"რუსეთის ყველაზე საშიში დეპუტატი" - რით არის ცნობილი ადამ დელიმხანოვი"
აშშ-ის რადიოსადგურის "თავისუფლება/თავისუფალი ევროპის" (Radio Free Europe/Radio Liberty - RFE/RL) რუსულენოვანი სამსახურის - "სვობოდას" პროექტის "კავკაზ რეალიის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "რუსეთის ყველაზე საშიში დეპუტატი" უკრაინაში: რით არის ცნობილი სახელმწიფო სათათბიროს ჩეჩენი წევრი ადამ დელიმხანოვი" (ავტორი - პეტრო სევრიუკი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი ჩეჩნეთიდან ადამ დელიმხანოვი, უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრისთანავე, ბრძოლაში მონაწილეობისათვის წავიდა და იქ მყოფ ჩეჩნურ ქვედანაყოფებს შეუერთდა. ოპოზიციონერები და მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენელი მას რამზან კადიროვის "ტიკ-ტოკური" (Tik-Tok - სოციალური ქსელი) ჯარების მეთაურად თვლიან და ამით იმას მიანიშნებენ, რომ პოლიტიკოსი რეალურ ბრძოლებში მონაწილეობას არ იღებს და მხოლოდ იარაღით ხელში პოზიორობს, ისიც ფრონტის ხაზიდან მოშორებით. ადამ დელიმხანოვი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის "მარჯვენა ხელად" ითვლება, რიგ სკანდალებშია გარეული, მათ შორის კრიმინალურშიც - პოლიტიკურ მკვლელობებში, თავდასხმებში და ა.შ.
"ტიკ-ტოკური" გმირი
ადამ დელიმხანოვი რეგულარულად თხზავდა და ქმნიდა დადგმულ ვიდეოსიუჟეტებს, თითქოსდა ჩეჩენი მეომრები ცხარე ბრძოლებში მონაწილეობენ: სწორედ ასეთი ვიდეორგოლების გამო უკრაინელებმა ჩეჩნურ ქვედანაყოფებს "ტიკ-ტოკური" ჯარები უწოდეს. მაგალითად, კიევის გამოცემის "Слідство.Інфо"-ს ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ადამ დელიმხანოვისა და რამზან კადიროვის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოები მარიუპოლის აღების თაობაზე - მაშინ როცა ქალაქი ისევ უკრაინის არმიის კონტროლქვეშ იყო - მხოლოდ ერთ კვარტალში იყო გადაღებული და თანაც ბრძოლების ხაზიდან თითქმის კილომეტრის დაშორებით. ადამ დელიმხანოვს უკრაინაში არაერთხელ მოუწყია პრეს-ტურები ჟურნალისტებისათვის და მათ "ჩეჩენი მეომრების ძალას და ძლიერებას" აჩვენებდა.
რასაკვირველია, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ფრონტზე ყოფნა სათანადოდ იქნა დაფასებული - ადამ დელიმხანოვი "რუსეთის გმირის" წოდებით და ოქროს ვარსკვლავით დაჯილდოვდა. საყურადღებოა, რომ იმ პერიოდში უკრაინაში ჩეჩნეთიდან ძირითადად მხოლოდ "რუსეთის გვარდიის" ქვედანაყოფები იმყოფებოდნენ, რომლებიც კი არ იბრძოდნენ, არამედ საპოლიციო ფუნქციებს ასრულებდნენ.
იმის მიუხედავად, რომ ადამ დელიმხანოვი სამსახურში არ დადიოდა (სახელმწიფო სათათბიროში), იგი მაინც დააწინაურეს - რიგითი დეპუტატობიდან უსაფრთხოების საკითხებისა და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. საინტერესოა, რომ 2017 წელს მას "მდუმარე დეპუტატი" შეარქვეს, რადგან სათათბიროში ყოფნისას 15 წლის განმავლობაში მან მხოლოდ 19 კანონპროექტის თანაავტორობა "მოასწრო".
მძღოლიდან - დაცვის მუშაკამდე
ადამ დელიმხანოვი სოფელ ჯალკაში დაიბადა, ანუ იმ დასახლებულ პუნქტში, რომელშიც რამზან კადიროვის ტეიპის (საგვარეულოს) წარმომადგენლები ცხოვრობენ. 1990-იან წლებში ადამი საველე მეთაურის სალმან რადუევის მძღოლად მუშაობდა, შემდეგ კი, რუსეთის ჯარების ჩეჩნეთში შეჭრამდე, 1999 წელს იგი თავის ძმებთან ერთად, რამზან კადიროვის მამის - ახმატ კადიროვის მხარეზე გადავიდა. ძმები შარიფი და ალიბეკი კადიროვ-უფროსის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები გახდნენ, 2000 წლის გაზაფხულზე კი მათ ადამიც შეუერთდათ.
2006 წელს მომავალი დეპუტატი ეჭვმიტანილი იყო ჩეჩნური რაზმის "მთიელის" მეთაურის მოვლადი ბაისაროვის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც რამზან კადიროვს უპირისპირდებოდა. როგორც ამბობენ, მოვლადი ბაისაროვი ადამ დელიმხანოვის პისტოლეტით იყო მოკლული, მაგრამ მან მართლმსაჯულებას თავი დააღწია: 2007 წელს, როცა რამზან კადიროვი ჩეჩნეთის პრეზიდენტი გახდა, ადამმა სახელმწიფოს სათათბიროს დეპუტატობას "გამოჰკრა ხელი" და მას შემდეგ ამ სტატუსს ინარჩუნებს. 2009 წელს რამზან კადიროვმა ადამ დელიმხანოვი თავის შესაძლო მემკვიდრედ გამოაცხადა რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტზე და მისი სახელი, საპატივსაცემოდ, მესამე შვილს დაარქვა.
დღეს ადამ დელიმხანოვის ბევრ ნათესავს ჩეჩნეთში რიგი მნიშვნელოვანი პოსტები აქვთ დაკავებული: ბიძაშვილი სულეიმან გერემეევი რუსეთის ფედერალურ საკრებულოში მუშაობს, ერთ-ერთი ძმა ალიბეკი რუსეთის გვარდიის ჩრდილოკავკასიური ოლქის სარდლის მოადგილეა, გენერალ-ლეიტენანტის ჩინით, "რუსეთის გმირის" წოდებით. კიდევ ერთი - შარიფ დელიმხანოვი ჩეჩნეთის ნავთობ-გაზის კომპლექსის დამცავი პოლკის მეთაურია, პოლიციის გენერალ-მაიორის ჩინით.
"ქვეყნის ყველაზე საშიში დეპუტატი"
2008-2009 წლებში ადამ დელიმხანოვი ეჭვიმიტანილი იყო სათათბიროს ექს-დეპუტატის რუსლან იმადაევისა და მისი ძმის, ჩეჩნური ბატალიონის "ვოსტოკის" მეთაურის სულიმ იამადაევის მკვლელობებში. 2013 წელს ადამ დელიმხანოვი სახელმწიფო სათათბიროს დარბაზში თავის კოლეგა დეპუტატს ალექსი ჟურავლიოვს წაეჩხუბა. როცა მოჩხუბრები გააშველეს, ჩეჩენ დეპუტატს ჯიბიდან ოქროს პისტოლეტი ამოუვარდა.
ადამ დელიმხანოვის როლი რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობაში დამტკიცებული არ არის, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეში მისი გვარი ბევრჯერ არის მოხსენიებული. ადვოკატები ცდილობდნენ დეპუტატის ძმის - ალიბეკის დაკითხვას, მაგრამ იგი სასამართლოში არ გამოცხადდა.
ადამ დელიმხანოვი ცნობილია თავისი უხეში მუქარებით მოსკოველი დეპუტატების - ფიოდორ ემელიანენკოსა და ალექსანდრე ზაკუსკინის მიმართ. გარდა ამისა, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის წინ ადამ დელიმხანოვი ჩეჩენ უფლებადამცველს აბუბაქარ იანგულბაევს "თავის მოჭრით" დაემუქრა.
2021 წლის ივნისში რუსეთის ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა ადამ დელიმხანოვს "ქვეყნის ყველაზე საშიში დეპუტატი" უწოდა.
სანქციები ყოველი მხრიდან
ადამ დელიხანოვის მიმართ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები ჯერ კიდევ 2014 წელს დააწესა და განაცხადა, რომ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს კავშირები აქვს უზბეკ კრიმინალურ ავტორიტეტ გაფურ რახიმოვთან და მის მიერ შექმილ დანაშაულებრივ ჯგუფ "ძმურ წრესთან".
2022 წლის ზაფხულში ადამ დელიმხანოვის წინააღმდეგ ძალაში შევიდა დამატებითი სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის გამო. 2022 წლის 22 ივლისს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერის გამო, კერძოდ, უკრაინის საკითხში, ადამ დელიმხანოვი ევროკავშირის სანქციების სიაშიც შეიტანეს. გარდა ამისა, სიაში აღმოჩნდნენ მისი ძმებიც - შარიფიც და ალიბეკიც.
2019 წლის მარტში აშშ-ის კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთს მოუწოდა ბორის ნემცოვის მკვლელების პასუხიმგებლობაში მიცემის თაობაზე, რომელშიც ადამ დელიმხანოვიც არის მოხსენიებული.
2022 წლის ოქტომბერში ადამ დელიმხანოვი და მისი ძმები უკრაინის სანქციების ქვეშ მოჰყვნენ, რუსეთის არმიის შეჭრაში მონაწილეობის გამო.
რუსი ოპოზიციონერის ალექსი ნავალნის თანამებრძოლებმა გამოაქვეყნეს "ომის გამჩაღებლების" სია, რომელშიც ადამ დელიმხანოვიც არის შეყვანილი. სიის შემდგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩეჩენი "კანონმდებელი" მთელ მსოფლიოში გაბნეულ ჩეჩნურ დიასპორებზე გავლენას ახდენს და ამ მიზნით კრიმინალურ და ფინანსურ პოტენციალს იყენებს".
"მისი უკრაინაში ყოფნა რუსეთის რეჟიმს ჭირდება"
მიმდინარე წლის სექტემბერში, ჩეჩნეთის სააგენტო "გროზნო-ინფორმის" ცნობით, ადამ დელიმხანოვი და სპეცქვედანაყოფ "ახმატის" მეთაური აპრი ალაუდინოვი ჯერ კიდევ უკრაინაში იმყოფებოდნენ. რამზან კადიროვის თქმით, "ჩეჩნური ელიტური ქვედანაყოფები, ადამ დელიმხანოვის მეთაურობით, დასვენების შემდეგ ფრონტზე დაბრუნდნენ". ამის საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლების ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერგეი ბრატჩუკმა დასცინა ჩეჩნეთის ლიდერის "მყვირალა განცხადებებს" და აღნიშნა, რომ კადიროველების მთავარი მოვალეობა ისაა, რომ მათ ბრძოლის ველიდან გაქცეული რუსი ჯარისკაცები გააჩერონ და უკან, ფრონტის ხაზზე დააბრუნონ.
"უკრაინაში ადამ დელიმხანოვის ყოფნა კრემლის რეჟიმს ჭირდება, - თვლის ერთ-ერთი რუსი პოლიტოლოგი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა ჟურნალისტთან საუბრის დროს - მას ჩეჩნეთის ხელისუფლებისაგან დევნის ეშინია. "ამჟამად რეჟიმი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, გამარჯვებებით ვერ დაიკვეხნის, ამიტომ მოსკოვისათვის ჩეჩნეთის ფაქტორით სარგებლობა აუცილებელია, სხვების "შესანჯღრევად".
"არ არის გამორიცხული, რომ ადამ დელიმხანოვი რამზან კადიროვის შემცვლელი აღმოჩნდეს - მას მამაცი ჯარისკაცის, ფრონტზე ნაბრძოლის და გმირის სახეს უქმნიან", - ამბობს ჩეხეთის კარლოვის უნივერსიტეტის თანამშრომელი ემილ ასლანი, - "ასევე არის იმის ალბათობაც, რომ დელიმხანოვის იმიჯის ჰეროიკულობით რამზან კადიროვი ცდილობს პასუხი გასცეს კრიტიკოსებს, რომლებიც ჩეჩნურ ქვედანაყოფებს "ტიკ-ტოკურს" უწოდებენ".
"ალბათ, რამზან კადიროვს აქვს იმის სურვილი, რომ უკრაინაში "თავისი ხალხი" ჰყავდეს, თავისი მომხრეები", - ამბობს უფლებადამცველი აბუბაქარ იანგულბაევი, - ვუშვებ იმის შესაძლებლობასაც, რომ რამზან კადიროვს ადამ დელიმხანოვის თავიდან მოშორება სურს. მისთვის ხელსაყრელი იქნება ახლო ადამიანის "გმირული სიკვდილი", რათა ამ არგუმენტით ვლადიმერ პუტინის წინაშე რაღაც გაითამაშოს".
ამჟამად რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრი ადამ დელიმხანოვი უკვე მეორე კვირაა ჩეჩნეთის ტელეკომპანია "გროზნის" ეთერში აღარ ჩანს, სადაც ის ადრე პრაქტიკულად ყოველდღიურად გამოდიოდა. მისი ეკრანიდან "გაქრობა" დაემთხვა უკრაინის არმიის მიერ 24 ოქტომბერს, ღამით განხორციელებულ დარტყმას ჩეჩნური ქვედანაყოფის დისლოცირების ადგილზე - ხერსონის ოლქის სოფელ კარაში, რომლის შედეგად 30-მდე ჩეჩენი დაიღუპა. საინტერესოა, რომ ადამ დელიმხანოვი არ ესწრებოდა იმ ღამით დაღუპული შვიდი თანასოფლელის დაკრძალვასაც. არც რამზან კადიროვს და არც თვითონ ადამ დელიმხანოვის ოჯახის წევრებს იმაზე, თუ რატომ გაქრა იგი რუსულ-ჩეჩნური მედიასივრციდან, რაიმე კომენტარი არ გაუკეთებიათ. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ