"გლოვის ზარია მთელ სოფელში, როგორი მწარეები ხართ" - ვინ არიან დუშეთში ავტოავარიისას დაღუპული ბიძაშვილები? - კვირის პალიტრა

"გლოვის ზარია მთელ სოფელში, როგორი მწარეები ხართ" - ვინ არიან დუშეთში ავტოავარიისას დაღუპული ბიძაშვილები?

დუშეთის მუნიციპალიტეტში გუშინ საღამოს უმძიმესი ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ბიძაშვილების, ალექსი და გიორგი ბურდულების სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა სოფელ ნაღვარევთან მოხდა. როგორც ქვეშეთში მერის წარმომადგენელმა რეზო სისაურმა გვითხრა, სამწუხაროდ, ბიჭები ადგილზე დაიღუპნენ.

"ძალიან შეძრულები ვართ მომხდარით. დიდი ტრაგედია დატრიალდა. მანქანაში გიორგი და ალექსი ბურდულები ისხდნენ, ორივე ადგილზე დაიღუპა. საჭესთან 22 წლის ალექსი იჯდა, მანქანაც მისი იყო, უმძიმესი ამბავი დატრიალდა. ბეტონის ბორდიურს შეეჯახნენ. ვუთანაგრძნობთ მათ ოჯახს ამ უდიდეს გულისტკივილს", - გვითხრა ბატონმა რეზომ.

"არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, არ მაქვს ძალა, რომ მათზე ვისაუბრო. განადგურებულები ვართ მთელი სანათესავო. ვერ გადმოგცემთ იმას, რაც ახლა აქ ხდება. ისეთი ახალგაზრდები დაიღუპნენ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. გიორგი დაოჯახებული იყო, 6 თვის წინ შეირთო მეუღლე და ძალიან ბედნიერები იყვნენ. აკო დაოჯახებული არ იყო. ბიძაშვილები არიან, სოფელ არახვეთიდან.

ავარია გუშინ ღამით, 11 საათზეა მომხდარი. როგორც მითხრეს, ბოძს შეეჯახნენ. რა და როგორ მოხდა, ჩვენ არ ვიცით. "სუბარუს" მარკის ავტომობილით იყვნენ, მარტო ისინი ისხდნენ მანქანაში და ორივე ადგილზე დაიღუპა. ჩვენი სოფელი პატარაა და ამ ამბის შემდეგ ყველა განადგურებულია. გლოვის ზარია მთელ სოფელში. არ მჯერა, რომ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. უძვირფასესი ოჯახის უძვირფასესი შვილები იყვნენ. სიტყვები არ მაქვს", - გვითხრა ბიჭების ნათესავმა.

სოციალური ქსელიც სავსეა ტკივილიანი სტატუსებით:

„ბიჭებო, როგორ მენანებით ჩემო საამაყო ვაჟკაცებო. თქვენთან სიკვდილს რა უნდოდა?! გული მეწვის, სიტყვებს ვერ ვპოულობ. მთელი სოფლის და ბურდულების ვაჟკაცებო, გლოვობს სოფელი. უფალმა გაგანათლოთ, როგორი მწარეები ხართ. რატომ ან რისთვის. უფალს ებარებოდეთ გიო და აკო“,- წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.

„ვაიმე, ღმერთო, ეს რა ხდება? განა რა დავაშავეთ ამისთანა, რა ვთქვა, რით ვანუგეში ან მშობლები და ლიკა, ან გამძლეობა როგორ ვუთხრა, ჯერ მე თვითონაც ვერ გამიცნობიერებია, რომ ზვიადი აღარ მყავს“, - წერს კიდევ ერთი ახლობელი.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ავტოავარიის მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ. ბიჭების ცხედრები თავიანთ სახლებში უკვე მიასვენეს.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

(სპეციალურად საიტისთვის)