ნოდარ ნათაძე - კაცი მებრძოლი სულით... - კვირის პალიტრა

ნოდარ ნათაძე - კაცი მებრძოლი სულით...

დღეს, 17 ნოემბერს ნოდარ ნათაძეს დაკრძალავენ. კაცს, რომელმაც თავისი ღრმა კვალი დატოვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლებში, გინდ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ სივრცეში და გინდაც ბრძოლის ხაზზე, ცხინვალისა და აფხაზეთის ომებში...

მე, ამ ბლოგის ავტორს, მხვდა ბედნიერება, ბატონ ნოდარ ნათაძის გვერდით აღმოვჩენილიყავი რამდენიმე, ძალიან საინტერესო და ჩვენი სამშობლოსთვის მნიშვნელოვან მომენტში და საკუთარი თვალით დანახულით შემეფასებინა ბატონი ნოდარის მოქმედებები ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში, სადაც ადამიანის და კაცის ნამდვილი სული და ბუნება გამოჩნდება...

ეპიზოდი 1

1992 წლის 21 ივნისს, დილაუთენია, თბილისიდან, თავისუფლების მოედნიდან ცხინვალის მიმართულებით წითელი "იკარუსის" ავტობუსი დაიძრა, რომელშიც მაშინდელი სახელმწიფო საბჭოს რიგ წევრებთან ერთად რამდენიმე ჟურნალისტიც ვიმყოფებოდით.

იმ დროს ორმხრივი სროლები ცხინვალის მიმდებარედ არ წყდებოდა და ჩვენს "იკარუსს", ბუნებრივია, არავინ მიუშვებდა ქალაქამდე. ამიტომაც სახელმწიფო საბჭოს წევრებმა ოს-ფრისის პოზიციიდან, ცხინვალის შორიდან ყურებით, ტყვიების წუილის ფონზე გული რომ იჯერეს, შემდეგ ერედვიდან ვანათისკენ გასწიეს ჩვენი "იკარუსით". მას წინ ძველი ჯავშანტრანსპორტიორი მიაცილებდა, რომლის კოშკურაზე სტომატოლოგიური სავარძელი იყო დადუღებული, სადაც, თავის მხრივ, სეტყვასაწინააღმდეგო "ალაზნის" რაკეტის გამშვები გახლდათ დამაგრებული.

სოფელ ვანათში, ჩვენი დელეგაციის შესვლიდან მალევე, ინტენსიური ცეცხლი ატყდა. ადგილობრივებმა აგვიხსნეს, მეზობელი ოსური სოფლიდან - დმენისიდან გვესვრიანო და შეიძლება სოფლის ალყაში აღება სცადონ, რადგან გაიგეს, თბილისიდან ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოსულანო...

ზედმეტი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად ჟურნალისტები და სახელმწიფო საბჭოს რამდენიმე წევრი ვანათის სკოლის სპორტულ დარბაზში შეგვრეკეს, გარეთ კი ადგილობრივები იარაღით დარბოდნენ, რომელთა მხარდამხარ უშიშრად გადაადგილდებოდა პოზიციიდან პოზიციაზე და "ნაგანის" რევოლვერიდან ისროდა ჩვენი "იკარუსის" ერთ-ერთი მთავარი მგზავრი - ნოდარ ნათაძე...

შეიარაღებული ოსების სკოლაში შემოჭრა ყოველ წუთში იყო მოსალოდნელი, მაგრამ რა გვექნა დანარჩენებს? - იარაღს არავინ გვაძლევდა, თავისთვის არ ჰყოფნიდათ და იძულებული ვიყავით, სიმწრისგან კალათბურთის ბურთი ფარისთვის გვეტყორცნა...

სახელმწიფო საბჭოს, რომელიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალით ჩამოგდების შემდეგ საქართველოს დროებით მთავრობას წარმოადგენდა, წევრების დატყვევების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გავრცელებულა, თუმცა ვანათის სკოლის სპორტდარბაზში შეყუჟულებმა თავისუფლად მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქეთ, როდესაც სოფელში სროლა-სროლით ჯავშანტექნიკა შემოჯლიგინდა და აღმოჩნდა, რომ ქართველი გვარდიელები, ცეცხლის ქვეშ, ჩვენს სამშვიდობოზე გასაყვანად მოსულიყვნენ.

"იკარუსით" რომ გვეცადა ერედვისკენ დაბრუნება, ალბათ, ავტობუსშივე ჩაგვცხრილავდნენ, რადგან ვანათიდან გამოსასვლელი გზის მკვეთრი მოსახვევი დმენისელ ოსებს გამოთოფილი ჰქონდათ და აბსოლუტურად დაუცველი სამგზავრო ავტობუსის მგზავრებს გადარჩენის მცირე შანსიც კი არ გვექნებოდა.

ვანათში შემოღწეული ქართული გვარდიის ქვეითთა საბრძოლო მანქანაში, ჯავშანტრანსპორტიორსა და სადაზვერვო ჯავშანმანქანაში "იკარუსის" მგზავრები გადაგვანაწილეს - მახსოვს, ამ უკანასკნელის "ლუკში" ნოდარ ნათაძის შემდეგ ჩავძვერი.

ერედვამდე, ასე თუ ისე, მშვიდობიანად ჩავაღწიეთ, რადგან ჯავშნის შიგნიდან არ ჩანდა, რას და როგორ გვესროდნენ…

მაშინ ნოდარ ნათაძემ პირადი გმირობა გამოიჩინა და თავისი გაბედული მოქმედებებით არა მარტო იქ მყოფ სახელმწიფო საბჭოს წევრებსა და ჩვენ, ჟურნალისტებს გამბედაობა შეგვმატა, არამედ - ადგილობრივებიც დიდად გაამხნევა - თქვენ გვერდით ვიბრძვი და თბილისიდან გამოძახებული დამატებითი ძალაც მალე დაგვეხმარებაო...

ნოდარ ნათაძის მაშინდელი გმირული საქციელი 11 წლის შემდეგ, 2004 წლის 13 ივლისს კიდევ ერთხელ გამახსენდა, როდესაც იმავე ვანათის სკოლაში მივედი, სადაც ჩვენი შსს-ს დანაყოფი ოსებმა და რუსებმა სამარცხვინოდ დაატყვევეს და შემდეგ ცხინვალის ცენტრში დააჩოქეს, არადა ისინი ხომ ნათაძესავით მხოლოდ ერთი კინკილა „ნაგანის“ იმედზე არ იყვნენ, ავტომატები და ტყვიამრქვევებიც კი არ აკლდათ...

aivazovi-2468-1668671952.jpg
ასეთი დამამახსოვრდება ბატონი ნოდარ ნათაძე - „აფგანკებში“ გამოწყობილი, კოდორის უღელტეხილზე გულგაუტეხლად მომავალი...

ეპიზოდი 2

ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში გაცნობილ ნოდარ ნათაძესთან ურთიერთობა გაგრძელდა და მალევე ისევ ერთად მოგვიწია ცხინვალისკენ წასვლამ, სადაც გაცხარებული ბრძოლები მიმდინარეობდა.

დიდი ლიახვის ხეობაში გადასვლა ერედვიდან შემოვლითი გზით, წითელი მიწების გავლით შევძელით, მილიციის „კალიასკიანი“(ეტლიანი) სამთვლიანი მოტოციკლით - ბატონი ნოდარი ეტლში იჯდა, შეიარაღებული, მე - მძღოლის უკან...

ასე შემოვიარეთ ქემერტი, კეხვი, ქურთა, აჩაბეთი და თამარაშენს მივადექით, სადაც ფრონტის ხაზი გადიოდა და სულ რამდენიმე ათეულ მეტრში ცხინვალი იწყებოდა, საითაც გზა ბეტონის ფილებით იყო გადახერგილი.

მოწინააღმდეგის სნაიპერების აქტიურობის გამო მალულად გვიწევდა გადაადგილება. ნოდარ ნათაძე თითოეულ მებრძოლს დაწვრილებით გამოჰკითხვდა, თუ რა სჭირდებოდათ წინა ხაზზე, იწერდა და თბილისში დაბრუნების შემდეგ ყველა ღონეს ხმარობდა, რომ დაპირებული დახმარება მალევე ჩასულიყო სამაჩაბლოს დამცველებისთვის - 30 წლის შემდეგ ეს მახსენდება, რომ მაშინ თამარაშენის ერთ-ერთ დამცველს სნაიპერულ შაშხანაზე - „ეს-ვე-დეზე“ ღამის ხედვის მოწყობილობა ეყენა (რაც იმ დროისთვის უდიდეს იშვიათობას წარმოადგენდა და მის მფლობელს საშუალებას აძლევდა, ღამის სიბნელეშიც ზუსტი გასროლა განეხორცელებინა), მაგრამ იმის გამო, რომ ამ მოწყობილობისთვის საჭირო საშტატო სპეციალური ელემენტები არ ჰქონდა, კუსტარულად აწყობილი, ჩვეულებრივი ელემენტების მთელ გროვას დაათრევდა, რაც სნაიპერის ფარულად გადაადგილებისთვის ძალიან მოუხერხებელი და ასევე - სახიფათო გახლდათ...

ნოდარ ნათაძემ შეძლო იმ იშვიათი ელემენტების შოვნა და თამარაშენში გაგზავნა....

ეპიზოდი 3

მიუხედავად სამი ათეული წლის გასვლისა, ამ კონკრეტულ ეპიზოდზე დაწვრილებით მოყოლისგან დღესაც თავს შევიკავებ, მაგრამ აფხაზეთის ომის დროს, როდესაც ბ-ნი ნოდარ ნათაძე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად, რომელთა შორისაც მეც გახლდით, მოსკოვში ჩავფრინდით.

ამ საიდუმლო მისიის მთავარი მიზანი კონკრეტული მოქმედება უნდა გამხდარიყო, რის შემდეგაც საქართველოში შევძლებდით ერთ-ერთი ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის სერიული წარმოების დაწყებას, რაც იმ ომის დროს მნიშვნელოვნად გვეჩვენებოდა...

სამწუხაროდ, მაშინ ამ ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელება ვერ მოხერხდა, ნოდარ ნათაძისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო...

ეპიზოდი 4

1993 წლის სექტემბრის ბოლო იდგა. კოდორის ხეობაში 42-კილომეტრიანი გოლგოთის გზის ფეხით გადმოვლის შემდეგ, მეორე დილას, პროდუქტებით - „კილკის“ თევზის კონსერვებითა და „აგურის“ პურით დატვირთულ შვეულმფრენს ჭუბერიდან ისევ საკენში გავყევი, იმ ადგილის საჩვენებლად, უღელტეხილს შუა გზაზე, სადაც პროდუქტების ნაწილის ჩამოცლით დევნილების უწყვეტ ნაკადს მცირედით მაინც დავეხმარებოდით.

საკენში დაჯდომისა და დარჩენილი პროდუქტების ჩამოცლის შემდეგ შვეულმფრენი ისევ ჭუბერში გადაფრინდა (საკენში კინაღამ დამტოვეს და მეორედ მომიწევდა ჭუბერის უღელტეხილის გადასვლა, ფეხით), ჭკუანასწავლმა ორი „კილკის“ კონსერვი და ერთი პური ქურთუკში ჩავიჩურთე, ვინ იცის, კიდევ როდის მომიწევდა ჭამა და იმაზე დავიწყე ფიქრი, ჭუბერიდან თბილისისკენ როგორ გამომეღწია.

და ვხედავ, რომ დევნილების ნაკადთან ერთად ჭუბერში ნოდარ ნათაძე მოაბიჭებს, „აფგანკებში“. გახარებული ერთმანეთს გადავეხვიეთ და ისღა მოვიფიქრე, რომ პურსა და „კილკას“ კონსერვს ვჩრიდი ხელში - ბატონო ნოდარ მიირთვით მეთქი...

მაშინ არ ვიცოდი, რომ არაკაცმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა უღელტეხილზე მომავალ ნოდარ ნათაძეს, თურმე, დევნილი ქალების ჯგუფი სპეციალურად მიუსიეს - მაგის ბრალია ომი რომ წავაგეთო...

ჭუბერში დევნილების რიცხვი განუწყვეტლივ იზრდებოდა, გაჭირვებული ხალხი მიწაზე იწვა, სოფლის მაცხოვრებლებს ყველას სახლებში განთავსება, უბრალოდ, ტექნიკურად აღარ შეეძლოთ. ნოდარ ნათაძე კი ადგილობრივი მასწავლებლების ოჯახმა მიიპატიჟა ღამის გასათევად, მან კი მეც წამიყოლია და ის ღამე ლოგინში გავათენე, რაც უდიდესი შვება იყო იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ათი დღე, 19 სექტემბრის შემდეგ, რაც სოხუმში ჩავფრინდი, იატაკზე ან სანგარში მეძინა.

დილაუთენია კი ბატონი ნოდარი მაღვიძებს - ირაკლი ჩაიცვი, ცხენები მოვძებნოთ და უღელტეხილით ისევ საკენისკენ წავიდეთ, თოვლი მოდის, დევნილებს გაუჭირდებათ და უნდა დავეხმაროთო...

ამ უღელტეხილის ერთხელ ფეხით გადმოსულს, მეორედ შვეულმფრენით გადაფრენილს (როდესაც კინაღამ ისევ საკენში ჩამტოვეს), მესამედ უკვე ცხენებით დალაშქვრის თავი ნამდვილად აღარ მქონდა და ბატონ ნოდარს მაშინ ვეღარ ამოვუდექი გვერდში, რაც დღემდე მაწუხებს...

პ.ს.

სულ ახლახან ჩემი ყველაზე საიმედო მეგობარი ერთ ისტორიას მომიყვა - საბჭოთა კავშირის დაშლამდე ლენინგრადში სამხედრო სასწავლებელი დავამთავრე და ახალგაზრდა ლეიტენანტი, მოსკოვში, ერთ-ერთ საიდუმლო ობიექტზე გამანაწილეს, კარგი ხელფასით, სწრაფი კარიერული ზრდის პერსპექტივითა და მძღოლიანი მანქანის მომსახურების ჩათვლითაც.

შვებულებისას მოსკოვიდან თბილისში გამოვფრინდი ჩემების მოსანახულებლად და იმის გასაგებად თუ რა ხდებოდა საქართველოში.

თვითმფრინავში გვერდით მჯდომ თანამგზავრთან ძალზე საინტერესო, ორსაათიანი საუბარი გამომივიდა, დამშვიდობებისას მან თავისი მისამართი დამიტოვა.

რამდენიმე დღის შემდეგ იმ მისამართზე ვესტუმრე - „სახალხო ფრონტი“ აღმოჩნდა, ხოლო ჩემი საჰაერო თანამგზავრი კი - ნოდარ ნათაძე, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემი საბჭოთა არმიიდან მალევე წამოსვლის რთული გადაწყვეტილების მიღებაში...

ბლოგის ავტორის მხრიდან დავუმატებ, რომ ნოდარ ნათაძის დამაჯერებელმა საუბარმა თვითმფრინავში, მაშინ საქართველოს დამცველების რიგს შეჰმატა ერთ-ერთი ყველაზე მცოდნე, სამხედრო კავშირგაბმულობის სპეციალისტი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველა ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და დიდი როლი შეასრულა დახურული რადიოკავშირების სისტემების აწყობაში როგორც შსს-ში, ისე - თავდაცვის სამინისტროში.