"ნაციონალურ მოძრაობაში" პროცესი ინდური სერიალის ჟანრით მიმდინარეობს და ალბათ, კიდევ იქნება სერიები" - კვირის პალიტრა

"ნაციონალურ მოძრაობაში" პროცესი ინდური სერიალის ჟანრით მიმდინარეობს და ალბათ, კიდევ იქნება სერიები"

„ნაციონალურ მოძრაობაში" პროცესი ინდური სერიალის ჟანრით მიმდინარეობს და ალბათ, კიდევ იქნება სერიები, არ გამოვრიცხავ, კიდევ გამოჩნდნენ კანდიდატები, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, ის, რაც ახლა პარტიაში ხდება, დიდ პოლიტიკურ პროცესზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს“.

„ამიტომ, ჩემთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი კანდიდატი იქნება, ან როგორ მიდის ეს პროცესი, დიდ პოლიტიკურ სურათში შედეგის თვალსაზრისით ეს არაფერს შეცვლის... მიშა სააკაშვილი, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, ციხეში არ უნდა იყოს, საპატიმროს ორ შემთხვევაში დატოვებს. პირველი, ეს იქნება საკმარისად დიდი საერთაშორისო წნეხი, ან მეორე, ხელისუფლების შეცვლა. ის, რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით, არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება, ამიტომ, ამით არც სააკაშვილის ბედი შეიცვლება. ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას არ გაზრდის და ამ ქვეყანაში 10 ამომრჩევლიდან 8-ს „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა. ამიტომ ხელისუფლების შეცვლის თვალსაზრისით, ნულოვანი შედეგი ექნება იმას, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება და ვინ დაწერს შემდეგ საარჩევნო სიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამით არაფერი შეიცვლება ბიძინა ივანიშვილის დამარცხების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამ პროცესში ისინი მხოლოდ დაკარგავენ მხარდაჭერას, შესაბამისად, მათი მხარდამჭერების რაოდენობაც იკლებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, მას თავის დროზე არც ნიკა მელიასთვის მიუცია ხმა, ვინაიდან სამადაშვილის თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე.

"როცა "ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ვიყავი, თავმჯდომარედ ნიკა მელიასთვის ხმა არ მიმიცია არა იმიტომ, რომ მის საწინააღმდეგოდ რამე მქონდა, უბრალოდ, ჩემმა ხანმოკლე გამოცდილებამ "ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც 2016 წელს მივედი და 2020 წელს დავტოვე, მაჩვენა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ პარტიაში ვის ჰქვია პარტიის თავმჯდომარე, რადგან ამ პარტიის ამომრჩეველი ცალსახად მიბმულია ადამიანზე, რომელიც ვერც რამდენიმე წლის წინ და ვერც დღეს, ფუნქციურად პარტიის ლიდერი ვერ არის... მართლა არ არის ამაზე საუბარი საინტერესო, ეს არის წყლის ნაყვა, სრულიად უაზროდ ჩემი და თქვენი დროის კარგვაა "ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე პროცესზე საუბარი, რომელიც არანაირ შედეგს არ მოიტანს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თვალსაზრისით“, - განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის სურვილი, პარტიაზე გავლენები მოიპოვონ, იყო თუ არა გამოკვეთილი სამადაშვილის პარტიაში ყოფნის პერიოდშიც, ის ასე პასუხობს:

"საბოლოო ჯამში, მოკლე პერიოდი დავყავი "ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ რამდენადაც მესმის, 2016 წელს, პარტიის ამ დანაწილებაში ჩართული იყვნენ ორივე, როგორც კეზერაშვილი, ასევე, ვანო მერაბიშვილი, ვსაუბრობ, როცა ახალი პოლიტიკური პარტია შეიქმნა. ჩემთვის დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ ასე გამოიკვეთა შემდეგ, იცით, რომ 2016 წელს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში დარჩენის გადაწყვეტილება მივიღე და "ევროპულ საქართველოში“ არ გადავედი, მაგრამ ასე გამოიკვეთა, რომ ამ პროექტის უკან გარკვეული, სხვა ინტერესები იყო“, - განაცხადა სამადაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"