შეტევების იმიტაცია სხვადასხვა მხრიდან - საიდან დაარტყამენ რუს ოკუპანტებს სინამდვილეში? - კვირის პალიტრა

შეტევების იმიტაცია სხვადასხვა მხრიდან - საიდან დაარტყამენ რუს ოკუპანტებს სინამდვილეში?

დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და თავად ქალაქ ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, რაც ახალ წლამდე ცოტა სათუოდ მოჩანდა, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, „მადა“ გაეხსნა და ახალ შეტევით ოპერაციებს გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის პერიოდი დგება და შეტევითი სახის საბრძოლო მოქმედებების წარმოება ბევრად უფრო გართულდება.

უკრაინის გენშტაბში ძირითადი შეტევის მიმართულებას საიდუმლოდ ინახავენ (მათ შორის - ამერიკელი და სხვა დასავლელი პარტნიორებისგანაც კი), ხოლო მოწინააღმდეგის დაბნევას სხვადასხვა მიმართულებიდან დაზვერვითი სახის იერიშებით ახორციელებენ, მტრის თავდაცვითი პოზიციებისთვის კბილის მოსასინჯად...

ამჟამად რუსეთ-უკრაინის ომის ათასზე მეტ კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ორ ადგილას მიმდინარეობს - თუკი უკრაინის არმია ცდილობს შეტევების განხორციელებას ჩრდილო-აღმოსავლეთით, სვატოვო-კრემენოეს მონაკვეთზე, ლუგანსკის ოლქში, საპასუხოდ რუსი ოკუპანტები თავს იკლავენ ფრონტის დონეცკის მონაკვეთზე უკრაინული გადაბუგული და გაუკაცრიელებული სოფლების ასაღებად და რამდენიმეკვირიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, დიდი დანაკლისის ფასად, მართლაც შევიდნენ მაიორსკასა და პავლოვკაში...

2-a-1668507286.png
რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე ოპერატიული მდგომარეობა 15 ნოემბრის მონაცემებით

გარდა ამისა, ბოლო ორი დღეა, უკრაინელებმა დაზვერვითი სახის შეტევები წამოიწყეს მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში, ჩრდილოეთით - ნოვაია კახოვკასთან, სამხრეთით კი - ოლეშკისთან (რომელიც ქალაქ ხერსონის მოპირდაპირედ, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს) და გოლაია პრისტანთან, რითაც, შეიძლება, რუს ოკუპანტებს დნეპრის ფორსირებით აშინებენ...

მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის მიერ დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან არანაკლებ 30-ათასიანი დაჯგუფების გამოყვანის შემდეგ, ორივე დაპირისპირებულ მხარეს გამოუთავისუფლდა საკმაო რაოდენობის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა, რომელთა გადასროლაც საერთო ფრონტის ამა თუ იმ მონაკვეთის გასაძლიერებლად შეუძლიათ.

დიდი ალბათობით, რუსეთის გენერალიტეტი ამ თავისუფალ საბრძოლო რესურსს გამოიყენებს დონეცკის ფრონტის მონაკვეთზე მიმდინარე შეტევების გასაძლირებლად, რათა როგორმე დაიპყროს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარში შემავალი კრამატორსკი და სლავიანსკი, რითაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „რუსულ მიწად“ აღქმა გაუძლიეროს რუსეთის მოსახლეობის შოვინისტურად განწყობილ უდიდეს ნაწილს.

ხერსონის უბრძოლველად გათავისუფლებით მნიშვნელოვან საბრძოლო დანაკარგებს გადარჩენილი უკრაინის არმიის არანაკლებ 40-50-ათასიანი დაჯგუფების ეფექტიანად გამოყენების კარგი პერსპექტივები ეშლება კიევსაც - გადაისროლოს ეს დაჯგუფება ჩრდილო-აღმოსავლეთით, ლუგანსკის ოლქში, შეტევების გასაძლიერებლად და რუსეთის სამხრეთ საზღვარზე გასასვლელად თუ ზაპოროჟიედან სამხრეთით, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, ფართომასშტაბიანი იერიშების განხორციელება მათ დაავალოს, ენერგოდარისა და, შესაბამისად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რუსი ოკუპანტების გასაყრელად, შეძლებისმაგვარად კი - აზოვის ზღვის სანაპიროზე გასასვლელად, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხერსონის ოლქში რუსეთის როსტოვის ოლქიდან მიმავალი ერთადერთი სახმელეთო გზის ბლოკირებას. რუს ოკუპანტებს ისღა დარჩებათ, როგორც 24 თებერვალს ანექსირებული ყირიმიდან, ჩონგარისა და არმიანსკის გზებით შეიჭრნენ მატერიკული უკრაინის სამხრეთ ნაწილში, იმავე გზებით კუდამუძუებულები გაიქცნენ უკან, ყირიმის ნახევარკუნძულზე, ნახევრად დანგრეული ყირიმის ხიდის იმედად...

უკრაინის არმიის შესაძლო ფართომასშტაბიანი შეტევა ზაპოროჟიედან, მდინარე დნეპრის გადალახვითა და აზოვის ზღვამდე გასვლით, ძალზე მიმზიდველად გამოიყურება და მან შეიძლება გადაწყვიტოს ომის შემდგომი ბედიც, მაგრამ უკრაინის გენშტაბის ოპერატიული სამმართველო, სავარაუდოდ, კიდევ ერთ მიმართულებაზე გეგმავს მოულოდნელი იერიშების განხორციელებას, კერძოდ კი - კალანჩაკის ნახევაკუნძულზე, რომელიც ხერსონის ოლქის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში იმყოფება და ხმალივითაა შეჭრილი შავ ზღვაში.

აქ უკრაინული საზღვაო დესანტის წარმატებული გადასხმის შემთხვევაში, სკადოვსკის მიმართულებით შეტევისას, შეეძლებათ გაიჭრან არმიანსკისკენ და გადაკეტონ ანექსირებული ყირიმიდან ოკუპირებულ ხერსონის ოლქში რუსი სამხედროების მომარაგების ორიდან ერთი გზა.

მეორე გზის, ჩონგარზე გადასავლელის ბლოკირება შესაძლებელი გახდება, თუკი არმიანსკში უკრაინელები ფეხს მოიკიდებენ და „ჰაიმარსებს“ დაიხმარებენ. ამ მომენტისთვის 84 კმ-ზე მსროლელი „ჰაიმარსი“ დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან კი სწვდება არმიანსკის გასასვლელს, მაგრამ 130 კმ-ზე დაშორებულ ჩონგარის ხიდებამდე ვეღარ უწევს...

მოკლედ, ანექსირებული ყირიმიდან მატერიკულ უკრაინაში ორივე გადასავლელის ბლოკირება და, ამავდროულად, ზაპოროჟიედან სამხრეთით, მელიტოპოლისა და ბერდიანსკისკენ, აზოვის ზღვის სანაპიროზე გასასვლელად მიმართული ფართომასშტაბიანი და კოორდინირებული შეტევების ტაქტიკა ძალიან მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინის მხარისთვის, რომ „ტომარაში“ მოაქციონ უკრაინაში შეჭრილი რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვანი რიცხოვნობის სამხედრო დაჯგუფება...