"ევროკომისრის ტონი იყო კონსტრუქციული და იმედისმომცემი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ცხვირწინ ფანჯარას არ დაუხურავენ" - კვირის პალიტრა

"ევროკომისრის ტონი იყო კონსტრუქციული და იმედისმომცემი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ცხვირწინ ფანჯარას არ დაუხურავენ"

ევროკომისრის ტონი იყო კონსტრუქციული და იმედისმომცემი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ცხვირწინ ფანჯარას არ დაუხურავენ, რადგან ისინი ძალიან კარგად გრძნობენ, რომ არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არამედ ევროკავშირსაც სჭირდება საქართველოსნაირი პარტნიორი, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, არსებობს შანსი იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული ვითარების მიმართ, დემოკრატიული განვითარების ტემპების მიმართ კრიტიკული შენიშვნები არსებობს, მაგრამ საქართველო რეგიონში არის მაინც ყველაზე დემოკრატიული და პროდასავლური ქვეყანა. თუ დავუმატებთ იმას, რომ უკრაინა ახლა ომშია, ამ ქვეყანას ძალიან უჭირს და ღმერთმა გაამარჯვებინოს, ამ ეტაპზე უკრაინის მიღება როგორც ასეთი რეალურად ძალიან რთულია. სანამ ომი არ დამთავრდება ეს პროცესი, ალბათ, არარეალისტური იქნება. თავისი საკმაოდ მძიმე პრობლემები აქვს მოლდოვას, შესაბამისად, საქართველო შეიძლება ამ ეტაპზე იმ ქვეყნად იქცეს, რომელსაც რაღაცნაირად შანსი მიეცემა“, - აღნიშნავს შარაშენიძე.

მისივე თქმით, საქართველოში მთავარი პრობლემა ყოველთვის პოლიტიკური ატმოსფერო იქნება, რომელსაც პოლარიზაცია ძალიან ამძიმებს.

„პოლარიზაცია არის ის თემა, რომელიც ყველა იმ ადამიანს მოეკითხება, რომელიც რაღაცნაირად ჩართულია პოლიტიკაში, ან საჯარო ცხოვრებაში. ეს არის ყველას პრობლემა. ამას ძალიან კარგად ხედავენ ევროპაშიც, რომ ეს ყველას დასასრულებელია, სამუშაოა“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.