"ბატონო კომისარო, სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული პროცესში - არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, პირველი რეკომენდაციის-დეპოლარიზაციის შესრულება" - კვირის პალიტრა

"ბატონო კომისარო, სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული პროცესში - არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, პირველი რეკომენდაციის-დეპოლარიზაციის შესრულება"

ბატონო კომისარო, სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული პროცესში - არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა ამ რეკომენდაციების მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება, ეს არის დეპოლარიზაცია და ჩვენ ნათლად ავხსენით და განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია თუ არ იქნება მათი მხრიდან თანამშრომლობის ანალოგიური მზაობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ 12-ვე რეკომენდაცია გადმოგვეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ, მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი ამ 12-ვე პრიორიტეტს და იქვე ჩვენ გავუხსენით კარი ყველა აქტორს - ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის კუთვნილება. კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველა აქტორს, რომ აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში, სხვა მხრივ ჩვენ გვექნება სერიოზული საუბარი ჩვენს საერთო პრიორიტეტებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სტარტეგიული გეოგრაფიული მდებარეობის უკეთ გამოყენებას. ჩვენი ქვეყანა მრავალი წელია ადასტურებს, რომ ვართ ევროპის ერთგული პარტნიორი და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავქვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ, მაგალითად, როგორიც არის „შავი ზღვის კაბელი“ და სხვ.“, - განაცხადა პრემიერმა.