"საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი ფიზიკურად უმოძრაო... ფიზიკური აქტიურობა კიდევ უფრო ეცემა, რისკები დიდია" - ჯანმოს წარმომადგენელი - კვირის პალიტრა

"საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი ფიზიკურად უმოძრაო... ფიზიკური აქტიურობა კიდევ უფრო ეცემა, რისკები დიდია" - ჯანმოს წარმომადგენელი

საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი ფიზიკურად უმოძრაოა, ხოლო მოსახლეობის 90% მაღალი ინტენსივობის რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას არ ასრულებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ განაცხადა, რომელმაც ფიზიკური აქტივობის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის პროექტზე ისაუბრა.

როგორც ღვინიანიძემ აღნიშნა, სპორტული კომპლექსების მომხმარებელთა წილი საქართველოს მოსახლეობის 10%-ს არ აღემატება, ხოლო 90% ამ სერვისით არანაირად არ სარგებლობს.

„დღეს გვაქვს ასეთი ვითარება - თითქმის ყოველი მე-6 ადამიანი არის ფიზიკურად უმოძრაო. ხოლო ჩვენი მოსახლეობის 90% არ ასრულებს მაღალი ინტენსივობის რეგულარულ ფიზიკურ აქტიურობას, რომელიც ყველაზე სასარგებლო ფიზიკურ აქტივობად ითვლება. ეს არის საწყისი წერტილი, რომელიც ევროპაში დაახლოებით, შუალედური მაჩვენებელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ფიზიკური აქტიურობა კიდევ უფრო ეცემა, რისკები დიდია. იმის თქმა, რომ საშუალო მაჩვენებლები გვაქვს, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, მაგრამ კარგი სტარტია ის, რომ დავიწყოთ ამ პროცესებზე და ფაქტორებზე ზემოქმედება. დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ სკოლებში ფიზიკური აქტივობის გაკვეთილი ჩატარდეს რეგულარულად და დასწრების მაჩვენებელი მაღალი იყოს. ამასთან, სკოლებამდე გადაადგილება რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა და მშობელმა შეძლოს აქტიურად, ასევე, ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ნომერ პირველი გადაადგილების საშუალება დიდ ქალაქებში, ის, რომ განვითარდეს სივრცეები ფეხით მოსიარულეებისთვის, ველოსიპედებისთვის, მიკროტრანსპორტისთვის და ეს იყოს წახალისებული და მიმზიდველი. უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომ შევამციროთ კერძო ტრანსპორტის მოხმარება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სპორტული კომპლექსები, სტადიონები შენდება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ პროფესიული სპორტის საჭიროებები ამ კომპლექსების მშენებლობისას, არამედ მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის საჭიროებები. დადგენილია, რომ სპორტული კომპლექსების მომხმარებელთა წილი არ აღემატება ჩვენი მოსახლეობის 10%-ს. მოსახლეობის 90% ამ სერვისით არანაირად არ სარგებლობს, რადგან იქ არ არის განვითარებული ისეთი პროგრამები, რომელშიც მოსახლეობა ჩაერთვებოდა“, - განაცხადა ღვინიანიძემ.

ამასთან, როგორც ჯანმოს წარმომადგენელმა ინტერვიუში აღნიშნა, სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია ისიც, რომ ორგანიზაციებმა, სამსახურებმა თავიანთ თანამშრომლებს შესთავაზონ და წაახალისონ, რომ ავტომობილის ნაცვლად სამსახურში აქტიური საშუალებებით მივიდნენ.

„ასეთი პროგრამები უცხოეთში ძალიან პოპულარულია. მაგალითად, გადაადგილდნენ ველოსიპედით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ და არ გადატვირთონ ქალაქი. ამ სტრატეგიაში განსაზღვრულია, რომ ეს არის მიმართულება, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამისთვის, ალბათ, შესაბამის დამსაქმებლებთანაც მოხდება შეხვედრები და შეთავაზება სხვადასხვა მოდელების“, - განაცხადა ღვინიანიძემ და განმარტა, რომ ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო სტრატეგიაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანმოს რეკომენდაციით მუშაობს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

IPN