"ძალიან მიყვარდა... მართლა არ ვიცოდი, ცოლშვილიანი რომ იყო... თავის ბინაშიც დავყავდი და ამბობდა, ჩვენ აქ ერთად უნდა ვიცხოვროთო" - კვირის პალიტრა

"ძალიან მიყვარდა... მართლა არ ვიცოდი, ცოლშვილიანი რომ იყო... თავის ბინაშიც დავყავდი და ამბობდა, ჩვენ აქ ერთად უნდა ვიცხოვროთო"

მაიას პატარა ლიზის გაზრდა მარტოს უწევს და ამბობს, რომ ამ მდგომარეობას უკვე შეგუებულია. 5 წელია, დაგირავებულ ბინაში ცხოვრობს და თავის პატარაზე მარტო ზრუნავს. 22 წლის იყო, როცა ცოლიან მამაკაცთან გააბა რომანი, ამბობს, რომ იგი მოატყუეს. დღეს მასთან ურთიერთობას ძალიან ნანობს და მომხდარში მაინც საკუთარ თავს ადანაშაულებს.

მაია:

- ბავშვობიდან ძალიან სხვანაირი, თავნება გოგო ვიყავი. არავის აზრს არ ვითვალისწინებდი და ვცდილობდი, ყოველთვის ჩემი კაპრიზები გამეტანა, სხვებისთვის არ მომესმინა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ გამოუსწორებელ შეცდომას თუ დავუშვებდი. სხვებისთვის რომ მომესმინა, ამ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდი. ახლა უკვე ვხვდები ჩემს შეცდომებს, მაგრამ ამაზე წუწუნს აზრი აღარ აქვს. დღეს ჩემი საფიქრალი ჩემი შვილია და იმას ვცდილობ, რომ მას არაფერი მოვაკლო. თუმცა სანამ წელში გავიმართებოდი, მანამდე უმძიმესი დღეები გამოვიარე. ბევრჯერ საშინელ დეპრესიაში ჩავვარდნილვარ, სიცოცხლე აღარ მინდოდა, მაგრამ თავის მოკვლაზე ფიქრს მაშინვე ვწყვეტდი იმის შიშით, რომ ჩემი შვილი მარტო დარჩებოდა. არ მინდა, ჩემი შვილი დაიჩაგროს და მართლა ყველაფერს გავაკეთებ მისი ბედნიერებისთვის.

- მოგვიყევით თქვენი ამბავი...

- როცა ახლობლებმა ჩემი ორსულობის ამბავი გაიგეს, ბევრმა გამკიცხა და ზურგი მაქცია. ირგვლივ ყველა ჩემი ლანძღვით იყო დაკავებული და ყველა ჩემს ასაკს უსვამდა ხაზს, ამბობდნენ, სამაგისო რა სჭირდა, რომ ცოლშვილიან კაცთან რომანი გააბაო? სხვისი განსჯა ძალიან ადვილია, მაგრამ არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცეოდა ჩემს ადგილას. ბევრი ტკივილი მომაყენეს, არ ვმალავ, რომ იგი ძალიან მიყვარდა და არც თავის მართლებას დავიწყებ, როცა გავიცანი, მართლა არ ვიცოდი, რომ ცოლშვილიანი იყო.

- მოგატყუათ?

- დიახ. ერთმანეთი ახლობლის სახლში გავიცანით. ჩემზე 8 წლით უფროსია, გარეგნობით მიიქცია ჩემი ყურადღება და მთელი სუფრის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ისიც მიყურებდა. მის მზერას სულ ვიჭერდი და რამდენჯერმე შევხედეთ ერთმანეთს. იმ სახლიდან რომ გამოვედი, ისიც გამოვიდა და იმ ღამით სახლამდე მიმაცილა. მითხრა, რომ მოვეწონე და მობილურის ნომერი გამომართვა. მეორე დღეს დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, უარი ვუთხარი, საქმე მოვიმიზეზე, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მაინც შევხვდით ერთმანეთს და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. კარგა ხანი ისე ვხვდებოდით ერთმანეთს, რომ ეს ამბავი არავისთვის გვითქვამს. მანაც გამაფრთხილა, არავისთვის არაფერი მეთქვა, რას ვიფიქრებდი, რომ ცოლიანი იყო. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთ დღეს მითხრა, რომ ძალიან ვუყვარდი. მეც მომწონდა და არც მე დამიმალავს, რომ მის მიმართ გრძნობა გამიჩნდა. ჩვენი შეხვედრები ასე გრძელდებოდა - სამსახურის შემდეგ მომაკითხავდა მანქანით და, ძირითადად, ქალაქგარეთ დავდიოდით, ხან რესტორანში მეპატიჟებოდა და... მეც შემიყვარდა.

- არ გიცდიათ მასზე რამე ინფორმაცია მოგეპოვებინათ?

- თავს არ ვიმართლებ, მაგრამ მართლა არ ვიცოდი, რომ ცოლიანი იყო. ეს რომ მცოდნოდა, არ შევხვდებოდი. არც კი დამიშვია, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა. თან ბინაშიც დავყავდი და ამბობდა, ჩვენ აქ ერთად უნდა ვიცხოვროთო. ყველაფერს ლამაზ ფერებში მიხატავდა. მე მჯეროდა მისი. რას ვიფიქრებდი, რომ, თურმე, ნაქირავებ ბინაში მივყავდი. ბევრი რა გავაგრძელო, მინდოდა, ამ ურთიერთობისთვის სერიოზული სახე მიმეცა და ყველა შეხვედრაზე ვთხოვდი ეთქვა, ცოლად როდის მომიყვანდა. ხან რას იმიზეზებდა, ხან - რას. ასე გადიოდა დრო.

ასე ვიარეთ თითქმის ერთი წელი.

მერე ფაქტის წინაშე დავდექი, გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. გახარებულმა მას ეს ამბავი ვუთხარი და ისიც, რომ ახლა ცოლად დროულად უნდა მომიყვანო-მეთქი. ეს რომ გაიგო, საშინელი რეაქცია ჰქონდა, მე კი ვერ მიხვდი, ასე რატომ იქცეოდა და ტირილი დავიწყე. იმ დღეს კატეგორიულად მთხოვდა, ბავშვი მომეცილებინა.

ძალიან ვინერვიულე, სერიოზულად ვიჩხუბეთ და სახლში ტირილით წამოვედი.

მეორე დღეს ისევ დამირეკა და იგივე რომ მითხრა, მაშინ ჩვენს საერთო ახლობელს დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. ეს გოგო რომ მოვიდა, ყველაფერი მოვუყევი. მასაც საშინელი რეაქცია ჰქონდა. ამის გადმოცემა სიტყვებით არ შეიძლება, ისიც მიხსნიდა, რომ ბავშვი უნდა მომეცილებინა. სწორედ მაშინ გავიგე, რომ ცოლი და შვილი ჰყავდა. გამორიცხულია, ოჯახი დაანგრიოს, ამიტომ ჯობია, ბავშვი დროზე მოიცილოო.

ეს სრული შოკი იყო ჩემთვის. ნაყოფის მოცილებაზე ლაპარაკი არ მინდოდა, არც ის ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. აქეთ ჩემი მშობლების რეაქციის მეშინოდა. მამასთან და ბებოსთან ერთად ვცხოვრობდი. დედა იტალიაშია სამუშაოდ წასული, მასაც ვერაფერს ვეუბნებოდი აქედან. ისიც ვიცოდი, ისინი ვერ გამიგებდნენ და კონფლიქტები მელოდა. მათთვის ასეთი რამ მიუღებელი იყო. მერწმუნეთ, ჩემთვისაც მიუღებელია, მე რომ მცოდნოდა, ცოლიანი იყო, მას არ შევხვდებოდი. ამის ახსნას აზრი აღარ ჰქონდა.

სამი დღის შემდეგ, ზურა კვლავ გამოჩნდა და კვლავ მოითხოვდა, აბორტი გამეკეთებინა. მისი სიტყვების მოსმენა არ მინდოდა, ახლოს არ გავიკარე, იმ ახლობელს, თურმე, აბორტისთვის ფული მისცა და ახლა მისი დახმარებით ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, მაგრამ მე არავის მოსმენა არ მინდოდა.

- სახლში არ შეუნიშნავთ, რომ განერვიულებული იყავით?

- არა, სახლში რომ მივდიოდი, ჩემს ოთახში ვიკეტებოდი. მამა გვიან მოდიოდა სამსახურიდან. დედა რეკავდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. მერე ჩემს დაქალს დავურეკე და ვუამბე, რა მდგომარეობაშიც ვიყავი. მის აგარაკზე ავედით და ერთი კვირა იქ გავატარე. იმას ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა ჩემი მშობლებისთვის, შვილის მოცილებაზე არც მიფიქრია. ჩემმა დაქალმა დაურეკა მას და უთხრა, პასუხისმგებლობა აიღეო. ზურამ უთხრა - კარგად იცოდეს, მე ოჯახს არ დავანგრევო. ამის შემდეგ მასთან ურთიერთობა გავწყვიტე და ყველაფერს წერტილი დავუსვი. ჩემმა დაქალმა დედამისს უთხრა და ის გამომყვა საავადმყოფოში. მან დაურეკა დედაჩემს იტალიაში და უთხრა ეს ამბავი.

დედას საშინელი რეაქცია ჰქონდა. გამაფრთხილა, მამაჩემისთვის არაფერი მეთქვა.

ისე გავაჩინე შვილი, რომ მამამ და ბებომ არაფერი იცოდნენ. ფეხმძიმობის დამალვა შევძელი. დიდი მუცელი არ მქონია.

ჩემს მეგობარს და მის ოჯახს ვუმადლი, რომ მე დღეს ცოცხალი ვარ. ისინი დამიდგნენ გვერდით, როცა მიხვდნენ, რომ შვილის გაჩენა გადავწყვიტე. არ მანერვიულებდნენ, პირიქით, მხარში მედგნენ და ხელს მიწყობდნენ. ბოლო ორი თვე ქალაქიდან გავედი, ჩემებს ვუთხარი, რომ მეგობრის აგარაკზე ვიყავი.

მშობიარობის მერე გაიგეს ეს ამბავი.

- რა რეაქცია ჰქონდათ?

- იმ დღეების გახსენება არ მინდა. მამა მოსაკლავად დამდევდა და დღემდე არ მელაპარაკება. ფაქტობრივად, ქუჩაში დავრჩი, ბავშვით ხელში. დედა ვერ ჩამოდიოდა, რადგან მერე უკან ვერ დაბრუნდებოდა იტალიაში. თავიდან ისიც არ მელაპარაკებოდა, მაგრამ მერე გავიგე, რომ ჩემი დაქალის დედას ურეკავდა და მისგან იგებდა ყველაფერს. თანხა გამოგზავნა იქიდან, მეგობრის დახმარებით ცოტა კრედიტიც ავიღე და ამ ფულით ბინა დავიგირავე, ახლა იქ ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი. მას მარტო ვზრდი.

ძალიან რთული დღეები გამოვიარე, რომლის გახსენებაც არ მინდა. საბედნიეროდ, გამოვძვერი. ახლა ჩემი გოგო გაიზარდა, უკვე ბაღში დადის. მე სამუშაოც მაქვს, რომ შევძლო შვილის რჩენა და ვცდილობ, სხვაზე ფინანსურად დამოკიდებული არ ვიყო.

- ბავშვის მამა არ გამოჩენილა?

-არა. მას ერთხელაც არ უნახავს შვილი. ახლოსაც არ გაჰკარებია. მთელი ფეხმძიმობა საშინელ სტრესში გავატარე, მაგრამ გადავრჩი, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელია. ულამაზესი გოგონა მყავს. ისე, მამას ძალიან ჰგავს და ამას განვიცდი, არ მინდა, მას ჰგავდეს და მისი შეხედვა მას მახსენებდეს. ძალიან ვნანობ, რომ მას დავუკავშირე ცხოვრება. ძალიან მიამიტი გოგო ვიყავი და მომატყუა, ამით ისარგებლა. დღეს ჩემი შვილის გარეშე ერთი წუთითაც არ შემიძლია ყოფნა. ძალიან არ მინდოდა, უმამოდ გაზრდილიყო, მაგრამ რა ვქნა? მთავარია, კარგად იყოს.

- შვილს გვარი მისცა?

-არა, ბავშვი ჩემს გვარზეა. ერთადერთი, ეს არ მინდოდა, მაგრამ მას არ შევეხვეწები, რომ შვილს გვარი მისცეს. დღეს ეს უკვე აღარ მაინტერესებს. ჩემი შვილისთვის ყველა სურვილის ასრულებას ვახერხებ.

ახლა უკვე წელში გავიმართე, ის საშინელი დღეები უკან მოვიტოვე და მადლობა ამისთვის ჩემი მეგობრის ოჯახს. საკუთარ შვილს ვერ გაუკეთებს ამდენს ადამიანი, რაც მათ მე გამიკეთეს.

ამ დროს ჩემმა ოჯახმა ზურგი მაქცია.

ამ ამბავმა ძალიან შემცვალა. უფრო მებრძოლი გავხდი, ცხოვრება ვისწავლე და დღეს არავის დავაჩაგვრინებ თავს. ის კი საცოდავი ადამიანია.

რადგან ასეთი ბედი მერგო, ჩემს შვილს გავზრდი, როცა წამოიზრდება ყველაფერს მოვუყვები და ვიცი, ნამდვილად გამიგებს. ნამდვილად ვიცი ისიც, რომ მამაჩემი არ მაპატიებს და არ შემირიგდება. რაც შეეხება დედას, ის მამას მალულად ცდილობს დამეხმაროს. ფულს და ბავშვისთვის ტანსაცმელს მიგზავნის. საბუთები გააკეთა და ერთხელ ჩამოვიდა კიდეც საქართველოში. მაშინ მოვიდა ჩვენთან და ბავშვიც ნახა. მერე ისევ უკან წავიდა და მეუბნება, რომ ბინის ყიდვაში დამეხმარება. ბავშვს ვიდეოთვალით ნახულობს და ძალიან შეაყვარა თავი. დედის გული მაინც სხვაა, ვფიქრობ მაპატია. თუმცა ძალიან განიცდის, რომ ასეთი რამ მოხდა. მას ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და შემირიგდა. ამ ნაბიჯს მამა და ჩემი ძმა ვიცი, არ გადადგამენ. არც ჩემი ძმა და რძალი არიან საქართველოში. უცხოეთში ცხოვრობენ, მაგრამ ჩემი ძმა არ მელაპარაკება.

- მამათქვენს არ უცდია თქვენი შვილის მამასთან გაერკვია ურთიერთობა?

- ცდილობდა გაეგო მისი ვინაობა და თავიდან ვუმალავდი. მერე გაიგო და ერთხელ საშინლად სცემეს მამაჩემმა და ბიძაჩემმა. ამით დამთავრდა მასთან ამ თემაზე საუბარი. დღეს უკვე აღარაფერი მაინტერესებს. ჩემთვის მხოლოდ ჩემი შვილის კარგად ყოფნაა საჭირო.

ყველგან ერთად დავდივართ და ამიერიდან ცხოვრების აღარ მეშინია.

(სპეციალურად საიტისთვის)