"ბიჭი ნასვამი ყოფილა, კამერებში ჩანს, თუ როგორ შეჰყავს ეს გოგო ხელმკლავით ეზოში" - რა დეტალებს ჰყვებიან მეზობლები 36 წლის ქალზე, რომელიც 22 წლის ბიჭმა ნაქირავებ ბინაში მოკლა - კვირის პალიტრა

"ბიჭი ნასვამი ყოფილა, კამერებში ჩანს, თუ როგორ შეჰყავს ეს გოგო ხელმკლავით ეზოში" - რა დეტალებს ჰყვებიან მეზობლები 36 წლის ქალზე, რომელიც 22 წლის ბიჭმა ნაქირავებ ბინაში მოკლა

ფემიციდის კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი 17 ნოემბერს, საღამოს, თბილისში, გოგოლის 28 ნომერში მოხდა. 36 წლის ქალი 22 წლის ბიჭმა ნაქირავებ ბინაში ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ოპერატიულად დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა და მკვლელობის მიზეზად შელაპარაკება სახელდება.

უწყების ცნობით, დაკავებულია ბრალდებული, რომელმაც ქალი გვიან ღამით მოკლა. მამაკაცს განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ. წაყენებული მუხლი 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახალგაცნობილ ქალს - 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ს.ა. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცველები. გოგოლის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ჩხუბის ხმა მათ არ გაუგიათ. მათი თქმით, ბიჭსა და ქალს ბინა იტალიურ ეზოში, გვერდიგვერდ ჰქონდათ ნაქირავები და ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს.

"ხმაური და ჩხუბი არ გამიგია, არ ვიცნობდი მათ. როგორც მეზობლებისგან გავიგე, ორივეს ნაქირავები ჰქონდა ბინა ამ ეზოში და სწორედ იმ ბინაშია მომხდარი მკვლელობა. თურმე, ქალს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ეტყობა, ამ დანაშაულის მერე ბიჭი სახლიდან გაიქცა. ქალი ადგილზეა გარდაცვლილი.

ამბობენ, ბიჭი 22 წლის არისო. ნასვამი ყოფილა დანაშაულის ჩადენის დროს. რა მიზეზით მოკლა საწყალი გოგო, არ ვიცით", - გვითხრა ადგილობრივმა.

მეზობლები როგორც ამბობენ, სამართალდამცველებმა ამ ეზოს მიმდებარედ კამერების ჩანაწერებიც ამოიღეს. მათი თქმით, იმ დღეს კონფლიქტი ეზოს გარეთაც ყოფილა.

"ეტყობა, ეს ბიჭი ქუჩაში დახვდა ამ გოგოს, მაშინ, როცა ის სახლში ბრუნდებოდა. ამბობენ, კამერებზე არის ასახული, თუ როგორ შეჰყავს ეს გოგო ხელმკლავით ეზოში. მერე, ალბათ, ბინაში შევიდნენ. როგორც ჩანს, ბიჭი გოგოს თავის ოთახში შეჰყვა და იქ მოკლა. ახლა მეზობელმა თქვა, ეს გოგო აქ სხვა გოგოსთან ერთად ცხოვრობდაო. ეს მისი მეგობარი იყო თუ არა დანაშაულის ჩადენის დროს სახლში, არ ვიცი. ალბათ, ამას პოლიცია გაარკვევს. სისხლის კვალიც არის კიბეებზე, მაგრამ ეს ვერ გავიგე, თუ სახლში მოკლა, კიბეებზე რა უნდა სისხლის კვალს?",- ამბობს ამ ეზოში მაცხოვრებელი ქალბატონი.

მოკლული ახალგაზრდა ქალის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ექსპერტიზით გაირკვევა, რა დაზიანებები აქვს მიყენებული მოკლულს. როგორც ამბობენ, მას დანით მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.

როგორც გამოძიება ამბობს, მათ ერთმანეთი ახალი გაცნობილი ჰყავდათ, მაშინ რატომ მოკლა 22 წლის ბიჭმა 36 წლის ქალი? - ეს და სხვა დეტალი გამოძიებით გაირკვევა.

რა ჩვენება მისცა სამართალდამცავებს თავად 22 წლის ბრალდებულმა, ესეც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)