"რუსეთ-უკრაინის ომის განვითარების სამი სავარაუდო სცენარი: ყველაზე კარგი, იმავდროულად, ყველაზე ცუდიც არის" - კვირის პალიტრა

"რუსეთ-უკრაინის ომის განვითარების სამი სავარაუდო სცენარი: ყველაზე კარგი, იმავდროულად, ყველაზე ცუდიც არის"

დიდი ბრიტანეთის ჟურნალ "ეკონომისტში" (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "რუსეთ-უკრაინის ომის განვითარების სამი სავარაუდო სცენარი: ყველაზე კარგი, იმავდროულად, ყველაზე ცუდიც არის" (ავტორი - შაშანკ ჯოში, სამხედრო რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სადაზვერვო მონაცემების ანალიზის ყოველი გამოცდილი სპეციალისტი, ალბათ, გაიცინებდა, 2022 წლის მარტის დასაწყისში მისთვის რომ ეთქვათ - რვა თვის შემდეგ უკრაინა ისევ დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება და რომ უკრაინის არმიის წინააღმდეგობის შედეგად ათობით ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპება; რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ხომალდი "მოსკოვი" ფსკერზე აღმოჩნდება, ხოლო უკრაინას რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავების ჩამოგდების შესაძლებლობა ისევ ექნება. უკრაინამ ანალიტიკოსების მოლოდინი არ გაამართლა. უკრაინა იბრძვის და, ბოლო დროს, ხშირად იმარჯვებს კიდეც... მაგრამ რუსეთიც მობილიზებას ახდენს, თან - ზამთარი ახლოვდება...

განვიხილოთ სამი სცენარი, რომელთა მიხედვით შეიძლება მომავალ წელს მოვლენები განვითარდეს:

პირველი სცენარის თანახმად, რუსეთი იმარჯვებს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მას დამარცხებას უქადის. ზამთრის თვეებში რუსული არმია ფრონტის ხაზის სტაბილიზებას ახდენს, იმავდროულად კი - ახლადგაწვეული ჯარისკაცებისაგან ახალ ბატალიონებს ქმნის. ამერიკელი რესპუბლიკელები [წარმომადგენელთა პალატაში] ახერხებენ და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ბლოკავენ, ხოლო ევროპის მიერ მიწოდებული აღჭურვილობა იხარჯება. რუსეთის სამხედრო მრეწველობა, მართალია, ინტეგრალური სქემებისა და ნახევარგამტარი მოწყობილობების უკმარისობას განიცდის, შექმნილია სპეციალური იმპორტული ხელსაწყოების დეფიციტი, მაგრამ ქარხნები მაინც ახერხებენ და უშვებენ საკმარისი რაოდენობის საბაზო ჯავშანტექნიკას და სარაკეტო-საარტილერიო სისტემებს, არმიის ახალი ქვედანაყოფების შესაიარაღებლად.

გაზაფხულისათვის რუსული საჯარისო შენაერთები შეტევაზე გადადიან, ავიწროებენ უკრაინის ჯარებს, რომლებიც გადაღლილები არიან მრავალთვიანი სამხედრო მოქმედებებით. რუსული რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) კვლავ აგრძელებენ დარტყმებს უკრაინის ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე. ზაფხულის დადგომისთანავე კი კიევი თავდაცვით პოზიციაში ჩნდება: რუსეთი იპყრობს საოლქო ცენტრს - კრივოი როგს, ქალაქებს სლავიანსკსა და კრამატორსკს... დასავლეთის ქვეყნები უკრაინას მოუწოდებენ, რომ დათანხმდეს მოსკოვის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზე. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სხვა არჩევანი აღარ აქვს, გარდა იმისა, რომ დათანხმდეს. მომდევნო თვეებისა და, ალბათ, წლების განმავლობაში რუსეთი აქტიურად იარაღდება, რათა საჭიროების შემთხვევაში უკრაინას ისევ დაარტყას.

უფრო სავარაუდოა მეორე სცენარი - სიტუაციის ჩიხში შესვლა. რუსეთი ასეულობით ათასი წვევამდელის მობილიზებას ახდენს, მაგრამ მათი მომზადებისა და ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფების შესაქმნელად დრო არ რჩება, ყველა ინსტრუქტორი წინა ხაზზე იმყოფება. გამოცდილი ოფიცრების დიდი ნაწილი უკვე დაღუპულია. დონბასში ახალწვეულებისაგან იქმნება ქვეითთა ქვედანაყოფები, რომლებსაც ჯავშანტექნიკა არ აქვთ შეტევისათვის, მაგრამ შეუძლიათ სანგრებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების მოწყობა. რუსეთმა რომ ხერსონიდან 30-ათასიანი დაჯგუფება გამოიყვანა და ქალაქში უამრავი იარაღი დატოვა, ეს უკრაინისთვის ტრიუმფს ნიშნავს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუსეთი მაინც ინარჩუნებს ძლიერ პოზიციებს სამხედრო თვალსაზრისით - მათი (ვისი? - რუსეთის თუ უკრაინის?) მარცხენა ფლანგი მდინარე დნიპროთია დაცული. უკრაინის არმიის შეტევის ტემპები მინიმუმამდე მცირდება და დაყოვნებული ხდება. ყოველი კილომეტრის გაკონტროლება მათთვის მძიმე დანაკარგების ტოლფასია.

ვლადიმერ პუტინი, რომელსაც ბრძოლის ველზე გამარჯვების უნარი აქვს, ცდილობს, კონფლიქტი ისე გააჭიანუროს, რომ უკრაინის ისედაც დანგრეული ეკონომიკა კიდევ უფრო დაასუსტოს, მოსახლეობის მორალური სული გატეხოს - სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მასობრივი განადგურებით და უკრაინის დასავლელი პარტნიორების "სამხედრო რეზერვების გამოფიტვით". 2023 წლის განმავლობაში ევროპა ყველანაირად ცდილობს თავისი გაზსაცავების შევსებას, მაგრამ - უშედეგოდ. ზამთრის დადგომისთანავე ელექტროენერგია ითიშება. რუსეთის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ხელისუფლებაში 2024 წელსაც დარჩება, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება და უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს. მაგრამ ასეთი სიტუაცია რისკის შემცველიცაა: რუსეთის საზოგადოებრივი აზრი სულ უფრო მეტად არის ომის წინააღმდეგ, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად სუსტდება, პრეზიდენტის მოწყვლადობის ფაქტორი ძლიერდება...

მესამე სცენარი ყველაზე საიმედო და გამამხნევებელია, მაგრამ, იმავდროულად, ყველაზე საშიში და სახიფათოც: უკრაინა ინიციატივას ფლობს და შეტევის ტემპებს ავითარებს, ხერსონიდან უკანდახეულ რუსეთის არმიას ძლიერ დარტყმებს აყენებს და პირველად ათავსებს ამერიკულ საზენიტო-სარაკეტო დანადგარებს - Himars-ებს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ყირიმს ადვილად მისწვდება. რუსეთის პოზიციები ლუგანსკის ოლქში დარღვეულია, უკრაინის არმია იკავებს სევეროდონეცკს და სწრაფად იბრუნებს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს. რუსეთის არმიაში დანაკარგების ზრდის გამო ახალწვეულები ბრძოლაზე უარს აცხადებენ... დასავლეთის ქვეყნები უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ახალ სისტემებს აძლევენ და ამით რუსეთის სარაკეტო და საავიაციო დარტყმების ეფექტიანობას ასუსტებენ. რუსული სამხედრო-საავიაციო და სარაკეტო ქარხნები ვერ აკმაყოფილებენ ფრონტის მოთხოვნებს, ილევა ზუსტი რაკეტების არსენალი.

გაზაფხულზე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის არმიისადმი ბრძანებას გასცემს, ზაპოროჟიეს ოლქში ახალი ფრონტის გახსნის თაობაზე - მძლავრი საარმიო "მუშტი" რამდენიმე ბრიგადის შემადგენლობით ანგრევს რუსეთის პოზიციებს, ჭრის დონბასისა და ყირიმის შემაერთებელ სახმელეთო მაგისტრალებს და ზაფხულის დასაწყისში ალყაში აქცევს მარიუპოლს. უკრაინას Himars-ები კიდევ უფრო სამხრეთით გადააქვს და მიზანში იღებს ყირიმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუტქურის ობიექტებს... უკრაინა ნახევარკუნძულის დასაბრუნებლად ემზადება. ვლადიმერ პუტინი ულტიმატუმს აყენებს: "შეჩერდით, თორემ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებ!". მოკლედ, რაც უფრო ახლოვდება გამარჯვების საათი, მით უფრო მატულობს კატასტროფის ალბათობა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ