"ივანიშვილი უნდა დაექვემდებაროს დასავლურ სანქციებს" - რას ამბობს ნიკა მელია EPP-ის რეზოლუციაზე? - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი უნდა დაექვემდებაროს დასავლურ სანქციებს" - რას ამბობს ნიკა მელია EPP-ის რეზოლუციაზე?

ეს არის მორიგი რეზოლუცია, სადაც შავით თეთრზე საუბარია, რომ ოლიგარქი, არაფორმალური მმართველი ივანიშვილის სახით, უნდა დაექვემდებაროს დასავლურ სანქციებს, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია "ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მიღებულ ახალ რეზოლუციას.

ნიკა მელიას თქმით, "ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუცია ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების პირობებში გაჭირდება ქვეყნის სრულფასოვანი წევრობა ევროპულ ოჯახში.

"ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული ხმათა უმრავლესობით „ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკურ ასამბლეაზე. ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, მნიშვნელოვანია იმ პრობლემების კიდევ ერთხელ წარმოჩენისთვის, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანაში არსებობს.

ეს რეზოლუცია ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების პირობებში გაჭირდება ქვეყნის სრულფასოვანი წევრობა ევროპულ ოჯახში. ეს არის მორიგი რეზოლუცია, სადაც შავით თეთრზე საუბარია, რომ ოლიგარქი, არაფორმალური მმართველი ივანიშვილის სახით უნდა დაექვემდებაროს დასავლურ სანქციებს.

უკონტროლო რეჟიმის სულის ჩამდგმელი არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. ვიმედოვნებ, რომ წარმოუდგენელი დასავლური ზეწოლა მოვა თანხვედრაში ქართული საზოგადოების ზეწოლასთან და ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, რათა ქვეყანამ დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპულ ოჯახში”, - აცხადებს ნიკა მელია.

ინფორმაციისთვის, "ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირსა და პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ, საქართველოს მთავრობას კი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"ინტერპრესნიუსი"