აფეთქება სტამბოლში ერდოღანს მძლავრ კოზირს აძლევს ნატოსთვის თავისი პირობების საკარნახებლად... - კვირის პალიტრა

აფეთქება სტამბოლში ერდოღანს მძლავრ კოზირს აძლევს ნატოსთვის თავისი პირობების საკარნახებლად...

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის - სულეიმან სოილუს განცხადებით, 13 ნოემბერს სტამბოლის ცენტრში ტერორისტული თავდასხმის ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან, აინ ალ-არაბიდან მოვიდა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სირიის შტაბბინა მდებარეობს. სოილუმ დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა. 50 დაშავებული საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს, ხუთი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. მისივე თქმით, დაშავებულებიდან ორი - მძიმე მდგომარეობაშია.

1822649431-0-535-720-940-600x0-80-0-0-4f854fcbe7c2b66a5976428caf03d983-1668413701.jpg

რამდენად არაეთიკურადაც უნდა ჩანდეს, სტამბოლის ტერაქტის ფაქტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს თურქეთის და კერძოდ, მისი პრეზიდენტი ერდოღანის პოზიციას ევროკავშირთან და ნატოსთან არცთუ ადვილ ურთიერთობებში.

საქმე ის არის, რომ ევროკავშირი თურქეთის თავის რიგებში მიღების ათწლეულობით გაჯანჯლებას იმითაც ხსნის, რომ თურქეთი არ იცავს თავისივე მოქალაქე ქურთების უფლებებს, სამაგიეროდ კი, ანკარა დასავლეთს უთითებს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სისტემატურ ტერორისტულ ქმედებებზე ქვეყნის ტერიტორიაზე.

ასე რომ, ბოლო ტერაქტი და მისი დაბრალება ქურთების ამ პარტიაზე (რაც დიდი ალბათობით რეალობასთან ახლოს არის) ზრდის ერდოღანის არგუმენტების სიძლიერეს ევროკავშირთან კამათში.

მეორე, და არანაკლებ მნიშვნელოვანი, მიმართულება კი ნატოა, რომლის სრულუფლებიან წევრ თურქეთს ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები ჰყავს.

ნატო-თურქეთის თანამშრომლობის გზაც არ არის ია-ვარდით მოფენილი - იმის გამო, რომ ათიოდე წლის წინ აშშ-მა თურქეთს არ მიჰყიდა საზენიტო-სარაკეტო „პეტრიოტები“, ხოლო ბრიუსელმა ჩაუშალა ტენდერი ჩინური, ანალოგიური კლასის საზენიტო საშუალებების შესასყიდად, ერდოღანმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ძალზე მიუღებელი ნაბიჯი გადადგა და პუტინისგან შეიძინა საზენიტო „ს-400“-ები. ამან, თითქოს, კიდევ დააშორა თურქეთისა და დანარჩენი ნატოს პოზიციები, მაგრამ შეიჭრა რა მეზობელ უკრაინაში რუსეთი, სხვა, კრემლისგან შეშინებულმა მეზობლებმა - ფინეთმა და შვედეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სასწრაფოდ გაწევრება მოინდომეს, რაზეც ათწლეულობით თავს იკავებდნენ.

მაგრამ ნატოს დებულება ურყევია - ალიანსის ახალი წევრის მიღება მისმა ყველა წევრმა, 30-ვე ქვეყანამ უნდა მოიწონოს და ახლა დადგა თურქეთის მხრიდან ერთგვარი შურისძიების მომენტი...

პრეზიდენტმა ერდოღანმა თავიდანვე ძალზე მკაფიოდ განაცხადა, - სანამ შვედეთი და ფინეთი უარს არ იტყვიან „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრების პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, ხოლო იქ შეფარებულ ამ პარტიის წევრებს, რომლებსაც თურქეთში ტერორისტებად მიიჩნევენ, ანკარას არ გადასცემენ, თურქეთი დაბლოკავს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრების პროცესსო.

რამდენიმე დღის წინ შვედეთის პრემიერ-მინისტრი თავად ეწვია ანკარას, რაც უფრო იმაზე მიანიშნებდა, რომ თურქეთის ზემოთ მოხსენებულ კატეგორიულ მოთხოვნებს შვედეთი დათანხმდა ანუ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სასწრაფო გაწევრება და ამით კოლექტიური თავდაცვის „ქოლგის“ გადაფარება მთელი ქვეყნისთვის რუსული, არცთუ ჰიპოტეტური საფრთხეებისგან დასაცავად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ქურთების უფლებების დაცვა.

75f4d46f-1a5f6516a3a8eb56b5d439e5043b07f8-1668413723.jpeg

შესაბამისად, 13 ნოემბრის ტერაქტი სტამბოლის ცენტრში, რომლის განხორციელებაშიც თურქეთის ხელისუფლება უკვე ღიად ადანაშაულებს „ქურთისტანის მუშათა პარტიას“, შვედეთისა და ფინეთის მთავრობებს გაუზრდის მორალურ უფლებებს, ქურთების უფლებების დაცვის საკითხს ნატოში გაწევრება ამჯობინონ...