"ვიცი, რომ სამხარაული ამზადებს დასკვნას, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იქნება" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ვიცი, რომ სამხარაული ამზადებს დასკვნას, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იქნება" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ალტერნატიულ ექსპერტიზას ამზადებს. აღნიშნულის შესახებ ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი განაცხადა.

ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

"მას 6 თვეა, 38 აქვს სიცხე, იყო პერიოდი, როცა ეს ტემპერატურა ქრებოდა, თუმცა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, სიცხე აქვს, საკვებს ვერ იღებს და კიდევ სხვა უამრავი სიმპტომი აქვს. რაც შეეხება სასჯელის გადავადებას, ან სასჯელისგან გათავისუფლებას, გარდა იმისა, რომ მძიმე ავადმყოფობის ხარისხი უნდა არსებობდეს, მეორე შემადგენელი ნაწილია, ეს დაავადებები ხელს უშლის თუ არა მას სასჯელის მოხდაში, ანუ აქვე დგება ქვე საკითხი, უტარდება თუ არა ადეკვატური მკურნალობა, თუ ადეკვატური მკურნალობა უტარდება ბატონ სააკაშვილს, რატომ აქვს 38 სიცხე, რატომ აქვს მარცხენა ზედა კიდურის აუტანელი, გაუსაძლისი ტკივილი, რატომ ცვივა თმები, რატომ ტყდება ფრჩხილები, რატომ ვეღარ გადაადგილდება, რატომ გაჩნდა ეჭვი ტუბერკულოზთან დაკავშირებით, რატომ აქვს ხერხემლის აუტანელი ტკივილები, რატომ დაიკლო 25 კილოგრამი „ვივამედში“ ყოფნის პერიოდში, მაშინ, როცა შიმშილობა მას იქ არ გამოუცხადებია. საკვებს ვერ იღებს, რასაც იღებს, იმასაც უკან აბრუნებს. სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. არ გვინდა მოვლენებს გავასწროთ, მაგრამ სერიოზული მტკიცებულებებია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ არათუ „ვივამედი“, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არ არის იმ სიმაღლეზე და ისე მომზადებული, შეძლონ ამ პაციენტის მკურნალობა, საუბარია, საკმაოდ მძიმე დაავადებებზე“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე განმარტებით, კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროების მოთხოვნით სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით ხვალ მიმართავს.

„სასამართლოს ამ შუამდგომლობით მივმართეთ და ერთ-ერთმა მოსამართლემ განჩინება გამოიტანა და უარი გვითხრა, შუამდგომლობა საქმის განმხილველ რომელიმე მოსამართლესთან დააყენეთო, ეს შუამდგომლობა გამზადებული გვქონდა და მოსამართლე ჩახნაშვილთან დღეს უნდა დაგვეყენებინა. მოსამართლე გამოვიდა, სხდომა თვითონ გახსნა და თვითონ დახურა, შუამდგომლობის დაყენების უფლებაც კი არ მოგვცა. ამიტომ, მე სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით შემაქვს ქალბატონ ჩახნაშვილთან ეს შუამდგომლობა. ვიდეომასალას ყველა ვარიანტში მოვიპოვებთ, რადგან ის რამდენიმე ფაქტორის გამო გვჭირდება. პირველი, მას ამერიკელი ექსპერტები ითხოვენ, რადგან კლინიკაში გონების კარგვის 4-5 ეპიზოდი იყო, საექსპერტო კვლევისთვის ეს მასალები საჭიროა. მეორე, საზოგადოებას გვინდა ვანახოთ ამ ერთი წლის განმავლობაში რა მოხდა, როგორ მოხდა, ყველამ ვიცით, როგორი ადამიანი შევიდა იქ, ახლა აჩვენონ დღევანდელი კადრები, ჩვენ დავრთავთ ნებას. ბუნებრივია, სააკაშვილი თანახმაა, შეიძლება რაღაც ნაწილზე არ იყოს თანახმა, მაგრამ რაც დაკავშირებულია მის პალატაში ყოფნასთან, თანახმაა, პირიქით, რომ შევდივარ, მეკითხება, მოვიპოვეთ ეს კადრებიო? ეს კადრები ექსპერტებს მხოლოდ დაკვირვებისთვის არ სჭირდებათ, უნდათ, მტკიცებულებად დაურთონ საექსპერტო დასკვნას“, - აცხადებს ხაჭაპურიძე.

მისივე განმარტებით, სამხარაულის მიერ მომზადებულ დასკვნაში სავარაუდოდ, სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემებს ვერ დაინახავენ.

"ვიცი, რომ სამხარაული ამზადებს დასკვნას, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იქნება ჩვენი დასკვნისგან. თუმცა, იმ ექსპერტებს, რომლებიც მსგავსი ტიპის დასკვნას მოაწერენ ხელს, მათ პოზიციებს სასამართლოში საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელოდებათ. ტერმინი აქვთ შემოღებული - ადაპტაციური შეუგუებლობა, სტრესი აქვს თურმე და სტრესის გამო 8 თვეა, სიცხე აქვს, ვერ გადაადგილდება. სტრესის გამო ადამიანს მაქსიმუმ, შეიძლება ერთ დღე, ორი დღე ჰქონდეს 37 სიცხე. ექიმებს ვურჩევ, ამ გაუგებრობაში სჯობს თავი არ გაყონ, ვინაიდან ამ ყველაფერს საკმაოდ სერიოზული რეაგირება მოჰყვება.

ეს ექსპერტიზა თვალს დახუჭავს და დიაგნოზი იქნება, ეს არის სტრესიდან გამომდინარე და ადაპტაციური შეუგუებლობაო. გაუგებარი ტერმინია, რომელიც პატიმრებთან დაკავშირებით სამედიცინო ტერმინოლოგიაში არ გვხვდება და ამ ყველაფრის გასასამართლებლად არის შემოღებული, ეს არ გამოვა და ჯობს, თავი დაანებონ. ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, ისიც ვიცით ვინ არიან ჩართული, როგორ მოხდა მათი დათანხმება და ა.შ. ბევრი უარს აცხადებდა, რამდენიმე ექიმი ახლაც უარს აცხადებს, ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება არ უნდათ. ძალიან ძნელია, ექიმმა სააკაშვილზე დაწერო, რომ ჯანმრთელია. სახელმწიფო კომისია გახსოვთ თქვენ, ჩვენ იქ რამდენიმე ექსპერტი აღმოვაჩინეთ, რომლებიც სააკაშვილთან პიროვნულად არიან დაპირისპირებულები, როგორც კი სააკაშვილის სახელს და გვარს ახსენებ, პირად კონფლიქტში შემოდიან, გაირკვა, რომ ამ ხალხს მონაწილეობა მიღებული და ხელი აქვთ მოწერილი. აღმოჩნდა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, მათი ოჯახის წევრები ყოფილან სამსახურებიდან გამოძევებულები, მათ შორის, ერთ-ერთი ექსპერტიც სამსახურიდან ყოფილა დათხოვილი, იმ ექსპერტიზაში ისეთ ადამიანებს აქვთ მონაწილეობა მიღებული, რომლებიც პირად კონფლიქტში იმყოფებიან, ეს კი, სისხლის სამართლის დანაშაულია“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე განმარტებით, სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირების შესახებ იცის, თუმცა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არ საუბრობს.

"გამომხედა და არანაირი ინტერესი არ გამოუმჟღავნებია. ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თვალ-ყურს ადევნებს და ჩემთან რამდენჯერმე განაცხადა, საქართველოს ბედი დღეს უკრაინაში წყდებაო, ძალიან გახარებული იყო ხერსონის მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

"ინტერპრესნიუსი"