"რა ვახშამზეც დაპატიჟა კეზერაშვილმა კურტ ვოლკერი, ისიც ბიზნესმენების და ჯარისკაცების ნაძარცვი ფულით დაპატიჟა" - კვირის პალიტრა

"რა ვახშამზეც დაპატიჟა კეზერაშვილმა კურტ ვოლკერი, ისიც ბიზნესმენების და ჯარისკაცების ნაძარცვი ფულით დაპატიჟა"

რა ვახშამზეც დაპატიჟა კეზერაშვილმა კურტ ვოლკერი, ისიც ბიზნესმენების და ჯარისკაცების ნაძარცვი ფულით დაპატიჟა. როგორ შეიძლება კეზერაშვილი შეხვდეს ვოლკერს, ეს ხომ სირცხვილია?! - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილისა და ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კურტ ვოლკერის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ არ უთქვამს, რომ კურტ ვოლკერი ამერიკის სახელით კეზერაშვილს დავალებებს აძლევს. მისი თქმით, ხელისუფლება საჯარო სივრცეში ვერაფერზე ვერ საუბრობს და „თუ რამე გვაშფოთებს, ამაზე დახურულ კარს მიღმა ვსაუბრობთ“.

კობახიძის შეფასებით, კურტ ვოლკერი პირდაპირ აკეთებდა განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რაც შემაშფოთებელია.

„ის, რომ ვოლკერი ხვდება კეზერაშვილს, ცნობილ კორუმპირებულ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომისთანავე მილიონიანი ბრუნვის მქონე კომპანია შექმნა, შემაშფოთებელია. ეს ფული რის ხარჯზე იშოვა? ბიზნესებს აყაჩაღებდა და ქართული ჯარი დააყაჩაღა. ასეთი ადამიანი ხვდება კურტ ვოლკერს, რომელიც ვიღაც კი არ იყო, ნატო-ში ელჩი იყო, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი იყო და ა.შ. ეს რომ შემაშფოთებელია, ამაზე ვისაუბრეთ, ამის იქით ჩვენ არაფერი გვითქვამს. ვოლკერი კეზერაშვილს რომ ხვდება, ეს არის ჩვენთვის შემაშფოთებელი, იმიტომ, რომ კეზერაშვილი კორუფციის სიმბოლოა.

რა ვახშამზეც დაპატიჟა კეზერაშვილმა ვოლკერი, ისიც ბიზნესმენების და ჯარისკაცების ნაძარცვი ფულით დაპატიჟა. როგორ შეიძლება კეზერაშვილი შეხვდეს ვოლკერს, ეს ხომ სირცხვილია.

კურტ ვოლკერი პირდაპირ აკეთებდა განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ესეც შემაშფოთებელია.

კეზერაშვილი 2008 წელს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ რომ მოქმედებდა და დღესაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ამის იქით საუბარს ვერ გავშლით“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, სწორედ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაა, როდესაც კეზერაშვილი აფინანსებს ლევან ხაბეიშვილს.

მისი თქმით, კორუფციის სიმბოლო რომ აფინანსებს ანტიკორუფციულ მოძრაობას, სირცხვილია.

„ყოველთვიურად 10 ათას ლარს აძლევს ხელფასად და 15 ათას დოლარს აძლევს ანტიკორუფციული მოძრაობისთვის. წარმოიდგინეთ, კეზერაშვილი აფინანსებს ხაბეიშვილის ანტიკორუფციულ მოძრაობას. კორუფციის სიმბოლო აფინანსებს ანტიკორუფციულ მოძრაობას, ესეც ხომ სირცხვილია?! როდესაც კეზერაშვილი აფინანსებს ცნობილ „ტროიკას“(ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ჯაფარიძე} ესეც ხომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“,- განაცხადა მან.

კითხვაზე, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან კეზერაშვილის მისამართით ხშირად გაკეთებულ განცხადებებს რა მიზეზი და მიზანი აქვს, კობახიძე ასე პასუხებს: „მიზანი მარტივია, ის არის მთავარი დამფინანსებელი რადიკალური ოპოზიციის".

„სხვა რა უნდა იყოს ჩვენი საუბრის საფუძველი. ის აწვდის თანხებს „ ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტულ ფრთას, ასევე „ტროიკას“ და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს. ამიტომ გვიწევს მასზე საუბარი. დღეს, რადიკალურ ოპოზიციაში არის ოლიგარქიული გავლენები და, შესაბამისად, საზოგადოებს უნდა მივაწოდოთ მასთან დაკავშირებით ინფორმაცია“,- აღნიშნა მან.

გადაცემაში მან ასევე უპასუხა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად „კეზერაშვილი წაგებული ომის შემდეგ ყველაზე მდიდარი ადამიანი რომ გახდა ან იმ ხელისუფლებამ რატომ ვერ დაინახა ან ამ ხელისუფლებას 7-8 წელი რატომ დასჭირდა ახლა რომ ედავება რაღაცებს?“ და აღნიშნა, რომ დავით უსუფაშვილზე კომენტარების გაკეთება შეუძლებელია.

მისი თქმით, ვიღაცები ხელს აფარებენ კეზერაშვილს და ამიტომ გადაადგილდება ევროპაში თავისუფლად.

„კეზერაშვილი ბოლოს როდის იყო საქართველოში? 2012 წელს რომ გაქრა, მის შემდეგ ჩამოვიდა? მე არ მგონია, შეიძლება რამე მეშლება, მაგრამ არ მგონია. ეს კაცი დევნაშია 2012 წლიდან მოყოლებული, ვიღაცები ხელს აფარებენ და ამიტომ გადაადგილდება ევროპაში თავისუფლად. ამაშია საქმე და სირცხვილი, რასაც უსუფაშვილი კითხულობს. სამარცხვინო ტყუილს ამბობს უსუფაშვილი. 2008 წელს რა დანაშაული ჩაიდინა, ამისთვის 2012 წლიდან იდევნება. მან, სავარაუდოდ ახალი დანაშაული ჩაიდინა "ქოლ -ცენტრების" საქმეზე. 2012 წლამდე ის ძარცვავდა ჯარს და ბიზნესმენებს და აღმოჩნდა, რომ ბოლო წლებში ძარცვავდა ევროპელ პენსიონერებს“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, როგორ ფუნქციონირებდა ე.წ. ქოლ-ცენტრები დედაქალაქის ცენტრში ისე, რომ საქმის კურსში არ იყო საგამოძიებო უწყება, კობახიძე პასუხებს, რომ როგორც კი გამომჟღავნდა დანაშაული, მაშინვე მოუწია სხვა ქვეყნებში გადატანა ბიზნესის.

„როგორც კი ევროპიდან დანაშაულის შესახებ წამოვიდა ინფორმაცია, კეზერაშვილს მაშინვე მოუწია ოფისების დახურვა. ამიტომ არანაირი კითხვები არ არსებობს, ყველაფერი ტყუილია“,- დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"