"ეს კაცი არანაირი "ქოცი" არ არის" - რას ამბობს იაგო ხვიჩია ოლივერ ვარჰეის შესახებ? - კვირის პალიტრა

"ეს კაცი არანაირი "ქოცი" არ არის" - რას ამბობს იაგო ხვიჩია ოლივერ ვარჰეის შესახებ?

ეს კაცი არანაირი "ქოცი" არ არის, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შესახებ, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, ოლივერ ვარჰეი ქვეყნის მეგობრის პოზიციიდან საუბრობს და მას „ტყუილად აბრალებენ რაღაცებს“.

"ჩემი აზრით, ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, ჩვენ გვეხმარება. ორი მკაფიო მესიჯი იყო - თქვენ თუ რამის გაკეთება გინდათ, მხოლოდ ერთად შეგიძლიათ გააკეთოთო და მეორე მესიჯი, რომ მხოლოდ ახლა შეგიძლიათ გააკეთოთ და შესაძლებლობების ფანჯარა ყოველთვის არ იქნებაო. ეს ორი მესიჯი ძალიან გასაგებად გვითხრა, ახლავე უნდა დასხდეთ ერთად და რამე გააკეთოთ, 12 პუნქტი ერთად შეასრულოთ, თორემ არაფერი არ იქნება.

ამის მერე გამოვიდა და თქვა, როგორ კარგად ვასრულებთ ევროინტეგრაციის პუნქტებს. შენი მეგობარი, რომელიც გეხმარება ევროპასთან ურთიერთობაში, ამაზე უფრო მეტად როგორ უნდა დაგეხმაროს, შენთან მოვიდა და ეს გითხრა და ევროპელებს უთხრა, ასრულებს ეს ხალხი და მიაქციეთ ყურადღება, მათი შანსია და დავეხმაროთ რეალიზებაშიო. ამიტომ, მე ამ კაცს არ გავაკრიტიკებდი, რომ ორბანის კაცია და ა.შ. პირიქით... მოდი, ჩვენ ხელისუფლებას და ოპოზიციას მოვუწოდოთ, ამ კაცმა რაც გვითხრა, მართლა შევასრულოთ.

ამ კაცმა რაც გვითხრა, მართლა უნდა შევასრულოთ, ეს კაცი არანაირი „ქოცი“ არ არის, შენ გეხმარება რაღაც თვალსაზრისით, რომ იქ(ევროკავშირში) შეხვიდე“, - განაცხადა ხვიჩიამ.

"ინტერპრესნიუსი"