როგორ ამოვიცნოთ მატყუარა: ამერიკელი დიპლომატის, ჩარლზ  ბოლენის „უმარტივესი ფორმულა“ - კვირის პალიტრა

როგორ ამოვიცნოთ მატყუარა: ამერიკელი დიპლომატის, ჩარლზ  ბოლენის „უმარტივესი ფორმულა“

ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ვერ გაურკვევია საკუთარი იმპერიული ინტერესები და მიზნები თუ როგორ შენიღბოს უფრო კარგად ქართველებზე “ზრუნვითა და ფიქრით”, ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფუნქცია არ უნდა დავუკარგოთ. რუსეთის იმპერია, მეზობლებისადმი უხეში და აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამო, ყოველთვის იყო ერთგვარი გამომაფხიზლებელი და შემაკავშირებელი. “ჩრდილოელი დათვის” მოუხეშავი ქმედებები აფხიზლებდა მის მეზობლებს და შეკავშირებისაკენ უბიძგებდა. რუსეთის ისტორია ისეთი პარადოქსებისა და არარაციონალური, არალოგიკური მოვლენებისა და გადაწყვეტილებების ერთობლიობაა, რომლებიც თავად ამ ქვეყნის განვითარებას უშლიდნენ ხელს.

რუსეთის კანცლერი ალექსანდრე გორჩაკოვი (1792-1883) შუა აზიაში რუსეთის ექსპანსიას ამგვარად ასაბუთებდა: “რუსეთის მდგომარეობა შუა აზიაში ჰგავს ყველა იმ ცივილიზებული სახელმწიფოს მდგომარეობას, რომელთაც ურთიერთობა ნახევრადველურ მომთაბარე ტომებთან უხდებათ. ამ შემთხვევაში სავაჭრო ურთიერთობების და საზღვრების უსაფრთხოების ინტერესები ყოველთვის მოითხოვს, რომ უფრო ცივილიზებულ სახელმწიფოს ჰქონდეს გარკვეული ძალაუფლება თავის მეზობლებზე”. ცოტა ხნის შემდეგ, თითქოს გამოფხიზლდაო, იგივე გორჩაკოვი აღიარებდა: “რუსეთისათვის ტერიტორიების გაფართოება, მისი სისუსტის გაფართოების ტოლფასია”. თუმცა ამას არანაირად არ შეუცვლია რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა.

ხშირად იმეორებენ რუსი პოეტის, ფედორ ტიუტჩევის ლექსის ერთ სტროფს : „ჭკუით რუსეთს ვერ გაუგებ, საერთო საზომით ვერ გაზომავ . . .“. რუსეთის ისტორია მართლაც ადასტურებს, რომ ეს ქვეყანა კაცობრიობის განვითარების ლოგიკური და ცივილიზებული მოდელისგან ყოველთვის განზე იდგა და საკუთარი დამანგრეველ-ბარბაროსული იდეოლოგიით საზრდოობდა.

ამერიკელმა დიპლომატმა ჩარლზ ბოლენმა (1904-1974 წწ.) მთელი ცხოვრება და დიპლომატიური კარიერა საბჭოთა კავშირის შესწავლას მიუძღვნა. ის კარგად ფლობდა რუსულ ენას და ახალგაზრდობიდანვე საბჭოთა პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზის სპეციალისტობა სურდა. თუმცა რა გამოვიდა აქედან, ამას ბოლოს ვნახავთ. ბოლენი თავდაპირველად მუშაობდა ლატვიაში. 1934-1935 წლებში იყო მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მესამე მდივანი, 1938-1939 წლებში - კონსული, 1943-1944 წლებში - საელჩოს პირველი მდივანი. ომის დროს ის თან ახლდა რუზველტის ნდობით აღჭურვილ პირს, ჰარი ჰოპკინსს მოსკოვში სტალინთან შეხვედრისას. ბოლენი იყო პრეზიდენტ რუზველტის თარჯიმანი თეირანის (1943) და იალტის (1945) კონფერენციებზე.

stalin2-1668496080.jpg

მარცხნიდან: ჰარი ჰოპკინსი, ამერიკელი დიპლომატი სტივ ერლი და ჩარლზ ბოლენი

ჩარლზ ბოლენი 1953-1957 წლებში აშშ-ის ელჩი იყო სსრკ-ში. ბოლენის დიპლომატიური მოღვაწეობა საბჭოთა კავშირში სტალინის გარდაცვალებასა და ლავრენტი ბერიას ლიკვიდაციას დაემთხვა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს არქივებში შემონახულია ერთი დოკუმენტი, რომელიც მკითხველს ნამდვილად დააინტერესებს.

ერთ-ერთი საიდუმლო მოხსენებაში მოცემულია საბჭოთა კავშირში აშშ-ის ელჩის, ჩარლ ბოლენის ინფორმაცია XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პოლიტიკური ფიგურის, ლავრენტი ბერიას შესახებ, კერძოდ განხილულია ვერსიები 1953 წლის ივნისისის ბოლოს ბერიას გაუჩინარების თაობაზე (დოკუმენტის სტილი უცვლელია - ბ.ა.).

stalin3-1668496080.jpg

ჩარლზ ბოლენი

“მოსკოვის საელჩო იტყობინება , რომ ბერია დისკრედიტირებულია აღმოსავლეთ გერმანიაში ამბოხების გამო. ელჩი ბოლენი იტყობინება, რომ მოსკოვში დადის ხმები, რომ ბერიას უჭირს ან საერთოდ სრულიად კომპრომეტირებულია აღმოსავლეთ გერმანიაში მომხდარი უშიშროების სისტემის ჩამოშლის გამო. ბოლენი კომენტარის სახით უმატებს, რომ ეს ხმები შეიძლება გავრცელდა მარტოოდენ იმიტომ, რომ ბერია 27 ივნისს არ იმყოფებოდა სხვა საბჭოთა მაღალჩინოსანებთან ერთად დიდ თეატრის წარმოდგენაზე. . . . . შესაძლებელია, რომ ბერიას, როგორც უშიშროებისა და დაზვერვის უფროსს, დაბრალდეს აღმოსავლეთ გერმანიაში მომხდარი ამბოხი, მაგრამ ივნისში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარი საკადრო ცვლილებები მიუთითებდნენ ამ თვის განმავლობაში ბერიას ძალაუფლების სიმტკიცეზე. აგრეთვე, შესაძლოა, რომ ბერიასადმი მისი კოლეგების მხრიდან უკმაყოფილება გამოწვეულია მისი თვითნებური ქმედებებით ახლანდელ ქართულ რეპრესიებთან დაკავშირებით, რაც ზოგადად მის (ბერიას) სახელს უკავშირებენ.საქართველოს კომუნისტური პარტიის ყრილობა, რომელიც თავდაპირველად 25 მაისს უნდა გამართულიყო სავარაუდოდ, სწორედ აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით გადაიდო და ახალი თარიღი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა”.

რა წყაროებიდან შეიძლება ჰქონოდა ამგვარი ცნობები აშშ-ის ელჩს? საიდუმლო დოკუმენტის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ინფორმაციის მთავარი წყარო ე.წ. “არაფორმალური კომუნიკაცია”, მარტივად რომ ვთქვათ ჭორები იყო. საბჭოთა სპეცსამსახურები (უპირველესად კონტრდაზვერვა) მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უმკაცრესად აკონტროლებდა უცხოეთის მოქალაქეების (მათ შორის დიპლომატების) გადაადგილებასა და კონტაქტებს საბჭოთა მოქალაქეებთან. საელჩოებში დამონტაჟებული იყო მოსასმენი აპარატურა, ხოლო უცხოელი დიპლომატების გადასაბირებლად ან დასაშანტაჟებლად წარმატებით იყენებდნენ საბჭოთა უშიშროების აგენტ -“მერცხლებს” (ანუ ორივე სქესის აგენტებს, რომელთა მოვალეობა უცხოელების ცდუნება და ამ გზით მათი ნდობის მოპოვება იყო). განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ დიდი თეატრის ბალერინები და ბალერონები. მათ ევალებოდათ: საელჩოებიდან დოკუმენტებისა და ინფორმაციის მოპოვება, დეზინფორმაციის გავრცელება და უცხოელი დიპლომატების შეტყუება “სექს-ხაფანგებში”, რის შემდეგაც მათი კომპრომეტირება ხორცილედებოდა. გამონაკლისი არც მოსკოვში აშშ-ის საელჩო იყო.

საბჭოთა კავშირში ელჩად დანიშვნამდე დიპლომატი ჩარლზ ბოლენი ცნობილი იყო, როგორც გართობისა და დროსტარების დიდი მოყვარული, მოსკოვში ჩამოსვლის შემდეგ კი აშშ-ის ელჩი დიდი თეატრის ბალერინების გარემოცვაში ათენებდა და აღამებდა. მკითხველს არ ეგონოს ვაჭარბებ. მემუარული ლიტერატურიდან დასტურდება, რომ ერთ-ერთ ცნობილ საბჭოთა ბალერინას, დიდი თატრის სოლისტ ირინა ჩერნოცკაიას, რომელიც განსაკუთრებით მეგობრობდა ელჩთან, 1950-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის საელჩოში ცალკე აპარტამენტებიც კი ჰქონია, სადაც ის ხშირად ღამე რჩებოდა. ბუნებრივია ეს საბჭოთა სპეცსამსახურების დავალებით ხდებოდა. ის ინფორმაციაც, რასაც რუსი ბალერინა ელჩ ბოლენს მიაწვდიდა (მათ შორის ლავრენტი ბერიას გაუჩინარების შესახებ) “ლუბიანკაზე” იწერებოდა.

მოსკოვის შემდეგ ჩარლზ ბოლენის დიპლომატიური კარიერა წარმატებით გაგრძელდა: ის იყო აშშ-ის ელჩი ფილიპინებზე (1957-1959) და საფრანგეთში 1963-1967 წლებში. კარიერის მიწურულს ჩარლზ ბოლენი წერდა: “რუსეთის ექსპერტები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ არაკომპეტენტურობის სხვადასხვა დონე . . . ორ შემთხვევაში შეიძლება დარწმუნებით თქვა, რომ მატყუარასთან გაქვს საქმე: თუ ადამიანი ამბობს, რომ მთელი ღამე შამპანურის სმა შეუძლია და არ თვრება, და მაშინ როცა ვინმე ამბობს, რომ რუსების ესმის” - აი ასეთია „მატყუარას ამოცნობის“ ჩარლზ ბოლენის „ ფორმულა“.

მართლაც, მსოფლიოში მოქმედი უამრავი „სოვეტოლოგი“, „კრემლოლოგი“ და „პუტინოლოგი“, რომლებთაც პრეტენზია აქვთ, რომ რუსეთის ხელისუფლების მოქმედებების პროგნოზირება შეუძლიათ, „გაღიმებული დარჩნენ“ პუტინის 24 თებერვლის ავანტიურით. თუმცა არა მხოლოდ ისინი.

2021 წლის ოქტომბერში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ფრიად საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი და დაზვერვის, სამხედრო და დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელები: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, აშშ-ს არმიის გენერალი მარკ მილი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ბერნსი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. შეხვედრაზე განიხილეს უაღრესად საიდუმლო სადაზვერვო დოკუმენტები, რომელიც შედგებოდა კოსმოსური დაზვერვის, ფარული მიყურადებისა და აგენტურული გზით მოპოვებული ინფორმაციისაგან. აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლება იხილავდა საკითხს, თუ რამდენად შესაძლებელი იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა. სხვადასხვა წყაროებით მოპოვებული ინფორმაცია ადასტურებდა, რომ უკრაინის საზღვართან პუტინმა განალაგა სამხედრო შენაერთები, რომლებიც უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდნენ. თუმცა თეთრ სახლში ბევრს გაუჭირდა რუსეთის ლიდერის ამბიციების ბოლომდე აღქმა: მათ არ სჯეროდათ, რომ გონიერი ხელისუფალი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს დაიწყებდა და ფაქტობრივად მთელ მსოფლიოს დაუპირისპირდებოდა. საინტერესოა კიდევ რამდენ სიურპრიზს გვიმზადებს პუტინი?