„წინანდლის კაბერნე ბორდოს კაბერნეს არაფრით ჩამოუვარდება“ - კვირის პალიტრა

„წინანდლის კაბერნე ბორდოს კაბერნეს არაფრით ჩამოუვარდება“

კიბერუსაფრთხოების ცნობილ სპეციალისტ ანდრო გოცირიძეს მეღვინედ საზოგადოება ნაკლებად იცნობს, თუმცა წლებია ამ საქმეს მისდევს. ვაზი მისთვის ასოცირდება უძვირფასეს ადამიანთან - მამასთან, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართულ ვაზსა და ღვინოს მიუძღვნა. ბატონი ანდრო ძმასთან ერთად განაგრძობს მეცნიერი მამის გზას, რომელმაც თავის დროზე გადაშენებული აფხაზური ვაზის ჯიშები გადაარჩინა - გურიას დაუბრუნა ჩხავერი, ტაო-კლარჯეთში ძველი ქართული ვაზის ჯიშები მოიძია... რესპონდენტი გვარწმუნებს, რომ წინანდლის ვენახებში მოყვანილი და ქართული მეთოდით დაყენებული მისი კაბერნე-სოვინიონი არაფრით ჩამოუვარდება ფრანგების საამაყო ბორდოს კაბერნეს.

ანდრო გოცირიძე:

- ვენახი და მევენახეობა ჩვენს ოჯახში მუდმივად პრიორიტეტული თემა იყო, მამა, დოქტორი ვაჟა გოცირიძე, აგრარული უნივერსიტეტის მკვლევარი და ცნობილი მევენახე გახლდათ. საბჭოთა პერიოდში გუდაუთის რაიონში არსებობდა კოლექცია, რომელშიც გაშენებული იყო როგორც ქართული, ასევე აფხაზური ვაზის ჯიშები. აფხაზებს ჰქონდათ საკუთარი აბორიგენული ჯიშები: ავასირხვა, ხაფშირა, აჩკიკიჟი, ამლახუ, კაჭიჭი... რუსული ოკუპაციის შემდეგ ეს კოლექცია განადგურდა. მათი დაბრუნება აფხაზეთში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მოხერხდა მოლდოვის სარეზერვო კოლექციებიდან, რის შესახებაც თავად აფხაზებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი მამაჩემი გახლდათ (საბჭოთა პერიოდში აფხაზეთშიც მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობაზე). მამას, როგორც კოლექციის გაშენების ერთ-ერთ ინიციატორს, ჰქონდა ინფორმაცია ამ ჯიშების შესახებ, კავშირები და აფხაზების ნდობაც. საქართველოს მხრიდან ეს მნიშვნელოვანი პროექტი იყო. ზუსტად ასეთი პროექტები იქნება წინა პირობა ჩვენი შემდგომი თანაცხოვრებისა. დღეს აფხაზური ჯიშები გაშენებულია როგორც ქართულ კოლექციებში (მაგ. ჯიღაურას ბაზაზე), ასევე სოხუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადარჩენილია ეს ენდემური ჯიშები, უძვირფასესი გენოფონდი და მეამაყება, რომ ამაში მამას დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

- როდის გადაწყვიტეთ ძმებმა ვენახისთვის ხელის მოკიდება?

- პირველად ვენახი 2014-15 წლებში შევიძინეთ წინანდალში. იმხანად მევენახეობას არ ვუყურებდი როგორც ბიზნესს და არც ღვინის წარმოებას ვგეგმავდი, დღეს კი დაახლოებით 4 ჰექტარზე გვაქვს ძველი და ახალშენი ვენახები. წინანდლის ვენახში რქაწითლის გარდა, რომლისთვისაც წინანდალი საუკეთესო ზონად ითვლება, ფრანგული კაბერნე-სოვინიონის ორმოცდაათწლოვანი ვენახიც მაქვს. წინანდლის ზონაში მოყვანილი კაბერნე ბორდოს რეგიონის საუკეთესო ხარისხის კაბერნეს უტოლდება. როგორც ჩანს, კარგად შეერწყა წინანდლის ეკოსისტემას.

ჩემმა ძმამ სოფელ ართანაშიც შეიძინა რქაწითლისა და საფერავის ვენახები და ახლა 4 ჰექტარამდე ვენახს ვუვლით და ვამუშავებთ. პრიორიტეტს ბიომევენახეობასა და ორგანულ მეღვინეობას ვანიჭებთ. სხვათა შორის, ჩემი ძმა მეღვინეობის დოქტორია და მამის საქმეს ამით განაგრძობს.

yurdzeni2-1668689562.jpg

- რა მეთოდით აყენებთ კაბერნეს ქართულად და ის ფრანგი წინაპრისგან რით განსხვავდება?

- კაბერნეს ტრადიციული კახური მეთოდით ვაყენებთ ქვევრში, ჭაჭაზე. შემდგომ ღვინო გადაგვაქვს მუხის კასრებში, სადაც 6-9 თვის განმავლობაში ძველდება. კაბერნეს ქვევრში მომზადება სიახლეა, რადგან საფრანგეთში თიხის ჭურჭელი, მით უმეტეს, ქვევრები, არ გამოიყენება. ქვევრი კაბერნეს ბევრ ახალ თვისებას სძენს. ბორდოში, ჟირონდის დეპარტამენტში, კაბერნე-სოვინიონი მაღალი ხარისხის ღვინოს იძლევა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ქვევრში, ქართული წესით დაყენებული ქართული კაბერნე არაფრით ჩამოუვარდება ფრანგ წინაპარს.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ქართული ღვინის პრობლემა? ფაქტია, ყველამ როდი იცის კარგი ღვინის დაყენება...

- მამისგან ხშირად მომისმენია, რომ ღვინო ვენახში ფუჭდება. გაფუჭება იწყება, როდესაც იყენებ შხამქიმიკატებს, ჰერბიციდებს ან არასწორი რაოდენობით შესაწამლავ მასალას. როდესაც რთველი სწორად არ იგეგმება, არასაკმარის ან ზედმეტად მაღალშაქრიან მოსავალს იღებ, რაც დადუღებისას სირთულეებს წარმოშობს და მეწარმე იძულებულია ქიმიკატები მოიშველიოს; ან ზედმეტშაქრიან ღვინოს წყალი დაასხას, რადგან შაქრის სიჭარბე ღვინის დუღილს აჩერებს. ბიომევენახეობა პრიორიტეტს მცირე, მაგრამ ხარისხიანი მოსავლის მიღებას ანიჭებს, რომელიც არ შეიცავს შხამქიმიკატებს და ღვინო სავსებით ჯანსაღია.

როცა ვენახი ვიყიდეთ, აზრად არ გვქონია ღვინის ჩამოსხმა და ბრენდირება. 2018 წელს, როდესაც აღარ ვიყავი საჯარო მოხელე, საგრანტო კონკურსში "აწარმოე საქართველოში" გავიმარჯვეთ. სახელმწიფომ დაგვიფინანსა ყურძნის გადამუშავების მთელი ხაზი (ყურძნის საჭყლეტით დაწყებული, უჟანგავი ფოლადის ავზებით დამთავრებული) და ღვინის დაყენებაც დავიწყეთ. წლეულს პირველად ვცადეთ ღვინისთვის ოჯახური ბრენდის სახის მიცემა და მომხმარებლის წინაშე საოჯახო მარნის სახით წარდგომა.

- ხშირად გაგვიგონია, რომ საქართველოში ღვინის სმის კულტურა მოიშალა...

- უზომო სმა საბჭოეთის გადმონაშთია, რადგან ხარისხიანი ღვინის დაყენებას იმდენი შრომა სჭირდება, არა მგონია, ჩვენს წინაპრებს თუნდაც მხოლოდ ამ მიზეზით უზომოდ სმის შესაძლებლობა ან დრო ჰქონოდათ. სხვათა შორის, დასავლეთი ევროპა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტ ღვინოს მოიხმარს, ვიდრე საქართველო. იქ ბოთლში ჩამოსხმული ღვინის სმის კულტურაა განვითარებული. ევროპელები ყოველდღე, ყოველ სადილსა თუ ვახშამზე სვამენ ღვინოს. ამ მხრივ საქართველოში საბჭოთა პერიოდის ცუდი ტრადიცია შენარჩუნდა - ვსვამთ ხანდახან, მაგრამ ბევრს. რა თქმა უნდა, კარგი ღვინის ლიტრობით სმა ყოვლად წარმოუდგენელია როგორც ფასიდან, ასევე ხარისხიდან გამომდინარე. მეორე მხრივ, დადასტურებულია ე.წ. ფრანგული პარადოქსი: ხმელთაშუა ზღვისპირა რეგიონის მოსახლეობა, რომელიც ჭამს ბევრ ბოსტნეულს, ზღვის პროდუქტებს და მათ ყოველდღიურ რაციონში შედის განსაზღვრული რაოდენობით წითელი ღვინო, გაცილებით ჯანმრთელია, განსაკუთრებით, იშვიათია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. დადგენილია, რომ დღის განმავლობაში 100-120 გრამი ღვინის სმა გარდა რელაქსაციისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემას აჯანსაღებს, მავნე ნივთიერებებს შლის და ბევრი დაავადების პრევენციაა.

დიდ სუფრებზე ღვინის ჭარბად სმა ღვინის მოხმარების დაბალი კულტურის მაჩვენებელია და ამას ქართულ ტრადიციასთან საერთო არაფერი აქვს. ახლა საქართველოში ნელ-ნელა ბრუნდება მაღალხარისხიანი ღვინის დაყენებისა და მოხმარების კულტურა.

yurdzeni3-1668689562.jpg

- რა გზას ხედავთ, მევენახეს შრომა რომ დაუფასდეს.

- მევენახე საკუთარ ღვინოს თუ არ აყენებს, წარმოუდგენელია წლიდან წლამდე ვენახის მოვლის ხარჯი დაფაროს. გამოსავალი მცირე მარნების განვითარება და კოოპერირება მგონია. გლეხი ერთ საკარმიდამო ნაკვეთზე ვერასდროს მოახერხებს ღვინის ქარხნის ან მარნის აშენებას, მაგრამ 10-15 მევენახე შეძლებს ისე, რომ საბოლოო პროდუქტი იყოს არა ყურძენი, არამედ ღვინო, რომელიც შეიძლება 10-15-20 ლარი ღირდეს.

- მევენახეობა თქვენთვის მარტოოდენ ბიზნესი ან გატაცება არ არის... კიდევ რას ნიშნავს თქვენთვის ვაზის კულტურა?

- იმ აზრს შეგუებული ვარ, რომ ეს ბიზნესი ჩემი სიბერის უზრუნველყოფას ვერ მოახერხებს. ჩემთვის ეს არის კავშირი მამასთან, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართულ ვაზსა და ღვინოს მიუძღვნა. აფხაზეთის გარდა, მამა ექსპედიციებში დადიოდა ჩრდილო კავკასიაში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში... უნგრეთისა და სლოვენიის საზღვარზე, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში ყოფნისას ერთი გადამდგარი უნგრელი ოფიცრის ოჯახში მინახავს მამაჩემისა და მისი კოლეგების გაშენებული ქართული რქაწითელი. ტაო-კლარჯეთში ექსპედიცია მიზნად ისახავდა შემორჩენილი ძველი ქართული ვაზის ჯიშების მოპოვებას და 30-მდე ვაზის კულტურული და ველური სახეობაც მოიძიეს. მამას წვლილი აქვს შეტანილი გურიაში ჩხავერის დაბრუნებაშიც.

ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც რაღაც ფორმით კაცობრიობას უკან უნდა დაუბრუნო ის, რაც ოდესღაც სამყაროსგან მიიღე. როდესაც საქართველო დაიხსნის თავს ოკუპაციისგან, უსაფრთხოების სექტორში აღარავის დავჭირდები და საჯარო ცხოვრებიდან წავალ. ვფიქრობ, მევენახეობა და საკუთარი ღვინო მომცემს საშუალებას, რომ სადღაც, ღვინის მარნის ახლოს, ვენახში, წიგნები წავუკითხო ბავშვებს, ახალგაზრდა თაობას, რადგან დღეს განათლება საქართველოს მთავარი პრობლემა და პრიორიტეტია.

ნანა ფიცხელაური