"ვლადიმერ პუტინს სულ უფრო მეტად და უპრეცედენტოდ აკრიტიკებენ - რუსეთის შეტევითი კამპანიის შეფასება" - რას წერს ISW? - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ პუტინს სულ უფრო მეტად და უპრეცედენტოდ აკრიტიკებენ - რუსეთის შეტევითი კამპანიის შეფასება" - რას წერს ISW?

„ვლადიმერ პუტინს სულ უფრო მეტად და უპრეცედენტოდ აკრიტიკებენ უკრაინისთვის ხერსონის ჩაბარების გამო“, - იუწყება აშშ-ის ანალიტიკური ცენტრი - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW - Institute for the Study of War) თავის ყოველდღიურ მიმოხილვაში სათაურით „რუსეთის შეტევითი კამპანიის შეფასება“ (ავტორები - გრეის მაპესი, ანჯელა ჰოვარდი, ფედერიკ კაგანი).

„ხერსონიდან რუსეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლამ რუს ომის მომხრეებსა და პრეზიდენტის მხარდამჭერებს შორის იდეოლოგიური განხეთქილება გამოიწვია. უკან დახევამ შეარყია ნაციონალისტთა რწმენა, რომ ვლადიმერ პუტინი თავისი დაპირებების ერთგულია და რომ ყველაფერს გააკეთებს მათ შესასრულებლად“, - ნათქვამია სტატიაში. ამის დასადასტურებლად, ISW-ის ექსპერტები იმოწმებენ აგრესიული „რუსული სამყაროს“ იდეოლოგის - ალექსანდრე დუგინის პუბლიკაციას თავის „ტელეგრამ-არხში“, რომელმაც ღიად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი.

მაინც რა თქვა ალექსანდრე დუგინმა ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგოდ?

გთავაზობთ მისი ბლოგის ტექსტს:

„ხერსონი ჩაბარებულია. ჩაბარებულია რუსული ქალაქი, რუსეთის ერთ-ერთი ოლქის დედაქალაქი - ისეთივე, როგორიცაა ბელგოროდი, კურსკი, დონეცკი ან სიმფეროპოლი. თუ თქვენთვის სულერთია, მაშინ თქვენ რუსი არ ხართ. რუსები ხერსონის ჩაბარებით განცდილი ტკივილის გამო კბილებს აკრაჭუნებენ, სიმწრისაგან ქვითინებენ და ისე იტანჯებიან სულიერად, თითქოს მათ გული ამოაჭრეს, თითქოს მათ წინაშე შვილებია მოკლული, დები, ძმები და ცოლები... თუ თქვენ ახლა გული არ შეგტკივათ, არარაობა ხართ.

ხელისუფლება. რა პასუხისმგებლობა აქვს მას? რაშია თვითმპყრობელი ხელისუფლების აზრი, რომელიც გვყავს? ჩვენ მმართველს აბსოლუტურ ძალაუფლებას ვაძლევთ, მან კი ჩვენ ყველას - ხალხს, სახელმწიფოს, მოქალაქეებს - კრიტიკულ მომენტში უნდა გვიშველოს და დაგვეხმაროს. თუ მმართველს თავის გარემოცვაში ისეთი დებილები ჰყავს, რომლებსაც სოციალური სამართლიანობა ფეხებზე ჰკიდიათ, ეს ძალზე არასასიამოვნოა, მაგრამ კიდევ მოსათმენია, თუ თვითონ მმართველი საბოლოოდ მტკიცედ იმოქმედებს, სიტუაციას გამოასწორებს და საზოგადოებას, ქვეყანას გადაარჩენს. მაგრამ თუ ვერ გადაარჩენს? მაშინ მას „წვიმის მეფის“ ბედი ელოდება (ბრიტანელი მწერლის ჯეიმს ფრეზერის წიგნის „ოქროს რტოს“ მიხედვით, რომელშიც მეფის მკვლელობაა აღწერილი - ქვებით ჩაქოლვის რიტუალის შესრულებით). მაშ, როგორ გინდათ? თვითმპყრობელობას ორი მხარე აქვს - სრული ძალაუფლება წარმატების დროს და სრული პასუხისმგებლობა მარცხის დროს.

როგორ უნდა გამოვიდეთ სიტუაციიდან?

დაუყოვნებლივ არის საჭირო სუვერენული დიქტატურიდან კომისარულ დიქტატურაზე გადასვლა, ანუ იდეოლოგიისთვის უპირატესობის მიცემა. მმართველმა ეს თითქმის გააკეთა, მაგრამ ისევ „თითქმის“, რის შედეგადაც, ხერსონი ჩააბარეს. გენერალ სერგეი სუროვიკინის მიმართ არავითარი პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. გენერალი პოლიტიკოსი არ არის, ის მხოლოდ ფრონტის ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს. მას არ უნდა დავარტყათ. ალბათ, ხვდებით, თუ ვინაა საცემი და დასარტყმელი. არავითარი პიარი მას აღარ გადაარჩენს. კრიტიკულ სიტუაციებში პოლიტტექნოლოგიები არ მუშაობენ. დღეს ისტორია ლაპარაკობს, რომელიც ჩვენთვის საშინელ სიტყვებს წარმოთქვამს. ეს ღალატი კი არ არის, არამედ, ნაბიჯი არმაგედონისაკენ. ომში დასავლეთის პირობები, რომელიც ცივილიზებული სატანის განსახიერებაა, მოსკოვისათვის არასოდეს მისაღები არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვრჩებით მხოლოდ ტაქტიკური ბირთვული და სტრატეგიული ბირთვული იარაღის იმედით, რაც შეიძლება ყველას და ყველაფრის დასასრული იყოს.

იცით, რა არის ყველაზე მთავარი?

გარემოებათა ზეწოლის გამო (და ეს ძალიან ცუდი და საშინელებაა) ჩვენ ზოგიერთი სამხედრო-პოლიტიკური კორექციები განვახორციელეთ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს (რატომ ასე გვიან, ეს ცალკე საკითხია), მაგრამ კორექციები არაეფექტური გამოდგა. ბოლო რესურსს იდეოლოგია წარმოადგენს - ნამდვილი იდეოლოგია და არა ისეთი "ფეიკები", რომლებსაც პრეზიდენტის შეშინებული ადმინისტრაცია თხზავს. გვეყოფა ლაქუცი და კუდის ქიცინი - ჩვენ მხოლოდ რუსული იდეა თუ გვიხსნის. სხვა გზა არ გვაქვს. რუსეთის ხელისუფლებას მეტის მიცემა ხალხისთვის არ შეუძლია, მან თავისი ლიმიტი უკვე ამოწურა, მას გამარჯვებისათვის შესაძლებლობები აღარ აქვს. ომი საერთო-სახალხო უნდა გახდეს, სრულიად სახალხო ომად უნდა გადაიქცეს. სწორედ ასეთი სახალხო უნდა გახდეს რუსული სახელმწიფოც და არა ისეთი, როგორიც დღეს არის“, - წერს ალ. დუგინი (წყარო).

როგორც ISW-ის ექსპერტები აღნიშნავენ, აშკარაა, ვლადიმერ პუტინს სულ უფრო უძნელდება თავისი რადიკალური მომხრეების შეჩერება იმის გამო, რომ მან, როგორც პრეზიდენტმა და ქვეყნის უმაღლესმა მმართველმა, „ყოვლისშემძლე ხელმწიფემ“ ვერ მოახერხა მიზნების მიღწევა და დაპირებების შესრულება უკრაინის მთავრობის დამხობისა და მთელი ქვეყნის დაპყრობის საკითხში.

ნაციონალისტურად განწყობილი პროპაგანდისტები - ისეთები, როგორებიც არიან ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი, სულ უფრო ხშირად ითხოვენ კრემლისაგან და სამხედრო სარდლობისაგან „ნამდვილი ომის წარმოებას“ უკრაინის წინააღმდეგ. ვლადიმერ სოლოვიოვმა მთელი ქვეყნის მოსახლეობის სრული მობილიზაციაც და არაკომპეტენტური ჩინოვნიკების დაპატიმრებაც კი მოითხოვა ხერსონის ჩაბარების გამო.

ISW-ის ვერსიის მიხედვით, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მიმართული მსგავსი პირდაპირი კრიტიკა ომის მომხრეთა შორის თითქმის უპრეცედენტოა, ხოლო ალექსანდრე დუგინის ხმამაღალი და მწვავე თავდასხმა ვლადიმერ პუტინზე შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ ნაციონალისტებს შორის „პროპუტინური“ განწყობები იცვლება.

კრემლის წინააღმდეგ გამოდიან ის საინფორმაციო არხებიც, რომლებსაც „კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ აკონტროლებს. აშკარაა, რომ ძალოვანთა გავლენა მატულობს. ზოგიერთმა „ვაგნეროველმა“ ბლოგერმა მიანიშნა, რომ ხერსონი კრემლმა „გაყიდა“ და ხაზო გაუსვეს, რომ რუსეთის ხელისუფლება რეგულარულად აბარებს ტერიტორიას ისე, რომ ხალხს არაფერს ეკითხება და პასუხისმგებლობას არ გრძნობს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ