"შორდება თუ არა სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს" - კვირის პალიტრა

"შორდება თუ არა სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს"

ბრიტანული ჟურნალი "სფექთეითორი" (The Spectator) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "შორდება თუ არა სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს" (ავტორი - სინდი იუ), რომელშიც ვარაუდებია გამოთქმული ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის არსებული ურთიერთობების გარკვეული გაცივების თაობაზე.

"როცა პრეზიდენტი სი ამ კვირაში [ინდონეზიაში "დიდი ოცეულის"] ლიდერებს ხვდებოდა, ჩინური დიპლომატია არავითარ ტრადიციულ აგრესიულ და "მგლურ" ტონს არ ამჟღავნებდა - ისეთს, როგორსაც ჩვენ მივეჩვიეთ. აშშ-ის პრეზიდენტთან - ჯო ბაიდენთან, ფრანგ ლიდერთან - ემანუელ მაკრონთან და ავსტრალიის პრემიერ ენტონი ალბანიზთან შეხვედრების დროს სი პირდაპირ გახარებული ჩანდა, სახე უღიმოდა... ისინი მშვიდად იხილავდნენ კლიმატის ცვლილებებთან და სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და იმას, რომ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობები გლობალურ ომში არასოდეს არ უნდა გადაიზარდოს. ერთადერთი გამონაკლისი იყო კანადის პრემიერ-მინისტრთან - ჯასთინ ტრიუდოსთან შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტი, როცა სი ძინპინმა საჯაროდ, ყველას დასანახად და მოსასმენად, კანადელ ლიდერს საყვედური გამოუცხადა კონფიდენციალური ორმხრივი მოლაპარაკების შედეგების ღიად გავრცელების გამო.

რაც შეეხება რუსეთს, სი ძინპინმა, როგორც აშშ-ის თეთრი სახლის ანგარიშიდან ჩანს, კრემლის გასაგონად, ყველაფერი სწორად ილაპარაკა. "ცისქვეშეთის" მმართველი აშშ-ის მმართველს სამსაათ-ნახევარი ესაუბრა. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, ორივე ლიდერი შეთანხმდა იმ პოზიციაში, რომ "ბირთვული ომი არასოდეს არ უნდა დაიწყოს და თუ დაიწყება, მას ვერავინ ვერასოდეს ვერ მოიგებს".

ამჟამად პეკინი მოსკოვის მცირერიცხოვან მოკავშირეებს შორის რჩება და ამიტომ ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ სი ძინპინი დაარწმუნებს ვლადიმერ პუტინს, რომ უარი თქვას ბირთვული ომის დაწყების ფიქრზე, განსაკუთრებით - ბოლო მოვლენების ფონზე, როცა რუსეთის არმია უკრაინაში ზედიზედ განიცდის დამარცხებებს.

რადგან ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის" სამიტში არ მონაწილეობდა, სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა ცივი ომის დროინდელ იმ შეხვედრებს მოგვაგონებდა, როცა მსოფლიოს ორი უდიდესი სახელმწიფოს ლიდერი დედამიწის ბედს განსაზღვრავდა - რათა კონფლიქტები შემთხვევით ბირთვულ ესკალაციაში არ გადაზრდილიყო. განსხვავება ისაა, რომ ახლა, ამ შემთხვევაში, ყოფილი საბჭოთა კავშირი და ახლანდელი რუსეთი აშშ-სთან დიალოგში ჩინეთმა ჩაანაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის შესახებ ამერიკულ ანგარიშში ნახსენები კონკრეტული ფრაზა ბირთვულ ომზე ჩინური მხარის ანგარიშში არ ასახულა, მოგვიანებით, "ცისქვეშეთის" საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ი-მ იგივე თქვა თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან საუბრის დროს: მან დაადასტურა, რომ ბირთვული ომი მსოფლიო ცივილიზაციის დამღუპველია, მასში ვერავინ იქნება გამარჯვებული. ეს ჩინეთის ძალიან რაციონალური და საპასუხისმგებლო მიდგომაა რუსეთის მიმართ.

ის, რომ სი ძინპინი თვითონ ვერ შეხვდა სერგეი ლავროვს, ამით პეკინის ცუდი პოზიცია არ გამოიხატება. უბრალოდ, სი ძინპინმა უადგილოდ ჩათვალა რანგით დაბალ მინისტრთან იმ გლობალურ პრობლემებზე ესაუბრა, რომლის გადაწყვეტა მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხელეწიფება.

მოკლედ, როგორიც უნდა იყოს რუსეთ-ჩინეთის დღევანდელი პოზიციები ერთმანეთის მიმართ, ერთი რამ აშკარად ჩანს: მართალია, პეკინს დიდი არაფერი გაუკეთებია უკრაინის პრობლემის დასარეგულირებლად, მაგრამ ახლა ის რუსეთის სავარაუდო გეგმებს არ იწონებს. ჩინეთი ბირთვული ომის წინააღმდეგია, ასეთი სახის ესკალაცია პეკინისათვის "წითელ ხაზს" წარმოადგენს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ