"უდიდესი დარტყმა რუსულ დაზვერვას“ - მოსკოვმა ასობით აგენტი დაკარგა - კვირის პალიტრა

"უდიდესი დარტყმა რუსულ დაზვერვას“ - მოსკოვმა ასობით აგენტი დაკარგა

დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის - MI-5-ის ხელმძღვანელმა კენ მაკკალუმმა მედიას განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო, რუსეთის დაზვერვას უცხოეთში ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენეს. მაკკალუმმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად უნდა იყოს რუსეთისგან საპასუხო დარტყმების მისაღებად.

ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რუსეთის საელჩოს, დაახლოებით, 600-მდე თანამშრომელი გაიწვიეს, აქედან კი, დიდი ალბათობით, 400-მდე ადამიანი აგენტი იყო.

„ამ ქმედებამ ევროპის უახლეს ისტორიაში რუსეთის დაზვერვას ყველაზე დიდი სტრატეგიული დარტყმა მიაყენა“, - აღნიშნა მაკკალუმმა.

kenn-1668678688.jpg
MI-5-ის ხელმძღვანელი კენ მაკკალუმი

MI-5-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მხოლოდ დიდი ბრიტანეთიდან 23 რუსი აგენტი გაიწვიეს, რომლებიც დიპლომატიური სტატუსით სარგებლობდნენ.

„ჩვენ არ გვაქვს მოდუნების უფლება, უახლოეს მომავალში რუსეთის ღია ან ფარულ დარტყმებს უნდა ველოდოთ“, - აღნიშნა MI-5-ის უფროსმა.

მისი განცხადებით, რუსეთი, სავარაუდოდ, მომავალშიც განაგრძობს ბრიტანეთში ფარულ კიბერშეტევებსა თუ აგენტთა შეგზავნას, ასევე, ღია შეტევებს, დეზინფორმაციის გავრცელებისა თუ საწვავის ფასის ზრდის სახით.

ირანი და ჩინეთი

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებას, მაკკალუმმა, როგორც გასულ წლებში, ახლაც, ირანი და ჩინეთი დაასახელა. მაკკალუმის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ შეძლო და აღკვეთა 10-მდე ფაქტი, როცა ირანის მხარე ბრიტანეთის მოქალაქის ან ბრიტანეთში მცხოვრები პირის მკვლელობას ან გატაცებას ცდილობდა. გასული წლის დასკვნის წარდგენის შემდეგ ბრიტანულმა კონტრდაზვერვამ კიდევ 8 ასეთი ტერორისტული აქტი აღკვეთა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ კვირას ბრიტანეთის პოლიციამ ირანელ ჟურნალისტებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ ან საქმიანობენ, მათი სიცოცხლისთვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეატყობინა.

MI-5-ის ხელმძღვანელის ცნობით, მათთვის კიდევ ერთი ასეთი „დიდი გამოწვევა“ ჩინეთია, რომელიც არ ერიდება სხვადასხვა ხერხს, რათა რეჟიმის მოწინააღმდეგეებს გაუსწორდეს. ბრიტანული კონტრდაზვერვის ხელმღვანელმა მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ მანჩესტერში, ჩინეთის საკონსულოში, ადამიანს თავს დაესხნენ.

„ჩვენ რეპრესიის ყოველ ახალ ქმედებას ვხედავთ“ - მაკკალუმის განცხადებით, ყოველ ზღვარს სცდება ჩინეთის მხრიდან საზღვარგარეთ ე.წ. საპოლიციო განყოფილებების შექმნა, რომლებიც, თითქოს, ჩინეთის მოქალაქეებს ეხმარებიან, სინამდვილეში კი, ზეწოლას ახდენენ ჩინეთში არსებული რეჟიმის მოწინააღმდეგეებზე. ასევე, მათ აშანტაჟებენ, რათა ქვეყანაში დაბრუნდნენ.

„ჩვენ არ შევეგუებით ბრიტანეთის მოქალაქეებისა და იმ ადამიანების დაშინებას, ვინც სახლად დიდი ბრიტანეთი აირჩია“.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასულ იანვარს დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ჩინეთი ცდილობს, უხეშად ჩაერიოს ბრიტანეთის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში; ცდილობს იმ ადამიანების გადაბირებას, რომლებიც ახალი ჩართული არიან ბრიტანულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ტერაქტები და 3D პრინტერით დამზადებული იარაღი

მაკკალუმის განცხადებით, ქვეყანაში დიდ პრობლემას წარმოადგენს ტერორიზმი, თუმცა ეს პრობლემა წინა წლებთან შედარებით ისეთი მწვავე აღარ არის.

2017 წლიდან MI-5-სა და ბრიტანული პოლიციის თანამშრომლებმა აღკვეთეს 37 ტერორისტული აქტი. მათი შემსრულებლები კი მემარჯვენე ექსტრემისტები ან რადიკალური ისლამისტები იყვნენ. როგორც მან განაცხადა, MI-5 თვალს ადევნებს, როგორ ცდილობს ზოგიერთი ტერორისტული დაჯგუფება რეორგანიზაციას. მაკკალუმის განცხადებით, დაზვერვა ცდილობს გამოააშკარავოს ისეთი ტერორისტები, რომლებიც დამოუკიდებლად, მარტო მოქმედებენ, მათი გამოვლენა კი ძალიან რთულია.

მაკკალუმმა ასევე აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, გაიზარდა ცეცხლასასროლი იარაღის შეძენის მცდელობები, მათ შორის 3D-პრინტერით შექმნილი იარაღის. (წყარო)