენ და ამას სულ ვაპროტესტებდი. მაშინაც გამოვკვეთე ბევრი დანაშაული და ვითხოვდი რეაგირებას, მაგრამ რასაც ბავშვები ახლა ჰყვებიან, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე პასუხი უნდა აგოს. ისიც ვერ გამიგია, სახელმწიფო რატომ არ აძლიერებს ოჯახებს, ხომ შეუძლია, ის თანხა, რასაც მიმღებ ოჯახს აძლევს, თვითომ დედებს მისცეს, ისინი ხომ უფრო კარგად იზრუნებენ თავიანთ შვილებზე. რატომ არ მიწყობენ მაგალითად ხელს? შენ რომ დაგეხმაროთ, მერე ყველა დედას მოუნდება და ისინი ლოთობაში ხარჯავენ იმ ფულსო. ასეთი დედების გამოვლენასაც და ამის კონტროლსაც რა უნდა, ამის გამო სხვები უნდა დაზარალდნენ?

- როგორც ვიცი, თქვენ მეოთხე შვილს ელოდებით და ახლა ცხოვრობთ თქვენს სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ნაქირავებში.

- დიახ, მე შევქმენი ახალი ოჯახი. ახლა მე და ჩემი მეუღლე ერთად ვიბრძვით ბავშვების უფლებებისთვის. ქირით ვცხოვრობთ 2-ოთახიან ბინაში. სოცმუშაკი მეუბნებოდა, ეს არ არის საკმარისი პირობები, ბავშვებს ცალკე ოთახი სჭირდებათო. რამდენი ხანია ვითხოვ რეინტეგრაციას, მაგრამ ვერ დააყენეს საშველი. მას შემდეგ, რაც ხალხის დახმარებით პირობები უფრო მოვიწყვე და საწოლებიც მაქვს ბავშვებისთვის, ისინი წამოვიყვანე.

მერე ამ საშინელ ამბებს რომ მომიყვნენ, უკან აღარ დავაბრუნე მოძალადესთან. ახლა სოციალური მუშაკი მეუბნება, რომ სხვა მიმღებ ოჯახში გადაიყვანს, მაგრამ ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ. ჩემი შვილები ჩემთან უნდა იყვნენ. მოვითხოვ, დამიბრუნონ დედის სტატუსი. ბავშვებიც მეხვეწებიან იქ არ წაგვიყვანოო.

ახლა ჩემი მეუღლე მუშაობს და მისი შემოსავლით ვიხდით ქირას. უკვე ბავშვების მამაც მეხმარება. მეოთხე რომ დაგემატება, ვეღარ მიხედავო მეუბნებიან. ეს არის აბსურდი! ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი შვილები ჩემთან იყვნენ და დამნაშავემ აგოს პასუხი. ადვოკატმა უკვე მიმართა და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

ლიკა კოლოტაურთან ვრცელი ინტერვიუ რამდენიმე კვირის წინ ჩავწერეთ. რადგან გვინდოდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსგანაც მოგვესმინა პასუხები, მაშინ ამ უწყებასაც დავუკავშირდით. კითხვების გაგზავნა გვთხოვეს და უწყებას ამ კითხვებით მივმართეთ:

- მინდობით აღზრდაში მყოფი სამი ბავშვის ქეისზე რას იტყვით?

- ბავშვების დედა შვილების გაყვანას ითხოვს, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე სააგენტოს?

- დედა, ლიკა კოლოტაური ამბობს, რომ მის გასაძლიერებლად არაფერი გაკეთებულა, რა პროგრამები არსებობს და რატომ არ იქნა გამოყენებული ეს პროგრამები ამ ოჯახთან?

- ცნობილია, რომ თითოეულ ბავშვზე სახელმწიფო 600 ლარს უხდის მინდობილ ოჯახს, რატომ არ ხდება ამ თანხის გადახდა ბიოლოგიური ოჯახისთვის, როცა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემის გამო გახდა ოჯახი იძულებული შვილი მინდობით აღზრდაში გადაეყვანა?

- ბავშვების დედა ამბობს, რომ მისი შვილები არიან ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, აქვთ სიბნელის შიში და მათ ბინაში ღამე შუქს უქრობენ, არ აძლევენ ღამით საპირფარეშოში გასვლის საშუალებას, არიან მოუვლელები, ამ ბრალდებებზე რას იტყვით და საერთოდ როგორ ხდება მინდობილი ოჯახის კონტროლი?

- როგორ უნდა დაიბრუნოს დედამ ამ შემთხვევაში შვილები, სახელმწიფო რაში დაეხმარება მას?

ამ კითხვებზე ასეთი პასუხები კი მოგვიანებით მივიღეთ:

"არასრულწლოვანები სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებულნი არიან 2022 წლის მარტის თვიდან, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

არასრულწლოვანების მშობლებისგან განცალკევების მიზეზს წარმოადგენდა დედის მხრიდან ბავშვების საჭიროებების უგულებელყოფა, ასევე, დედის განცხადება არასრულწლოვანების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების თაობაზე. ბავშვების დედა დარეგისტრირდა მისი არასრულწლოვანი შვილების მნახველ და გამყვან პირად.

ამ ეტაპზე, დედას არასრულწლოვანები გაჰყავს მის საცხოვრებელ მისამართზე, განსაზღვრულ დღეებში. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ოჯახთან პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებდა 2020 წლიდან, ოჯახი ჩაერთო სახელმწიფო მხარდამჭერ შესაბამის სოციალურ პროგრამებში. მიმღები მშობელი სათანადო მზრუნველობას ახორციელებს ბავშვების მიმართ და ამ ეტაპზე მზრუნველობასთან დაკავშირებული რაიმე სახის რისკები არ იკვეთება.

სოციალური მუშაკის მხრიდან რეგულარულად ხორციელდება ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი. ზოგადად და ამ შემთხვევაშიც, პრიორიტეტი ენიჭება სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ოჯახში შექმნილია მისთვის კეთილსაიმედო გარემო და საფრთხე არ ემუქრება მის სიცოცხლესა და ჯანსაღ განვითარებას. თუ ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ბიოლოგიური ოჯახისგან განცალკევების შემთხვევაში, არასრულწლოვანის განთავსება მინდობით აღზრდაში ხდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მინდობით აღზრდის ანაზღაურება მიეცემა მინდობით აღმზრდელს, მინდობით აღსაზრდელის მოვლისა და აღზრდისათვის"

პ.ს. თითქმის სამი კვირა დაგვჭირდა უწყებიდან ამ პასუხების მისაღებად, ამასობაში ისევ დაგვიკავშირდა ბავშვების დედა და ის უკვე უმძიმეს ბრალდებებს უყენებს მიმღებ ოჯახს და სააგენტოს. უკვე ითხოვს ძალოვანების ჩართვას ამ საქმეში. ბავშვების მონათხრობიც მან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

თუ სააგენტოს დამატებით, ახალ ბრალდებებზე პასუხის გაცემის სურვილი გაუჩნდება, ჩვენ მზად ვართ მათი პოზიცია გამოვაქვეყნოთ და კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ამ საქმეს.

(სპეციალურად საიტისთვის)