"დღეს ამ სახლში უსახლკარო ბავშვები არიან შესახლებულნი" - რა დიდი ქონება დაუტოვა ქალაქ ფოთს ექიმმა, რომელიც ეროვნებით სომეხი იყო - კვირის პალიტრა

"დღეს ამ სახლში უსახლკარო ბავშვები არიან შესახლებულნი" - რა დიდი ქონება დაუტოვა ქალაქ ფოთს ექიმმა, რომელიც ეროვნებით სომეხი იყო

"დასავლური ჭადრაკი" - ასე ჰქვია წიგნს ფოთის შესახებ, რომლის ავტორები ახალგაზრდა მწერლები - გიორგი სარჯველაძე და ერეკლე გოგიშვილი არიან... წიგნი წლების განმავლობაში იქმნებოდა და ფოთის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის უცნობ ამბებს ასახავს, რომელთა ნაწილი ავტორებმა ჩვენც გაგვიზიარეს...

გიორგი სარჯველაძე:

"ფოთი ჩემი ქალაქია. ხალხის ბავშვობის საზაფხულო ისტორიები რომ სხვადასხვა კუთხეს უკავშირდება, ზუსტად ასეა ფოთი ჩემთვის, მეორე ქალაქია და ზოგჯერ პირველობასაც კი იკავებს. ამ ქალაქში სხვანაირი აურაა, ანტიკური და სიდიადით გაჟღენთილი. რთულია და, ამავდროულად, საკმაოდ საპასუხისმგებლო, წერდე ასეთი ისტორიის ქალაქზე"...

mcerali-1668682386.jpg

ერეკლე გოგიშვილი:

"წიგნზე მუშაობა, ერთი მხრივ, საინტერესო, ხოლო, მეორე მხრივ, საკმაოდ რთული პროცესი გახლდათ. გავეცანით არა ერთ საისტორიო მასალასა თუ წყაროს, რომელიც სხვადასხვა ბიბლიოთეკასა თუ არქივში იყო გაბნეული. შესაბამისად, ავტორებს რუტინულ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს პროცესი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა. მოგვიწია ისეთი დოკუმენტური მასალების გაცნობამ, რომლებიც ფართოდ არ არის გავრცელებული. მაგალითად, ტერნი კოგოსივოს ანდერძი, რომელმაც ქალაქს გადასცა თავისი ქონება; ფრიკის მიერ დაპროექტებული საუცხოო შენობები; ნიკო ნიკოლაძის როლი ქალაქის განვითარებაში და ა.შ. ამავდროულად, გვიწევდა საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა, გასაუბრება, რაც საბოლოოდ, წიგნის იმ სახით დაბეჭდვაში დაგვეხმარა, როგორი ჩანაფიქრიც გვქონდა"...

რამდენიმე საინტერესო და ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ისტორიას გაგიზიარებთ...

"ფოთის პარკის ისტორია ჯერ კიდევ XVI საუკუნის პირველ ნახევარში იწყება. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ფოთში თურქებს ციხესიმაგრე აუშენებიათ, 1578 წელს, ხოლო დღევანდელი პარკის ტერიტორიაზე 1723-1725 წლებში გადასულან. პარკი შემოსაზღვრული ყოფილა ქვის გალავნით, რომელსაც კოშკები ჩაშენებული ჰქონია. 1828 წელს ფოთი თურქებისგან გათავისუფლდა, ხოლო 1858 წელს ქალაქად გამოცხადდა... 1870 წელს ქალაქს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე ესტუმრა. იმპერატორის დასახვედრად ფოთის ციხეს სახე შეუცვალეს, როგორც სიმბოლოს თურქთა ბატონობისა: მოშალეს გალავანი და, ამავდროულად, მეჩეთი. ნიკოლაძის ქალაქისთავად დანიშვნის შემდეგ, 1896 წელს, მან კოშკს მიანიჭა ევროპული იერსახე: მოხსნა ხის ზედა ნაწილი, დააშენა ქვის სართულები და კოშკის ბოლო სართულზე დაადგმევინა პარიზიდან ჩამოტანილი სამმხრივი მექანიკური საათი და ზარი.

poti-2-1668682482.jpg

1904 წელს, ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით, ფოთში ჩავიდა წარმოშობით ლიეტუველი არქიტექტორი - ედმუნდ ფრიკი. ამ ადამიანმა ქალაქ ფოთს გაუფართოვა არქიტექტურული სიმდიდრე და ღირებულება. ფოთში ფრიკის დაპროექტებული საკმაოდ ბევრი შენობაა, რომლებსაც დღესაც ნახავთ. ედმუნდ ფრიკს გააჩნია საკუთარი, განსხვავებული და ორიგინალური არქიტექტურული ხელწერა. სწორედ ფრიკისეული არქიტექტურა განაპირობებს იმას, რომ ფოთი წლების განმავლობაში ყალიბდებოდა ევროპული ტიპის ბურჟუაზიულ ქალაქად. ფრიკმა, ნიკოლაძესთან ერთად, ქალაქის არა ერთი შენობა დააპროექტა, პარიზის ბულვარის მიხედვით და ქალაქის ზედხედი, რომელიც, მართლაც სხივური განლაგებისაა, იდეალურად ესადაგება პარიზის ცნობილ ზედხედებს. მოდერნის ყველა ნაგებობა, რომელიც ქალაქშია წარმოდგენილი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც დაგეგმარებით, ასევე, ექსტერიერის კუთხით. ედმუნდ ფრიკის შენობები სხვადასხვა სიმაღლისაა. არქიტექტურულ ფონს ქალაქში, ედმუნდ ფრიკის გარდა, კიდევ მრავალი ადამიანი ქმნიდა. მათ შორისაა ინჟინერი გ.ვასილევიჩი, რომელმაც ქალაქს დაუტოვა ორი საგანმანათლებლო შენობა - ქალთა პირველი გიმნაზია, რომელიც 1902 წელს აიგო და მესამე საჯარო სკოლა (წმ. ნინოს სახელობის), რომელიც თარიღდება 1909 წლით.

oti-1668682264.jpg
ფოთი

არ შეიძლება ყურადღების მიღმა დავტოვოთ ერთი, ძალზე საინტერესო პიროვნება ქალაქ ფოთის ისტორიაში, ვინც საკუთარი სიცოცხლე მთლიანად დაუთმო მედიცინას და პირნათლად ემსახურა ქალაქს. საუბარი გვაქვს ნიკოლოზ ადამის ძე ტერნიკოგოსოვზე. იგი გახლდათ სომეხი წარმოშობის ექიმი (1855-1931), რომელიც ფოთში მოღვაწეობდა. ნიკოლოზი საკუთარ სახლში იღებდა პაციენტებს და სამედიცინო დახმარებას უწევდა. ყველაზე საყურადღებოა მისი ანდერძი.

გთავაზობთ ამონაწერს ქალაქის საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის ოქმიდან (1931წ. 29 იანვარი).

„ინფორმაციული მოხსენება ქ.ფოთის ნოტარიუსის ამხ. ლ.კუჭუხიძესი.

ექიმ ტერნიკოგოსოვის გარდაცვალების დროს დატოვებული ანდერძის შესახებ. ხსენებული ტერნიკოგოსოვი, თანახმად მის მიერ დატოვებული ანდერძისა, მოძრავ ქონებას უანდერძებდა საკუთრებად მის მეუღლეს ანნას, ხოლო სახლს ხირურგიული ხელსაწყოებითა და სამედიცინო წიგნების ბიბლიოთეკას კი უანდერძებს მასვე მისი სიცოცხლეში მფლობელობის სახით და ცოლი მისი ანნას სიკვდილის შემდეგ კი უნდა დარჩენოდა ქალაქ ფოთის საბჭოს როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონება. შენობაში კი უნდა მოწყობილიყო ტერნიკოგოსოვის სახელობის სამკურნალო ღარიბ ავადმყოფთათვის. ხირურგიული ინსტრუმენტები რჩებოდა ქალაქს ამავე საავადმყოფოსათვის.

poti-1668682514.jpg

ანდერძის წარმოდგენის დროს, ქვრივმა ანნა ტერნიკოგოსოვამ განმიცხადა, რომ ის თხოულობს მოძრავ ქონებას მის სახელზე, თანახმად ანდერძისა, ხოლო რაც შეეხება სახლს, ხირურგიულ ხელსაწყოს, საექიმო წიგნების ბიბლიოთეკას და სამედიცინო ავეჯეულობას, ასეთებს ნებაყოფლობით ახლავე უთმობს და უარს აცხადებს ამ ქონების მფლობელობაზე. ხოლო თხოულობს, რომ მას ამავე სახლში დაეთმოს მის სიცოცხლეში საცხოვრებლად ორი პატარა ოთახი, რაც მისი სიკვდილის შემდეგ გადაეცემა საბჭოს, თანახმად ხსენებულ ნოტარიუსის წარმოდგენილი წერილობითი მოხსენებისა. როგორც სახლი, ისე მთელი ზემოხსენებული ინსტრუმენტები და ავეჯეულობა შეფასებულია დალუქული საერთო წესით.“

საოცარია ამ ადამიანის სიყვარული ქალაქისადმი. მან ქალაქს დაუტოვა საკუთარი სახლი, რომელიც დღეს წარმოადგენს უნიკალურ არქიტექტურულ ნიმუშს. როგორც ამონაწერიდან ვიგებთ, სახლი უნდა გადასცემოდა ქალაქს მხოლოდ და მხოლოდ იმ ფუნქციით, რომ ემკურნალათ ღარიბი, ავადმყოფი ბავშვებისათვის. დღეს ამ სახლში უსახლკარო ბავშვები არიან შესახლებულნი, მართალია, შენობას ანდერძის მიხედვით არ იყენებენ, მაგრამ ის ემსახურება სიკეთეს, აქ იზრდება მომავალი თაობა, რომელმაც თავშესაფარი სწორედ ამ დიდი ექიმის სახლში იპოვა. ნიკოლოზ ადამის ძე ტერნიკოგოსოვი კი მისივე სახლის ეზოშია დაკრძალული.

1950 წლის სექტემბერში გიორგი ლეონიძე სტუმრებია ფოთს. სახალხო პოეტის დასახვედრად დიდი მზადება ყოფილა ქალაქში. გამოუკრავთ აფიშები, საიდანაც საზოგადოებას აუწყებდნენ, რომ 24 სექტემბერს, ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართებოდა „ნატვრის ხის“ ავტორისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო. იმ დროს ფოთში გამოდიოდა გაზეთი სახელწოდებით „მგზნებარე კოლხიდელი“, რომელიც აშუქებდა დიდი პოეტის სტუმრობას. ფოთში ჩასვლისას გიორგი ლეონიძე ზემო ხსენებულ სასტუმრო „კოლხეთში“ დაუბინავებიათ.

309067085-199-1668682222.jpg

საღამოზე უამრავი ადამიანი მისულა. პოეტი განსაკუთრებით მოუხიბლავს ფოთელ მოსწავლეს - მზია წუწუნავას, რომელსაც არტისტულად წაუკითხავს პოეტის რამდენიმე ლექსი. ნასიამოვნებ პოეტს გოგონასთვის საკუთარი ლექსების კრებული უჩუქებია.

საინტერესოა, რომ ლექსების კრებული პიმენ ნაცვლიშვილისთვისაც უჩუქებია წარწერით - „პოეზიის მეგობარს - ფოთის საღამოს მოსაგონებლად“. საღამოს დასრულებისას პოეტს ფოთისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაუკითხავს. ადვილი წარმოსადგენია, როგორ ოვაციებს მოუწყობდა მგოსანს ფოთის იმდროინდელი საზოგადოება. საღამოს, როგორც წესია, ბანკეტიც გაუმართავთ.

გოგლას, ყველაფრით კმაყოფილს, ბოლოს ხუმრობით მაინც უთქვამს საყვედური, თურმე, სუფრაზე არც ერთი ქალბატონი არ ყოფილა:

„ამას კი ვერ მოგიწონებთ ფოთელებს, რომ ქალებს ასეთ ბანკეტებზე არ იწვევთო!“

ლიტერატურულ საღამოზე წაკითხული ლექსის გამოცემა მოუწადინებიათ ადგილობრივ გაზეთში - „მგზნებარე კოლხიდელი“. მეორე დღეს, პიმენ ნაცვლიშვილი მისულა გოგლა ლეონიძესთან და უთხოვია, რომ ეს ლამაზი ლექსი მიეცა ფოთის მთავარ გაზეთში დასაბეჭდად.

მას კი ასეთი პასუხი გაუცია:

- ასე გადაწყვიტეთ? მაშ, მე კიდევ მომიწევს ლექსზე წამუშავება. დაბეჭდილს უთვალავი მკითხველის თვალი და ყური ამოწმებს. აჩქარება არ ივარგებს. მით უფრო, რომ თქვენს ქალაქში პირველად ვხვდები საზოგადოებას და მისდამი პატივი კარგი ლექსით უნდა გამოვხატოო.

აი, ეს ლექსიც:

„გულიდან ამოფრენილი სალამი! მხარევ მზიანო!

აყვავებულო კოლხიდავ, გული მსურს დაგაზიარო!

შავი ზღვის ტალღავ, სალამი! ზვირთის ნაპერწკლის ძგრიალო!

მინდა ჩემ ქართულ სიტყვამაც შენსავით დაიწკრიალოს!..

არ დაიღალო, ტალღაო, შუქურავ ვარსკვლავიანო,

არ დაიღალო სამღერლად, ჩემო სამშობლოს ნიავო!...

აშენდი აშენებული! აყვავდი დამშვენებული!

სულ მღერდეს შენი ქუჩები, შავ ნისლებს აღარ ებუროს.

ზღვად ნადინარი ცრემლები გეყო, რაც გულმა დალია,

აქ რომ ვარდები ჰყვავიან, წინაპართ სულის კვალია.

ძველო კოლხეთო, ფაზისო! მედეას საღვთო ჭალაკო,

ლამაზ ჭაბუკთა მშობელო, აყვავებულო ალაგო!

შენ, საქართველოს ძალ-ღონევ, დაუშრეტელო მარაგო!

სიტყვა, რაც გულში დუღდება, მსურს შენთვის გადმოვალაგო!

ლექსი, რაც გულში მწიფდება, მსურს შენთვის გავაბარაქო!

ვაშა, შენს ვაჟებს, შენს გმირებს, შრომის გმირების ბანაკო!..

მადლობა, კიდევ მადლობა, ლამაზო ფოთის ქალაქო!“

(სპეციალურად საიტისთვის)