სოფელ შილდაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - კვირის პალიტრა

სოფელ შილდაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე გარდაცვლილისა და სავარაუდო დამნაშავის ოჯახის წევრებს საუბარი უჭირთ.

წუხელ, გვიან ღამით მომხდარი სისხლიანი გარჩევის მიზეზზე ინფორმაცია არ აქვთ როგორც მოკლულის, ასევე სავარაუდო დამნაშავის ოჯახის წევრებს.

მოკლული 25 წლის გიგა არჯევნიშვილის მამა ამბობს, რომ შემთხვევის შესახებ პოლიციამ შეატყობინა და რა მოხდა მეზობელ სოფელში, სადაც მისი შვილი მოკლეს, არ იცის.

ინფორმაცია არ აქვს სავარაუდო დამნაშავის მამასაც. როგორც ის ჰყვება, მისი შვილი რამდენჯერმეა ნასამართლევი, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება, დაახლოებით, 8 თვის წინ დატოვა, თუმცა, მას შემდეგ ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. მისივე თქმით, გარდაცვლილის ოჯახთან შორეული ნათესაური კავშირიც აქვთ.

„არ ვიცი, რა მოხდა. დილით ნაკვეთში ვიყავი და იქ გავიგე ეს ამბავი. ნასვამები ყოფილან, თუმცა სუფრაზე ერთად როგორ მოხვდნენ, ვერ გეტყვით. შორეული ნათესავებიც ვართ“, - ამბობს სავარაუდო დამნაშავის მამა.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სოფელ შილდაში მოხდა, სადაც სავარაუდო დამნაშავე და გიგა არჯევნიშვილი მეგობარმა მიიყვანა.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება მოგვიანებით ეზოში გაგრძელდა, სადაც სავარაუდო დამნაშავემ 25 წლამდე გიგა არჯევნიშვილს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილია თავად სავარაუდო დამნაშავეც, მას დაზიანებები წელისა და კისრის არეში აქვს მიყენებული, ასევე მთელ სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება.

შემთხვევა სოფელ შილდაში გვიან ღამით მოხდა. მოკლული გიგა არჯევნიშვილი ექსპერტიზის ბიუროდან სოფელ ენისელში, მშობლიურ სახლში უკვე გადაასვენეს. სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მომდინარეობს.