ვისი დაგეგმილი და განხორციელებულია სტამბოლში მომხდარი ტერაქტი? - კვირის პალიტრა

ვისი დაგეგმილი და განხორციელებულია სტამბოლში მომხდარი ტერაქტი?

13 ნოემბერს, კვირა დღეს სტამბოლის ცენტრში, ისთიქლიალის ქუჩაზე, როგორც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. მოულოდნელად გაისმა აფეთქების ხმა. ადგილზე მისულმა პოლიციამ დაადგინა, რომ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 80 ზე მეტი იყო. იმავე საღამოს აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუმის მტკიცებით, თავდასხმა ჩრდილოეთ სირიაში, ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიგეგმა და „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ (ქმპ) და სირიაში მცხოვრები ქურთების სამხედრო ორგანიზაციის: „სახალხო თავდაცვის შენაერთები“ (სთშ), მიერ განხორციელდა. ეს ჯგუფები თურქეთს ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

2022 წლის 14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც ეჭვმიტანილია ჩანთით ასაფეთქებელი მოწყობილობის გადატანასა და ქუჩაში დატოვებაში, რასაც შემდეგ აფეთქება მოჰყვა. დაკავებული აჰლამ ალბაშირი სირიის მოქალაქე აღმოჩნდა და თურქეთის პოლიციის მტკიცებით მან აღიარა, რომ სირიაში ქურთი ბოევიკების მიერ იყო მომზადებული. თავად ქურთისტანის მუშათა პარტიამ სტამბოლში მომხდარ ტერაქტში მონაწილეობასთან დაკავშირებული ბრალდებები უარყო. მათი განცხადებით, პარტიის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არასდროს არ ყოფილა. საინტერსოა, რომ თუ ქურთისტანის მუშათა პარტია აშშ–სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, სირიელი ქურთების სამხედრო ორგანიზაცია „სახალხო თავდაცვის შენაერთები“ ვაშინგტონის მთავარი დასაყრდენი იყო სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. ისტორიულად „ქურთთა ფაქტორის“ გამოყენება ყოველთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური იარაღი იყო ახლო აღმოსავლეთში დიდი სახელმწიფოების ღია და ფარული დაპირისპირების დროს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა გადაწყვიტა ქურთების შეიარაღებული რაზმების გამოყენება ახლო აღმოსავლეთში საკუთარი მიზნების მისაღწევად. ყველაფერი კი ასე დაიწყო.

1947 წელს ქურთების შეიარაღებულმა რაზმმა მუსტაფა ბარზანის მეთაურობით ბრძოლებით გაარღვია სსრკ-ირანის საზღვარი და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადმოვიდა.

b2-1668778753.jpg
მუსტაფა ბარზანი

მუსტაფა ბარზანი (1903-1979) დაიბადა ერაყის ჩრდილოეთში, სოფელ ბარზანში. ეკუთვნოდა ქურთთა ტომ “ ზიბარის”. 1943 წლიდან ერაყელი ქურთების შეიარაღებულ მოძრაობას ხელმძღვანელობდა. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მყოფ ბარზანისთან მოსალაპარაკებლად სასწრაფოდ გაფრინდა საბჭოთა დაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი. საბჭოთა სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების ხელმძღვანელი, რომ არ გაშიფრულიყო, ბარზანის, როგორც საკდესის (“ტასს”-ის) გენერალური დირექტორის მოადგილე “მიხეევი” ისე წარუდგა. მუსტაფა ბარზანიმ აღმოსავლური ეშმაკობა გამოიყენა და სტალინის ემისარს კომპლიმენტები არ დააკლო: “უკანასკნელი ასი წელია ქურთებმა 80-ზე მეტი აჯანყება მოვაწყვეთ ირანისა და თურქეთის, ერაყისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. დიდი რუსეთი ყოველთვის დახმარების ხელს გვიწვდიდა და ახლაც უნდა დაგვეხმაროთო”.

სტალინის გადაწყვეტილებით ქურთები უზბეკეთში, ტაშკენტთან ახლოს ერთ-ერთ კოლმეურნეობაში დაასახლეს. ბარზანის მებრძოლებს საბჭოთა სამხედრო ინსტრუქტორები ამზადებდნენ და დივერსიებისა და ტერაქტების მოწყობას ასწავლიდნენ. თავად მუსტაფა ბარზანი საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის აკადემიაში ჩარიცხეს და სამ წელში გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭეს. სტალინი ქურთების გამოყენებას ახლო აღმოსავლეთში დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წინააღმდეგ აპირებდა და სათანადო პოლიტიკურ ვითარების დადგომას ელოდა. საბჭოთა კავშირის მთავარი მოწინააღმდეგების შეიარაღებული ძალები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში იყვნენ განლაგებული, ნავთობით ძირითდად ერაყიდან მარაგდებოდნენ. სტალინი გეგმავდა ქურთი პარტიზანების გამოყენებას, როგორც ერაყის პროდასავლური რეჟიმის დასამხობად და ნავთობსადენებზე დივერსიების განხორციელებაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში თურქეთსა და ირანში “ქურთული ფაქტორის” ამოქმედებაში. ხუთი წელი ელოდა მუსტაფა ბარზანი აქტიური მოქმედებების დაწყებას და ქურთისტანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესაქმნელად ბრძოლაში საბჭოთა სამხედრო დახმარების მიღებას. ბოლოს კი პირდაპირ სტალინს მიმართა. 1952 წელს ბარზანი კვლავ სუდოპლატოვმა მოინახულა და კონკრეტული გეგმა გააცნო. ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო და დივერსიული ოპერაციების ჩასატარებლად ქურთი მებრძოლებისგან სპეციალური ბრიგადა უნდა შექმნილიყო, რომელსაც ფართომასშტაბიანი დივერსიები უნდა ჩაეტარებინა ერაყის, ირანისა და თურქეთის ტერიტორიებზე. მალე სტალინი გარდაიცვალა და ბარზანისთვის არავის ეცალა. 1958 წელს საბჭოთა სპეცსამსახურებმა მოახერხეს ერაყის პროდასავლური პრეზიდენტის ნური საიდის ჩამოგდება და მათთვის სასურველი კასემის რეჟიმის სათავეში მოყვანა. ერთი წლის შემდეგ მუსტაფა ბარზანი და მისი მებრძოლები საბჭოთა კავშირიდან ფარულად ერაყში გაისტუმრეს, მაგრამ ქურთებს ახალ ხელისუფლებასთანაც მალევე მოუხდათ შეიარაღებული კონფლიქტი. საბჭოთა კავშირმა კვლავ სეპარატისტების მხარე დაიჭირა.

1961 წელს საბჭოთა კავშირის პოლიტბიურომ მიიღო საიდუმლო დადგენილება “ქურთთა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ”. საბჭოთა სპეცსამსახურებს (კა-გე-ბეს და გე-ერ-უს) დაევალათ იარაღის და საბრძოლო მასალების ქურთებისთვის გადაცემის ფარული ოპერაციის მომზადება და ჩატარება. საზღვაო გზით იარაღის გადატანას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. კა-გე-ბედან ამ ოპერაციას ახლაგაზრდა კაპიტანი ალექსანდრე კისილიოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც პირადად იცნობდა მუსტაფა ბარზანის. ამის შემდეგ ერაყში სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც თოთხმეტ წელს გაგრძელდა. ერაყში სადამ ჰუსეინის პროსაბჭოთა რეჟიმის გამარჯვების შემდეგ მოსკოვმა ჩათვალა, რომ მუსტაფა ბარზანის საჭიროება უკვე აღარ იყო და ისიც იძულებული გახდა აშშ-ისკენ აიღო ორიენტაცია, 1975 წელს ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც 1979 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ქურთთა ეროვნულ მოძრაობას სათავეში მუსტაფას ვაჟი, მასუდ ბარზანი ჩაუდგა, რომელიც ქურთთა პრობლემის პოლიტიკური გზით გადაწყვეტის მომხრე იყო. საბჭოთა კავშირს კი მოვლენების მშვიდობიანი განვითარება ხელს არ აძლევდა, ამიტომ 1980-იანი წლების დასაწყისიდან კრემლმა ქურთთა მოძრაობის ეპიცენტრის ერაყიდან, ნატოს წევრ თურქეთში გადატანას შეუწყო ხელი. ქურთისტანის მუშათა პარტია დაარსდა 1978 წლის 27 ნოემბერს, როგორც მემარცხენე სოციალისტური პარტია. 1980 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების შემდეგ დააპატიმრეს პარტიის თითქმის მთელი ხელმძღვანელობა, მაგრამ აბდულა ოჯალანმა და რამდენიმე თანაპარტიელმა მოახერხეს სირიაში თავშესაფარი. ქურთთა ახალი ლიდერი აბდულა ოჯალანი გახდა, რომელიც 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა ქურთთა სამხედრო-პოლიტიკურ გამოსვლებს და უკიდურესი რადიკალური მეთოდების მომხრე იყო.

b3-1668778813.jpg
აბდულა ოჯალანი

თუმცა არც თურქეთის სპეცსამსახურები იყვნენ გულხელდაკრეფილი: მათი მთავარი ამოცანა ოჯალანის განეიტრალება იყო, რაც თურქეთის მთავარმა სპეცსამსახურმა MIT წარმატებით განახორციელა.

აბდულა ოჯალანზე თურქეთის სპეცსამსახურები 15 წელი „ნადირობდნენ“, თუმცა უშედეგოდ. 1984 წლიდან აბდულ ოჯალანი იმყოფებოდა სირიაში, ძირითადად დამასკოში, საიდანაც ხელმძღვანელობდა საბრძოლო მოქმედებებს თურქეთში. შემდგომ წლებში ის დაუბრკოლებლივ იცვლიდა ქვეყნებსა და ქალაქებს. ხშირად იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში. ხოლო საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ რუსეთში, სომხეთში და ბელორუსში. 1998 წლის სექტემბერში თურქეთმა მოსთხოვა სირიას ოჯალანისა და მისი მომხრეების განდევნა საკუთარი ტერიტორიიდან. ამის შემდეგ იწყება ოჯალანის ფათერაკებიანი მოგზაურობა: 9 ოქტომბერს ოჯალანი გაფრინდა დამასკოდან მოსკოვში. რუსეთში ჩამოსვლის შემდეგ ოჯალანი ესტუმრა ჩვენს მეზობელ სომხეთს, სადაც ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო. შემდეგ კი დაბრუნდა რუსეთში და მოსკოვთან ახლოს, ოდინცოვოში დასახლდა. რუსეთი ყოველთვის უარყოფდა ოჯალანის იქ ყოფნას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისრაელის სპეცსამსახურებმა დააფიქსირეს ოჯალანის საუბრები კოსმოსური თანამგზავრის საშუალებით, თურქეთმა რუსეთს ოჯალანის გაძევება მოსთხოვა. ქურთმა ლიდერმა რუსეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. 1998 წლის 12 ნოემბერს ოჯალანი მოსკოვიდან რომში გაემგზავრა. აეროპორტში ის იტალიის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. სანამ წყდებოდა ქურთი ლიდერის დარჩენა-არდარჩენის საკითხი, ოჯალანი რომთან ახლოს ვილაში ცხოვრობდა. იტალიამ, თურქეთთან ურთიერთობების გამწვავების თავიდან არიდების მიზნით ოჯალანს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, იმ მომენტამდე, სანამ სასამართლო გადაწყვეტდა ოჯალანისთვის პოლიტიკური ემიგრანტის სტატუსის მინიჭებას.

1999 წლის 16 იანვარს ოჯალანი იძულებული გახდა ისევ მოსკოვში დაბრუნებულიყო, თუმცა თურქეთის პროტესტის შემდეგ ის იძულებული გახდა დახმარებისთვის საბერძნეთისთვის მიემართა. 2 თებერვალს ოჯალანი ათენიდან გაემგზავრა კენიაში, სადაც საბერძნეთის ელჩის რეზიდენციაში 12 დღე დაჰყო. 15 თებერვლის ღამით, კენიის დედაქალაქ ნაირობში ბერძენი ელჩის რეზიდენციაში შეიჭრნენ რამდენიმე ათეული MIT-ის “ყავისფერი ბერეტები” შეიპყრეს ოჯალანი და გადაიყვანეს თურქეთში.

b4-1668778870.jpg

ამის შესახებ მეორე დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცოდა. თურქეთის ტელევიზიამ შეწყვიტა ყველა გადაცემა და ეთერში გაუშვა პრემიერ-მინისტრ ბიულენტ ეჯევიTის მიმართვა, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქი მოსახლეობისთვის მიცემული მისი დაპირება შესრულებულია და “დილის 3 საათიდან სეპარარატისტი ოჯალანი ქვეყანაში იმყოფება”. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა “შეიარაღებულ ძალებსა და MIT-ს წარმატებულად ჩატარებული ოპერაციისთვის.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოჯალანის შეპყრობა რამდენიმე კვირის განმავლობაში იგეგმებოდა და მის შესახებ მხოლოდ შეიარაღებული ძალების რამდენიმე ოფიცერმა და MIT-ს ხელმძღვანელობამ იცოდა. შემდგომში ცნობილი გახდა, რომ ეს იყო თურქეთის, აშშ-ის და ისრაელის ერთობლივი ოპერაცია. დაკითხვის პროცესში ოჯალანმა აღიარა, რომ საბერძნეთი ქურთების მუშათა პარტიას უწევდა ფინანსურ დახმარებას, ხოლო რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ეხმარებოდა მას რუსეთში ყოფნის დროს. ოჯალანი გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, თუმცა დღემდე იმყოფება ციხეში მარმარილოს ზღვაში მდებარე იმრალის კუნძულზე.

აბდულა ოჯალანის დაპატიმრების შემდეგ ქურთთა წინააღმდეგობა არ შენელებულა და განვლილ პერიოდში რამდენიმე ათეული ტერაქტი მოხდა, რომელთა ორგანიზებაშიც თურქეთის ხელისუფლება „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთების“ კვალს ხედავს.

ამჟერადაც ნამდვილად ძნელი სათქმელია სადაა სიმართლე და სად არა. 13 ნოემბრის ტერაქტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერორიზმის გზით თურქეთისა და თურქი ერის დაშინების მცდელობები მიზანს ვერ მიაღწევს. მან ქურთი ტერორისტების მფარველობაში აშშ და ევროპის ქვეყნები დაადანაშაულა. ისიც გავიხსენოთ, რომ თურქეთი შვედეთის ნატოში შესვლას სწორედ ამ არგუმენტით ბლოკავს. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს ყოველთვის კარგად გამოსდიოდა „მტრის ხატის“ შექმნა და ამ ფონზე პოლიტიკური ქულების მოპოვება. ერდოღანს 2023 წლის ზაფხულში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში სურს მონაწილეობის მიღება და დარჩენილი პერიოდი ელექტორატის „გულის მონადირებას“ ყველანაირი ხერხით შეეცდება.