"უკრაინის მოთხოვნა იარაღის მიწოდებაზე დასავლეთის რეზერვებს ამცირებს: ნატო შეშფოთებულია" - კვირის პალიტრა

"უკრაინის მოთხოვნა იარაღის მიწოდებაზე დასავლეთის რეზერვებს ამცირებს: ნატო შეშფოთებულია"

ცნობილი ამერიკული გამოცემა "ფორინ პოლისი" (Foreign Policy) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "უკრაინის მოთხოვნა იარაღის მიწოდებაზე დასავლეთის რეზერვებს ამცირებს: ნატო შეშფოთებულია" (ავტორები - ჯეკ დეჩი და ემი მაკინონი).

"რამდენადაც რუსეთ-უკრაინის ომს დასასრული არ უჩანს და სამხედრო სიტუაცია ამის ნიშნებს არ ამჟღავნებს, უკრაინის დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, რომ კიევისათვის იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების საკითხი გრძელვადიანად გადაწყვიტონ და, იმავდროულად, თავი აარიდონ თავიანთი რეზერვების უკიდურესად შემცირებას - ისეთი დონით დაკლებას, რომელიც ნეგატიურ გავლენს მოახდენს მათ სამხედრო მზადყოფნაზე რამე აგრესიის შემთხვევაში", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

"ერთ-ერთი ნატოელი წყაროს თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამჟამად განიხილავენ საკითხს, როგორ გაუწიონ დახმარება საკუთარ წევრებს, თუ მათი იარაღის რეზერვი "წითელ ნიშნულზე" დაბლა დაიწევს. როგორც პოლიტოლოგი ფედერიკ კაგანი აღნიშნავს, ნატოს სტრატეგია და იარაღის რეზერვები არ ითვალისწინებდა ისეთ შეიარაღებულ კონფლიქტებს, როგორსაც რუსეთ-უკრაინის ომი წარმოადგენს - არტილერიის, ავიაციისა და მძიმე ჯავშანტექნიკის მასობრივ გამოყენებას.

"ცივი ომის დროს" შეერთებული შტატების საწყობებში დიდი რაოდენობით იარაღი ინახებოდა, აგრეთვე, იყო იმ იშვიათი ლითონების რეზერვები, რომლებიც მათ დასამზადებლად იყო აუცილებელი. სამხედრო დანიშნულების იარაღის გამომშვებ საწარმოებში არსებობდა სპეციალური განაწესი, რომლის თანახმად, საბჭოთა კავშირთან და მის სატელიტებთან ომის შემთხვევაში ისინი სწრაფად უნდა გადასულიყვნენ "საომარ რელსებზე", მაგრამ "ცივი ომის" დასრულების შემდეგ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავიანთი ჩვეულებრივი იარაღის რეზერვების შემცირება დაიწყეს, საბჭოთა კავშირის დაშლის კვალობაზე კი ამ საკითხს - არტილერიისა და მძიმე ტექნიკის ჭურვების გამოშვებას - მაინცდამაინც დიდი ყურადღება აღარ ექცეოდა: ვაშინგტონმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, თანაც ახალი ტექნოლოგიებით უფრო გაუმჯობესებული ზუსტი ტექნიკა და საბრძოლო მასალები მზადდებოდა.

როგორც პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი - ჯებ ნედანერი აღნიშნავს, ამერიკას უკვე ძალიან შეუმცირდა უკრაინაში აქტიურად გამოყენებადი "ჯაველინის" (Javelin) ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული მართვადი რაკეტები, აგრეთვე, ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარების - "ჰაიმარსების" (HIMARS) რაკეტები. ჯებ ნედანერი ხაზს უსვამს, რომ "რეზერვების გაჩანაგება" შეკავების პოლიტიკაში აშშ-ის სამხედრო პოტენციალსაც ასუსტებს. ამასთან, აშშ-ის სამხედრო მრეწველობა არ ჩქარობს თავისი წარმოების გაფართოებას, რადგანაც ფრთხილობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება, ეკონომიკური თვალსაზრისით, გამართლებული არ იქნება.

რაც შეეხება კონტინენტურ ევროპას, ადგილობრივი ლიდერებიც მაინცდამაინც "არ იწვიან" იარაღის წარმოების გაფართოების სურვილით: ზოგიერთ სახელმწიფოს, მაგალითად, გერმანიას, უკრაინისთვის ძველი ტანკების გაგზავნაც კი ეზარება. ევროპელ ლიდერებს არ სიამოვნებთ იმაზე ფიქრიც კი, რომ შეიძლება მობილიზაციის გამოცხადება მოუწიოთ სამხედრო სფეროში - იარაღის სწრაფი ტემპით წარმოებისათვის. სხვათა შორის, არც კვალიფიციურ მუშახელს სურს სამხედრო ქარხნებში დასაქმება: ჯერ ერთი, რომ ერიდებიან თავიანთი ტალანტის გამოყენებას სიკვდილის მთესველი იარაღის წარმოებისთვის და მეორე - მათ იციან, რომ თუ ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდება, პირველ რიგში, სამხედრო ქარხნებს გააჩერებენ და ისინი უმუშევრობის მსხვერპლი გახდებიან.

"არავინ თვლის, რომ ჩვენ მეორე მსოფლიო ომის პირობებში უნდა დავბრუნდეთ და წუთში თითო თვითმფრინავი ან ტანკი უნდა გამოვუშვათ", - ამბობს კამილა გრანდი, ევროსაბჭოს წარმომადგენელი, რომელიც ცოტა ხნის წინათ ნატოს გენმდივნის თანაშემწედ მუშაობდა, - "უბრალოდ, ევროპაში დღეს ისეთი კომპანიებიც კი ძალიან ცოტა დარჩა, რომლებსაც პისტოლეტის დამზადება შეუძლიათ". მაგალითად, საფრანგეთს ამ ზაფხულს სურდა არტილერიის რეზერვის შევსება - მას შემდეგ, რაც პარიზმა უკრაინას "ცეზარის" (CAESAR) მარკის 16 ჰაუბიცა გაუგზავნა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მსგავსი მოძველებული ჰაუბიცების დასამზადებლად საწარმოო სიმძლავრეები აღარ ჰქონია.

მართალია, უკრაინას ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი საბჭოთა კავშირის დროინდელი საბრძოლო მასალები, რათა ხერსონის სამხრეთით და დონბასში ბრძოლები გააგრძელოს, მაგრამ მარაგი უკვე იწურება. თანაც, სიტუაცია უარესდება იმით, რომ ფრონტის ხაზი ასობით კილომეტრზეა გაჭიმული. ამიტომ კიევი სულ უფრო მეტად რჩება დასავლეთის იმედზე.

რა თქმა უნდა, იარაღის პრობლემა მოსკოვსაც აქვს. კრემლმა დასახმარებლად ირანს და განსაკუთრებით - ჩრდილოეთ კორეასაც კი მიმართა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იარაღი ბევრი აქვს. "ჩვენ ვატყობთ, რომ რუსეთმა საარტილერიო სისტემების წარმოება გააფართოვა, ხოლო უკრაინელი სამხედროების აზრით, რუსეთს, დაახლოებით, მხოლოდ 120 რაკეტა "ისკანდერი" დარჩა", - ამბობს ფედერიკ კაგანი.

აშშ და ნატოელი მოკავშირეები ჯერჯერობით ვერ ხედავენ თითქმის 9-თვიანი ომის დასასრულის ნიშნებს, ამიტომ, იმის გათვალიწინებით, რომ უკრაინამ უკვე დაიბრუნა იმ ტერიტორიების თითქმის ნახევარი, რომლებიც რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული, დასავლელი სამხედროები კიევისათვის ხანგრძლივი დახმარების გაწევისათვის ემზადებიან. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ