"ქართული ოცნება“ თავისი ქმედებით იძულებულს გახდის დასავლეთს, რომ ქვეყანა დაასანქცირონ, პიროვნებებზე აღარაა ლაპარაკი" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება“ თავისი ქმედებით იძულებულს გახდის დასავლეთს, რომ ქვეყანა დაასანქცირონ, პიროვნებებზე აღარაა ლაპარაკი"

„ქართული ოცნება“ თავისი ქმედებით იძულებულს გახდის დასავლეთს, რომ ქვეყანა დაასანქცირონ, პიროვნებებზე აღარაა ლაპარაკი, - ასე ეხმაურება მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერი, აკია ბარბაქაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში შექმნილ ვითარებაზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

აკია ბარბაქაძის თქმით, სენატში გაკეთებულ განცხადებებში საყვედური გამოთქმული იყო საქართველოს მოსახლეობის მისამართითაც, რადგან ხალხი ხელისუფლებას პასუხს არ სთხოვს.

„ჩვენ დავინახეთ ამ განცხადებებში საყვედური ჩვენს მოსახლეობაზეც და ესაა სწორი საყვედური, თავხედობს ხელისუფლება, მაგრამ მანამ, ვიდრე ხალხი აძლევს ამის საშუალებას. ვიდრე ხალხი იქნება ასე პირში წყალჩაგუბებული, აბსოლუტურად ყველაფერს მიიღებს ამ ხელისუფლებისგან. ჩვენ უნდა ველოდოთ მხოლოდ ერთს, ამ ხალხის, რომელიც ხელისუფლებაში ზის, თავგასულ თავხედობას იმიტომ, რომ საზოგადოება და ხალხი არ სთხოვს პასუხს.

ყველა პერსპექტივა, რომელიც არის დაკავშირებული აბრეშუმის გზასთან, დაიკარგება ამ ქვეყანაში. რა იქნება ეს? ბიძინას დუქანი? რა გრჩება და დაგეცლება მოსახლეობა, გაიქცევა ეს ახალგაზრდობა ამერიკაში“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

აკია ბარბაქაძე გადაცემაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას მიერ სენატორ ჯინ შაჰინის მისამართით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი აგდებული დამოკიდებულება ძალიან ცუდად დაუმთავრდება მოსახლეობას.

„ზარქუას ამ განცხადებით ჩათვალე, 100 ოჯახი უკვე მექსიკის გზაზეა წასული, რომ სამსახური იშოვოს. ხედავენ, რომ ეს აგდებული დამოკიდებულება, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, ეს ძალიან ცუდად დაუმთავრდება მოსახლეობას“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

აკია ბარბაქაძის შეფასებით, დღეს საქართველო ღიად რუსეთის მოკავშირე ქვეყნად ოპერირებს.

"იმ კობახიძეს, იმ ზარქუას, მაგათ აინტერესებთ უბრალოდ ერთი რამ - რუსეთი, დიახ, დღეს ჩვენ ღიად ვოპერირებთ როგორც რუსეთის მოკავშირე სახელმწიფო და ესაა გამაღიზიანებელი“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

"ინტერპრესნიუსი"