პოლიტიკოსი-მასა ან, პოლიტიკოსი-ბრბო... - კვირის პალიტრა

პოლიტიკოსი-მასა ან, პოლიტიკოსი-ბრბო...

პოლიტიკოსებო, ასე არ მიმართავთ ან მოიხსენიებთ ხალხს, როცა საკუთარი უდღეური და არაფრისმთქმელი აზრების მხარდამჭერად ვეღარ მოიაზრებთ?!

დღევანდელ ჩვენს ყოფას თუ გადავავლებთ თვალს ჩანს, რომ სახელმწიფო მოხელეების მოღვაწეობა სახეცვლილია. საშინლად უნაყოფო პირადი კინკლაობით, ინტრიგებით, მასებში - ყოველდღიური აღტაცებებითა და ბოროტებით, განათლებულებში - უღონო და განუსაზღვრელი სენტიმენტალიზმით, უფერული მსჯელობებით ცხოვრების სიმწარეებზე. უსაზღვრო ეგოიზმი ვითარდება ყველგან. პოლიტიკოსების მართვის უუნარობისა და ეგოისტური გულგრილობის შედეგია ის სიძნელეები, რასაც ქვეყანა დღეს განიცდის. მოქალაქეებს კი საკუთარი თავის მართვის უნარი აღარ შესწევთ... სულაც არ მინდა, დეპრესიული ფონი განვავითარო და ხალხს ისევ ცუდზე ველაპარაკო, რასაც ჩვენი ტელევიზიები გადაჭარბებულად აკეთებენ ყოველდღიურად.

ასეთი ფრანგი ფსიქოლოგი და გამოჩენილი სოციოლოგი არსებობდა გუსტავ ლე ბონი, რომელიც ვარაუდობდა, რომ ადამიანების დიდი მასებისთვის ნების განუვითარებლობის გამო, წარმმართველი ხდება არაცნობიერი ინსტინქტები და ადვილად ნებდება არსებულ პრობლემურ გარემოს, ადვილად ექცევა გავლენების ქვეშ. ზუსტად გუსტავ ლე ბონი იყო, ვინც პირველად გამოიყენა სიტყვა „პოლიტიკოსი-მასა“ და ჩემი ყურადღება ამან მიიქცია. რამდენიმე ჩანაწერი მენიშნა და მომინდა, თქვენთვისაც მეთქვა.

ის თვლიდა, რომ ასეთი პოლიტიკოსებისგან გამომდინარე, საბოლოოდ, ყველა მხოლოდ საკუთარი თავით არის დაკავებული. სინდისი ხათრიანი და დამთმობი ხდება. ადამიანი ყოველგვარ ძალაუფლებას კარგავს საკუთარ თავზე. ხოლო იგი, ვინც არ იცის საკუთარი თავის ფლობა, მალე სხვათა გავლენის ქვეშ ექცევა. დინებას მიჰყვება, იკარგება...

ლე ბონი ასე ახასიათებს პოლიტიკოს-მასას, ის იძენს დაუმარცხებელი ძალის შეგრძნებას და ეს შეგრძნება აძლევს მას უფლებას, მიეცეს ისეთ ინსტინქტებს, რომელსაც მარტომყოფი არასოდეს მისცემდა თავს ნებას. იმიტომ, რომ არ გრძნობს პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ყოველთვის აკავებს ცალკეულ ინდივიდს, სრულიად ქრება ბრბო-პოლიტიკოსში.

უფრო მეტიც, ლე ბონი თვლიდა, რომ პოლიტიკური კრება სწორედ ის ადგილია დედამიწაზე, სადაც გენიოსის ბრწყინვალება ყველაზე ნაკლებად იგრძნობა. ასეთ პირობებში კი სათანადო მომხიბვლელობის წინამძღოლს აქვს თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება.

და, კიდევ გაინტერესებთ როგორ შეიცნოთ პოლიტიკოსი-მასა? მაგალითისთვის გეტყვით - პარლამენტარსა და მის მეწაღეს შორის შესაძლოა იყოს უფსკრული, ინტელექტუალური ცხოვრების თვალსაზრისით, მაგრამ ხასიათის თვალსაზრისით, მათ შორის ხშირად არ შეინიშნება არანაირი განსხვავება, ან ძალიან მცირეა. ხასიათში ლე ბონი პიროვნულ ზრდას გულისხმობდა და დასძენდა, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის ადამიანი რომ გერქვას, უნდა იყოს პასუხისმგებლობიანი, უნდა შეგეძლოს მოქალაქეების პრობლემებში შეღწევა, მათი მიზნების გაგება და მათთვის იდეების მიწოდება. საგნები თავისით არ იცვლება. მხოლოდ იდეებმა და ქვეყანაზე მორგებულმა ქმედებებმა შესაძლოა, ძირფესვიანად შეცვალოს რაღაც.

ვერ ვიჯერებ, რომ გუსტავ ლე ბონი ამ ყველაფერს არა კონკრეტულად ჩვენზე და მხოლოდ 19 საუკუნის ბოლოსთვის წერდა. აზრი არა აქვს გავაგრძელო კიდევ რას ამბობდა, რადგან ჩვენს პოლიტიკოსებს არც ხალხისთვის და არც ქვეყნისთვის არ სცხელათ.

ჩემი მკითხველისთვის, თუკი დამეთანხმებით, დავამატებდი, რომ პოლიტიკოსების აღტყინებული „იდეოლოგია“ იმის საწინააღმდეგოს მტკიცებაა, რაც თავად დანერგეს წლების განმავლობაში. ის მორალი, ის დამოკიდებულებები კორუფციის, "მეშჩანობის", თანამდებობის, მომხვეჭელობის, ამპარტავნობის, ზოგადად, ქვეყნისა და ხალხის მიმართ, ავლენს იმას, რის გამოც 30 წლის განმავლობაში 3-მილიონიან ქვეყანას ვერა და ვერ აშენებს.

დღესაც გრძელდება ხულიგნური მენტალიტეტით სიცრუის კონკურენცია ქვეყანაში და ჩვენს ხალხსაც სიცრუის დევნაში ახარჯვინებენ თავისი ძალისხმევის დიდ ნაწილს.

ახლა არის დრო - მრავლობით ფორმაში დავიწყოთ ლაპარაკი და ფიქრი. ვაღიაროთ, შენ ან ის კი არა, ჩვენ, ყველანი არასწორი სისტემით ვცხოვრობთ, ეს სისტემა არ არის ერთი კაცი, ან ერთი ხელისუფლება. მოდი, ერთად შევცვალოთ ყველაფერი და სიმართლე ვაღიაროთ. ეს არის საუკეთესო გამოსავალი. ვფიქრობ, რომ ამას ელოდება ხალხიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღნიშნული ფსიქოლოგი იტყოდა, პოლიტიკოსების ხასიათის გავლენა - ყველაზე მძლავრი ფაქტორია ხალხის ცხოვრებაში, ხოლო გონების გავლენა ძალიან სუსტია.

თუკი, დღესაც გვერდს უვლი შეისწავლო და გააანალიზო შედეგები, ყოველგვარი ხმაურიანი გამოჩენა, გადაჯგუფება თუ ე.წ. კრიტიკა, უფრო სწორად ქვეყნის გადარჩენის სახელით ერთმანეთის ლანძღვა ქართულ პოლიტიკაში, მთელი ქვეყნისა და ხალხის მხოლოდ რეგრესზე მუშაობს.

და ისევ ლე ბონს რომ „დავესესხოთ“ - ასეთი მმართველობის ბოლოს, ვიღებთ უპიროვნებო ძალაუფლებას! მაპატიეთ და ვეთანხმები. თავისუფლებამდე ხომ პასუხისმგებლობაა.

მანამდე კი გეტყვით, რაც არაერთხელ მითქვამს: მსოფლიოში სულ სხვა გამოწვევებია და ის პროცესები, რაც ჩვენთან მიდის, არათუ განვითარებული სამყაროსკენ, არამედ - ჰიბრიდული ქვეყნების სიაში გვტოვებს ხანგრძლივად. რადგან სისტემის სწორად არდანახვის, შეცდომების არაღიარების შემთხვევაში, მოვა „სხვა“ ძალა და იგივე განმეორდება... დაარქვით მერე "მოჯადოებული წრე" და იშინეთ თავში ხელი.