ეს არ იყო რუსეთის სარაკეტო დარტყმა ნატოს წევრ ქვეყანაზე... საბედნიეროდ - კვირის პალიტრა

ეს არ იყო რუსეთის სარაკეტო დარტყმა ნატოს წევრ ქვეყანაზე... საბედნიეროდ

15 ნოემბერს პოლონურ სოფელ პშევოდოვში ორი რაკეტა ჩავარდა და აფეთქდა. ერთმა მათგანმა ორი ადგილობრივი მაცხოვრებელი იმსხვერპლა...

ამ, თითქოსდა, ადგილობრივი მნიშვნელობის შემთხვევამ თითქმის მთელი მსოფლიო შეძრა, რადგან საქმე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დებულების მეხუთე პუნქტის ავტომატურ ამოქმედებისკენ მიდიოდა, რადგან ნატოს წევრი პოლონეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა მთლიანად ალიანსზე თავდასხმის ტოლფასი იქნებოდა, რაც ადექვატური პასუხის გაცემას მოითხოვდა რაკეტების გამშვები მხარისკენ. ეს, საბოლოო ჯამში, შეიძლება ნატო-რუსეთის საბრძოლო დაპირისპირებაშიც კი გადაზრდილიყო, თუკი დამტკიცდებოდა, რომ რაკეტები სწორედ რუსი სამხედროების მიერ იყო გაშვებული...

თავიდანვე ეჭვი რუსეთზე იმიტომ იქნა მიტანილი, რომ სწორედ 15 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, 90-ზე მეტი რაკეტითა და ათი კამიკაძე-დრონით (უკრაინის მხარის მტკიცებით, მათ ამ თავდასხმის დროს 73 რუსული რაკეტა და ათივე დრონი ჩამოაგდეს) და არსებობდა დიდი ალბათობა, რომ მათგან ორი რუსული რაკეტა, შემთხვევით ან სრულიად გამიზნულად, დაეცა და აფეთქდა პოლონურ სოფელში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან შვიდი კმ-ითაც კი არ არის დაცილებული.

2-raketa-1668594383.png
პოლონურ სოფელში რაკეტის ჩამოვარდნისა და აფეთქების შედეგი...

მაგრამ შემთხვევის ადგილზე აფეთქებული რაკეტების ფრაგმენტების დათვალირებისას, ასევე, პოლონეთის ცაში იმ დროს პატრულირებადი ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საშუალებით, ირკვევა, რომ პოლონურ სოფელში, სავარაუდოდ, აფეთქდა არა რუსული ფრთოსანი რაკეტები, არამედ - მათ ჩამოსაგდებად გაშვებული უკრაინული საზენიტო რაკეტები...

აფეთქების ადგილზე აღმოჩენილი რაკეტის ფრაგმენტი ძალზე წააგავს საბჭოთა პერიოდში წარმოებულ „ს-300“-ის ტიპის საზენიტო რაკეტას, ხოლო ამ ტიპის რაკეტებით შეიარაღებულია უკრაინის საჰაერო ძალების 540-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკი, რომლის დისლოკაციის ადგილი ლვოვის ოლქის ქალაქი კამენკა-ბუგსკაია არის. ეს უკანასკნელი იმ პოლონური სოფლიდან, სადაც რაკეტები ჩამოვარდა, 45 კმ-ითაა დაშორებული.

ამ მანძილის დაფარვა უკრაინელების მიერ რუსული სარაკეტო თავდასხმის მოსაგერიებლად გაშვებულ „ს-300“-ის ტიპის რაკეტებს უპრობლემოდ შეეძლოთ, ასე რომ, ყველაზე დიდი ალბათობით, ეს სახიფათო ინციდენტი საბჭოთა დროინდელი, მოძველებული საზენიტო რაკეტების დამიზნების სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია, თუმცა რატომ არ იმოქმედა თვითლიკვიდაციის მექანიზმმა მას შემდეგ, რაც რაკეტები საჰაერო მიზნებს ასცდნენ და ჰაერშივე არ აფეთქდნენ, ძნელი სათქმელია.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებს, სავარაუდოდ, თავისდაუნებურად „მეგობრული ცეცხლი“ გამოუვიდათ მეზობელი პოლონეთის (რომელიც ყველაზე აქტიურად ეხმარება უკრაინის არმიას რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში) მიმართ, ყველამ შვებით ამოისუნთქა, პირველ რიგში კი, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა და ნატოს წევრი იმ ქვეყნების სხვა ლიდერებმა, რომლებიც ამ ინციდენტის მომენტში ინდონეზიაში, ოცეულის სამიტზე იყვნენ შეკრებილნი - რუსული რაკეტების ვერსიის დადასტურების შემთვევაში ნატოს აუცილებლად მოუწევდა მკაცრი პასუხის გაცემა, რაც ჩვენს პლანეტას კიდევ უფრო მიაახლოვებდა მესამე მსოფლიო ომის დაწყებასთან...