„ბოინგის“  „მკვლელებს“ სამუდამო მიუსაჯეს, მაგრამ რას ცვლის ეს რვა წლის შემდეგ? - კვირის პალიტრა

„ბოინგის“  „მკვლელებს“ სამუდამო მიუსაჯეს, მაგრამ რას ცვლის ეს რვა წლის შემდეგ?

17 ნოემბერს სასამართლომ ჰააგაში ისტორიული განაჩენი გამოიტანა,რომელსაც რვა წელი ელოდნენ იმ 298 უდანაშაულო ადამიანის ახლობლები,რომლებიც 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავის Boeing 777-200ER -ის უკრაინის საჰაერო სივრცეში საზენიტო რაკეტით ჩამოგდების შედეგად დაიღუპნენ.

სასამართლოზე საბოლოოდ დამტკიცდა ის,რაც ნათელი იყო ავიაკატასტროფიდან რამდენიმე საათში-უკრაინის ლუგანსკის ოლქის დასახლება პერვომაისკიდან(რომელსაც პრორუსი სეპრატისტები აკონტროლებდნენ) გაშვებული „ბუკ“-ის ერთი საზენიტო რაკეტით ათ კმ სიმაღლეზე მფრენი სამგზავრო „ბოინგი“ იქნა ჩამოგდებული,რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში რეისს ასრულებდა.

რუსეთის ორ და უკრაინის ერთ მოქალაქეს,რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები გახლდნენ და იმ მომენტში დონბასში პრორუსი სეპარატისტების უკანონო შეიარაღებულ რაზმებს ხელმძღვანელობდნენ,ჰააგის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა,მათ შორის კარგად ცნობილ გირკინ-სტრელკოვსაც...ოღონდ დაუსწრებლად...

საქმე ის არის,რომ სამუდამო პატიმრობა მისჯილები ეხლაც რუსეთის საოკუპაციო ძალების დავალებებს ასრულებენ და მათი გადაცემა მოსკოვის მხრიდან სასამართლოსთვის ჰააგაში,უბრალოდ წარმოუდგენელია,ისევ უკრაინის სპეცსამსახურები თუ იმარჯვებენ და მათ მოიტაცებენ ან დამსახურებულ ლიკვიდაციას განახორციელებენ.სხვათაშორის გირკინ-სტრელკოვის დაკავებისთვის უკრაინაში უკვე დაწესებულია ასი ათასს დოლარიანი ჯილდო.

2-boingi-1668768110.jpg
რუსული საზენიტო-სარაკეტო „ბუკი“

რვა წლის შემდეგ სამართალმა პური ჭამა იტყვის ვინმე,მაგრამ რა შეიცვლება?ყველასთვის გასაგებია,რომ მხოლოდ ეს სამი არ არის დამნაშავე-დანაშაულის ჩამდენი იწყება რუსეთის პრეზიდენტის,თავდაცვის მინისტრის,გენშტაბის უფროსის,სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის სარდლის,კურსკის საზენიტო-სარაკეტო პოლკის მეთაურის სიით,რომლებმაც გასცეს ბრძანება „ბუკ“-ის საზენიტო-სარაკეტო დანადგარის რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის ლუგანსკის ოლქში მალულად გადასატანად და მისი საბრძოლო დავალებით გამოსაყენებლად.

ცალკე დანაშაული მიუძღვის ამ „ბუკ“-ის ეკიპაჟს,რომელმაც ათ კმ-ზე თავისთვის მფრენი „ბოინგი“ რატომღაც უკრაინის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავად მიიჩნია და მის ჩამოსაგდებად საზენიტო რაკეტა გაუშვა.

ვინმემ შეიძლება თქვა,რომ თავად პრეზიდენტი პუტინი ერთი „ბუკ“-ის საზღვარზე გადატანა-გადმოტანის დონემდე არ ჩამოვიდოდაო,მაგრამ ეს ასე სულაც არ არის-სწორედ ახალარჩეული რუსეთის პრეზიდენტი პუტინი პირადად ჩაერია ამ საუკუნის დასაწყისში იმ სკანდალში,როდესაც აფხაზმა სეპარატისტებმა საზენიტო „ბუკ“-იანი სარკინიგზო პლატფორმები გვირაბში გადამალეს და აღარ უბრუნებდნენ რუსეთს...

3-boi-1668768149.jpg
ჩამოგდებული „ბოინგის“ ფრაგმენტებიდან ჰააგაში თვითმფრინავის ფიუზელაჟი შეძლებისმაგვარად „შეკრეს“ საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩასატარებლად...

ვინ იცის, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წლით ადრე რომ გამოქვეყნებულიყო,კრემლს იქნებ მცირედით მაინც დაეოკებინა აგრესიული მადა და რუსეთი უკრაინას ასე ღიად აღარ დასხმოდა თავს,თუმცა ეს ნაკლებად დასაჯერებელია,რადგან დამოუკიდებლობა მოპოვებული უკრაინის დასჯას და პირველ რიგში ყირიმის ნახევარკუნძულის ჩამოჭრას, ჯერ კიდევ რუსეთის პირველი პრეზიდენტი ელცინი გეგმავდა,მაგრამ ჩეჩნეთის პირველ ომში სამარცხვინოდ წაგებულ რუსეთის არმიას ამის თავი სადღა ჰქონდა.

პუტინის გაპრეზიდენტებას კი ჯერ ჩეჩნეთის მეორე ომი,შემდეგ საქართველოში და ბოლოს უკრაინაში შეჭრა მოჰყვა-რუსეთი ისტორიულად თავის ამპლუაშია და მეზობელი ქვეყნების დაპყრობის ტრადიციას არ ღალატობს,თუმცა დიდი იმედია,რომ უკრაინაზე კბილს საბოლოოდ წაიტეხს...

პ.ს. ისე კი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთი ძალზე მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მოჰყვეს - გაჩნდა პრეცედენტი იმისა,რომ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებების გამო დაიწყო დამნაშავეების გამოვლენა და მათი დასჯა,რასაც გაგრძელება აუცილებლად ექნება...